ტოტიმ ფაკეტის სახელობის საერთაშორისო ჯილდო მიიღო

“რომას” კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ ჯაჩინტო ფაკეტის სახელობის საერთაშორისო ჯილდო მიიღო, რომელსაც გაზეთი “ლა გაძეტა დელო სპორტი” ყოველწლიურად რომელიმე ფეხბურთელს დადებითი და ჯენტლმენური ქცევის გამოვლინებისთვის გადასცემს.

2013 წელს ეს ჯილდო “ბარსელონას” ყოფილმა მცველმა ერიკ აბიდალმა მიიღო, მანამდე კი ეს პატივი იტალიის ნაკრების ყოფილ თავკაც ჩეზარე პრანდელის, “მილანის” ყოფილ კაპიტან პაოლო მალდინის, უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინისა და ერაყის კაპიტან იუნის ჰალაფს ხვდათ წილად.

“რომას” რიგებში 20 წელზე მეტია, ვთამაშობ. ამ კლუბისთვის ყველაფერი გავეცი და სანაცვლოდაც ბევრი რამ მივიღე. “რომა” ჩემი ერთადერთი კლუბია, ჩემი ერთადერთი სიყვარულია. ეს კლუბი უმაღლეს დონეზე თამაშს იმსახურებს”, – აღნიშნა ტოტიმ.

როგორც მოგახსენეთ ჯილდო ჯაჩინტო ფაკეტის სახელს ატარებს. ფაკეტი მილანის “ინტერის” ღირსებას 18 წლის განმავლობაში იცავდა. ის 2006 წელს 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Totti

ტოტი: “ჩემს შვილებს სტადიონზე მისვლის ეშინიათ”

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ გუშინ “სკუადრა აძურასა” და ხორვატიის ეროვნულ გუნდს შორის გამართული მატჩის (1:1) მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტი შეაფასა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრის მეორე ტაიმში ხორვატმა ქომაგებმა მოედანზე მაშხალები ისროლეს.

“სტადიონზე შვილებითა და ოჯახებით ვეღარ დავდივართ. ჩემს შვილებს ფეხბურთზე დასწრების ეშინიათ. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შემდეგ იტალიურ ფეხბურთში დასწრების მხრივ კლება შეინიშნება. თუმცა, სიტუაციის გამოსწორება შეგვიძლია, რადგან ჩვენი ფეხბურთი და ჩვენი კლუბების ისტორია ამას იმსახურებს”, – ციტირებს ტოტის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

 

როდემდე აპირებს ფრანჩესკო ტოტი თამაშს

იტალიური გამოცემა “კორიერე დელა სერა” წერს, რომ “რომას” კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი კარიერას მანამ არ დაასრულებს, სანამ კლუბის ახალ სტადიონზე არ ითამაშებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ იტალიელ ფეხბურთელს მინიმუმ 2017 წლამდე მოუწევს თამაში, ვინაიდან სწორედ ამ დროს არის არენის გახსნა დაგეგმილი.

მიუხედავად იმისა, რომ ფრანჩესკო ტოტი 2017 წელს 41 წლის იქნება, “რომას” ხელმძღვანელობა გაგებით ეკიდება გუნდის კაპიტნის მისწრაფებას და ფეხბურთელს კარიერის მანამდე დასრულებისკენ არ მოუწოდებს.

წყაროს თანახმად, ტოტის ორი ოცნებაც აქვს: ამერიკული კლუბის მფლობელობა და იტალიის ქალაქ მარინოს მერობა.

 

ტოტიმ ეშლი კოული გაამასხარავა

ჭკუამხიარულმა ფრანჩესკო ტოტიმ თანაგუნდელი ეშლი კოულის გამასხარავება გადაწყვიტა და კარგადაც გამოუვიდა. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინათ “რომამ” გუნდური ფოტო გადაიღო, თუმცა ინგლისელი ფეხბურთელი რატომღაც დანარჩენი მოთამაშეებისგან მოშორებით მარტოსულად იდგა. აღნიშნულმა სურათმა საყოველთაო ყურადღება მიიპყრო და ამ პოზაში მდგომი კოული კომპიუტერული პროგრამების დახმარებით სხვადასხვა სიტუაციებშიც გამოსახეს.

აშშ-ში მყოფმა ტოტიმ ეშლი კოულს მიბაძა და მანაც გადაიღო ფოტო “განდეგილის” პოზაში.

აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერზე თავად ეშლი კოულიც კარგად ხალისობს. ინგლისელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში თავადვე გამოაქვეყნა რამდენიმე სურათი, რომელზედაც ის ამ უცნაურ პოზაში დგას.

