„იუვენტუსმა“ პირლოს საქციელის შემდეგ გუნდში ახალი წესი შემოიღო

მოგეხსენებათ, იტალიის სერია A-ს მეოთხე ტურში ტურინის „იუვენტუსსა“ და „ვერონას“ შორის გამართული მატჩის (2:1) მიმდინარეობისას „ხნიერი ქალბატონის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გუნდის ნახევარმცველი ანდრეა პირლო შეცვალა. 34 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა სათადარიგოთა სკამზე დაჯდომა არ ისურვა და მოედნიდან პირდაპირ გასახდელში ჩავიდა. პირლოს ამ ქმედების შემდეგ, გუნდში ახალი წესი დამკვიდრდა.

„პირლოს საქციელის განხილვას საჭიროდ არ ვთვლი. აქამდე ასეთი პრეცენდენტი არ გვქონია. ამიერიდან ახალი წესი გვაქვს, რომელიც ჩვენი გუნდის თითოეულ მოთამაშეზე გავრცელდება: მატჩის დროს შეცვლილ ფეხბურთელს პირდაპირ გასახდელში შესვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ ის ფეხს მოიტეხს, ანდაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდება. ყველა სხვა შემთხვევაში, შეცვლილი მოთამაშე მატჩის საფინალო სასტვენამდე სათადარიგოთა სკამზე უნდა იჯდეს“, – განაცხადა კონტემ.

აღნიშნული წესის დარღვევა ფულად ჯარიმასა და ერთი თვის განმავლობაში უთამაშებლობას ითვალისწინებს.

ბექა დოგრაშვილი

იტალიური დერბი ფრედ დასრულდა

იტალიის სერია A-ს მესამე  ტურის ცენტრალური მატჩი მილანში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „ინტერმა“ ტურინის „იუვენტუსი“ მიიღო. შეხვედრა არცთუ ისე მაღალ ტემპში დაიწყო, გუნდები განსაკუთრებულ აქცენტს დაცვაში სწორ თამაშზე აკეთებდნენ.  პირველი სახიფათო ეპიზოდი მატჩის მე-13 წუთზე შეიქმნა. მილანელ ფეხბურთელთა მიერ კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ ტურინელებმა საკუთარი საჯარიმო მოედნიდან ბურთი ხეირიანად ვერ გამოიტანეს და იუტო ნაგატომოს ეფექტურად დარტყმის შესაძლებლობა მიეცა, ჯანლუიჯი ბუფონმა დარტყმულზე რეაგირება მოასწრო და ბურთი მოიგერია.

გუნდები დაცვაში განსაკუთრებული სიფრთხილით მოქმედებდნენ. ერთმანეთის მიმართ მჭიდროდ თამაშობდნენ და თავისუფალ ზონებს მაქსიმალურად ზღუდავდნენ. სწორედ ამის გამო იყო ის, რომ ფეხბურთელები გადაცემების გაკეთებისას ხშირად სცოდავდნენ.  შეხვედრის პირველ 45 წუთში გუნდები შეტევაზე დიდი ძალებით არ გადასულან.
პირველ ტაიმში სახიფათო მომენტი „ხნიერმა ქალბატონმაც“ შექმნა. ანდრეა პირლომ მეტოქის საჯარიმოში მდგარი  პოლ პოგბა შენიშნა და რბილი გადაცემაც გაუკეთა, თუმცა მეკარესთან ახლო მანძილზე  მყოფ ფრანგ ფეხბურთელს დარტყმა ძლიერი არ გამოუვიდა, თანაც ბურთი პირდაპირ სამირ ჰანდანოვიჩის მიმართულებით წავიდა და ეს შანსიც დაიკარგა.

მთელი ტაიმის განმავლობაში გუნდების მთავარი მწვრთნელები ფეხზე იდგნენ და ფეხბურთელებს აქტიურად აძლევდნენ მითითებებს.

