დევიდ მოიესი მსაჯებს აფრთხილებს

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის გასამართ მატჩამდე „წითელი ეშმაკების“ მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი შეხვედრის არბიტრებს აფრთხილებს, რომ გერმანელმა ფეხბურთელებმა მასპინძელთა საჯარიმო მოედანზე შესაძლოა სიმულაციას მიმართონ.

„არბიტრებს ვენდობით. იმედი გვაქვს, ისინი სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. მეტოქის საჯარიმო მოედანზე სიმულაცია მსაჯებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტია. მხარს დავუჭერდი, რომ ვიდეოგამეორებების ხილვის შემდეგ სიმულანტი ფეხბურთელები დასჯილიყვნენ, თუმცა კონკრეტულ მოთამაშეებზე ყურადღების გამახვილება არ მსურს“, – ციტირებს მოიესის სიტყვებს ბრიტანული Sportsmole-ი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, „ბაიერნის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ, ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა სიმულაციისთვის ღიად დასდო ბრალი ბავარიელთა
ჰოლანდიელ ნახევარმცველ არიენ რობენს.

რაც შეეხება „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ბაიერნს“ შორის გასამართ მატჩს, ის დღეს, ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრას კარლოს ველასკო კარბალიოს თავკაცობით ესპანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

ბექა დოგრაშვილი

ანჩელოტი მოიესს შეცვლის?

ბრიტანული „დეილი სთარის“ ცნობით, მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი შესაძლოა, მომავალ სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცის პოსტზე ვიხილოთ.

ამ დროისთვის „წითელ ეშმაკებს“ შოტლანდიელი სპეციალისტი დევიდ მოიესი თავკაცობს, თუმც დაუკმაყოფილებელი შედეგების გამო (ინგლისის თასიდან და ლიგის თასიდან გამოვარდნა, მე-7 ადგილი პრემიერლიგაში) მისი სავარძელი მნიშვნელოვნად არის შერყეული.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტისთვის ინგლისის პრემიერლიგა უცხო არ არის. იტალიელი სპეციალისტი 2009-დან 2011 წლამდე ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელობდა, რომელთან ერთადაც პრემიერლიგა, თასი და ქვეყნის სუპერთასი მოიგო.

 

მოიესი: „ეს მხოლოდ დასაწყისია“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი დარწმუნებულია, რომ „წითელი ეშმაკების“ თავკაცის პოსტზე მისი კანდიდატურა უალტერნატივოა.

„გუნდის გულშემატკივართა მხრიდან ყოველთვის დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. ცოტა ხნის წინათ ჩემთან ქომაგები მოვიდნენ, რომლებმაც მითხრეს, რომ შექმნილი მდგომარეობა სრულად ესმით, მხარდაჭერა გამომიცხადეს და მუშაობის გაგრძელება მთხოვეს. ბოლოს და ბოლოს, ხალხმა რაც არ უნდა თქვას, ყველაზე დიდი მნიშვნელობა მაინც გუნდის შედეგს აქვს.

გავიგე, რომ გულშემატკივრებს თვითმფრინავის დაქირავება სურთ, რათა ჩემს წინააღმდეგ ბანერი ააფრიალონ. ამის მიუხედავად, კლუბთან ერთად გრძელი გზა მაქვს გასავლელი და ეს მხოლოდ დასაწყისია“, – მოიესის სიტყვები „სქაი სპორტსმა“ გამოაქვეყნა.

დღეს პრემიერლიგის 32-ე ტური გაიხსნება: „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ასტონ ვილას“ მიიღებს. „იუნაიტედის“ ფანებს დღევანდელი შეხვედრის მიმდინარეობსას მოიესის საწინააღმდეგო აქცია აქვთ დაგეგმილი. ქომაგებმა 840 ფუნტი შეაგროვეს და თვითმფრინავი დაიქირავეს, რომელსაც ბანერი მოაბეს – წარწერით „Wrong One – Moyes out“. თვითმფრინავი დღეს „ოლდ ტრაფორდს“ გადაუფრენს.

მატჩი თბილისის დროით 16:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

რიო ფერდინანდი: „ასე ცხოვრება აღარ მინდა“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი რიო ფერდინანდი გამოტყდა, რომ კლუბის ამჟამინდელი კრიზისი მის პირად ცხოვრებაზე მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს.

„უხერხული მდგომარეობაა შექმნილი. ქუჩაში გამოსვლა, ბავშვევის სკოლაში წაყვანა, ავტომობილის საწვავით შევსების ან საყიდლებზე სიარულის სურვილი არ მაქვს. ტელევიზორსაც აღარ ვუყურებ. მეჩვენება, რომ ხალხი მუდმივად ცუდი თვალით მიყურებს. ეს ჩემთვის უკვე სერიოზულ პრობლემად იქცა. ასე ცხოვრება აღარ მინდა. მსურს, თავისუფლად და კომფორტულად ვიცხოვრო“, – ფერდინანდის სიტყვებს Goal.com-ი აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 51 ქულით პრემიერლიგის მეშვიდე პოზიცია აქვს დაკავებული.

„წითელი ეშმაკები“ 32-ე ტურში „ასტონ ვილას“ მიიღებენ.

ბექა დოგრაშვილი

იანუზაი თურქეთის ნაკრებში გამოიძახეს

თურქული ფეხბურთის ხელმძღვანელობა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველ ადნან იანუზაის თურქეთის ნაკრებში თამაშს სთავაზობს.

„ეს ნაბიჯი რომ არ გადაგვედგა, შემდეგ შანსის ხელიდან გაშვებისთვის გაგვაკრიტიკებდნენ. თურქეთის ფეხბურთის ხელმძღვანელმა და თავად მეც იანუზაის უკვე შევთავაზეთ ჩვენი ნაკრების არჩევა“, – განაცხადა თურქთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფათიჰ თერიმმა.

