კონფლიქტი რიბერისა და ულიეს შორის

ფრანგული პრესის ცნობით, საფრანგეთისა და ავსტრალიის ნაკრებთა შორის გამართული ამხანაგური მატჩის (6:0) შემდეგ, მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ ცნობილ ფრანგ სპეციალისტს, ჟერარ ულიეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შეხვედრის შემდეგ ულიე კარიმ ბენზემასა და ერიკ აბიდალთან შესახვედრად გაეშურა. მოგეხსენებათ, ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი ამ მოთამაშეებს „ლიონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობის დროს თავკაცობდა. ულიეს გზად რიბერი გადაეღობა, რომელმაც 66 წლის სპეციალისტი უცენზურო სიტყვებით „შეამკო“. კონფლიქტის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად საქმეში საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური პერსონალი ჩაერთო.

რიბერის უკმაყოფილების მიზეზი ულიეს მიერ სექტემბრის თვეში ნათქვამი სიტყვები გახლდათ.

„რიბერი ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ის არ არის მსოფლიო დონის მოთამაშე, რომელსაც გუნდისთვის გამარჯვების მოტანა შეუძლია. ასეთები მესი და რონალდუ არიან“, – განაცხადა მაშინ ულიემ.

ბექა დოგრაშვილი

ჟირუ: „რომ ვერ გამეტანა, ხალხი დაიწყებდა ლაპარაკს, ჟირუ ცუდად თამაშობსო“

საფრანგეთისა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის გუშინ გამართული ამხანაგური მატჩი ევროპელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 6:0 დასრულდა. დუბლი შეასრულა ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ, რომელმაც შეხვედრის შემდეგ სიხარული ფრანგ ჟურნალისტებს გაუზიარა.

„პირველ საგოლე ეპიზოდში რომ ვერ გამეტანა, ხალხი შემდეგ ლაპარაკს დაიწყებდა, ჟირუ ცუდად თამაშობსო. მეორე გოლი ლამაზი კომბინაციის დაგვირგვინება იყო. ვიმედოვნებ, ასეთ გოლებს კიდევ გავიტან. თავდამსხმელის თამაში რომ შეაფასო, ამისთვის მას მომენტი უნდა შეუქმნა. გოლის გასატანად ბევრი შანსი მომეცა. იმისთვის, რომ გუნდმა ბევრი გაიტანოს, მას რამდენიმე ძლიერი ფორვარდი უნდა ჰყავდეს. ჩვენ გაგვიმართლა, რადგან გუნდში გვყავს ორი ისეთი თავდამსხმელი, რომელიც სხვადასხვა ტაქტიკებში ჯდება. მოხარული ვარ, რომ გავიტანე. მახარებს კარიმ ბენზემას გოლიც. ეს ჩვენთვისაც კარგია და ნაკრებისთვისაც“, – ჟირუს სიტყვები ფრანგულმა L’Equipe-მა გამოაქვეყნა.

დანარჩენი სამი გოლი ფრანკ რიბერის (8′, პენ), იოან კაბაისა (29′) და მატიე დებიუშის (47′) ანგარიშზეა.

ბექა დოგრაშვილი

ზიდანმა თავისი საუკეთესო გოლი დაასახელა

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ზინედინ ზიდანი თავის საუკეთესო გოლად ნორვეგიის ნაკრების კარში გატანილ ბურთს თვლის. ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ეს გოლი 1998 წლის 28 თებერვალს, მარსელში გამართულ ამხანაგურ მატჩში გაიტანა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა, ზიდანის გოლის შემდეგ კი ფრანგები ანგარიშით 2:1-ს იგებდნენ.

გთავაზობთ აღნიშნული გოლის ვიდეომასალას.

 

„ელ ქეშიკო“

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-6 ტურის ცენტრალური მატჩი „პარკ დე პრენსზე“ შედგება, სადაც „პარი სენ-ჟერმენი“ „მონაკოს“ უმასპინძლებს. ფინანსურად მოყოჩაღებულმა „მონაკომ“ გასულ სეზონში საფრანგეთის მეორე ლიგა მოიგო და ქვეყნის რანგით პირველ დივიზიონში გადმოინაცვლა, რომელსაც 5 ტურის შემდეგ 13 ქულით ლიდერობს. რაც შეეხება „პსჟ“-ს, პარიზელებს აქტივში 11 ქულა აქვთ და დღეს შეეცდებიან, ჩემპიონობისთვის მებრძოლი უშუალო კონკურენტი უკან მოიტოვონ. სხვათა შორის, გუნდების ფინანსური შესაძლებლობების გამო, აღნიშნული შეხვედრა „ელ ქეშიკოდაც“ კი მონათლეს.

