ბუფონი: „კასილასით აღფრთოვანებული ვარ“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ტურინის „იუვენტუსი“ მადრიდის „რეალს“ ეწვევა. იტალიური კლუბის კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ მეტოქის ფინანსური მდგომარეობა დამდეგი მატჩის განმსაზღვრელი ფაქტორი არ იქნება. გარდა ამისა, ბუფონმა იკერ კასილასის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„დიდი ბიუჯეტი მოგების გარანტიას არ იძლევა. სასურველი შედეგის მისაღწევად მოთმინება და ბევრი მუშაობაა საჭირო. რა თქმა უნდა, ფინანსური ფაქტორი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი.

უჩვეულოა ისეთი ფეხბურთელის სათადარიგოთა სკამზე ხილვა, როგორიც კასილასია. არ ვიცი, რა ხდება „რეალში“. იკერით აღფრთოვანებული ვარ და ვთვლი, რომ ის მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ დიეგო ლოპესიც მშვენიერი კიპერია“, – ციტირებს ჯიჯი ბუფონის სიტყვებს Football Italia.

ორი ტურის შემდეგ ტურინელებს 2 ქულით ჯგუფის მეორე პოზიცია აქვთ დაკავებული, „რეალი“ კი 6 ქულით პირველ ადგილზეა.

მატჩი „რეალსა“ და „იუვენტუსს“ შორის ოთხშაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

მონტელა „იუვენტუსის“ დამარცხებას აპირებს

„ფიორენტინას“ მთავარი მწვრთვნელი ვინჩენცო მონტელა აღიარებს, რომ ტურინის „იუვენტუსთან“ ჩასატარებელი მატჩი მისი გუნდის ფეხბურთელებისთვის პრობლემას წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ „ბიანკონერის“ „იები“ მიმდინარე კვირის ბოლოს შეხვდებიან.

„მესმის, რომ წინ უმნიშვნელოვანესი თამაში გველის. არამხოლოდ სატურნირო ცხრილის, არამედ კლუბებს შორის არსებული ურთიერთობების შესახებაც არ უნდა გვავიწყდებოდეს. „იუვესთან“ შარშანდელზე უკეთესად უნდა ვითამაშოთ, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს, ცუდად არ გვითამაშია. ჩვენი მთავარი მიზანი – გულშემატკივართა გახარებაა. ამის გაკეთება ადვილი არ იქნება, თუმცა მოედანზე მოსაგებად გავალთ“, – განაცხადა მონტელამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ტევესს „რეალის“ არ ეშინია

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა განაცხადა, რომ მის გუნდს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში მადრიდის „რეალთან“ ჩასატარებელი მატჩების არ ეშინია.

„რეალი“ უმაღლესი დონის გუნდია, რომელსაც ყველაფრის მიუხედავად, პატივი მაინც უნდა ვცეთ. გვეშინია თუ არა „ბლანკოსის“? ფეხბურთში შიში არ არსებობს. ვფიქრობ, პლეი-ოფში გასასვლელად, დარჩენილი შეხვედრებიდან მინიმუმ ორი უნდა მოვიგოთ“, – განაცხადა არგენტინელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მარკიზიოს ნაკრებში თამაში მოენატრა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო იტალიის ეროვნული ნაკრების რიგებში დაბრუნებით კმაყოფილია.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის შუახაზელი მიღებული ტრავმის შემდეგ, ერთ თვეზე მეტს მკურნალობდა, რის გამოც წინა სანაკრებო პაუზის დროსაც ვერ ითამაშა.
„ნაკრები ნამდვილად მომენატრა. ახლა ვმკურნალობ და აძურის ფორმის ჩასაცმელად კვლავ ვარ მზად. ჩვენ მეგობრული კოლექტივი გვყავს, რომელმაც ბოლო სამ წელიწადში ბევრი რამ გააკეთა. მადლობა ჩეზარე პრანდელის უნდა გადავუხადოთ, რომლის წყალობითაც ასეთ მაღალ დონეზე ავედით“,- აცხადებს მარკიზიო.
„ხვალ, ჩვენი მიზანი მხოლოდ მოგება იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე გასულები ვართ, კარგი თამაშის ჩვენება გვსურს“, – დაასრულა „ბიანკონერის“ მოთამაშემ.
ცნობისთვის, „სკუადრა-აძურას“ 2014 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე 8 ჩატარებული შეხვედრაში 20 ქულა აქვს მოპოვებული. ციკლის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ჩეზარე პრანდელი გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა.
ალექსანდრე მატევოსოვი

