რეკობა: “ინტერში” მორატის ფავორიტი ვიყავი”

მილანის “ინტერის” ყოფილი ნახევარმცველი იტალიის სერია А-ს მე-3 ტურში გამართულ მილანურ ჯახს დაესწრო, რომელიც “ნერიაძურის” გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ურუგვაელი ფეხბურთელი “ინტერის” ღირსებას 1997-დან 2007 წლამდე იცავდა.

რეკობამ მილანურ გუნდში თამაშის პერიოდი გაიხსენა.

“იტალიაში მას შემდეგ არ ვყოფილვარ, რაც სათამაშოდ საბერძნეთში გადავედი. საბედნიეროდ, “ინტერმა” წარმატებით ითამაშა. სხვა შემთხვევაში, აქ აღარ მომიწვევდნენ.

მასიმო მორატის ჯერ არ შევხვედრილვარ. “ინტერში” მე მისი ფავორიტი ვიყავი და ეს ნორმალური მოვლენაა. მე მისთვის არაფერი არ მითხოვია.

როდესაც სათამაშოდ იტალიაში გადმოვედი, მუდმივად ხავიერ ძანეტისთან ვიყავი. იგი დილის შვიდ საათზე დგებოდა, მე კი ძილი მიყვარდა.

ტყუილია ხმები იმის შესახებ, თითქოს ვარჯიში არ მიყვარდა, თუმცა ხავიერს ვერ შევედრებოდი, რომელიც ბევრს ვარჯიშობდა და შემდეგ კარგადაც თამაშობდა”, – ციტირებს რეკობას სიტყვებს “კორიერე დელო სპორტი”.

 

რა სიტყვებით დაემშვიდობა ზლატანი “ინტერს”

მილანის “ინტერის” ყოფილმა მფლობელმა მასიმო მორატიმ ძველი ამბები გაიხსენა და იტალიელ ჟურნალისტებს ზლატან იბრაჰიმოვიჩთან დაკავშირებული ერთი ისტორიაც მოუყვა.

“ზლატანი გვტოვებდა, “ბარსაში” გადასასვლელად ემზადებოდა. ბოლო ვარჯიშის შემდეგ მას აეროპორტისკენ მიეჩქარებოდა. მაშინ მან თანაგუნდელებს ასეთი რამ უთხრა: “ბიჭებო, თქვენთან ერთად კარგი პერიოდი გავატარე, მაგრამ ჩემ გარეშე ვერაფერს მოიგებთ”.

Massimo Moratti

იბრაჰიმოვიჩის ვარაუდი არ გამართლდა. მისი წასვლის შემდეგ “ინტერმა” სერია A-ც მოიგო, ქვეყნის თასიც, სუპერთასიც და რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგაც.

“ზლატანი მართლაც წარმოუდგენელი ნიჭის მქონე ფეხბურთელია. გარდა ამისა, მას გუნდისთვის ტიტულები მოაქვს. ჩვენთან ერთად მან იტალიის ჩემპიონატი ზედიზედ სამჯერ მოიგო”, – მორატის სიტყვებს იტალიური გამოცემა “კორიერე დელო სპორტი” აქვეყნებს.

 

მორატი: „ინტერში“ დაბრუნება ქერა ლამაზმანთან ერთად გაქცევას ემგვანებოდა“

მილანის „ინტერის“ ყოფილმა მფლობელმა მასიმო მორატიმ კლუბში დაბრუნების ალბათობა გამორიცხა.

„კლუბის პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნება სიგიჟის ტოლფასი იქნებოდა. შესაძლოა, ეს ნაბიჯი ერთ დღეს ჩემმა შვილმა გადადგას, თუმცა მე ამას ნამდვილად არ ვიზამ.

ჩემი „ინტერში“ დაბრუნება ქერა ლამაზმანთან ერთად გაქცევას ემგვანებოდა. მოხარული ვარ, რომ კლუბის პარტნიორად ვითვლები. „ინტერი“ ჩემს გულში დარჩა და თოჰირს წარმატებას ვუსურვებ“, – იტალიელი ბიზნესმენის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

მასიმო მორატი „ინტერს“ 1995-დან 2013 წლამდე ედგა სათავეში. შარშან კლუბი ინდონეზიელმა ბიზნესმენმა ერიკ თოჰირმა შეიძინა.