„კარგია, რომ შუა კვირაში, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში გავიმარჯვეთ. „მონაკოსთან“ გასამართი შეხვედრის წინ, ამას მნიშვნელობა აქვს, თუმცა საფრანგეთის ჩემპიონატი სრულიად განსხვავებული რამ გახლავთ და მოწინააღმდეგეც განსახვავებულია. ათენში გამარჯვება მორაული კუთხით კარგია, თუმცა ეს მოგება უკვე წარსულია, ახლა ყველაზე მეტად „მონაკოსთან“ გასამართ შეხვედრაზე ვღელავ. ალბათ, ეს გუნდი „ოლიმპიაკოსზე“ ძლიერია“, – განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე პარიზელთა თავკაცმა ლორან ბლანმა.

„მონაკოს“ აღმასვლა გვიჩვენებს იმას, რომ საფრანგეთის ჩემპიონატი უფრო დაბალანსებული ხდება. მეტოქედ კარგი გუნდი გვყავს, რომელსაც ტიტულის მოგება უნდა. ისინი ყველაფერს აკეთებენ წარმატების მოსაპოვებლად. დამდეგი შეხვედრა, ჩვენს მსგავსად, მათთვისაც დიდი გამოცდა იქნება. ყველაფერს გავიღებთ, რათა გავიმარჯვოთ“, – აღნიშნა „პარი სენ-ჟერმენის“ იტალიელმა ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ.

„მონაკოს“ თავკაცი კლაუდიო რანიერი მუდმივად აღნიშნავს, რომ ბლანს მის მეგობრად მიიჩნევს. ფეხბურთის იტალიელ სპეციალისტს პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რომელი თავდამსხმელი სჯობს – რადამელ ფალკაო თუ ედინსონ კავანი.

„პარი სენ-ჟერმენს“ ბევრი გამოცდილი მოთამაშე ჰყავს. ლორან ბლანს თავისი ფეხბურთელების გამოყენება ისე შეუძლია, როგორც თავად მას სურს. პარიზელებს გრძელი სათადარიგო სკამიც აქვთ“, – განაცხადა რანიერიმ.

– გვითხარით, რომელი სჯობს – კავანი თუ ფალკაო?
– ფალკაო.

სტუმართა პრესკონფერენციაზე მათი ერთ-ერთი მთავარი ლიდერი რადამელ ფალკაოც გამოცხადდა.

„გვესმის, რომ შესათამაშებლად ცოტა დრო გვქონდა. ერთად მხოლოდ პირველ სეზონს ვატარებთ, პარიზელები კი უკვე დიდი ხანია, გუნდად იქცნენ. დამდეგი მატჩი ძალზედ მნიშვნელოვანია. ვეცდებით, ჩვენი შანსები გამოვიყენოთ“, – აღნიშნა ფალკაომ.

მატჩი „პარი სენ-ჟერმენსა“ და „მონაკოს“ შორის დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.

 

ბექა დოგრაშვილი

საფრანგეთის ნაკრები ევრობასკეტის ფინალში გავიდა

დასრულდა ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის პირველი 1/2 ფინალური შეხვედრა, რომელიც საფრანგეთის ნაკრების ოვერტაიმში მოპოვებული გამარჯვებით – 72:75 დასრულდა.

პირველი მეოთხედი ესპანელთა ოთხქულიანი გამარჯვებით დასრულდა. მეორე მეოთხედში თავისი უპირატესობა ესპანეთმა კიდევ უფრო გაზარდა და დიდი შესვენების წინ ტაბლოზე ანგარიში 34:20 დაფიქსირდა. ამის მიუხედავად, ფრანგებმა თამაშის სცენარის თავიდან ბოლომდე შეცვლა მოახერხეს. მესამე მეოთხედი მათ 15:23 მოიგეს, ხოლო ძირითადი დროის ბოლო ათ წუთში 16:22 იმარჯვეს. შედეგად, თამაშის ძირითადი დრო ანგარიშით 65:65 დასრულდა.