ბუფონი: „ტოტი ნებისმიერ გუნდს გამოადგება“

იტალიის ნაკრების მეკარის ჯანლუიჯი ბუფონის აზრით, ასაკის მიუხედავად, „რომას“ კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი ნებისმიერ გუნდს ახლაც გამოადგება.

„ასეთ ფორმაში მყოფი ტოტი ნებისმიერ გუნდს სჭირდება. ფრანჩესკო უბრალოდ უკვდავია. იგი – ნამდვილი ჩემპიონია“, – თვლის ბუფონი.

გარდა ამისა, ბუფონმა 2014 წლის მსოფლიო ჩემოპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დარჩენილ შეხვედრებზეც ისაუბრა.

„სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად, მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლი კარგად უნდა დავასრულოთ, რადგან ნაკრებში უიღბლოდ ჩატარებული შეხვედრები ფეხბურთელთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე არც ისე კარგად აისახება“, – დაასრულა ჯიჯიმ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლიხშტაინერმა ტრავმა მიიღო

უახლოეს მატჩებში შვეიცარიის ნაკრებს მისი ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ვერ დაეხმარება.
Football Italia-ს ცნობით, შტეფან ლიხშტაინერს კუნთების პრობლემები აქვს, რომელთა გამოც იგი ალბანეთთან და სლოვენიასთან ჩასატარებელ თამაშებს გამოტოვებს.
„იუვენტუსის“ ფეხბურთელის ტრავმის სიმძიმის თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ლიხშტაინერი ტურინში გაფრინდა, სადაც სამედინო შემოწმებას გაივლის და მკურნალობას დაიწყებს. წინასწარი ვარაუდით, 29 წლის მოთამაშე თამაშს მალე დაუბრუნდება.
ალექსანდრე მატევოსოვი

პირლო „ტოტენჰემში“ გადავა?

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგაშიც მოასწროს თამაში.

Sky Italia-ს ექსპერტის ჯანლუკა ვიალის თქმით, გამოცდილი ნახევარმცველი „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობას გაესაუბრა და გამორიცხული არ არის, მომავალი წლის ზაფხულს ანდრეა ლონდონში გადაბარგდეს.

„ჩემ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პირლო და „ტოტენჰემის“ მენეჯერები კონტრაქტის გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ“, – განაცხადა ვიალიმ.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის ფეხბურთელს ტურინულ კლუთან კონტრაქტი სწორედ 2014 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

„იუვენტუსმა“ „მილანი“ დაამარცხა, პირლომ ყოფილ გუნდს გაუტანა

იტალიის სერია А-ს მეშვიდე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა ტურინში შედგა, სადაც „იუვენტუსმა“ „მილანი“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

„როსონერი“ სალი მუნტარის ზუსტი დარტყმის წყალობით მატჩის პირველივე წუთზე დაწინაურდა. იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა ანგარიში მე-15 წუთზე გაათანაბრა, როდესაც ანდრეა პირლომ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა. მასპინძლებმა დანარჩენი ორი გოლი შეხვედრის მეორე ტაიმში გაიტანეს: 69-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა სებასტიან ჯოვინკომ გამოიჩინა თავი, ექვსი წუთის შემდეგ კი ჯოჯრო კიელინიმ შეარხია კრისტიან აბიატის კარის ბადე. აღსანიშნავია, რომ ამ გოლში პირლომაც შეიტანა თავისი წვლილი, რადგან მის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა, კიელინიმ კი დამატებაზე ითამაშა. 74-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა მოედნიდან მილანელთა მცველი ფილიპ მექსესი გააძევა, თუმცა დარჩენილ დროში სტუმრებმა ერთი ბურთის გაქვითვა მაინც შეძლეს: 90-ე წუთზე მუნტარიმ დუბლი გაიფორმა და მატჩის საბოლოო წერტილიც დასვა – 3:2.

ამ გამარჯვების შემდეგ „იუვენტუსმა“ 19 ქულა დააგროვა და „ნაპოლის“ დაეწია, რომელიც მეორე ადგილს იკავებს. „მილანს“ რვა ქულით სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიცია აქვს დაკავებული.

სერია А
მეშვიდე ტური
„იუვენტუსი“-„მილანი“ 3:2 (1:1)

გოლები: პირლო 15′, ჯოვინკო 69′, კიელინი 75′ – მუნტარი 1′, 90′.
გაფრთხილებები: ბონუჩი 23′ – დე იონგი 14′, კონსტანტი 17′, მექსესი 69′, მუნტარი 90+2′.
გაძევება: მექსესი 74′.

ტევესი: „იტალიური ფეხბურთი სხვანაირი მეგონა“

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა განაცხადა, რომ იტალიური ფეხბურთის დონით იგი გაოცებულია.

„ადრე მეგონა, რომ იტალიურ ფეხბურთში არავინ დარბის და შესაბამისად, თამაშის ტემპიც ძალიან დაბალია. ახლა კი მესმის, რომ ვცდებოდი. იმ ქვეყნებს შორის, რომლებშიც ვითამაშე, იტალია ფეხბურთის მხვრივ ყველაზე რთული აღმოჩნდა. აქ კონცენტრაცია უმცირეს დეტალებზეც კი უნდა მოახდინო. გარდა ამისა, ფიზიკურ და ტაქტიკურ მომზადებაზე ბევრს ვმუშაობთ“, – განაცხადა სამხრეთ ამერიკელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბუფონი: „იმედია, პირლო „იუვენტუსში“ დარჩება“

ტურინის „იუვენტუსის“ გოლკიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა თავის გუნდში ანდრეა პირლოს დარჩენის სურვილი გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ „ბებერ ქალბატონთან“ 34 წლის პირლოს კონტრაქტი შემდეგი წლის ივნისში იწურება, მისი გახანგძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს კი მხარეები ჯერ კიდევ არ აწარმოებენ.

„კლუბის ხელმძღვანელობას პირლოს გაშვების უფლება არ აქვს. თუ ანდრეა წავა, შესაძლოა, ჩვენმა გუნდმა სასურველი შედეგების მიღწევა ვერ მოახერხოს. იმედი მაქვს, რომ ეს დიდებული ფეხბურთელი ჩვენთან დარჩება“, – განაცხადა „ბიანკონერის“ კაპიტანმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მაროტა: „პირლოსთან ახალ კონტრაქტს თებერვლის ან მარტის თვეში გავაფორმებთ“

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ განაცხადა, რომ ამჟამად კლუბის ხელმძღვანელობა ანდრეა პირლოსთან კონტრაქტის გახანგძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.

ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის დასრულებამდე მოქმედებს.

,,პირლოს კონტრაქტი? ამის გამო არ ვნერვიულობთ, რადგან მოლაპარაკებების წარმოება უკვე დავიწყეთ. ამის მიუხედავად, აღნიშნულ საკითხს თებერვლის ან მარტის თვეში დავუბრუნდებით“, – განაცხადა მაროტამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

კონტე: ”იუვენტუსი” ტევესზე დამოკიდებული არ არის”

ტურინის ,,იუვენტუსის” მთავარმა მწვრთვნელმა ანტონიო კონტემ კარლოს ტევესზე საუბრისას აღნიშნა, რომ არგენტინელი მისი გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, თუმცა, ამავე დროს, შეუცვლელი იგი არ არის.

,,ტევესი თავის სამუშაოს ჩინებულად ასრულებს, თუმცა, არ ღირს იმის დავიწყება, რომ ბოლო ორი სეზონის განმალობაში ჩვენ სკუდეტო მოვიგეთ. რა თქმა უნდა კარლოსმა ჩვენი თამაში გააუმჯობესა. იგი ნამდვილი ჩემპიონია და ძალიან კარგია, როცა გუნდში ასეთი დონის ფეხბურთელი გყავს. რაც არ უნდა თქვან, ,,იუვე” ერთ ფეხბურთელზე არ არის დამოკიდებული”, – განაცხადა კონტემ.

ალექსანდრე მატევოსოვი