ტაიმის ბოლოს „ინტერს“ კიდევ ერთი შანსი მიეცა. სწრაფი კონტრშეტევის დაგვირგვინებას მახვილი კუთხიდან საფირ სლიტი ტაიდერი ცდილობდა, თუმცა ბუფონი ამჯერადაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

შეხვედრის პირველი ტაიმი უშედეგოდ დასრულდა.

მატჩის მეორე ნახევარი გუნდებმა შედარებით მაღალ ტემპში განვლეს.

მასპინძელთა მხრიდან ერთი-ერთი ყველაზე აქტიური როდრიგო პალასიო იყო, რომელიც ერთ მომენტში ტურინელმა მცველებმა საჯარიმო მოედანზე სრულიად უყურადღებოდ დატოვეს, ეს შენიშნა ესტებან კამბიასომ და თანაგუნდელს ჩაუწოდა, „ინტერის“ არგენტინელი თავდამსხმელის თავური დარტყმის შემდეგ ბურთი ჯიჯი ბუფონს მიუვიდა.
ტაიმის მიმდინარეობისას შეტევაში გართულ „ინტერს“ „იუვენტუსმა“ სწრაფი კონტრშეტევით უპასუხა. შეტევის მარჯვენა ფლანგი კარლოს ტევესმა უპრობლემოდ გაიარა, ცენტრში გადაინაცვლა და მეტოქის საჯარიმო მოედანზე უყურადღებოდ მყოფი არტურო ვიდალი მოძებნა, ამ უკანასკნელმა შანსი ვერ გამოიყენა – ჯერ ბურთის დაუფლება გაუჭირდა, შემდეგ კი სუსტად და არაზუსტად დაარტყა.

თანდათან ტერიტორიულ უპირატესობას მილანური კლუბი დაეუფლა, წინ შედარებით გაძლიერებული შემადგენლობით წავიდა, რაც „იუვენტუსს“ სწრაფი კონტრშეტევების წამოწყების საშუალებას აძლევდა.

„ნერიაძურის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ მოედანზე მაურო იკარდი შეუშვა და აღმოჩნდა, რომ ამ ცვლილებამ გაამართლა.

73-ე წუთზე მოედნის ცენტრალურ ხაზთან მყოფ ჯორჯო კიელინის ბურთი რიკარდო ალვარესმა აართვა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში შესული იკარდი მოძებნა და თანაგუნდელი მეკარესთან ფაქტობრივად ერთი-ერთზე გაიყვანა. არგენტინელმა თავდამსხმელმა „ინტერი“ წინ გაიყვანა – 1:0.

„იუვენტუსმა“ მილანურ კლუბს სიხარული მხოლოდ ორი წუთით აცალა. ტურინელთა შეტევის მარცხენა ფლანგიდან კვადვო ასამოამ თავგზა აუბნია ჟონათანს და საჯარიმო მოედანზე ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ ვიდსალს გადააწოდა ბურთი, ჩილელმა ფეხბურთელმა ერთი შეხებით ბურთი გაისწორა, მეორე შეხებით კი დაარტყა და მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში გაახვია.

დარჩენილ 15 წუთში „იუვენტუსმა“ „ინტერს“ საკუთარი თამაში მოახვია და თავს და მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა – 1:1.
ამრიგად, ტურის პირველი და ცენტრალური შეხვედრა ფრედ დასრულდა, გუნდემა 7-7 ქულა მოაგროვეს და სატურნირო ცხრილის პირველ-მეორე პოზიციებს იყოფენ, თუმცა დარჩენილი მატჩები ჯერ არ გამართულა. ასე რომ, ცხრილში მდგომარეობა, სავარაუდოდ, უნდა შეიცვალოს.

იტალიის სერია A
მე-3 ტური
„ინტერი“-„იუვენტუსი“ 1:1 (0:0)

„ინტერი“: ჰანდანოვიჩი, ჟონათანი, კამპანიარო, ნაგატომო, რანოკია, ჟუანი, კამბიასო, გუარინი, ალვარესი (კოვაჩიჩი 81′), ტაიდერი (იკარდი 68′), პალასიო.
მთავარი მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.