ადნან იანუზაი მანამდე ალბანეთის, კოსოვოსა და ბელგიის ნაკრებებში გამოიძახეს. გარდა ამისა, ახალგაზრდა ფეხბურთელს სერბეთის ან ინგლისის ნაკრებში თამაშის შესაძლებლობაც აქვს.

 

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ქომაგები მოიესის გათავისუფლების მიზნით თანხას აგროვებენ

მანჩესტერულ დერბიში წუხელ განცდილი მარცხის (0:3) შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ქომაგებმა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დევიდ მოიესის გათავისუფლების მოთხოვნით ინტერნეტკამპანია ააგორეს.

საგულისხმოა, რომ ჰეშთეგი #MoyesOut ბრიტანულ „ტვიტერზე“ დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო. ამ ჰეშთეგით გამოქვეყნებულ შეტყობინებებში „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ ახალი თავკაცის მოსაძებნად და კლუბში მოსაწვევად თანხის შეგროვების ინიციატივითაც გამოვიდნენ.

გარდა ამისა, ქომაგებმა კლუბის ხელმძღვანელობას წერილიც მისწერეს, რომელშიც დაწვრილებით არის აღნუსხული დევიდ მოიესის მიერ გაწეული სამუშაოს ყველა ხარვეზი. აღნიშნული წერილის მეშვეობით გულშემატკივრები „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბოსებს სთხოვენ, რომ შოტლანდიელი სპეციალისტი დაუყოვნებლივ დაითხოვონ გუნდიდან.

ბექა დოგრაშვილი

რუნიმ მოიესს ბურთი ფეხებშუა გაუტარა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ერთ-ერთ უკანასკნელ ვარჯიშზე კლუბის თავდამსხმელმა უეინ რუნიმ მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი არად ჩააგდო და ბურთი ფეხებს შორის გაუტარა.

გთავაზობთ მომხდარის ამსახველ ვიდეოს.

 

ვან პერსის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ოლიმპიაკოსს“ შორის გამართულ მატჩში (3:0) ინგლისელთა თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება საკაცის საშუალებით მოუწია.

ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა, რამაც შემაშფოთებელი შედეგი აჩვენა. „წითელი ეშმაკების“ თავკაცი დევიდ მოიესი კი ამბობდა, ტრავმა სერიოზული არ ჩანსო, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. ვან პერსის მუხლის მყესები აქვს გაჭიმული და ტრავმის მოშუშებას ოთხიდან ექვს კვირამდე დასჭირდება. შესაბამისად, ჰოლანდიელ ფორვარდს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ორივე მატჩის გამოტოვება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულმა წილისყრამ „მანჩესტერ იუნაიტედს“ მეტოქედ მიუნხენის „ბაიერნი“ არგუნა. პირველი მატჩი პირველ აპრილს, „ოლდ ტრაფორდზე“ შედგება, განმეორებითი კი – 9 აპრილს, „ალიანს არენაზე“.

ბექა დოგრაშვილი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მდივანმა წილისყრის შედეგები შეაფასა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მდივანმა ჯონ ალექსანდერმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელებს მეტოქედ მიუნხენის „ბაიერნი“ ერგოთ.

„შესანიშნავი წყვილია. „ბაიერნი“ ფანტასტიური გუნდია, თუმცა „ოლიმპიაკოსთან“ გამართულმა უკანასკნელმა მატჩმა თავდაჯერება უნდა შეგვმატოს“, – ციტირებს „წითელი ეშმაკების“ მდივნის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

„მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ბაიერნს“ შორის პირველი მატჩი პირველ აპრილს, „ოლდ ტრაფორდზე“ შედგება, განმეორებითი კი – 9 აპრილს, „ალიანს არენაზე“.

ბექა დოგრაშვილი

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის წილისყრის შედეგები

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა. მატჩები 1-2 და 8-9 აპრილს შედგება.

გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ.

„ბარსელონა“ — „ატლეტიკო“
„რეალი“ — „ბორუსია“
„პარი სენ-ჟერმენი“ — „ჩელსი“
„მანჩესტერ იუნაიტედი“ — „ბაიერნი“

კაგავა „ინტერში“?

Football Italia-ს ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა სინძი კაგავამ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა მილანის „ინტერში“ ამოჰყოს თავი.

იაპონელი ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით უკმაყოფილოა. მიმდინარე სეზონში კაგავამ „წითელი ეშმაკების“ რიგებში მხოლოდ 16 მატჩი ჩაატარა.

როგორც მოგეხსენებათ, „ინტერის“ ღირსებას იაპონელი იუტო ნაგატომო იცავს, რომელმაც არ არის გამორიცხული, კაგავას შესაძლო ტრანსფერის განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

 

ფერგიუსონი: „მინდოდა, რონალდუ უფრო ძვირად გაგვეყიდა, მაგრამ…“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა სინანული გამოთქვა იმის შესახებ, რომ კლუბმა მადრიდის „რეალს“ კრიშტიანუ რონალდუ მხოლოდ 96 მილიონ ევროდ დაუთმო.

„ერთადერთი რამ, რაც მე მამწუხრებს, ისაა, რომ დევიდ გილის („მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი) დარწმუნება ვერ შევძელი.

მე მას ვუთხარი, რომ რონალდუ 150 მილიონ ფუნტად (180 მილიონი ევრო) გაგვეყიდა, თუმცა მან მიპასუხა, რომ 150 მილიონს არასდროს არ გადაგვიხდიდნენ.

არადა, ვიცოდი, რომ ფლორენტინო პერესი მზად იყო, ჩვენთვის ეს თანხა გადაეხადა“, – ფერგიუსონის სიტყვებს AS ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი