კუმანს 12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

ესპანეთის პრიმერადივიზიონში მადრიდის “რეალთან” გამართული შეხვედრის (1:3) შემდეგ “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა მსაჯები და ვიდეოგამეორების სისტემა გააკრიტიკა, რის გამოც ორიდან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება.

ნიდერლანდელი სპეციალისტის წინააღმდეგ დისციპლინური საქმე აღძრეს მუხლით, რომელიც კრძალავს მსაჯების ან ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციის წევრების მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენებასა და მათ შეურაცხყოფას. შესაძლოა, კუმანს დისკვალიფიკაცია არ აკმარონ და 601-დან 3005 ევრომდე ოდენობის ჯარიმის გადახდაც დააკისრონ.

“რეალთან” ჩატარებული მატჩის შემდეგ კუმანმა მსაჯები გააკრიტიკა და თქვა, რომ მიმდინარე სეზონში VAR სისტემასთან დაკავშირებული სადავო ეპიზოდები მუდმივად მისი გუნდის საწინააღმდეგოდ წყდება.

ლა ლიგის კლუბებმა რეკორდული რაოდენობის სეზონური აბონიმენტები გაყიდეს

ესპანეთის ლა ლიგის 2018/19 წლების სეზონს გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან, რაც გასაკვირი ნამდვილად არ იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ჩემპიონატში ისეთი ფეხბურთელები ასპარეზობენ, როგორებიც არიან ლეო მესი, ანტუან გრიზმანი და ლუკა მოდრიჩი.

Marca-ს ცნობით, ლა ლიგის კლუბებმა საერთო ჯამში რეკორდული რაოდენობის სეზონური აბონიმენტები გაყიდეს. საუბარია 581 000 სეზონურ აბონიმენტზე. ყველაზე მეტი აბონიმენტი “ბარსელონამ” გაყიდა (85 000), ყველაზე ცოტა – “ეიბარმა” (5 000).

საგულისხმოა, რომ ამ კუთხით პირადი რეკორდი შვიდმა კლუბმა დაამყარა: “ატლეტიკო”, “ბეტისი”, “ვალიადოლიდი”, “ჟირონა”, “ლეგანესი”, “რაიო ვალენკანო” და “უესკა”.

მოურინიო: “რონალდუს “რეალიდან” წასვლის შემდეგ, პრემიერ ლიგა საუკეთესო ტურნირია”

ჟოზე მოურინიო კრიშტიანუ რონალდუს მადრიდის “რეალიდან” ტურინის “იუვენტუსში” გადასვლას გამოეხმაურა.

“პრემიერ ლიგა არის საუკეთესო ჩემპიონატი, სადაც თამაშობენ საუკეთესო ფეხბურთელები. ახლა შეგიძლიათ, იხილოთ, სამი განზომილება: ხალხი უყურებს იტალიის პირველობას რონალდუს გამო, პრემიერ ლიგას, იმიტომ, რომ ის ყველაზე კარგია და – ლა ლიგას, მესის გამო. ვულოცავ “იუვენტუსს” ამ ტრანსფერს, რადგან ეს ძალიან წაადგებათ, პირველ რიგში, საფეხბურთო თვალსაზრისით; ასევე: რეკლამირებასა და მარკეტინგში,” – ამბობს ჟოზე.

პაპუნაშვილი ლა ლიგისკენ მიიწევს – “სარაგოსამ” “სპორტინგი” დაამარცხა

დღეს “სეგუნდა დივიზიონის” 38-ე ტურის მატჩები იმართება. ერთ-ერთ მათგანში “რეალ სარაგოსამ” ხიხონის “სპორტინგი” “ესტადიო დე ლა რომარედაზე” მიიღო.

პირველ ტაიმში მასპინძელთა მხრიდან ბორხა იგლესიასი გამოირჩა, რომელმაც მე-10 და 28-ე წუთებზე დუბლი შეასრულა. თუმცა, 53-ე წუთზე ასტურიელებმა ერთი გოლის გაქვითვა შეძლეს. საბოლოოდ, “სარაგოსამ” საკუთარ კელდებში ანგარიშით, 2-1 იმარჯვა.

საგულისხმოა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი პაპუნაშვილმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში. ის მთავარმა მწვრთნელმა, ნატჩო გონსალესმა 59-ე წუთზე შეცვალა. ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრების შემტევის გუნდს 62 ქულა აქვს და მან მეექვსედან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

“ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონია! (ვიდეო)

დღეს ლა ლიგა სანტანდერის 35-ე ტურის მატჩში ლა კორუნიის “დეპორტივომ” კატალონიის “ბარსელონა” მიიღო. ამ შეხვედრაში “ბლაგურნას” ჩემპიონობისთვის ერთი ქულაც ჰყოფნიდა.