დამატებით დროში კი როგორც უკვე გითხარით უკეთესად საფრანგეთმა ითამაშა, რომელმაც მეტოქეს 3 ქულით აჯობა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე საფრანგეთის ნაკრების ლიდერი ტონი პარკეტი გახდა, რომლის მონაგარმაც 32 ქულა და 5 მოხსნა შეადგინა.

ესპანეთი – საფრანგეთი 72:75 ოვერ ტაიმი (18:14, 16:6, 15:23, 16:22, 7:10)

ესპანეთი: რუბიო (2 ქ. 4 მ.), კალდერონი (4 ქ.), ფერნანდესი (17 ქ.), კლავერი (3 ქ.), გასოლი (19 ქ. 9 მ. 3 ბ. 6 დ.) – სტარტი; როდრიგესი (11 ქ. 6 მ. 9 გ.), ლიული (6 ქ.), სან ემეტერიო (5 ქ.), აგილარი (3 ქ.), რეი (2 ქ.), მუმბრუ (0)

საფრანგეთი: პარკერი (32 ქ. 5 მ. 5 დ.), ჟელაბალი (7 ქ. 5 მ.), ბატუმი (3 ქ.), დიაო (8 ქ. 8 მ.), აჟინკა (3 ქ. 6 მ.) – სტარტი; დიო (10 ქ.), პიეტრუსი (5 ქ. 8 მ.), დე კოლო (3 ქ.), პეტრო (2 ქ.), ლოვერნი (2 ქ.), კიუდი (0)

სროლები ახლო და საშუალო დისტანციიდან: 16/36 (44,4%) – 17/43 (39,5%)

სროლები შორი დისტანციიდან: 7/22 (31,8%) – 9/21 (42,9%)

მოხსნები: 36-40. გადაცემები: 16-11. დაკარგვები: 18-15

ალექსანდრე მატევოსოვი

„პსჟ“-მ სტუმრად „ბორდო“ დაამარცხა

საფრანგეთის ჩემპიონატის მეხუთე ტური „ბორდოსა“ და  „პარი სენ-ჟერმენს“ შორის გამართული მატჩით გაიხსნა. სტადიონ  „შაბან დელმაზე“ შემდგარი შეხვედრა პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. გოლები ბლეზ მატუიდიმ და ლუკას მოურამ გაიტანეს.

ამ დროისთვის  „პსჟ“ გათამაშების ცხრილს ლიდერობს, თუმცა ამავე ტურში პარიზული კლუბის ჩამოტოვების შანსი  „მონაკოს“,  „მარსელსა“ და  „სენტ-ეტიენს“ აქვთ.  „ბორდოს“ სატურნირო ცხრილში მე-15 პოზიცია აქვს დაკავებული.

მომდევნო ტურში საფრანგეთის ჩემპიონი შინ  „მონაკოს“ დაუხვდება,  „ბორდო“კი გასვლაზე  „ლორიანს“ ეთამაშება.

საფრანგეთის ჩემპიონატი
მე-5 ტური:
„ბორდო“-„პსჟ“ 0:2
გოლები: მატუიდი 30′, ლუკას მოურა 64′.
გაფრთხილებები: ენრიკე 20′, ობრანიაკი 41′ – ონგენდა 69′, ვერატი 80′.

 

მოედანზე შეჭრილი გულშემატკივარი ლორიას ჩაეხუტა

საქართველოსა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთა შორის „დინამო არენაზე“ გამართული მატჩის (0:0) მიმდინარეობისას მოედანზე ახალგაზრდა გულშემატკივარი შეიჭრა, რომელიც გიორგი ლორიას ჩაეხუტა და მოედანი თავისივე ნებით დატოვა.

გთავაზობთ აღნიშნული ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

 

დეშამის 11 პრობლემა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა გუშინ, თბილისში დაფიქსირებული შედეგის (0:0) გამო სინანული გამოხატა და ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ ვერ იტანს კარიმ ბენზემა გოლს 20 საათის განმავლობაში, ფეხბურთის  ფრანგმა სპეციალისტმა უპასუხა, რომ პრობლემა „მამლების“ მე-10 ნომერში არ მდგომარეობს.