„იუვენტუსი“: ბუფონი, ბარძალი, ლიხტშტაინერი (ისლა 46′), ბონუჩი, კიელინი, პირლო (პადოინი 87′), ვიდალი, ასამოა, პოგბა, ტევესი, ვუჩინიჩი (კვალიარელა 72′).
მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

გოლები: იკარდი 73′ – ვიდალი 75′.
გაფრთხილებები: კამპანიარო 15′, რანოკია 62′ – ლიხტშტაინერი 17′, ვიდალი 61′.
მთავარი მსაჯი: დანიელე ორსატო.

 

DERBY D’ITALIA

ამ უქმეებზე ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი მილანში შედგება, სადაც ადგილობრივი „ინტერი“ ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლებს. სტარტი იტალიის მოქმედ ჩემპიონსაც კარგი აქვს და მილანურ კლუბსაც, რომელმაც გასულ სეზონში მხოლოდ მე-9 ადგილი დაიკავა და ევროთასებზე ასპარეზობის უფლება ვერ მოიპოვა. ამის მიუხედავად, „ინტერი“ მაინც ითვლება სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად. „იუვენტუსმა“ წინა ორი მატჩიდან ორივე გამარჯვებით დაასრულა, გაიტანა 5 და მიიღო 1 გოლი. „ინტერმაც“ ორივე შეხვედრა მოიგო, 5 გოლი გაიტანა და კარი მშრალად შეინახა.

„ფრე კარგი შედეგი იქნებოდა, თუმცა იმას არ ვამბობ, რომ საყაიმო ანგარიშით მოხარული ვიქნები. მინდა, რომ „ინტერმა“ თავისი დონის შესაბამისი ფეხბურთი აჩვენოს. ასეთ შემთხვევაში, შედეგიც მისაღები იქნება. დაცვაში საიმედოდ უნდა ვითამაშოთ. გუნდი ითამაშებს იმ ტაქტიკით და ფეხბურთელებით, რომელთაც „იუვენტუსისთვის“ პრობლემების შექმნა შეუძლიათ“, – ეს სიტყვები „ინტერის“ თავკაც ვალტერ მაცარის ეკუთვნის.

„ყოველი მატჩი გამოცდაა, თუმცა ცხადია, რომ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის, რადგან „იუვენტუსი“ ჩვენი პირდაპირი კონკურენტია“, – ამბობს „ინტერის“ ნახევარმცველი ფრედი გუარინი გაზეთ „ტუტოსპორტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. – ისეთი კლუბი, როგორიც „ინტერია“, ევროპაში უნდა ასპარეზობდეს. მატჩიდან მატჩში უნდა დავამტკიცოთ, რომ გუნდს გამარჯვების სურვილი აქვს. ახლა გვაქვს იმის ჩვენების საშუალება, თუ რა ისწავლა გუნდმა ვალტერ მაცარის გაკვეთილებისგან“.

მაცარი ის მწვრთნელია, რომელმაც გასულ სეზონში „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის მეორე ადგილზე გაიყვანა. „ინტერის“ პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ ის იტალიის სამხრეთიდან ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მიიწვია და ანდრეა სტრამაჩიონის ადგილი დაუთმო.

„იუვენტუსშიც“ კარგად უწყიან, რომ „ხნიერ ქალბატონს“ „ინტერის“ სახით ძლიერი კონკურენტი ჰყავს.

„ახლა „ინტერი“ იმ მდგომარეობაშია, რომელშიც ჩვენ ვიყავით ორი წლის წინათ, – აღნიშნავს „მედიასეტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „იუვეს“ მცველი შტეფან ლიხტშტაინერი, რომელმაც ის პერიოდი გაიხსენა, როცა „ბიანკონერიმ“ იტალიის ჩემპიონატი მეშვიდე პოზიციაზე დაასრულა. – ვიცით, რომ მეტოქე მაქსიმალურად მოტივირებული იქნება, თუმცა არც ჩვენი გუნდი აპირებს რამის დათმობას“.