ბექა დოგრაშვილი

ერიკ თოჰირი: „ინტერის“ გარდაქმნას 2-3 წელიწადი დასჭირდება“

მილანის „ინტერისთვის“ მიმდინარე წელიწადი ძალზედ ცუდად დაიწყო: გუნდი ჯერ სერია A-ს გათამაშებაში რომის „ლაციოსთან“ დამარცხდა, შემდეგ კი იტალიის თასზე „უდინეზესთან“ წააგო და ტურნირს გამოეთიშა. ორივე შეხვედრა ანგარიშით 0:1 დასრულდა.

„ნერაძურის“ პრეზიდენტი ერიკ თოჰირი გულს არ იტეხს და იმის შესახებ საუბრობს, თუ როგორ აპირებს კლუბის განვითარებას.

„ნორმალურია, როცა გულშემატკივრები ზედიზედ ორ მატჩში დამარცხების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მეც უკმაყოფილო ვარ, რადგან თავადაც გულშემატკივარი გახლავართ.

ვთვლი, რომ ამ გუნდს კარგი პერსპექტივა აქვს, თუმცა სასურველი ბალანსი უნდა ვიპოვოთ.

რამდენიმე მოთამაშეს ვაკვირდებით. მოლაპარაკებები გრძელდება და მოხარულნი ვიქნებით, თუ ამ ფეხბურთელებს დავიმატებთ.

გუნდის გარდასაქმნელად შექმნილი გეგმის განხორციელებას 2-3 წელიწადი დასჭირდება. გარდამავალ პერიოდში ვიმყოფებით. იმედი მაქვს, რომ „ინტერი“ უკეთ ათამაშდება.

ვალტერ მაცარი გუნდისთვის იდეალური მწვრთნელია. ერთმანეთს სრულად ვენდობით“, – თოჰირის სიტყვები მილანური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

„ინტერი“ მორიგ მატჩს სერია A-ს XIX ტურში „კიევოს“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 14 იანვარს, ჩვენი დროით 00:00 საათზე აიღებს სტარტს.

ბექა დოგრაშვილი

ხავიერ ძანეტი: „დავასრულებ თუ არა კარიერას მიმდინარე სეზონის ბოლოს?“

მილანის „ინტერის“ კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ კლუბის ახალი ხელმძღვანელობის შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, გასული სეზონის ბოლოს „ნერაძურის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვალტერ მაცარი დაინიშნა. მოგვიანებით კი, ინდონეზიელმა ბიზნესმენმა ერიკ თოჰირმა მასიმო მორატისგან კლუბი იყიდა.

„ეს წელი დავიწყეთ ახალ მწვრთნელთან ერთად, რომელიც ცდილობს, რომ ჩვენამდე მოიტანოს თავისი იდეები. ვმუშაობთ, რომ მის გეგმებს მივყვეთ. სწორ გზას ვადგავართ, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. მთავარი მიზანი საჩემპიონო რბოლაში დაბრუნებაა.

პრეზიდენტი თოჰირი ნათელი იდეების მქონე პიროვნებაა. იმედი გვაქვს, რომ „ინტერს“ მაღალ პოზიციაზე დავაბრუნებთ. ვცდილობთ, რომ გუნდი ახალ დონეზე გადავიყვანოთ. მადლობას ვუხდი კლუბის ქომაგებს, რომლებიც მუდმივად მხარს გვიჭერენ. მინდა, რომ მათ ყოველივე საუკეთესო ვუსურვო“, – აღნიშნა ძანეტიმ.

40 წლის არგენტინელი ფეხბურთელი სხვა თემებსაც შეეხო, მათ შორის იმასაც, თუ როდის აპირებს ბუცების ლურსმანზე დაკიდვას.

„რა არის ჩემი საიდუმლო? ვცდილობ, ჩემს თავს დავუმტკიცო, რომ კვლავ შემიძლია, თანაგუნდელებს დავეხმარო. საკმაოდ სერიოზული ტრავმა მქონდა, მაგრამ ახლა ჯანმრთელად ვარ.