„პრობლემა ბენზემა კი არა, ის არის, რომ ყოველი მატჩის წინ 11 ფეხბურთელი უნდა შევარჩიო. ბენზემა მარტო არ თამაშობს, ბევრი რამ არის დამოკიდებული მოედანზე მის გვერდით მყოფ მოთამაშეებზეც. მე მათ სიტუაციის განხილვა შევთავაზე. ბენზემა და ჟირუ ერთად ცუდად არ გამოიყურებიან, მაგრამ აღნიშნული ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში  4-4-2 სქემით არ თამაშობენ, ამიტომ ამ ყველაფერს დრო დასჭირდება“, – ამბობს საფრანგეთის ნაკრების თავკაცი.

„ვერ ვიტყოდი, რომ საფრანგეთის ნაკრებს ახლა ყველაზე ცუდი გუნდი ჰყავს. თაობებს არ ვადარებ. ეს ფეხბურთელები კლუბებში გოლებს იტანენ, თუმცა ამას ნაკრებში ვერ ახერხებენ. პრობლემები უნდა გადავჭრათ, თუმცა სასწაულმოქმედი წამალი არ მაქვს. ესპანეთის ნაკრებს თბილისში უფრო ნაკლები შესაძლებლობა მიეცა, თუმცა მათ 86-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მაინც გაიმარჯვეს. ჩემს გუნდს ეფექტურობის გაუმჯობესება მართებს“, – განაცხადა დეშამმა.

ბექა დოგრაშვილი

თემურ ქეცბაია: „დღევანდელი მატჩი მხოლოდ ნახევარი საქმეა“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის I ჯგუფში საქართველოსა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთა შორის „დინამო არენაზე“ გამართული მატჩის (0:0) შემდეგ „ჯვაროსანთა“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ მისი გუნდით ამაყობს, თუმცა სტადიონზე უფრო მეტი ქომაგი უნდა მოსულიყო.

– შეაფასეთ დღევანდელი მატჩი.
– პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ვამაყობ, როგორც მწვრთნელი და ალბათ, მთელი საქართველო ამაყობს იმით, რომ ასეთი თამაში ჩაატარა საქართველოს ნაკრებმა ქართული ფეხბურთისთვის ასეთ რთულ პერიოდში. იქნებ, ბოლოს და ბოლოს რაღაც გამოვიდეს. საფრანგეთის ნაკრები არის გუნდი, რომელიც ასეთი დონის ვარსკვლავებით არის დაკომპლექტებული და მათ დღეს არაფერი დავუთმეთ. იმ ხალხმა, ალბათ წააგო, ვინც დღეს სტადიონზე არ მოვიდა, თუმცა ეს ჩვენზეც არის დამოკიდებული. ჩვენ მათ ჩვენი ცუდი შედეგებით ხელი ვკარით. ეს მხოლოდ ნახევარი საქმეა და ის ბოლომდე რომ მივიყვანოთ, ამისთვის ფინეთის ნაკრები უნდა დავამარცხოთ. იმედია, მომდევნო მატჩზე მეტი ხალხი მოვა.

– ვის გამოარჩევდით და რა გახდა ამ შედეგის ძირითადი მიზეზი?
– ვინმეს გამორჩევა რთულია. მთელმა გუნდმა, შეცვლებზე შემოსულმა ფეხბურთელებმა წვლილი შეიტანეს და გულშემატკივრებს ეს საღამო აჩუქეს. არ მჩვევია მატჩის შემდეგ ცალკეული ფეხბურთელების გამორჩევა. გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, თავი არ დაზოგა და ამისთვის მადლობას ვიხდი. თუ ვიბრძოლებთ ბოლომდე, ჩვენსას მივაღწევთ. გუნდში ახალგაზრდა მოთამაშეები გვყავს და ერთ-ორ წელიწადში ისინი მეტს გააკეთებენ. ვფიქრობ, მომავალ შესარჩევ ეტაპზე მიზანს რეალურად შევხედავთ თვალებში.

– მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში გუნდმა ყველაზე ძლიერად ითამაშა, ამ პერიოდში გვქონდა მომენტებიც. შესვენებაზე ეს დაავალეთ გუნდს?
– ჩვენ მეტისმეტად დავაფასეთ საფრანგეთი. ბიჭებს ვუთხარი, რომ მეტი ძალით წინ წასულიყვნენ. მეორე ტაიმის დებიუტში გუნდმა კარგად ითამაშა, ხალხიც გვერდში დაგვიდგა. ასეთი დონის გუნდის დამარცხება ადვილი არ არის. სახლში უკეთ ვთამაშობთ. ძლიერ სპარინგ-პარტნიორს თუ არ სურს, მას ძალით ვერ ჩამოიყვან, არადა, შინ ასეთი მატჩების ჩატარება თავდაჯერებას შეგვმატებდა.

– საფრანგეთის ნაკრებისგან მეტს ველოდით. ეს ხომ არ იყო მათი მხრიდან ქართველთა დაუფასებლობა?
– ისე ამბობ, თითქოს გეწყინა ეს შედეგი. ამაზე რომ გიპასუხო, ვინანებ, ამიტომ არ გეტყვი.

– გასახდელში ჩაეხუტეთ თარგამაძეს?
– კი. იგონებენ, თითქოს ნაკრებში დაძაბულობაა. რომელ ჩიტს მოაქვს ეს ამბები? ეს რა ბოღმა ჩიტი ყოფილა?!

– როგორ მოახერხებთ ფინეთის ნაკრებისთვის გუნდის ისე გადაწყობას, რომ პირველ ნომრად ითამაშოთ. საქართველოს ნაკრებს იმ მატჩში გამარჯვება სჭირდება.
– უნდა გავიმარჯვოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პირველივე წუთებიდან ხუთი თავდამსხმელი უნდა დავაყენოთ. ჩვენი ტაქტიკა რომ გავამხილოთ, შეიძლება მეტოქემ დაამუშაოს.

– დღეს სათამაშო დისციპლინაც იგრძნობოდა. რა განსახვავება იყო დღევანდელსა და აქამდე ჩატარებულ შეხვედრებს შორის?
– როცა ამხანაგურ შეხვედრებს ვიგებთ, ზოგიერთები ამბობენ, ეს რათ გვინდაო და როცა ვაგებთ, მაშინ მათთვის მნიშვნელოვანი ხდება ასეთი მატჩები. 31 მატჩიდან 19 გასვლაზე რომ ატარებ, 19-ივეს ვერ მოიგებ, თუმცა ფეხბურთელებმა უნდა შეიგნონ, რომ გუნდისთვის და ქვეყნისთვის ამხანაგური მატჩიც მნიშვნელოვანია და ოფიციალურიც. როცა გუნდში მოვედი, ვთქვი, რომ ჩემი გუნდი მოედანზე ბოლომდე იბრძოლებდა. ეს ის გუნდი აღარ არის, რომელიც 0:6 და 0:5 აგებდა. მაშინ ხალხი ტრიბუნაზე გინების მეტს არაფერს აკეთებდა, ანდაც სტადიონიდან მიდიოდნენ.

– ფინეთის ნაკრებთან თქვენს მე-11 გამარჯვებას მოიპოვებთ?
– დაპირებები არ მიყვარს. იმედი მაქვს, ჩემი გუნდი მომდევნო მატჩსაც ისე ითამაშებს, როგორც დღეს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ. ხალხი კი, რომელიც სტადიონზე არ მოვა, ბევრს ინანებს.

– როგორც ჩანს, ეს არის გუნდის ოპტიმალური ტაქტიკა. გარკვეულმა ექსპერიმენტებმა არ გაამართლა. ყველაზე კარგად ამ ფორმაციით ვითამაშეთ და ასე გაგრძელდება?!
– ის ფეხბურთი უნდა ითამაშო, რაც შეგიძლია. ყაზახეთის ნაკრებტან გამართულ მატჩში ორი-სამი და ხუთი ფორვარდით ვითამაშეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. დაცვაშიც უნდა შეგეძლოს ტამაში. რომ არ დააფასებ მეტოქეს, ასეტი იაღლიში მოგივა. ვფიქრობ, მსოფლიო ფეხბურთისთვის ეს უფრო დიდი სიურპრიზი იყო, ვიდრე ყაზახეთან ჩვენი მარცხი.

