“მანჩესტერ იუნაიტედი” “ვესტ ბრომვიჩთან” მარცხს გადაურჩა

ინგლისის პრემიერლიგის VIII ტურის დასკვნითი მატჩი “ჰოტორნსზე” გაიმართა, სადაც “ვესტ ბრომვიჩ ალბიონმა” “მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

მასპინძლები მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ: მე-8 წუთზე სტეფან სესენიონმა გაიტანა. შესვენების შემდეგ “წითელმა ეშმაკებმა” მარუან ფელაინის გოლის წყალობით ანგარიში გაათანაბრეს. სხვათა შორის, ბელგიელი ფეხბურთელისთვის ეს “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში გატანილი პირველი გოლია. 66-ე წუთზე საიდო ბერაჰინომ მასპინძლები კვლავ დააწინაურა. ლუი ვან გაალის გუნდი მარცხს დეილი ბლინდის მიერ 87-ე წუთზე გატანლი გოლის წყალობით გადაურჩა — 2:2.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” 12 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრლში მეექვსე პოზიციაზე გადანაცვლა. “ვესტ ბრომვიჩს” აქტივში 9 ქულა აქვს და მე-14 ადგილი უკავია.

სრული სატურნირო ცხრილის სანახავად გადადით ბმულზე: ცხრილები

ინგლისის პრემიერლიგა
“ვესტ ბრომვიჩი” — “მანჩესტერ იუნაიტედი” 2:2 (1:0)
გოლები: სესენიონი 8′, ბერაინო 66′ — ფელაინი 48′, ბლინდი 87′.

რონალდუმ გაიტანა, მაგრამ “რეალმა” წააგო

ფლორენციის “ფიორენტინასა” და მადრიდის “რეალს” შორის პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართული ამხანაგური მატჩი იტალიური გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

ანგარიში კრიშტიანუ რონალდუმ მე-4 წუთზე გახსნა. 27-ე წუთზე მარიო გომესმა გაათანაბრა, 69-ე წუთზე კი მარკოს ალონსომ “რეალის” კარში მეორე ბურთი გაიტანა და საბოლოო შედეგი 2:1 დაფიქსირდა.

ამხანაგური მატჩი
“ფიორენტინა” — “რეალი” 2:1 (1:1)

ფიორენტინა“: ნეტო, როდრიგესი (ჰეგაზი 86′), ტომოვიჩი (პიჩინი 85′), სავიჩი, მარკოს ალონსო (პასკუალი 85′), პიზარო (ვოლსკი 77′), აკვილანი (ბრილანტე 69′), ბორხა ვალერო (ჯილი 90′), ვარგასი (ლაძარი 85′), გომესი (ილიჩიჩი 68′), ბაბაკარი (ბერნარდეში 77′).
მთავარი მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.

რეალი“: ნავასი, არბელოა (ლუკას ვასკესი 76′), მარსელო (ფაბიო კოენტრაუ 46′), ნაჩო, ვარანი (სერხიო რამოსი 74′), ჩაბი ალონსო (კროოსი 46′), ხედირა (მედრანი 75′), ილიარამენდი (ბურგუი 75′), დი მარია, ხამეს როდრიგესი (კარვახალი 46′), რონალდუ (ბენზემა 46′).
მთავარი მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

გოლები: გომესი 27′, მარკოს ალონსო 69′ — რონალდუ 4′.

“ლივერპულმა” დორტმუნდის “ბორუსია” გაანადგურა

“ლივერპულსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის “ენფილდ როუდზე” გამართული ამხანგური მატჩი მერსისააიდული გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა.

ანგარიში შეხვედრის მე-10 წუთზე დანიელ სტარიჯმა გახსნა. ზუსტად სამ წუთში გოლი გაიტანა “ლივერპულის” ხორვატმა მცველმა დეიან ლოვრენმა, რომელიც მერსისაიდულ გუნდში “საუთჰემპტონიდან” მიმდინარე სატრანსაფერო პერიოდში 23 მილიონ ევროდ გადავიდა.

მეორე ტაიმში “წითლებმა” კიდევ ორი უპასუხო გოლი გაიტანეს: 49-ე წუთზე ფილიპე კოუტინიომ გამოიჩინა თავი, 61-ე წუთზე კი გოლი ჯორდან ჰენდერსონმა გაიტანა.

