„ატლეტიკომ“ „მილანი“ ჩემპიონთა ლიგიდან გაისტუმრა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპზე მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „მილანს“ შორის განმეორებითი მატჩი შედგა. როგორც მოგეხსენებათ, პირველი შეხვედრა მადრიდელებს ანგარიშით 1:0 ჰქონდათ მოგებული. მადრიდში გამართულ განმეორებით მატჩში ანგარიში უკვე მესამე წუთზე მასპინძელთა გოლეადორმა დიეგო კოსტამ გახსნა. ბრაზილიელმა კაკამ 27-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება და ინტრიგის დაბრუნება შეძლო, თუმცა შესვენების გამოცხადებამდე არდა თურანის გოლით მადრიდელები კვლავ წინ გავიდნენ. მეორე ტაიმში რაულ გარსიამაც გამოიჩინა თავი, მოგვიანებით დიეგო კოსტამ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 4:1.

ასე რომ, „მილანი“ ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა, „ატლეტიკომ“ კი მერვედფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება დამსახურებულად მოიპოვა.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (მეორე მატჩი)
„ატლეტიკო“ — „მილანი“ 4:1 (2:1)

„ატლეტიკო“: კურტუა, მირანდა, ხუანფრანი, ფილიპე ლუისი, გოდინი, გაბი, მარიო სუარესი, რაულ გარსია (სოსა 72′), თურანი (როდრიგესი 78′), კოკე (დიეგო 81′), დიეგო კოსტა.
მთავარი მწვრთნელი: დიეგო სიმეონე.
„მილანი“: აბიატი, ბონერა, რამი, აბატე, ესიენი (პაცინი 68′), დე იონგი (მუნტარი 78′), ემანუელსონი, ტაარაბტი (რობინიო 46′), პოლი, კაკა, ბალოტელი.
მთავარი მწვრთნელი: კლარენს ზეედორფი.
გოლები: დიეგო კოსტა 3′, 85′, თურანი 40′, რაულ გარსია 71′ — კაკა 27′.
გაფრთხილებები: რაულ გარსია 5′ — რამი 7′, ბალოტელი 45+2′, ბონერა 70′, რობინიო 74′.
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).

ბექა დოგრაშვილი

„მილანი“ ბალოტელის საქციელით შეშფოთებულია

„მილანის“ ხელმძღვანელობა უკმაყოფილო დარჩა მარიო ბალოტელის საქციელით, რომელმაც სოციალურ ქსელში იმის ამსახველი ფოტომასალა გაავრცელა, თუ როგორ თამაშობს პინგ-პონგს.

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (0:1) იტალიელმა ფეხბურთელმა მხარი დაიზიანა, რის გამოც სერია A-ს ორი და სანაკრებო ერთი ამხანაგური მატჩის გამოტოვება მოუხდა.

„საღამო მშვიდობისა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ დამამარცხებს, უბრალოდ ნება მომეცით. მთელ ფსონს ჩამოვდივარ. არასროს არ წავაგებ“, – ეს კომენტარი გაუკეთა ბალოტელიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს.

„ლა გაძეტა დელო სპორტის“ ცნობით, ტრავმირებული ბალოტელის ქმედებამ „როსონერის“ შეშფოთება გამოიწვია.

„იუვენტუსმა“ სტუმრად „მილანი“ დაამარცხა

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურის ცენტრალური მატჩი „ჯუზეპე მეაცაზე“ გაიმართა, სადაც „მილანმა“ გათამაშების ლიდერი „იუვენტუსი“ მიიღო. შეხვედრა ტურინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

ანგარიში 44-ე წუთზე ფერნანდო ლორენტემ გახსნა. 68-ე წუთზე ლამაზი გოლით თავი კარლოს ტევესმა გამოიჩინა.

„იუვენტუსმა“ 69 ქულა დააგროვა და იტალიის ჩემპიონატში ლიდერობა განიმტკიცა. „მილანი“ 35 ქულით მეათე ადგილზეა.

იტალიის სერია A
26-ე ტური
„მილანი“ — „იუვენტუსი“ 0:2 (0:1)
გოლები: ლორენტე 44′, ტევესი 68′.
გაფრთხილებები: ბონერა 83′ — მარკიზიო 58′, პირლო 64′.

„ატლეტიკომ“ გასვლაზე „მილანი“ დაამარცხა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „მილანმა“ მადრიდის „ატლეტიკო“ მიიღო. მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. შეხვედრის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში გაილია, ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის შანსი. ერთადერთი გოლი მატჩის 83-ე წუთზე სტუმართა გოლეადორმა დიეგო კოსტამ კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ გაიტანა.