ბექა დოგრაშვილი

დეშამი: „რაღაც დავაკელით“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის I ჯგუფში საქართველოსა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთა შორის „დინამო არენაზე“ გამართული მატჩის შემდეგ სტუმართა მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი აშკარად უკმაყოფილო იყო. ფრანგი თავკაცის თქმით, მის ფეხბურთელებს მოედანზე მეტი უნდა ემუშავათ.

– რას გვეტყოდით მატჩზე?
– პირველ ტაიმში მომენტები გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. საქართველოს ნაკრებმა კარგი შედეგი აჩვენა. მოედანზე მეტი სამუშაო უნდა შეგვესრულებინა.

– რატომ ვერ მოიგო საფრანგეთის ნაკრებმა?
– იმიტომ, რომ გოლი ვერ გავიტანეთ.

– რას დააბრალებდით ამ შედეგს?
– როგორც ჩანს, რაღაც დავაკელით. მეტი უნდა გაგვეკეთებინა. შეცდომები დავუშვით, განსაკუთრებით ცენტრალურ ხაზში.

– მთელმა გუნდა გაგიცრუათ იმედები?
– ასე ვერ ვიტყოდი. საქართველოს ნაკრები კარგად შეჯგუფებული თამაშობდა, რამაც საშუალება არ მოგვცა, მიზნისთვის მიგვეღწია. გამოვარჩევდი ოქრიაშვილის თამაშს, თუმცა მთელმა გუნდმა კარგი შეხვედრა ჩაატარა..

– გუშინ ამბობდით, რომ მიზანი 3 ქულის მოპოვება იყო. ეს ხომ არ იყო მეტოქის შეუფასებლობა? რამდენად რეალურია შანსი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გახვიდეთ?
– რა თქმა უნდა, პირველ ადგილს ვეღარ დავიკავებთ, თანაც ესპანეთის ნაკრებმა თავისი მატჩი მოიგო, თუმცა მიზანი იქნება მეორე პოზიციაზე გასვლა.

– რა არის გამოსავალი?
– მეტი შეტევა და მომენტების გამოყენება. ასევე საჭიროა უფრო მეტი სწორი გადაცემა გავაკეთოთ. ეს არ არის სრული იმედგაცრუება. წინ კიდევ ორი მატჩია.

– გუნდი ჯგუფის მეორე ადგილზე გადის და უფრო პოზიტიური განწყობა თქვენთვის სასურველი არ იქნებოდა?!
– მეც ამის მომხრე ვარ. ჩვენი ამბიცია პირველ ადგილზე გასვლა იყო, თუმცა არც მეორე პოზიციაა ურიგო შედეგი.

– აშაკარა იყო, რომ შეტევითი ხაზი ძირითადად ორ ფეხბურთელზე გადიოდა – ფრანკ რიბერისა და მატიე ვალბუენაზე, თუმცა რიბერიმ ვერაფერი გააკეთა და ვერც ვალბუენას თამაშმა მოიტანა შედეგი. ეს იყო თქვენი ტაქტიკური შეცდომა თუ ისინი არ არიან სასურველ ფორმაში?
– ვერ დაგეთანხმებით. რიბერის წინააღმდეგ ორი-სამი ფეხბურთელი თამაშობდა და ის მაინც იძვრენდა თავს.

– ორი ფორმალური ტური დარჩა. მუნდიალზე გკითხავთ: რას გეგმავს დეშამი ამ ფორმაციის საფრანგეთის ნაკრებთან ერთად?
– ვეცდებით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ.

– მომავალ მატჩებში რას გვპირდებით?
– ხარვეზების გამოსწორებასა და მეტ შეტევას.

ბექა დოგრაშვილი

საქართველომ საფრანგეთს დაგეგმილი გამარჯვება არ გაატანა

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის I ჯგუფის მატჩში საქართველომ “დინამო არენაზე” საფრანგეთის ნაკრებს უმასპინძლა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ის უგოლო ფრით დასრულდა, 0-0.