 

ტოტი: „მანამ ვითამაშებ, სანამ არ მივხვდები, რომ მოედანზე სულელივით გამოვიყურები“

„რომას“ კაპიტან ფრანჩესკო ტოტის ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, კონკრეტულად როდის დაასრულებს კარიერას.

„მე ფეხბურთის თამაშში გავიზარდე და ამავე საქმით მოვკვდები. დარწმუნებული ვარ, რომ კარიერის დასრულების შემდეგ რომელიმე სტატუსით ფეხბურთში დავრჩები. როდის დავასრულებ კარიერას? მანამ ვითამაშებ, სანამ თავად არ მივხვდები, რომ მოედანზე სულელივით გამოვიყურები“, – ტოტის სიტყვები GQ-მ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ფრანჩესკო ტოტი „რომას“ პირველი გუნდის ღირსებას 1993 წლიდან იცავს. იტალიელმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ერთხელ მოიგო სერია A და ორჯერ – კოპა იტალია. ტოტის სექტემბრის თვეში 38 წელი შეუსრულდება.

ბექა დოგრაშვილი

მესიმ ტოტი უკან ჩამოიტოვა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 28-ე ტურში „ბარსელონამ“ „ოსასუნა“ ანგარიშით 7:0 გაანადგურა. ლიონელ მესიმ ჰეთ-თრიკი გაიფორმა და კლუბის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად იქცა.

ლეო მესის აქტივში „ბარსას“ მაისურით ოფიციალურ და არაოფიციალურ მატჩებში ერთად 371 გატანილი გოლია. პრიმერადივიზიონში მესის ანგარიშზე 233 გოლი გახლავთ, რაც ერთით მეტია იტალიის სერია A-ში ფრანჩესკო ტოტის მონაგარზე. ევროპის წამყვანი ხუთი ეროვნული ჩემპიონატის შედეგებიდან მესის მაჩვენებელი სარეკორდოა.

გარდა ამისა, კატალონიური გუნდის არგენტინელი თავდამსხმელი მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება მექსიკელ უგო სანჩესს, რომელიც თავის დროზე მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „რეალის“ ღირსებას იცავდა. ცნობისათვის, ესპანეთის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორად ტელმო სარა („ატლეტიკი“) ითვლება, რომელსაც 252 გოლი აქვს.

ბექა დოგრაშვილი

ტოტი: „ჩემი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა“

„რომას“ კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ მისი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. გარდა ამისა, იტალიელმა ფეხბურთელმა იმ მოთამაშეთა სიმბოლური გუნდი შეადგინა, ვისთან ერთადაც და ვის წინააღმდეგაც უთამაშია.

„ვიცი, რომ დრო ცოტა მაქვს, მაგრამ მინდა, რომ ოცნება ავიხდინო. ჩემპიონთა ლიგის მოგება მსურს.

ჩემი სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება: ბუფონი, მაიკონი, სამუელი, კანდელა, დე როსი, ჩავი, ინიესტა, მე, კრიშტიანუ რონალდუ, მესი და იბრაჰიმოვიჩი.

მე ვიტყოდი, მშვენიერი გუნდია და თან ძალიან ძვირი“, – განაცხადა ტოტიმ „რაი უნოს“ ეთერში.

ბექა დოგრაშვილი

ტოტი: „ვამაყობ, რომ მთელი კარიერა ერთ კლუბში გავატარე“

„რომას“ კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ მთელი კარიერის ერთ კლუბში გატარებას არ ნანობს.

„კარიერის ყველაზე სასიხარულო მომენტები მაშინ მქონდა, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონი და სერია А-ს გამარჯვებული გავხდი. ვამაყობ იმით, რასაც მივაღწიე, ვამაყობ, რომ მთელი კარიერა ერთ კლუბში გავატარე. აქვე უნდა ვაღიარო, რომ „რომასთან“ ერთად გამარჯვება უფრო რთულია, ვიდრე სხვა კლუბთან ერთად“, – ციტირებს ტოტის სიტყვებს Football-italia.

შეგახსენებთ, რომ ფრანჩესკო ტოტი „რომას“ ღირსებას 1992 წლიდან იცავს.

ბექა დოგრაშვილი

ტოტიმ წელიწადი შეაფასა

„რომას“ კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ კლუბის ქომაგებს შობა მიულოცა და მიმდინარე წელს ნაჩვენები შედეგები შეაფასა.