ვიმედოვნებ, რომ 2014 წელი ბედნიერი იქნება ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. იმედი მაქვს, სეზონის ბოლოს „ინტერი“ გარკვეულ წარმატებას მიაღწევს, რაც ყოველ ჩვენთაგანს გაახარებს.

დავასრულებ თუ არა კარიერას მიმდინარე სეზონის ბოლოს? ჯერ არ გადამიწყვეტია. ახლა ვფიქრობ, რომ შემიძლია, მოედანზე გუნდს სარგებელი მოვუტანო, თუმცა სეზონის ბოლოს კლუბის მეპატრონეებს მაინც შევხვდები. მინდა თუ არა, რომ კვლავ ვითამაშო? დიახ, მინდა, მაგრამ წინ კიდევ ექვსი თვეა და მანამდე შეიძლება ბევრი რამ მოხდეს“, – ხავიერ ძანეტის სიტყვები „ინტერის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ჩაო, პრეზიდენტე!

გასულ კვირას, მასიმო მორატიმ მილანის „ინტერის“ აქციათა დიდი ნაწილი ინდონეზიელ ბიზნესმენ ერიკ თოჰირს ოფიციალურად მიჰყიდა, რითაც 1995 წლის თებერვალში დაწყებული ერა დასრულდა. ვინ არის ერიკ თოჰირი და როგორ „ინტერს“ უნდა ველოდოთ მისი მმართველობის დროს? იქნება ის კლუბისთვის ზედგამოჭრილი ფიგურა? თუ ეს უბრალოდ ბიზნესია? „ინტერის“ ტიფოზებს, წესით, მრავალი კითხვა უნდა აწუხებდეთ.

ეკონომიკური თვალსაზრისით ერიკ თოჰირს ნამდვილად შეუძლია, კლუბს რეალური გარანტიები მისცეს, რასაც მორატი „ნერიაძურისა“ და მის ქომაგებს, ალბათ, ვეღარ
დაჰპირდებოდა. ინდონეზიელი მაგნატი, ოჯახთან ერთად, არის მფლობელი Astra International-ისა (სპეციალიზდება ავტომობილების წარმოებაში, სამთო საქმიანობაში, ფინანსურ მომსახურებაში, სოფლის მეურბეობაში, ინფრასტრუქტურასა და საინფორმაციო საქმიანობაში), რომლის ბრუნვაც, 2012 წლის შედეგების მიხედვით, 12 მილიარდ ევროს შეადგენს, მოგება კი _ 1,38 მილიარდ ევროს. თოჰირი ასევე ფლობს ორგანიზაციას „Mahaka Media“, რომელიც ეწევა საგამომცემლო და სატელეკომუნიკაციო საქმიანობას.

სიმდიდრე:

მილიარდელი არა მხოლოდ ფეხბურთით არის გატაცებული, არამედ კალათბურთითაც. ის ფლობს NBA-ს კლუბ „Philadelphia 76ers“-ის აქციათა 15 პროცენტს, ასევე არის სამშობლოში ორი კლუბის თანამფლობელი – „Satria Muda BritAma Jakarta“ და „Indonesia Warriors“. გარდა ამისა, თოჰირი გახლავთ ინდონეზიისა და სამხრეთ-დასავლეთ აზიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. 50 მილიონი დოლარი გამოჰყო საფეხბურთო კლუბ  „დისი იუნაიტედის“ განვითარებისთვის.

მორატი:

ვერავინ იტყვის იმას, რომ მორატის ფული არ აქვს. რატომ დათმო მან „ინტერის“ მფლობელის სავარძელი? იქნებ მასში ფეხბურთი აღარ იწვევს ვნებას? ვნებას, რომელსაც „ინტერის“ ქომაგები გუნდის წარმატებისთვის არ იშურებდნენ.