მატჩი დაბალ ტემპში, ფრანგების უპირატესობით დაიწყო. იმთავითვე აშკარა იყო, რომ ქართველები ფონს გასვლას კონტრშეტევებით ეცდებოდნენ, თუმცა საწყის წუთებში ფრანგები შეტევაზე მწვავედ არ გადმოდიოდნენ და არც სწრაფ გოლზე ჰქონიათ აქცენტი გაკეთებული. პირველი სახიფათო ეპიზოდი უეფას მიერ საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულმა ფრანკ რიბერიმ შექმნა, როცა რამოდენიმე მეტოქეს გვერდი აუარა და საქმე კარში დარტყმამდეც მიიყვანა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. პირველ ნახევარში სახიფათო მომენტების დეფიციტი იყო, თუმცა მეორე ტაიმში, ამ მხრივ, სიტუაცია გამოსწორდა და გუნდებმა ერთმანეთს შედარებით მაღალი ტემპი შესთავაზეს. ქეცბაიამ შესვენების შემდეგ კობახიძეს, ანანიძესა და ოქრიაშვილს პოზიციები შეუცვალა, რამაც მეტოქე ერთი ორად დააბნია. საქართველოს ნაკრები ფრანგთა ნახევარზე უფრო ორგანიზებულად და დამაჯერებლად მოქმედებდა. 50-ე წუთზე დაწინაურებაც შეგვეძლო: შეტევის მარჯვენა ფლანგზე ოქრიაშვილმა ბურთი მკერდით გელაშვილს დაუგდო, თვითონ კი საჯარიმოს მიუახლოვდა, თავის მხრივ, “ყარაბაღის” ფორვარდმა ბურთთან კობახიძე დატოვა, რომელმაც საჯარიმოში შეაღწია, ბურთი ოქრიაშვილს გადააწოდა, ამ უკანასკნელმა ერთი შეხებით დაარტყა, ბურთი ლორისმა მოიგერია, დამატებაზე თორნიკემ ორ ფრანგ მცველს დაასწრო და კვლავაც დაარტყა, თუმცა ბურთი ამჯერად ძელს მოხვდა. ამ მომენტმა ფრანგებზე ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედა. მათ თამაშში არაერთხელ ტექნიკურმა წუნმაც იჩინა თავი. ქართველები შეტევაზე გადასვლას კვლავ კონტრშეტევებით ცდილობდნენ, თუმცა ზოგჯერ ძალა არ ჰყოფნიდათ, ზოგჯერ კი მარტო მყოფ ფეხბურთელს პარტნიორები ვერ ეხმარებოდნენ. თუმცა ქეცბაიას ამ ტაქტიკამ ნელ-ნელა უფრო გაამართლა, რადგან საფრანგეთს გოლის გასატანად დიდი ძალებით უხდებოდა შეტევაზე გადასვლა, დაცვა კი, შესაბამისად, უსუსტდებოდათ. 68-ე წუთზე ევრამ შეტევის მარცხენა ფლანგიდან ჟინიაკის მისამართით მოახერხა ჩაწოდება, თუმცა გრიგალავამ საქმე დარტყმამდე არ მიიყვანა. არ შეიძლება, არ აღინიშნოს ქართველთა კაპიტნის, ჯაბა კანკავას საუცხოო თამაში მთელი მატჩის განმავლობაში, რომელიც კონკრეტულ სიტუაციებში სწრაფად და სწორად მოქმედებდა. ფრანგები შეტევებს კიდევ უფრო ამწვავებდნენ და 84-ე წუთზე მათ მიერ კარგად გათამაშებული კომბინაცია ფრანკ რიბერის უძლიერესი დარტყმით დასრულდა, რომელიც გიორგი ლორიამ მოიგერია. 91-ე წუთზე მოედნის ცენტრში ელგუჯა გრიგალაშვილის შეცდომას ჩვენი კარის მიმართულებით მწვავე შეტევა მოჰყვა: ვალბუენამ ბურთი მარტოდ მყოფ ჟირუს ჩაუწოდა, რომელმაც თავით დაარტყა, მაგრამ ლორიამ სასწაულებრივი რეაქცია გამოავლინა და ბურთი კუთხურზე გადააგდო. კუთხურის გათამაშების შემდეგ, რიბერის ჩაწოდებულს თავით სანია გამოეხმაურა, რომლის არანაკლებ სახიფათო დარტყმა კვლავაც ლორიამ მოიგერია. ბოლო წუთები საქართველოს ნაკრებმა შეტევაში გაატარა, თუმცა უშედეგოდ. მატჩის თურქ არბიტრს, ფირათ აიდინუსის კი ისღა დარჩენოდა, რომ შეხვედრა დაესრულებინა, 0-0.

