“რომას” ლაზარეთი წამყვანი მოთამაშეებით შეივსო

“რომას” უახლოეს მატჩებში წამყვანი მოთამაშეები დააკლდება.

გუნდის კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ ბარძაყის ტრავმა მიიღო. ვეტერანმა ფეხბურთელმა, რომელსაც დღეს 39 წელი შეუსრულდა, იტალიის სერია A-ს VI ტურში “კარპის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (5:1) მოედანზე მხოლოდ 9 წუთი დაჰყო. ტოტიმ დაზიანება სწორედ იმ არეში მიიღო, რომელზეც ორი წლის წინათ მიღებული ტრავმის შედეგად იარა აქვს. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ იტალიელ ფეხბურთელს ლაზარეთში ყოფნა ორი თვით მოუწევდა, თუმცა დაზიანება ამდენად სერიოზული არ გამოდგა.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც “რომას” უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება, ედინ ჯეკო გახლავთ. ბოსნიელმა თავდამსხმელმა მარჯვენა მუხლის მყესი დაიშავა.

გუშინდელ მატჩში ტრავმა მიიღო გუნდის ნახევარმცველმა სეიდუ კეიტამაც, რომელმაც მოედანი შეხვედრის 21-ე წუთზე დატოვა. მალელ ფეხბურთელს ბარძაყის პრობლემა აქვს და ორი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

 

ლიუკ შოუ ერთი თვით ლაზარეთში

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეულმა ლიუკ შოუმ მუხლქვედა მყესი დაიშავა, რის გამოც ერთი თვით ლაზარეთში ყოფნა მოუწევს. 19 წლის ფეხბურთელი მოედანზე გასვლას დაახლოებით 4 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრების მცველი “მანჩესტერ იუნაიტედში” “საუთჰემპტონიდან” 27 ივნისს გადავიდა. შოუ სწორედ “საუთჰემპტონის” აღზრდილი გახლავთ, ძირითად გუნდში კი 2012 წლიდან გამოდის. “წითელმა ეშმაკებმა” ახალგაზრდა მცველის სანაცვლოდ 27 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღეს. ფეხბურთელი ინგლისის ეროვნული ნაკრების სამუნდიალე განაცხადშიც იყო შეყვანილი და ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა.

აქვე გაცნობებთ, რომ ლიუკ შოუ “მანჩესტერ იუნაიტედში” 3-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელიც მანამდე პატრის ევრას ემოსა. როგორც მოგეხსენებათ, ფრანგი მარცხენაფლანგელი ტურინის “იუვენტუსში” გადავიდა.

 

მარკო როისი სამ თვეს გამოტოვებს

დორტმუნდის „ბორუსიას“ და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველ მარკო როისს მინიმუმ სამი თვე გაუცდება.

სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩის მიმდინარეობისას გერმანელმა ფეხბურთელმა მარცხენა ტერფის მყესები გაიგლიჯა. მიღებული ტრავმა გაცილებით სერიოზული აღმოჩდა, ვიდრე ამას ექიმები ვარაუდობდნენ.

მარკო როისს არამხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატის, არამედ გერმანიის ბუნდესლიგის დამდეგი სეზონის სასტარტო ტურების გამოტოვებაც მოუწევს.

ბექა დოგრაშვილი

ელ შაარავი ათ კვირას გამოტოვებს

„მილანისა“ და იტალიის ნაკრების თავდამსხმელმა სტეფან ელ შაარავიმ დღეს მარჯვენა ფეხის ოპერაცია გაიკეთა. უცხოური პრესის ცნობით, ფეხბურთელის აღდგენით პროცესს ათი კვირა დასჭირდება.

ამრიგად, 21 წლის ფეხბურთელი მოედანზე გასვლას 2014 წლის მარტის შუა რიცხვებამდე ვერ შეძლებს. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა თავდამსხმელმა რამდენიმე თვე ძვლის მოტეხილობის გამო უკვე გამოტოვა.

მიმდინარე სეზონში ელ შაარავიმ იტალიის სერია A-ს მხოლოდ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ბექა დოგრაშვილი

ოთხი კვირა ჯერარდის გარეშე?

„ლივერპულის“ ნახევარმცველი სტივენ ჯერარდი, სავარაუდოდ, ინგლისის პრემიერლიგის საშობაო პერიოდის მატჩებს გამოტოვებს.

ბრიტანული ინტერნეტ-გამოცემა „ტელეგრაფის“ ცნობით, მერსისაიდული გუნდის კაპიტანმა კვირას სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა, რის შედეგადაც გამოჩნდა, რომ 33 წლის ფეხბურთელს მუხლქვედა მყესის ტრავმა აქვს.

აღნიშნული დაზიანების გამო შესაძლოა, ჯერარდმა ოთხი კვირა იუქმოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ინგლისელი ნახევარმცველი „ტოტენჰემ ჰოთსპირთან“, „კარდიფთან“, „მანჩესტერ სიტისთან“ და ლონდონის „ჩელსისთან“ გასამართ მატჩებს გამოტოვებს.

ბექა დოგრაშვილი

ნეიმარმა ტრავმა მიიღო

ბრაზილიის ნაკრებისა და „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ნეიმარმა „სელესაოს“ უკანასკნელ ვარჯიშზე ბარძაყის ტრავმა მიიღო. ვარჯიშზე დაშავებული ფეხბურთელი ჰალკმა შეცვალა.

ნეიმარი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ტრავმის სიმძიმე დადგინდება.

შესაძლოა, ახალგაზრდა ბრაზილიელ ფეხბურთელს სამხრეთ კორეის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩის გამოტოვება მოუხდეს. შეხვედრა 12 ოქტომბერს შედგება. 15 ოქტომბერს კი ბრაზილიელები ზამბიელებს დაუპირისპირდებიან.

ბექა დოგრაშვილი

კოუტინიო – ოქტომბრის ბოლომდე ლაზარეთში

ინგლისური „ლივერპულის“ ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო გუნდს ოქტომბრის ბოლომდე ვერ დაეხმარება. მერსისაიდული კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მხარი დაიზიანა. კოუტინიომ ტრავმა „სუონსი სიტის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო.

მანამდე „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა იმედი გამოთქვა, რომ 21 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი შემდეგი კვირის ბოლოს გამოჯანრმრთელდებოდა, თუმცა რეალობა გაცილებით მძიმეა. მიმდინარე სეზონში კოუტინიომ მერსისაიდული გუნდის რიგებში ხუთი მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

ბექა დოგრაშვილი

კაკა „მილანისგან“ ხელფასის მიღებაზე უარს ამბობს

როგორც გუშინ გაუწყეთ, „მილანის“ ნახევარმცველი რიკარდო კაკა იმის საშიშროების წინაშეა, რომ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვერ ითამაშოს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა „ტორინოს“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:2) კუნთის ტრავმა მიიღო. დღეს კაკამ სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, თუ რამდენად სერიოზულია დაზიანება.

„როსონერის“ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გულშემატკივრებს განცხადებით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ ლაზარეთში ყოფნის პერიოდში კაკა კლუბისგან ჯამაგირს არ მიიღებს.

„გუშინ ცუდი რამ შემემთხვა. არ ველოდი, რომ ყველაფერი ასე მოხდებოდა. ძალიან მიჭირს ამასთან შეგუება. ადრიანო გალიანისთან და ექიმებთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა და გადავწყივიტე, რომ სანამ არ გამოვჯანმრთელდები, „მილანისგან“ სიყვარულისა და მხარდაჭერის გარდა არაფერს მივიღებ. სწორედ ამიტომ ვამბობ უარს ხელფასზე, რომელიც ამ უქმობის დროს უნდა მიმეღო. ერთადერთი რამ, რაც მე მჭიდება თქვენი მხარდაჭერაა, რათა მალე დავბრუნდე“, – ნათქვამია კაკას განცხადებაში.

ბექა დოგრაშვილი

კაკა ერთი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს

„მილანის“ ახალწვეული რიკარდო კაკა დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ეს ინფორმაცია თავის მიკრობლოგზე ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ტანკრედი პალმერიმ გამოაქვეყნა. საუბარია კუნთებთან დაკავშირებულ ტრავმაზე, რომელიც კაკამ „ტორინოს“ წინააღმდეგ გამართულ სადებიუტო მატჩში (2:2) მიიღო. კაკას დაზიანებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გამოქვეყნებულა.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „მილანი“ პირველ მატჩს გამართავს. „როსონერი“ გლაზგოს „სელტიკს“ უმასპინძლებს.