ანგარიში მეშვიდე წუთზე ფილიპე კოუტინიომ ლამაზი დარტყმით გახსნა. 38-ე წუთზე ლიონელ მესიმ მეორეც შეუგდო მასპინძლებს, თუმცა ორ წუთში ლუკას პერესმა მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა. მეორე ნახევარში, 64-ე წუთზე ემრე ჩოლაკმა ანგარიში გაათანაბრა. მატჩის ბედი და ამ სეზონის ჩემპიონის ვინაობა ბოლო ათ წუთში გადაწყდა, როცა 82-ე და 85-ე წუთებზე მესიმ თავისი მეორე და მესამე გოლები შეაგდო და გუნდს ანგარიშით, 4-2 მოაგებინა.

საბოლოოდ, “ბარსამ” ლა ლიგა სანტანდერი მოიგო. ხოლო, “დეპორტივო” ოფიციალურად გავარდა სეგუნდა დივიზიონში.

იხილეთ ვიდეო

 

 

 

მადრიდის “რეალმა” “ლეგანესს” გადახალისებული შემადგენლობით სძლია (ვიდეო)

დღეს მადრდიში, “სანტიაგო ბერბეუზე” ლა ლიგა სანტანდერის 34-ე ტურის შეხვედრაში ადგილობრივმა “რეალმა” “ლეგანესი” მიიღო.

ანგარიში მერვე წუთზე გარეთ ბეილმა გახსნა. ხოლო, ტაიმის ბოლოს, 45-ე წუთზე ბორხა მაიორალმა შეაგდო.  მეორე ნახევარში, “ლეგანესმა” ერთი ბურთი გაქვითა: 66-ე წუთზე სერბმა ნახევარმცველმა, დარკო ბრაშანაჩმა მოახერხა თავის გამოჩენა. საბოლოოდ, სამეფო გუნდმა ანგარიშით, 2-1 იმარჯვა.

გეტყვით, რომ 34 ტურის შემდეგ “რეალს” 71 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. ხოლო, “ლეგანესი”  40 ქულით მეთხუთმეტე პოზიციაზეა.

 

“ბარსელონამ” “ატლეტიკი” მარტივად დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ლა ლიგა სანტანდერის 29-ე ტურში კატალონიის “ბარსელონამ” “კამპ ნოუზე” ბილბაოს “ატლეტიკი” მიიღო.

მატჩი კატალონიელთა დაპირისპირებით წარიმართა. ანგარიში მას შემდეგ გაიხსნა, რაც ხორდი ალბა საჯარიმოში მარტო დარჩენილ პაკო ალკასერს მისცა პასი და ამ უკანასნელმაც მარტივად გაუტანა კეპას. ამ ტაიმშივე გავიდა მეორე გოლიც – უსმან დემბელეს პასის შემდეგ, ლიონელ მესიმ შესანიშნავი დარტყმით გაიატანა. მეორე ნახევარში ისევ იყო მომენტები, თუმცა გოლი აღარ გასულა. საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით, 2-0 დასრულდა.

ამ გამარჯვების შემდეგ მასპინძლებს 75 ქულა აქვთ და პირველ ადგილზე არიან. რაც შეეხება ბასკურ გუნდს, მას 35 ქულა დაუგროვდა და მეცამეტე პოზიციაზე იმყოფება.

კაზემირო: “რეალმა” უნდა იამაყოს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს”

დღეს მადრიდის “რეალმა” ლა ლიგა  სანტანდერის 28-ე ტურში “ეიბარი” სტუმრად, კრიშტიანუ რონალდუს დუბლით, 2-1 დაამარცხა.

დაპირისპირების შემდეგ, ბრაზილიელმა მოთამაშემ, კაზემირომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“მადრიდის “რეალს” ჰყავს კრიშტიანუ რონალდუ. ეს საამაყო რამაა! დღეს მოხდა ის, რაც ყოველთვის ხდება. რონალდუმ კიდევ ერთი შესანშნავი სპექტაკლი დადგა და საბოლოოდ, გუნდს მოაგებინა. ბევრი ვიშრომეთ, ვირბინეთ, რთული შეხვედრა იყო. მეტოქე ძლიერი გვყავდა, ისინი პრესინგზე შესანიშნავად თამაშობდნენ და საკმაოდ გვიჭირდა. თუმცა, კლასმა, საბოლოოდ, ყველაფერი გადაწონა,” – ამბობს კაზემირო.

კრიშტიანუ რონალდუმ ესპანეთის ჩემპიონატში მე-300 გოლი გაიტანა (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ კვლავაც შეუჩერებელია. ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში, “ხეტაფეს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში გატანილი გოლი მისთვის რიგით მე-300 აღმოჩნდა ლა ლიგის ისტორიაში.

რონალდუ რიგით მეორე ფეხბურთელი გახდა ლეო მესის შემდეგ, რომელიც ამ ნიშნულს გასცდა. აღსანიშნავია, რომ არგენტინელი გოლეადორის ანგარიშზე დღეისათვის ესპანეთის ჩემპიონატში გატანილი 372 გოლია.

მიმდინარე სეზონის 20 მატჩში რონალდუს 15 გოლი აქვს გატანილი.

“ბარსამ” “ლას პალმასთან” ფრე ითამაშა – “ატლეტიკოსთან” სხვაობა ხუთ ქულამდე შემცირდა (ვიდეო)

დღეს ლა ლიგა სანტანდერის 26-ე ტურის მატჩები შედგა. თავისი შეხვედრა ჩაატარა კატალონიის “ბარსელონამ”, რომელიც “ლას პალმასს” ესტუმრა.

საკმაოდ დაძაბულ მატჩში ანგარიში 21-ე წუთზე ლიონელ მესის საჯარიმო დარტყმის შემდეგ გავიდა. “ბარსას” ამის შემდეგაც ჰქონდა მომენტები, თუმცა პირველ ტაიმში ვერ შეაგდო.

მეორე ნახევარში, 48-ე წუთზე უკვე ჯონათან კალერიმ თერთმეტმეტრიანიდან შეძლო გათანაბრება. ამის შემდეგ ვერცერთმა გუნდმა ვეღარ გაიტანა და მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. “ბლაგურნა” 66 ქულით პირველზეა, “ლას პალმასს” 20 ქულა აქვს და მეთვრამეტე პოზიციას იკავებს.

 

BBC-ს განავარდება – მადრიდის “რეალმა” “ალავესი” დამაჯერებლად დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ლა ლიგა სანტანდერის 26-ე ტურის შეხვედრები შედგა. მადრიდში “სანტიაგო ბერნაბეუზე” თავისი მატჩი გამართა “რეალმა”, რომელიც “ალავესს” დაუპირისპირდა.

თამაში სანახაობრივი გამოდგა. იგი მთლიანად “ბლანკოსის” უპირატესობით წარიმართა. 44-ე წუთზე კარიმ ბენზემამ კრიშტიანუ რონალდუს მეტოქის საჯარიმოში გაუკეთა გადაცემა, პორტუგალილმაც მარცხენა ფეხით გაიტანა.

მეორე ნახევარში, ისევ ფრანგმა, ამჯერად უკვე გარეტ ბეილს გაატანინა. ზუსტად თხუთმეტ წუთში ლუკას ვასკესმა კრიშტიანუ რონალდუს დუბლი შეასრულებინა. 88-ე წუთზე უელსელი საჯარიმოში წააქციეს, რის შემდეგაც პენალტი დაინიშნა. პორტუგალიელმა ის ბენზემას დაუთმო. თავდამსხმელმაც მისგან მარცხენა კუთხეში გაუშვა ბურთი და ბოლო, მეოთხე გოლი გაიტანა.

საბოლოოდ, “რეალმა” 4-0 იმარჯვა. ის 51 ქულით მესამეა. ხოლო, “ალავესი” 28 ქულით მე-16.

ინიესტა: “ლა ლიგაში “რეალს” მეტოქედ ისევ მივიჩნევთ”

დღეს ესპანეთის ლა ლიგა სანტანდერის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” კატალონიის “ბარსელონას” საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და მეტოქესთან ანგარიშით, 0:3 დამარცხდა.

თამაშის შემდეგ ჟურნალისტებს “ბლაგურნას” კაპიტანი, ანდრეს ინიესტა ესაუბრა.

“შესანიშნავი შეხვედრა ჩავატარეთ და დამაჯერებლად ვიმარჯვეთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ “რეალი” ლა ლიგისთვის ბრძოლას ჩამოშორდა. შესაბამისად, მათ მეტოქეებად ისევ ვთვლით და ყურადღების მოდუნებას არ ვაპირებთ. წინ კიდევ ბევრი მატჩია, სადაც წარმატების მიღწევა აუცილებელია.”

“ფეხბურთში ბევრი თითქოს შეუძლებელი რამ მოხდარა. უპატივცემულობა იქნება, “რეალის” არაფრად ჩაგდება. ის ხომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მადრიდის “ატლეტიკოს” წაგებით ასევე ვისარგებლეთ. თუმცა, “ვალენსიაც” არ უნდა დაგვავიწყდეს,” – ამბობს “ინი”.