ამგვარად, საქართველოს საფრანგეთს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და რაც მთავარია, ფრანგებს გეგმები აურია. მართალია, საქართველოს ნაკრები ჯგუფში კვლავაც მეოთხე ადგილს იკავებს, თუმცა უშუალო მეტოქე ფინეთთან სხვაობას ერთ ქულამდე ამცირებს. სამშაბათს, 21:00 საათზე კი “დინამო არენაზე” მის დამარცხებას შეეცდება.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი
საქართველო 0-0 საფრანგეთი
I ჯგუფი

საქართველო: ლორია, ლობჟანიძე, გრიგალავა, კაშია, ამისულაშვილი, ხუბუტია, კანკავა, კობახიძე (გრიგალაშვილი 60′), გელაშვილი (დვალიშვილი 79′), ანანიძე (თარგამაძე 69′), ოქრიაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.

საფრანგეთი: ლორისი, სანია, კოსიელნი, აბიდალი, ევრა, გილავოგი (ნასრი 78′), სისოკო, რიბერი, ვალბუენა, ჟირუ, ბენზემა (ჟინიაკი 62′).
მთავარი მწვრთნელი: დიდიე დეშამი.

გაფრთხილებები: ოქრიაშვილი 37′, ლორია 87′.
მთავარი მსაჯი: ფირათ აიდინუსი (თურქეთი).

საქართველო vs საფრანგეთი

დღეს, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის I ჯგუფში საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს გამართავს. „ჯვაროსნები“ თბილისში, საფრანგეთის ნაკრებთან გაარკვევენ ურთიერთობას. ჯგუფს 11 ქულით ესპანეთის ნაკრები ლიდერობს, რომელსაც 1 ქულით ჩამორჩება საფრანგეთი. თავის მხრივ, “ფურია როხა” ფინეთს სტუმრობს. „დინამო არენაზე“ გასამართი მატჩი სტარტს 22:15 სათზე აიღებს. შეხვედრას თურქი არბიტრი ფირათ აიდინუსი მოემსახურება. მანამდე კი გთავაზობთ საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებების შედარებით მონაცემებს.

 

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
 საქართველო საფრანგეთი (22:15 სთ)
 

 მთავარი მსაჯი: ფირათ აიდინუსი (39 წლის, თურქეთი). ის საერთაშორისო მატჩებს 2006 წლიდან სჯის. 2012 წლის იანვრიდან კი უეფას ელიტარულ მსაჯთა კატეგორიაშია. შესახედაობისა და მსაჯობის სტილის გამო თურქეთში ამბობენ, რომ მას იტალიური სტილი აქვს. პროფესიით გეოლოგია.

 

 

 მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია (45 წლის)

 

„დინამო არენა“, თბილისი 

ეტევა 54 549 მაყურებელი.

 

 

 

 მთავარი მწვრთნელი: დიდიე დეშამი (44 წლის)
 

 

 

 

 

 ადგილი ფიფას რეიტინგში: 97-ე
ადგილი უეფას რეიტინგში:
 მე-40
 თემურ ქეცბაია: „ვეცდებით, რაც შეიძლება ორგანიზებულად ვითამაშოთ. ვეთამაშებით მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს და ეს არც ისე ადვილია. მთავარია, დაცვაში არ დავუშვათ შეცდომა და ჩვენს შანსს დაველოდოთ“.
 

 ადგილი ფიფას რეიტინგში: 23-ე
 ადგილი უეფას რეიტინგში: მე-13
 გუნდის ღირებულება: 26.625.000 ევრო  დიდიე დეშამი: „3 ქულა აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ. ჩვენი მიზანი ჯგუფში მინიმუმ მე-2 ადგილის დაკავებაა, თუმცა ყველაფერი მიზნის მიხედვით არ ხდება. აქ 3 ქულისთვის ჩამოვედით“.    გუნდის ღირებულება: 361.500.000 ევრო
 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი: გურამ კაშია (5 მლნ. ევრო) ამინდი 


+ 17°c

 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი: ფრანკ რიბერი (42 მლნ. ევრო)