„ინტერს“ ჩვენი გზის გავლა შეუძლია. გუნდი განახლდა, ძალიან კარგი თავკაცი დაინიშნა. ეს დამატებითი მიზეზია, რომ მეტოქის მიმართ პატივისცემა გამოვიჩინოთ “, – განაცხადა ჯანლუიჯი ბუფონმა.

ხუთშაბათის ვარჯიშზე, „იუვენტუსის“ საერთო ჯგუფს შეუერთდა მირკო ვუჩინიჩი, რომელიც სანაკრებო მატჩში დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის „ინტერის“ წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში სათამაშოდ მზად უნდა იყოს.

ცნობისთვის, მატჩი „ინტერსა“ და „იუვენტუსს“ შორის დღეს, ჩვენი დროით 20:00 საათზე აიღებს სტარტს.

ბექა დოგრაშვილი

ვალტერ მაცარი: „იტალიაში ხალხი შედეგს უყურებს, მე – თამაშის ხარისხს“

იტალიის სერია A-ს მე-3 ტურის ცენტრალური მატჩი მილანში შედგება, სადაც ადგილობრივი „ინტერი“ ტურინის „იუვენტუსს“ დაუხვდება. „ნერიაძურის“ მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი ამბობს, რომ „ხნიერ ქალბატონთან“ გასამართი მატჩი მისი გუნდისთვის კარგი გამოცდა იქნება. მისი თქმით, „ინტერმა“ ყურადღება, პირველ რიგში, ხარისხიან თამაშს უნდა მიაქციოს.

„იტალიაში ხალხი რეზულტატს უყურებს, თუმცა მე ყურადღებას თავად ფეხბურთზე ვაკეთებ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ თამაშობს გუნდი. ფრე კარგი შედეგი იქნებოდა, თუმცა იმას არ ვამბობ, რომ საყაიმო ანგარიშით მოხარული ვიქნები. მინდა, რომ „ინტერმა“ თავისი დონის შესაბამისი ფეხბურთი აჩვენოს. ასეთ შემთხვევაში, შედეგიც მისაღები იქნება. დაცვაში საიმედოდ უნდა ვითამაშოთ. გუნდი ითამაშებს იმ ტაქტიკით და ფეხბურთელებით, რომელთაც „იუვენტუსისთვის“ პრობლემების შექმნა შეუძლიათ“, – ამბობს „ინტერის“ თავკაცი.

მაცარიმ გაკვირვება გამოთქვა იმ ჭორზე, რომლის მიხედვითაც, მასსა და ტურინული გუნდის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს შორის კონფლიქტი არსებობს.

„არ ვიცი, ჩვენს შორის რა მოხდა. თუ ამის გარკვევა გნებავთ, თავად მას ჰკითხეთ. ისეთი არაფერი მითქვამს, რომ კონტეს შეურაცხყოფად მიეღო. ერთადერთი რამ, რაც თავის დროზე ვთქვი, ის იყო, რომ „იუვენტუსი“ „ნაპოლის“ სათამაშო მოდელს იყენებდა. ეს კომპლიმენტი იყო და არა – კრიტიკა. კონტეს წყენინება არ მინდოდა“, – დაასრულა მაცარიმ.

ცნობისთვის, მატჩი „ინტერსა“ და „იუვენტუსს“ შორის ხვალ, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

მაროტა: ”იმედია, ბუფონი კარიერას ”იუვენტუსში” დაასრულებს”

ტურინის ”იუვენტუსის” დირექტორმა ბეპე მაროტამ იმის იმედი გამოთქვა, რომ ჯანლუიჯი ბუფონი კარიერას სწორედ ”ბიანკონერის” რიგებში დაასრულებს.