მორატის შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა კლუბის ტიფოზებთან, ის ღირსეულად ატარებდა „შავ-ლურჯთა“ მფლობელის სახელს. მიუხედავად იმისა, რომ მორატის ხშირად აკრიტიკებდნენ ფულის უაზროდ ხარჯვაში, ის „ინტერის“ ქომაგებს უყვარდათ, რადგან კლუბის პრეზიდენტი წარმატებისკენ სავალ გზაზე გულით მოქმედებდა და არა – ჭკუით.

წარმატებები:

1995 წლის თებერვლიდან, „ინტერის“ პრეზიდენტად მასიმო მორატის გახდომიდან, კლუბმა 16 ტიტული მოიგო: 5-ჯერ სკუდეტო, 4-ჯერ ქვეყნის თასი, 4-ჯერ ქვეყნის სუპერთასი, უეფას თასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ყველაზე მთავარი – უეფას ჩემპიონთა ლიგა.

აი, რა განაცხადა „ინტერის“ ახალმა მფლობელმა თავის ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში: „მოხარული ვარ, რომ მორატიმ „ინტერის“ მართვა მანდო. მოხარული ვარ, რომ ის მომავალში ჩემი პარტნიორი იქნება“.

ეს სიტყვები კი თავად მორატის ეკუთვნის: „კმაყოფილი ვარ. მოლაპარაკებები დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა მგონია, რომ ყველანი კმაყოფილები დარჩნენ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ყოველთვის არ არის სასიამოვნო, როდესაც რაღაც იცვლება. არ ვთვლი, რომ ცხოვრების ახალ რიტმს უნდა მოვერგო. ერთის მხრივ, აშკარაა კლუბის მიმართ ჩემი სიყვარული, მეორეს მხრივ – ნუგეშია, რომ  კლუბი საიმედო ხელშია. ამაში დარწმუნებული ვარ“.

ბექა დოგრაშვილი

ბერგომი: „მორატიმ „ინტერის“ გაყიდვით სწორი გადაწყვეტილება მიიღო“

მილანის „ინტერის“ ლეგენდარული ფეხბურთელი ჯუზეპე ბერგომი ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ „ნერიაძურიმ“ მფლობელი შეიცვალა. ბერგომის თქმით, „ინტერის“ აწ უკვე ყოფილმა მეპატრონემ, მასიმო მორატიმ კლუბის გაყიდვით სწორი ნაბიჯი გადადგა.

მოგეხსენებათ, „ინტერი“ ინდონეზიელი ბიზნესმენის, ერიკ თოჰირის საკუთრებაში გადავიდა. 15 ოქტომბერს თოჰირმა კლუბის აქციათა 70 პროცენტი შეიძინა. „ინტერის“ გულშემატკივართა ერთი ნაწილი ამ ამბით უკმაყოფილო დარჩა, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ეს ცვლილება აუცილებელი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, თოჰირმა 250-დან 300 მილიონ ევრომდე გადაიხადა.

„ცხოვრება გრძელდება. ზედმეტი ნოსტალგია არ გვარგებს. მორატიმ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ „ინტერს“ წარმატებებისთვის მიეღწია. კლუბის გაყიდვა აუცილებელი იყო. თუ მორატის „ინტერი“ მართლაც უყვარს, ის სწორად მოიქცა. ვიმედოვნებ, რომ თოჰირი სწორი არჩევანია. არ ვიცი, ერკვევა თუ არა ის ფეხბურთში, თუმცა მართვა შეუძლია“, – განაცხადა ბერგომიმ.

ბექა დოგრაშვილი

გადავა „ინტერი“ ჩინელების ხელში?

მილანის „ინტერის“ პრეზიდენტი მასიმო მორატი კლუბის საკონტროლო პაკეტის გაყიდვაზე ფიქრობს.

იტალიური პრესის ცნობით, მორატი  „ინტერისთვის“ ახალი სტადიონის აშენებით არის დაინტერესებული, თუმცა იტალიელ ნავთობმაგნატს დიდი თანხის ინვესტირება არ სურს. ამით ისარგებლეს ჩინელმა ბიზნესმენებმა და კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტის შეძენა მოისურვეს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი ჩინელების ხელში გადავიდეს.

ბექა დოგრაშვილი