ამხანაგური მატჩი:
“ლივერპული” — “ბორუსია” (დორტმუნდი) 4:0 (2:0)

“ლივერპული”: მინიოლე, მანკილიო (კელი 86′), ჯონსონი (ხოსე ენრიკე 64′), ლოვრენი, შკრტელი, ჯერარდი, კოუტინიო (იბე 72′), ჯანი, ჰენდერსონი, სტერლინგი, სტარიჯი (ლამბერტი 73′).
მთავარი მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი.

“ბორუსია”: ლანგერაკი, გინტერი (კნიშტოკი 83′), შმელცერი, პიშჩეკი (გროსკროიტცი 58′), პაპასტატოპულოსი (სარი 82′), იოიჩი (ამინი 76′), კელი (ბენდერი 47′), კირხი (ჰოფმანი 47′), მხითარიანი (დონგ-ვონ ჯი 65′), რამოსი (იმობილე 47′), ობამეიანგი (ბანდოვსკი 71′).
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი.

გოლები: სტარიჯი 10′, ლოვრენი 13′, კოუტინიო 49′, ჰენდერსონი 61′.

მთავარი მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი).

„ინტერმა“ „რეალს“ პენალტების სერიაში სძლია

Guinness International Champions Cup-ის ფარგლებში მადრიდის „რეალსა“ და მილანის „ინტერს“ შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მე-11 წუთზე გარეტ ბეილმა შორეული დარტყმით ანგარიში გახსნა. იტალიელებმა თერთმეტმერიანი დარტყმით გაათანაბრეს. ნემანია ვიდიჩის მიერ გამომუშავებული პენალტი მაურო იკარდიმ გოლად აქცია. ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, საყაიმო შედეგის გამო, ძირითადი 90 წუთის შემდეგ პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნა. თერთმეტმერიანი დარტყმების სერიაში ვალტერ მაცარის გუნდმა ანგარიშით 3:2 იმარჯვა.

ტურნირის ამავე ჯგუფში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „რომა“ ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

„რეალი“ — „ინტერი“ 1:1 (პენ. 2:3)

„რეალი“: დიეგო ლოპესი (ხესუს კოლადო 46′), კარვახალი, პეპე (მასკარელი 65′), ნაჩო, დიეგო ლორენტე; ილიარამენდი, მედრანი (დერიკი 65′), ისკო; ლუკას ვასკესი, რაულ დე ტომასი (სობრინიო 53′), ბეილი (მარკოს ლორენტე 53′).
მთავარი მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

„ინტერი“: ჰანდანოვიჩი (კარიზო 63′), რანოკია (ანდრეოლი 63′), ვიდიჩი, ჟუან ჟეზუსი, დამბროზიო, ჯონათანი (ბონაცოლი 90′), კუზმანოვიჩი (მვილა 63′), ობი (კრჰინი 78′), დოდო (ნაგატომო 78′), ბოტა (ლაქსალტი 78′), იკარდი.
მთავარი მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.

გოლები: ბეილი 11′ — იკარდი 68′ (პენ).

პენალტების სერია: ისკო (X), ლუკას ვასკესი (O), ნაჩო (O) ილიარამენდი (X), მასკარელი (X) — ვიდიჩი (O), ნაგატომო (X), მვილა (X), ჟუან ჟეზუსი (O), იკარდი (O).

მთავარი მსაჯი: რიკარდო სალაზარი (აშშ).