”ბუფონი – ნამდვილი ჩემპიონია. ასეთი მოთამაშეები ჩვენს კლუბს სჭირდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ჯიჯი ”იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების ფერებს კიდევ მრავალი წლის განმალობაში დაიცავს. ამავე დროს, მსურს, რომ კარიერა მან ”იუვეში” დაასრულოს. ასეთი ადამიანები ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის ძალიან კარგ მაგალითს წარმოადგენენ”, – განაცხადა მაროტამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

რონალდო სერია A-ს მიმდინარე სეზონის შესახებ

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო მიიჩნევს, რომ იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონი საინტერესოდ წარიმართება. მისი თქმით, სკუდეტოს მოპოვების რეალური შანსი ტურინის „იუვენტუსს“, მილანის „ინტერსა“ და „მილანს“ აქვთ.

„ინტერის“ უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ევროთასებზე არ ასპარეზობს. ასე რომ, „ნერიაძურის“ შეუძლია, სრული კონცენტრაცია სერია А-ზე გააკეთოს. ვგიქრობ, „ინტერი“ კარგ სეზონს ჩაატარებს. „მილანიც“ გაძლიერდა. კაკას ვესაუბრე, ის სავსეა ამბიციითა და ენერგიით. არსებობს ასევე „იუვენტუსი“, რომელიც ძალიან ძლიერია. ასე რომ, მშვენიერი სეზონი უნდა გამოვიდეს“, – აღნიშნა რონალდომ.

ბექა დოგრაშვილი

ვილაშ-ბოაში: „იუვენტუსს“ შეუძლია, „ჩელსის“ 2012 წლის გზა გაიაროს“

„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში მიიჩნევს, რომ ტურინის „იუვენტუსი“ 2012 წლის ლონდონის „ჩელსის“ ჰგავს. კერძოდ, ახალგაზრდა პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, კარლოს ტევესს იმ დიდიე დროგბას ფუნქციების შეთავსება შეუძლია, რომელმაც 2012 წელს ჩემპიონთა ლიგის თასის მოგებაში უდიდესი როლი შეასრულა.

„იუვენტუსს“ შეუძლია „ჩელსის“ 2012 წლის გზის გავლა. იტალიის ჩემპიონი ძლიერი, კარგად დაკომპლექტებული გუნდია. კარლოს ტევესის ყიდვა კი მათთვის ამ ნამცხვრის მინანქრით დაფარვაა. მგონია, რომ ტევესს მიმდინარე სეზონში შეუძლია გახდეს ჩემპიონთა ლიგის 2011/12 წლების სეზონის „ჩელსის“ დიდიე დროგბა“, – ვილაშ-ბოაშის სიტყვებს იტალიური გამოცემა „ტუტოსპორტი“ აქვეყნებს.

ბექა დოგრაშვილი

ჯაკერინი: ”მეტი სათამაშო დრო მჭირდებოდა”

”იუვენტუსის” ყოფილმა ნახევარმცველმა ემანუელე ჯაკერინიმ ”სანდერლენდში” გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

”იუვენტუსიდან” წასვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. ტურინში ჩემი ბევრი მეგობარი დავტოვე, დავტოვე თანაგუნდელები, რომლებთანაც კარგი ურთიერთობები მაკავშირებს. ანტონიო კონტემ კი ჩემს განვითარებაში დიდი წვრილი შეიტანა. ასეა თუ ისე, ჩემი გადაწყვეტილების გამო არ ვნანობ, მიუხედავად იმისა, რომ ტოპ-კლუბის დატოვება მომიწია”, – განაცხადა ჯაკერინიმ.

”მიზეზები? ფინანსური მხარის გარდა, ყველაფერზე ვიფიქრე. პირველ რიგში, ისეთი რეჟიმი მინდოდა, რომლის წყალობითაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მექნებოდა. არა, ”იუვეში” რა თქმა უნდა მაფასებდნენ, უბრალოდ გაცილებით ხშირად მსურდა თამაში და ამავე დროს მინდოდა, რომ გუნდისთვის რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიმეცა”, – დაასრულა 28 წლის იტალიელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი