კახა კალაძემ ყველა დროის სამი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ყოფილი ფეხბურთელი, კახა კალაძე საზოგადოებას, პროექტ “ვიდეოდიალოგის” ფარგლებში, სხვადასხვა კითხვაზე პასუხობს. ეს კითხვები ხალხისგანაა გაგზავნილი და ბევრ მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხს ეხება.

საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს სთხოვეს, მისთვის სამი საუკეთესო ფეხბურთელი დაესახელებინა. კალაძემ უპასუხა: “მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი ყოფილა. თუმცა, უნდა გამოვყო მარადონა. ბავშვობაში მის თამაშებს ვუყურებდი. იგი ერთ-ერთი უძლიერესი იყო. დღეს ვფიქრობ, რომ მესი უნდა გამოვარჩიოთ. შესაძლებელია საუბარი რონალდოზეც, რომელიც უნიჭიერესი იყო. მასთან ერთად თამაშიც მომიწია,” – განაცხადა კალაძემ.

სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა კალაძემ ქუჩაში საჩუქრები დაარიგა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “მილანის” ყოფილი მცველი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სანტა კლაუსის ფორმაში გამოეწყო და თბილისის ქუჩებში ბავშვებს ტკბილეულობა დაურიგა.

აკაკი დევაძის მკურნალობისთვის საჭირო თანხის ნაწილი კახა კალაძემ გაიღო

2030.news-ის ცნობით, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აკაკი დევაძის დახმარების ფონდში გარკვეული თანხა გადარიცხა. თანხის ოდენობა არ კონკრეტდება.

არსებული ინფორმაციით, თანხა გამოყვეს ძმებმა არველაძეებმაც.

საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარის, აკაკი დევაძის მკურნალობისთვის საჭირო თანხის დიდი ნაწილი უკვე შეგროვდა და იგი რამდენიმე დღეში სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრება. დევაძეს ოპერაციისთვის 105 ათასი აშშ დოლარია საჭირო.

თანხის შეგროვებაში აქტიურად იყვნენ ჩართული სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ფეხბურთის ფედერაციის პრეიდენტი, ჯანდაცვის სამინისტრო და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მეკარის, აკაკი დევაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა 2015 წელს გაუარესდა.

 

კახა კალაძე: “გილოცავთ, ბიჭებო! გმადლობთ, ბიჭებო!”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნულმა გუნდმა შინ შოტლანდიის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და ქვეყნის მოქმედმა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ სოციალური ქსელის მეშვეობით გუნდს დღევანდელი გამარჯვება მიულოცა. მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“დღეს ჩვენმა ნაკრებმა შოტლანდიასთან 1:0 მოიგო! ერთი სიტყვით ყველას განწყობას გამოვხატავ — ბრავო! თურმე როგორ გვენატრება მოგება, კარგი თამაში… ეს დასაწყისია! ყველაფერი განახლდება, ყველაფერი თავიდან დაიწყება-და წინ მხოლოდ გამარჯვება, სიამაყე და გახარებული გულშემატკივარი გველის! გილოცავთ ბიჭებო! გმადლობთ ბიჭებო!”, – წერს კალაძე.

 

კახა კალაძე ზვიად სიჭინავას მადლობას უხდის

საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე სოციალური ქსელის მეშვეობით თბილისში ჩატარებულ სუპერთასის მატჩსა და ზვიად სიჭინავას მიერ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო პოსტის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

კალაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ეს მოხდა!
საქართველომ , თბილისმა, “დინამო-არენამ” უმასპინძლა მსოფლიო დონის მატჩს!
უეფა-ს სუპერთასის გათამაშებაზე “ბარსელონა” “სევილია” -ს შეხვდა.
დამეთანხმებით ეს იყო დაუვიწყარი სანახაობა და სპორტული ეიფორია, მიღებული პოზიტივი კიდევ დიდხანს გაყვება გულშემატკივარს.

დიდი მადლობა ყველას, ვინც ითანამშრომლა უეფასთან, განახორციელა ეს პროექტი, ვინც გაუწია ამ მატჩს ორგანიზება, რაც მთავარია- უზრუნველყო შეხვედრის უნაკლოდ ჩატარება! მადლობა და დაფასება ყველა იმ ადამიანს, ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა საერთო, სახალხო სიხარულის შექმნაში!
აქვე მინდა ავღნიშნო პერსონალურად ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას მონაწილეობა. მისი უზარმაზარი წვლილია, რომ სუპერთასის ასეთი მნიშვნელოვანი თამაში ჩატარდა აქ, და ასეულ მილიონობით ადამიანის ყურადღება სხვადასხვა ქვეყნებიდან მიპყრობილი იყო თბილისზე! მის კარიერაში, მის დამსახურებებში ამ საფეხბურთო ზეიმის მოწყობაც სათანადო ადგილს დაიკავებს.

ზვიად სიჭინავას ბოლო განცხადებასაც მსურს გამოვეხმაურო- წასვლის შესახებ: ფეხბურთი განსაკუთრებული სამყაროა; განსაკუთრებული ურთიერთობებით, გამარჯვებებით და დამარცხებებით, განსაკუთრებული ურთიერთდამოკიდებულებით, არაერთხელ თქმულა რომ, ჩვენ ვართ ერთი მთლიანობა, გუნდი, ოჯახი- და ამიტომ თითოეულის ნათქვამი, გადაწყვეტილება და თუნდაც პრობლემა ყველასთვის საერთო და გათავისებული ხდება… არ აქვს მნიშვნელობა მოქმედი მოთამაშე მიდიხარ, მწვრთნელი თუ ფედერაციის პრეზიდენტი, არ აქვს მნიშვნელობა წასვლის მიზეზს, და არც მიზეზის ინტერპრეტაციებს- ეს ყველაფერი წარსულს დავუტოვეთ … მთავრია მხოლოდ ის რომ, თითოეული ჩვენგანი, ვინც ფეხბურთის ისტორიას ვქმნიდით, ვინც საფუძველს ვუქმნიდით მომავალ თაობებს ამ სპორტში- ყველა ღირსეულ, დამსახურებულ და მადლობით გაცილებას იმსახურებს. ასე უნდა ყოფილიყო ყოველთვის, ასე იქნება დღეს და იქნება მომავალშიც”.

 

კახი კალაძე: “ეს არის უპასუხისმგებლობა”

უეფას სუპერთასის ბილეთების გარშემო განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ქვეყნის ვიცე-პრემიერი კახი კალაძე გამოეხმაურა. იგი მომხდარს უპასუხისმგებლობად აფასებს.

“ფეხბურთის ფედერაციაც და biletebi.ge-ც მომზადებულნი უნდა შეხვედროდნენ გადაწყვეტილებას, როდესაც მათ ბილეთების გაყიდვის უფლება მისცეს. თუ უეფას მხრიდან იყო დავალება, ფეხბურთის ფედერაციას biletebi.ge-სთან ყველა დეტალი უნდა გაევლო, რომ ისინი მზად შეხვედროდნენ ასეთ აჟიოტაჟს. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, თუ რამდენად დიდი ინტერესი იქნებოდა ამ თამაშის მიმართ. ამიტომ, ჩემი შეხედულებით, რაც მოხდა, ეს არის უპასუხისმგებლობა”.

 

ხიზანიშვილმა უმაღლესში 15 წლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა

“სამტრედიასა” და “სიონს” შორის გამართულ უმაღლესი ლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში ანგარიში მე-40 წუთზე ზურაბ ხიზანიშვილმა გახსნა.

33 წლის ცენტრალური მცველისთვის ეს უმაღლეს ლიგაში 15 წლიანი პაუზის შემდეგ გატანილი პირველი გოლია. უკანასკნელად, ზურამ შედეგიანი დარტყმა საქართველოს ჩემპიონატში 1999/00 წლების სეზონში შეასრულა, როდესაც თბილისის “ლოკომოტივის” ღირსებას იცავდა. 2001 წლიდან კი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი ბრიტანეთში ასპარეზობდა.

სამტრედიული კლუბისთვის “სიონთან” მატჩი კიდევ რამდენიმე მიზეზით იყო გამოსარჩევი. გუნდს დაუბრუნდა ბრაზილიელი ლეგიონერი ლეონარდო რამოსი, რომელიც “სამტრედიას” რიგებში პირველ ეტაპზე ასპარეზობდა, თუმცა შემდეგ მის წასვლასთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია. გარდა ამისა, სამტრედიალთა განაცხადში პირველად იყვნენ სანდრო გურული და 37 წლის ალექსანდრე იაშვილი, რომელმაც “სიონის” წინააღმდეგ ითამაშა კიდეც. აღსანიშნავია, რომ “სამტრედია” – “სიონის” შეხვედრას კახა კალაძე დაესწრო.

კალაძე

სერია A-ს „ფეისბუქის“ გვერდმა კახა კალაძეს დაბადების დღე მიულოცა

დღეს საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს კახა კალაძეს 37 წელი შეუსრულდა. დაბადების დღე ქართველ ექს-ფეხბურთელს იტალიის სერია A-ს ოფიციალურმა „ფეისბუქის“ გვერდმაც მიულოცა.

Kaladze

შეგახსენებთ, რომ 2001 წელს კალაძე კიევის „დინამოდან“ „მილანში“ გადაბარგდა, რომლის შემადგენლობაში 2010 წლამდე ითამაშა. ამ პერიოდში ქართველმა „როსონერისთან“ ერთად იტალიის ჩემპიონატი, იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, უეფა-ს სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

იტალიელებმა კალაძის “მილანში” გადასვლა ზამთრის საუკეთესო ტრანსფერების ათეულში შეიტანეს

იტალიური გამოცემა “ლა სტამპას” ჟურნალისტებმა სცადეს, გაექარწყლებინათ მითი იმის შესახებ, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ნაყოფიერი გარიგების განხორციელება შეუძლებელია და აპენინის ნახევარკუნძულზე იანვრის თვეში გაკეთებული ყველაზე წარმატებული ტრანსფერების ათეული შეადგინეს, რომელშიც კახა კალაძის “მილანში” გადასვლაც დაასახელეს.

ჰიდეტოში ნაკატა: 2000 წელს “პერუჯადან” “რომაში” 21.7 მლნ. ევროს სანაცვლოდ გადავიდა;
კახაბერ კალაძე: 2001 წელს კიევის “დინამოდან” “მილანში” 16 მლნ. ევროს სანაცვლოდ გადავიდა;
დეიან სტანკოვიჩი: 2004 წელს რომის “ლაციოდან” მილანის “ინტერში” ოთხი მლნ. ევროს სანაცვლოდ გადავიდა;
ედინსონ კავანი: 2007 წელს მონტევიდეოს “დანუბიოდან” “პალერმოში” თითქმის ხუთი მლნ. ევროს სანაცვლოდ გადავიდა;
ალექსის სანჩესი: 2007 წელს მშობლიური “კობრელოადან” “უდინეზეში” მხოლოდ სამი მლნ. ევროს სანაცვლოდ გადავიდა;
ტიაგო სილვა: 2009 წელს “ფლუმინენსედან” “მილანში” ათი მლნ. ევროს სანაცვლოდ გადავიდა;
ანდრეა ბარძალი: 2011 წელს”ვოლფსბურგიდან” ტურინის “იუვენტუსში” მხოლოდ 300 ათასი ევროს სანაცვლოდ გადავიდა;
ანტონიო კანდრევა: 2012 წელს “ჩეზენადან” “ლაციოში” უსასყიდლოდ გადაბარგდა;
მარიო ბალოტელი: 2013 წელს “მანჩესტერ სიტიდან” “მილანში” 20 მლნ. ევროს სანაცვლოდ გადავიდა;
რაჯა ნაინგოლანი: 2014 წელს “კალიარიდან” “რომაში” ცხრა მლნ. ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

 

კახი კალაძე: „ქართულ ფეხბურთში არის სრული კატასტროფა“

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ ტელე/რადიო “პალიტრას” ეთერში ქართულ ფეხბურთში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. კალაძე ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების პრობლემებსაც შეეხო.

„ქართულ ფეხბურთში არის სრული კატასტროფა. რეალობა ისაა, რომ ძალიან მძიმე სიტუაციაა. ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი ინფრასტრუქტურა, არ არსებობს ბავშვთა საფეხბურთო სკოლები, საბჭოთა კავშირიდან გადმოყოლილი სტადიონების ნაწილი დაინგრა, ნაწილი ჩვენ თვითონ დავანგრიეთ. საქართველოს ჩემპიონატის დონე არის ძალიან დაბალი, ფეხბურთელების კვალიფიკაცია არის ძალიან დაბალი. ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებს საქართველოს დატოვების და მეზობელ ქვეყნებში – აზერბაიჯანში, უკრაინაში, რუსეთში თამაშის სურვილი უჩნდებათ, რადგან იქ უფრო მაღალი ანაზღაურებაა. ყველა ტოვებს საქართველოს და მერე  ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ეს ფეხბურთელები ვერ ვითარდებიან.

გარკვეული შეფერხებები მათ მაშინ აქვთ, როცა სიძნელეები უჩნდებათ. ბარიერების გადალახვის დროს ხშირად თავს ხრიან. პირიქით, ამ დროს მეტი სიმტკიცე უნდა გამოიჩინო, რადგან როდესაც სიძნელეებს გადალახავ, უფრო ძლიერი ხდები, მოტივაცია გემატება. მე მგონია, რომ ეს არის პრობლემა“, – აღნიშნა კალაძემ.

 

კალაძე: „ქეცბაია ნაკრების თავკაცის პოსტზე უნდა დარჩეს“

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძე თვლის, რომ თემურ ქეცბაია „ჯვაროსანთა“ თავკაცის პოსტზე უნდა დარჩეს. მისი თქმით, მოლაპარაკებების გზით ნაკრებში არსებული უთანხმოების დარეგულირება შესაძლებელია.

„მტკივნეულია ის თემა, რაც ხდება ფეხბურთში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი შეიძლება დაბალანსდეს, დარეგულირდეს. უბრალოდ საჭიროა, რომ დასხდნენ, გაისაუბრონ. თუ ვინმეს რაიმე აქვს სათქმელი ერთმანეთზე, ჯობია, ეს არა ტელევიზიებით და ჟურნალისტების საშუალებით მოხდეს. უბრალოდ დაილაპარაკონ და ყველაფერი გაირკვეს. მრავალი წელი ნაკრების კაპიტანი ვიყავი და ასეთი უთანხმოება არ მომხდარა. თემურ ქეცბაია ნაკრებში უნდა დარჩეს და მუშაობის საშუალება მიეცეს. ისიც გასათვალისწინებელია, თუ რა ქვეჯგუფებში მოვხვდით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბექა დოგრაშვილი