„ლივერპულმა“ „ოქროს მატჩი“ მოიგო

ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურის ცენტრალური მატჩი „ენფილდზე“ გაიმართა, სადაც ერთმანეთს ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდები დაუპირისპირდნენ — „ლივერპული“ და „მანჩესტერ სიტი“. შეხვედრის დაწყებამდე წუთიერი დუმილით 1989 წლის 15 აპრილს „ჰილსბროუს“ ტრაგედიაში დაღუპულ გულშემატკივრებს მიაგეს პატივი. ტრადიციულად, სტადიონზე საოცარი ატმოსფერო სუფევდა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მერსისაიდელებმა თამაში თავიდანვე აქტიურად დაიწყეს. შეიძლება ითქვას, რომ პირველი ტაიმის პირველ ნახევარში მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა. შედეგად, „წითლებმა“ მე-6 წუთზე ანგარიშიც გახსნეს. ლუის სუარესმა მახვილგონივრული გადაცემით ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა რაჰიმ სტერლინგი, რომელმაც რამდენიმე მოძრაობით მის წინ მყოფი მცველები და მეკარე ერთდროულად ჩამოიცილა და დაუცველ კარში გადაგზავნა ბურთი. მასპინძლები კიდევ უფრო საოცარი აღმაფრენით ათამაშდნენ, „ქალაქელებს“ კი არაფერი გამოსდიოდათ. ამას ისიც დაემატა, რომ სტუმართა ნახევარმცველმა იაია ტურემ მუხლი დაიშავა და მე-19 წუთზე შესაცვლელი შეიქნა. 26-ე წუთზე „ლივერპულის“ შეტევის მარცხენა ფლანგიდან სტივენ ჯერარდის მიერ მოწოდებულ კუთხურს მეტოქის საჯარიმოში მარტინ შკრტელი გამოეხმაურა, რომელმაც თავით ბურთს მიმართულება შეუცვალა და ანგარიშში სხვაობა გაზარდა — 2:0. ისეთი თამაში მიდიოდა, ვერ გაარჩევდით, „ლივერპული“ ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდს ხვდებოდა თუ ცხრილის ფსკერზე მყოფ კლუბს. ტაიმის მიწურულს „სიტის“ ფეხბურთელებმა რამდენჯერმე შეუტიეს, თუმცა სახეიროს ვერაფერს გამორჩნენ.

მეორე ტაიმში „მანჩესტერ სიტი“ მოედანზე საოცრად მოტივირებული გამოვიდა. მერსისაიდელთა უწინდელი უპირატესობა შარშანდელი თოვლივით გადნა. სრულ სათამაშო უპირატესობას მანუელ პელეგრინის გუნდი დაეუფლა. სტუმრები აქტიურ შეტევაზე გადავიდნენ, რამაც შედეგიც გამოიღო. 57-ე წუთზე „ქალაქელთა“ შეტევის მარჯვენა ფრთიდან განხორციელებულმა კომბინაციამ მერსისაიდელთა დაცვა თამაშს გამოთიშა, დავიდ სილვამ კი ახლო მანძილიდან ერთი ბურთი გაქვითა. 63-ე წუთზე სტუმრებმა სულაც გაათანაბრეს ანგარიში, როდესაც მარცხენა ფრთიდან დავიდ სილვას მიერ დარტყმული ბურთი გლენ ჯონსონს მოხვდა და სიმონ მინიოლეს კარში შეგორდა. ამის შემდეგ „წითლები“ გონს მოეგნენ. ბუნებრივია, „მანჩესტერ სიტის“ ფრეც ხელს აძლევდა, მერსისაიდელებს კი მხოლოდ 3 ქულა აწყობდათ. ბრენდან როჯერსის გუნდმა 78-ე წუთზე გამარჯვების გოლის გატანა მაინც მოახერხა, რომელიც ფილიპე კოუტინიოს ანგარიშზეა — 3:2. მატჩის კომპენსირებულ დროში უხეში თამაშისთვის მოედნიდან მასპინძელთა ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი გააძევეს, თუმც ამას დარჩენილ დროში ზეგავლენა არ მოუხდენია.

ამრიგად, „ლივერპულმა“ საჩემპიონო ბრძოლაში უშუალო კონკურენტი დაამარცხა, ჰაერივით საჭირო 3 ქულა მოიპოვა და სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე საჩემპიონო ბერკეტები ხელთ იგდო. მართალია, „სიტის“ ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, თუმცა მერსისაიდელები „ქალაქელებს“ 7 ქულით უსწრებენ და თუ „წითლები“ დარჩენილ ოთხივე შეხვედრას გამარჯვებით დაასრულებენ, 24-წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის ჩემპიონის ტიტულს შესწვდებიან. მეორე ადგილი ლონდონის „ჩელსის“ აქვს დაკავებული, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზეც ასპარეზობს.

