დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურის მატჩები გაიმართება. დორტმუნდის „ბორუსია“ „ნაპოლის“ მიიღებს. გერმანელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ „ნაპოლი“ „პარმასთან“ დამარცხების მიუხედავად, კრიზისში არ არის და მის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე „დორტმუნდი“ სრულ კონცენტრაციას ახდენს.
„ზედიზედ სამი მატჩი წავაგეთ, თუმცა ამ შეხვედრებს შორის ჩვენი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელმა სანაკრებო გამარჯვებას მიაღწია, რამაც მათ დამატებითი იმპულსი უნდა შესძინოს. მაქვს შეგრძნება, რომ აუცილებლად მოსაპოვებელი ქულები დავკარგეთ. ეს ყველაფერი „ნაპოლის“ მხოლოდ იმ შემთხვევაში წაადგება, თუ მათ წინააღმდეგაც ცუდად ვითამაშებთ. სრულად ორიენტირებულნი ვართ ნეაპოლელებთან გასამართ მატჩზე.
„ნაპოლი“ „პარმასთან“ დამარცხდა, თუმცა არა მგონია, ვინმე მათ კრიზისზე ლაპარაკობდეს. შეგიძლიათ, ჩვენს შეხვედრას კრიზისულ გუნდთა მატჩი დაარქვათ, თუმცა მოედანზე ამას ვერავინ დაინახავს“, – აღნიშნა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ნეაპოლელებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს. მატჩი „ბორუსიასა“ და „ნაპოლის“ შორის ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება.
ბექა დოგრაშვილი