„რაც მინდა, ის რომ ვთქვა, ბანალურად გამომივა. არაფერს დავიშურებ იმისთვის, რომ ლამაზი საჩუქარი გავიკეთო, თუმცა ვისურვებდი, რომ ქომაგებს ის დიდი საჩუქარი მივუძღვნა, რასაც ისინი ისე იმსახურებენ, როგორც არავინ სხვა.

2013 წელი ჩვენთვის შერეული წელიწადი გამოდგა. პირველი ექვსი თვე გაურკვევლობა სუფევდა. შემიძლია ისიც კი ვთქვა, რომ ახალი სეზონის დაწყებამდე საშინლად გამოვიყურებოდით. ახალი სეზონი დაიწყო ისე, როგორც ყველა ჩვენთაგანს სურდა. იმედი გვაქვს, რომ 2014 წელსაც ასე გავაგრძელებთ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – ტოტის სიტყვები სპორტულ პორტალზე Football-italia გამოქვეყნდა.

ბექა დოგრაშვილი

სკოლარი: „ტოტი რომ ბრაზილიელი იყოს, ჩემს ნაკრებში თამაშის დიდი შანსი ექნებოდა“

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი გამოტყდა, რომ მის გუნდში ისეთი ფეხბურთელების ხილვას ისურვებდა, როგორებიც არიან ანდრეა პირლო და ფრანჩესკო ტოტი. ფეხბურთის ბრაზილიელი სპეციალისტის თქმით, იტალიის ნაკრები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია.

„ტოტი ძალიან მომწონს. ის კარგად თამაშობს, ფლობს განსაკუთრებულ უნარებს და არის საკუთარი გუნდის ერთგული. ის რომ ბრაზილიელი იყოს, ჩვენს ამჟამინდელ ნაკრებში მოხვედრის დიდი შანსი ექნებოდა, თუმცა მას უკვე გაუმართლა, რადგან ეკუთვნის შესანიშნავ საფეხბურთო ერს. ის, ვინც იტალიის ნაკრებში ხვდება, ბრაზილიის ნაკრებში თამაშსაც უპრობლემოდ შეძლებს.

პირლოც უნდა აღვნიშნო. ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც რაიმეთი სხვებზე მაღლა დგანან. პირლო ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც საკუთარი თავი მთელი ეპოქის სახით წარმოგვიდგინა. ის თამაშის მაღალი კულტურით გამოირჩევა, კარგად ფლობს ბურთს და შეუძლია მოედანზე სწორი პოზიციის შერჩევა. ის ნებისმიერი ლიგის ნებისმიერ გუნდში თამაშს შეძლებდა.

ვთვლი, რომ იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. მომწონს, როგორ მუშაობს ჩეზარე პრანდელი იტალიის ნაკრების თავკაცის პოსტზე. მან საოცარი მუშაობა გასწია და განაახლა გუნდი როგორც ტაქტიკურად, ასევე – ფსიქოლოგიურად“, – სკოლარის სიტყვები „კორიერე დელო სპორტმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ტოტი, მაიკონი და ბრედლი „ნაპოლისთან“ მატჩისთვის მზად იქნებიან

გავრცელებული ინფორმაციით,უახლოეს მატჩში „რომას“ ერთდროულად სამი წამყვანი მოთამაშე დაუბრუნდება.

საუბარია ფრანჩესკო ტოტიზე, დუგლას მაიკონსა და მაიკლ ბრედლიზე.

აქედან გამომდინარე, ეს ფეხბურთელები „ჯალოროსის“ „ნაპოლისთან“ ჩასატარებელ შეხვედრაში დაეხმარებიან.

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული მატჩი მიმდინარე კვირის ბოლოს „სტადიო ოლიმპიკოზე“ შედგება.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბუფონი: „ტოტი ნებისმიერ გუნდს გამოადგება“

იტალიის ნაკრების მეკარის ჯანლუიჯი ბუფონის აზრით, ასაკის მიუხედავად, „რომას“ კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი ნებისმიერ გუნდს ახლაც გამოადგება.

„ასეთ ფორმაში მყოფი ტოტი ნებისმიერ გუნდს სჭირდება. ფრანჩესკო უბრალოდ უკვდავია. იგი – ნამდვილი ჩემპიონია“, – თვლის ბუფონი.

გარდა ამისა, ბუფონმა 2014 წლის მსოფლიო ჩემოპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დარჩენილ შეხვედრებზეც ისაუბრა.

„სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად, მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლი კარგად უნდა დავასრულოთ, რადგან ნაკრებში უიღბლოდ ჩატარებული შეხვედრები ფეხბურთელთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე არც ისე კარგად აისახება“, – დაასრულა ჯიჯიმ.

ალექსანდრე მატევოსოვი