ინგლისის პრემიერლიგა
34-ე ტური
„ლივერპული“ — „მანჩესტერ სიტი“ 3:2 (2:0)

„ლივერპული“: მინიოლე, ჯონსონი, შკრტელი, სახო, ფლანაგანი, ჯერარდი, ჰენდერსონი, კოუტინიო (მოზესი 89′), სტერლინგი (ლუკას ლეივა 90+5′), სუარესი, სტარიჯი (ალენი 66′).
მთავარი მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი.
„მანჩესტერ სიტი“: ჰარტი, ზაბალეტა, კომპანი, დემიკელისი, კლიში, ფერნანდინიო, იაია ტურე (ხავი გარსია 19′), ნასრი, დავიდ სილვა, ნავასი (მილნერი 50′), ჯეკო (ჯეკო 68′).
მთავარი მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.
გოლები: სტერლინგი 6′, შკრტელი 26′.
გაფრთხილებები: სუარესი 5′ — ხავი გარსია 21′, ფერნანდინიო 45+1′, ზაბალეტა 77′.
გაძევება: ჰენდერსონი 90+3′.
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი.

ბექა დოგრაშვილი

„მანჩესტერი“ და „ბაიერნი“ წყვილის პირველ მატჩში დაზავდნენ

გაიხსნა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეოთხედფინალური ეტაპი. „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მიუნხენის „ბაიერნი“ მიიღო. მატჩის პირველი ნახევარი გერმანელთა დიდი უპირატესობით წარიმართა. პირველი 45 წუთის შემდეგ ბურთის ფლობის პროცენტული შეფარდება სტუმართა სასარგებლოდ 27% – 73% -ზე იყო, ბავარიელებს ჰქონდათ ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა, თუმცა შეხვედრის პირველ ნახევარში ყველაზე რეალური მომენტი ინგლისელებს მიეცათ, როდესაც დანი უელბეკი მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა. ინგლისელმა თავდამსხმელმა ეფექტურად თამაში მოინდომა და მანუელ ნოიერს ბურთის თავზე გადაგდება დაუპირა, თუმცა ეს უყაირათოდ გააკეთა და გერმანელმა კიპერმაც ადვილად მოახერხა სიტუაციის განმუხტვა. მანამდე იყო არიენ რობენის სახიფათო დარტყმული, რომელიც დავიდ დე ხეამ ლამაზ ნახტომში მოიგერია. კიდევ ერთი საიტერესო ეპიზოდი „წითელი ეშმაკების“ საჯარიმო მოედანზე შეიქმნა, როდესაც მასპინძელთა ჰოლანდიელ მცველ ალექსანდერ ბიუტნერს ბურთი ხელზე მოხვდა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა კარლოს ველასკო კარბალიომ ამ მომენტში პენალტი არ დანიშნა. ასე თუ ისე, ტაიმი უგოლოდ მიიწურა, თუმცა ბავარიელთა უპირატესობა აშკარა იყო და დევიდ მოიესსაც სიტუაციის გამოსასწორებლად რაიმე უნდა შეეცვალა.

მეორე ტაიმის სტარტზე ვეტერანი რაიან გიგზის ნაცვლად მოედანზე გაცილებით ენერგიული სინძი კაგავა შემოვიდა, რომელმაც მასპინძელთა მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. ინგლისელებმა მოედნის შუა ხაზში თამაში გამოასწორეს და ხელთ ინიციატივაც იგდეს. შედეგად, 58-ე წუთზე მათ ერთ-ერთ შეტევას კუთხური, კუთხურს კი გოლი მოჰყვა, რომელიც „ბაიერნის“ საჯარიმო მოედანზე უყურადღებოდ მყოფმა ნემანია ვიდიჩმა თავური დარტყმით გაიტანა. გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები კვლავ გააქტიურდნენ და ანგარიშიც მალევე გაათანაბრეს. 66-ე წუთზე შეტევა არიენ რობენმა წამოიწყო, რომელმაც მარჯვენა ფრთაზე რაფინია მოძებნა, ამ უკანასკნელმა ერთი შეხებით ჩააწოდა საჯარიმოში, სადაც შეცვლაზე შემოსულმა მარიო მანჯუკიჩმა თავით ბურთი ბასტიან შვაინშტაიგერს დაუგდო და გერმანელმაც ახლო მანძილიდან დე ხეას აუღებელი დაურტყა — 1:1.

ეს ანგარიში სრულიადაც არ აკმაყოფილებდათ მასპინძლებს. მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე მოიესმა გარისკა და ბიუტნერის ნაცვლად ეშლი იანგი შეუშვა მოედანზე, მოგვიანებით უელბეკის მაგივრად ხავიერ ერნანდესი გამოვიდა. ამ უკანასკნელმა გუნდისთვის სახეირო ის გააკეთა, რომ ხავი მარტინესს თამაშის წესი დაარღვევინა, რითვისაც ბასკმა ნახევარმცველმა ყვითელი ბარათი მიიღო და განმეორებით მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ უკვე შვაინშტაიგერი ეუხეშა უეინ რუნის, რის გამოც გერმანელმა ფეხბურთელმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. შესაბამისად, მომდევნო შეხვედრას ისიც გამოტოვებს. ორი ცენტრალური ნახევარმცველის გამოკლებით ხოსეპ გვარდიოლას სერიოზული თავის ტკივილი გაუჩნდა და საინტერესოა, როგორ გაართმევს ამ პრობლემას თავს „ბაიერნი“.

საბოლოო ჯამში, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ყველაფერი „ალიანს არენაზე“, 9 აპრილს გასამართ შეხვედრაში გადაწყდება.

 

უეფას ჩემპიონთა ლიგა
მეოთხედფინალი (პირველი მატჩი)
„მანჩესტერ იუნაიტედი“ — „ბაიერნი“ 1:1 (0:0)

„მანჩესტერ იუნაიტედი“: დე ხეა, ფერდინანდი, ვიდიჩი, ბიუტნერი (იანგი 74′), ჯონსი, კერიკი, ვალენსია, გიგზი (კაგავა 46′), ფელაინი, რუნი, უელბეკი (ერნანდესი 85′).
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი.
„ბაიერნი“: ნოიერი, ლამი, რაფინია, ბოატენგი, ალბა, რობენი, შვაინშტაიგერი, რიბერი, ხავი მარტინესი, კროოსი (გიოტცე 74′), მიულერი (მანჯუკიჩი 63′).
მთავარი მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა.
გოლები: ვიდიჩი 58′ — შვაინშტაიგერი 66′.
გაფრთხილებები: ვალენსია 15′ — შვაინშტაიგერი 61′, მანჯუკიჩი 82′, ხავი მარტინესი 89′.
გაძევება:  შვაინშტაიგერი 90′.
მთავარი მსაჯი: კარლოს ველაკო კარბალიო (ესპანეთი).

ბექა დოგრაშვილი

ინგლისის პრემიერლიგის თებერვლის საუკეთესო გოლები

გთავაზობთ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების თებერვლის თვის ყველაზე ლამაზი გოლების ამსახველ ვიდეოს.

ზეედორფი: „იუვენტუსის“ შეჩერება მხოლოდ ტანკს შეუძლია“

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურის ცენტრალური მატჩი „ჯუზეპე მეაცაზე“ გაიმართა, სადაც „მილანმა“ გათამაშების ლიდერი „იუვენტუსი“ მიიღო. შეხვედრა ტურინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა კლარენს ზეედორფმა აღნიშნა, რომ „იუვენტუსის“ შეჩერება მხოლოდ ტანკს შეუძლია.

„ანგარიშის მიუხედავად, ჩემი გუნდის კარგ თამაშის აღვნიშნავდი. ვიცოდით, რომ ძლიერი მეტოქე გვყავდა, თუმცა ჩვენს ტემპში ვითამაშეთ და მოწინააღმდეგის ბევრი ძლიერი მხარე გავანეიტრალეთ. „იუვენტუსმა“ მეორე ტაიმის დიდი ნაწილი დაცვაში გაატარა. ჩემი გუნდის ფეხბურთელებს დავეხმარე, რომ საკუთარ თავში გამბედაობა ეპოვათ. მატჩამდე მე მათ ვუთხარი, რომ ეს კიდევ ერთი შანსი იქნებოდა, რათა დაგვემტკიცებინა, რომ სწორ გზას ვადგავართ და „იუვენტუსის“, „ატლეტიკოსა“ და „სამპდორიას“ წინააღმდეგ კარგად თამაში შეგვიძლია. ეს ჩვენ თავდაჯერებას შეგვმატებს.

ვის შეუძლია „იუვენტუსის“ შეჩერება? ტანკს! გუნდი, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში ასეთ შედეგებს აჩვენებს, კომპლიმენტებს იმსახურებს. კარლოს ტევესმა ანგარიშში სხვაობა ორბურთიანი გახადა, თუმც მას მხოლოდ ორი მომენტი ჰქონდა. მან აჩვენა, რომ მსოფლიო დონის თავდამსხმელია“, – განაცხადა მატჩის შემდეგ ზეედორფმა.

ბექა დოგრაშვილი

„იუვენტუსმა“ სტუმრად „მილანი“ დაამარცხა

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურის ცენტრალური მატჩი „ჯუზეპე მეაცაზე“ გაიმართა, სადაც „მილანმა“ გათამაშების ლიდერი „იუვენტუსი“ მიიღო. შეხვედრა ტურინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

ანგარიში 44-ე წუთზე ფერნანდო ლორენტემ გახსნა. 68-ე წუთზე ლამაზი გოლით თავი კარლოს ტევესმა გამოიჩინა.

„იუვენტუსმა“ 69 ქულა დააგროვა და იტალიის ჩემპიონატში ლიდერობა განიმტკიცა. „მილანი“ 35 ქულით მეათე ადგილზეა.

იტალიის სერია A
26-ე ტური
„მილანი“ — „იუვენტუსი“ 0:2 (0:1)
გოლები: ლორენტე 44′, ტევესი 68′.
გაფრთხილებები: ბონერა 83′ — მარკიზიო 58′, პირლო 64′.

რობენი: „პენალტი იყო, მაგრამ მეკარის გაძევება საკამათო საკითხია“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა არიენ რობენმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, ლონდონის „არსენალის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:0), მეტოქის კარის მიმართულებით დანიშნული პენალტის შესახებ ისაუბრა..

„მეტოქე გუნდის მეკარის მისამართით წითელი ბარათის ჩვენება მატჩის გადამწყვეტი მოვლენა იყო. ტონი კროოსმა მშვენიერი გადაცემა გამიკეთა, მეკარეს ვაჯობე და ბურთს დავეუფლე, რის შემდეგაც მან მე წამაქცია.

პენალტი ნამდვილად დასანიშნი იყო, მაგრამ რამდენად იმსახურებდა შჩესნი წითელ ბარათს, ეს საკამათო საკითხია“, – აღნიშნა რობენმა.

ბავარიელთა ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ საწყის წუთებში „არსენალი“ უკეთ თამაშობდა.

„საწყის წუთებში „არსენალი“ ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა და პირველ 15 წუთში სახიფათოდ გვიტევდნენ. საბედნიეროდ, მანუელ ნოიერმა პენალტი მოიგერია. ამის შემდეგ თამაში გავაუმჯობესეთ.

მეოთხედფინალის საგზური ჯერ არ გაგვინაღდებია. „არსენალს“ დიდ პატივს ვცემთ, დიდებული გუნდია. მათ საწყის 15 წუთში გვიჩვენეს, თუ რა შეუძლიათ“, – რობენის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნსა“ და „არსენალს“ შორის განმეორებითი მატჩი მიუნხენში, 11 მარტს შედგება.

ბექა დოგრაშვილი

„ბაიერნმა“ სტუმრად ათკაციანი „არსენალი“ წააქცია

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ სტადიაზე სტუმართა დომინაცია გრძელდება. მეორე დღესაც ორივე სტუმარმა გუნდმა მოიპოვა გამარჯვება, თანაც ისე, რომ კარი მშრალად შეინახეს. „ემირეითსზე“ ლონდონის „არსენალმა“ მიუნხენის „ბაიერნი“ მიიღო. წყვილში ფავორიტად გერმანული გუნდი სახელდება და ეს რომ ასეა, პირველივე შეხვედრაში დამტკიცდა.

მატჩი ორივე გუნდმა საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო და გოლის გატანის შანსიც მიეცათ, თუმცა ჯერ ტონი კროოსის შორეულ დარტყმულს გაუმკლავდა ვოიცეხ შჩესნი, შემდეგ კი მანუელ ნოიერმა აუღო იაია სანოგოს. მალევე „ბაიერნის“ კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა. საჯარიმო მოედანზე ჟერომ ბოატენგმა მესუთ იოზილი წააქცია. პენალტის შესრულება თავად დაზარალებულმა ითავა. იოზილმა ისე ცუდად დაარტყა, რომ უკვე გადამხტარმა ნოიერმა მაინც მოახერხა ბურთის მოგერიება. ასე გაანიავეს „მეთოფეებმა“ დაწინაურების კარგი შანსი. შეხვედრის პირველი ნახევრის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე თერთმეტმეტრიანი დარტყმა უკვე მასპინძელთა კარის მიმართულებით დაინიშნა. მეკარესთან ერთი ერთზე გაჭრილი არიენ რობენი შჩესნიმ წააქცია, რის გამოც პოლონელი კიპერი წითელი ბარათით დაისაჯა. შჩესნიმ მოედნის დატოვებამდე უცენზურო ჟესტი აჩვენა, რის გამოც, არ არის გამორიცხული, უეფამ ის კიდევ უფრო მკაცრად დასაჯოს. პენალტის ნიშნულთან დავიდ ალაბა მივიდა. მოედანზე ახლადშემოსულმა მეკარე ლუკაშ ფაბიანსკიმ კუთხე ვერ გამოიცნო, თუმცა ბავარიელთა მცველმა ბურთი კარს ააცილა. მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ მიილია, თუმცა ვიხილეთ ორი გაფუჭებული პენალტი და წითელი ბარათი.

შეხვედრის მეორე ნახევარში სრულ უპრატესობას რიცხობრივ უმრავლესობაში დარჩენილი „ბაიერნი“ დაეუფლა. მასპინძლებს უფრო და უფრო უჭირდათ გერმანელთა შემოტევის გაძლება. შედეგად, მატჩის 54-ე წუთზე კროოსმა ლამაზი მოჭრილი დარტყმით ანგარიში გახსნა. არც გატანილი გოლის შემდეგ დათმო სათამაშო უპირატესობა „ბაიერნმა“, „არსენალს“ კი ძირითადად გაძლებაზე თამაში უწევდა, თუმცა ლონდონელებმა მეორე ბურთიც მიიღეს: 88-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა თომას მიულერმა თავური დარტყმით მეორედ შეარხია ფაბიანსკის კარის ბადე და შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა – 0:2.

განმეორებითი მატჩი მიუნხენში, 11 მარტს შედგება.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (პირველი მატჩი)
„არსენალი“ – „ბაიერნი“ 0:2 (0:0)

„არსენალი“: შჩესნი მერტეზაკერი, სანია, გიბსი (ნაჩო მონრეალი 31′), კოსელნი, იოზილი, ფლამინი, კასორლა (ფაბიანსკი 39′), უილშირი, სანოგო, ოქსლეიდ ჩემბერლენი (როსიცკი 74′).
მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი.
„ბაიერნი“: ნოიერი, ლამი, ბოატენგი (რაფინია 46′), ალაბა, დანტე, რობენი, ხავი მარტინესი, კროოსი, ტიაგო ალკანტარა (პიზარო 79′), გიოტცე, მანჯუკიჩი (მიულერი 64′).
მთავარი მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა.
გოლები: კროოსი, 54′, მიულერი 88′.
გაფრთხილებები: სანოგო 55′, როსიცკი 86′ – ბოატენგი 8′, მანჯუკიჩი 45+2′.
გაძევება: შჩესნი 37′.
გამოუყენებელი პენალტები: იოზილი 8′ (მეკარე) – ალაბა 40′ (ააცილა).
მთავარი მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).

ბექა დოგრაშვილი

რონალდინიოს საუკეთესო გოლები

გთავაზობთ 1999-2013 წლების სეზონში რონალდინიოს მიერ გატანილი საუკეთესო გოლების ამსახველ ვიდეომასალას.