ამრიგად, „ატლეტიკომ“ სტუმრად მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა და მეოთხედფინალური ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, თუმცა წყვილის საბოლოო ბედს მაინც 11 მარტს, „ვისენტე კალდერონზე“ გასამართი მატჩი გადაწყევტს.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (პირველი მატჩი)
„მილანი“ – „ატლეტიკო“ 0:1 (0:0)

„მილანი“: აბიატი, ბონერა, რამი, დე შილიო (აბატე 26′), ესიენი, დე იონგი, ემანუელსონი, ტაარაბტი, პოლი (კონსტანტი 85′), კაკა, ბალოტელი (პაცინი 78′).
მთავარი მწვრთნელი: კლარენს ზეედორფი.
„ატლეტიკო“: კურტუა, მირანდა, ხუანფრანი, ინსუა, გოდინი, გაბი, მარიო სუარესი, რაულ გარსია (ადრიანი 80′), თურანი (როდრიგესი 74′), კოკე, დიეგო კოსტა.
მთავარი მწვრთნელი: დიეგო სიმეონე.
გოლი: დიეგო კოსტა 83′.
გაფრთხილებები: აბატე 44′, ბონერა 61′, რამი 90+1′ – ინსუა 20′, მარიო სუარესი 41′, დიეგო კოსტა 69′, ადრიანი 90+3′.
მთავარი მსაჯი: პედრო პროენსა (პორტუგალია).

ბექა დოგრაშვილი

ფილიპო ინძაგი: „ბალოტელის „ატლეტიკოსთან“ მატჩში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია“

„მილანის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ფილიპო ინძაგიმ, რომელიც ამჟამად „როსონერის“ ახალგაზრდულ გუნდს თავკაცობს, გამოთქვა მოსაზრება, რომ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ საჩემპიონთალიგო დაპირისპირებაში მარიო ბალოტელის გადამწვეტი როლის შესრულება შეუძლია.

„ატლეტიკო“ შესანიშნავი გუნდია, თუმცა მთელი სტადიონი „მილანს“ უქომაგებს. ყველას მოვუწოდებ, რომ ბალოტელი განსაკუთრებული წნეხის ქვეშ არ მოაქციონ. ვფიქრობ, მას შეუძლია, ჩვენი გუნდის სასარგებლოდ გადამწყვეტი როლის შესრულება“, – ინძაგის სიტყვები Tmw-მ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი „მილანსა“ და „ატლეტიკოს“ შორის 19 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და მას პორტუგალიელი არბიტრი პედრო პროენსა მოემსახურება.

ბექა დოგრაშვილი

„მილანმა“ „ბოლონია“ ბალოტელის ზღაპრული გოლით დაამარცხა

იტალიის სერია А-ს 24-ე ტური „მილანსა“ და „ბოლონიას“ შორის გამართული მატჩით გაიხსნა. შეხვედრა „როსონერის“ გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ეს ერთადერთი გოლი მასპინძელთა თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ 86-ე წუთზე გაიტანა. იტალიელ ფეხბურთელს ზღაპრული სილამაზის გოლი გამოუვიდა – შორი მანძილიდან ბურთი მეტოქე გუნდის კარის „ცხრიანში“ „დააჭედა“.

ამ გამარჯვების შემდეგ „მილანმა“ 32 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილის მე-10 ადგილზე გადაინაცვლა. „ბოლონია“, რომელსაც 21 ქულა აქვს, მე-16 პოზიციაზე გახლავთ.

იტალიის სერია А
24-ე ტური
„მილანი“ — „ბოლონია“ 1:0 (0:0)

გოლი: ბალოტელი 86′.
გაფრთხილებები: ძაკარდო 85′ — ნატალი 48′, პერესი 88′, ფრიბერგი 90+2′.

რობერტო კარლოსმა ზეედორფის პერსპექტივები შეაფასა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა რობერტო კარლოსმა „მილანის“ მთავარი მწვრთნელის, კლარენს ზეედორფის პერსპექტივები შეაფასა. ბრაზილიელის თქმით, ზეედორფისგან მშვენიერი სპეციალისტი დადგება.

„ეჭვიც არ მეპარება, რომ ზეედორფი გაიზრდება და მისგან შესანიშავი მწვრთნელი დადგება. მოედანზე ის ყოველთვის ლიდერი იყო, ფეხბურთს მიღმა მისგან ბევრ რამეს ვსწავლობდი.

კაკამ მითხრა, რომ კლარენსს ფეხბურთელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ეს მანამდეც ვიცოდი. ზეედორფს ყოველთვის შეეძლო, მის გარშემო კარგი ატმოსფერო შეექმნა, რაც არც მუშაობას უშლის ხელს და თან საქმეც იოლდება“, – კარლოსის სიტყვები იტალიურმა გამოცემა „ლა გაძეტა დელო სპორტმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

რონალდუ: „ვინ არის სერია A-ში ჩემი საყვარელი ფეხბურთელი?“

მადრიდის „რეალის“ ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ „მილანის“ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი შეაქო და თქვა, რომ იტალიელი ფეხბურთელი მოედანს მიღმა ჩადენილი ქცევების მიხედვით არ უნდა შეფასდეს.

„მარიოს პირადად არ ვიცნობ და არც მაინტერესებს, რას აკეთებს მოედნის მიღმა. მე მას ყოველთვის ვთვლიდი მაღალი დონის ფეხბურთელად. ის „მილანისა“ და იტალიის ნაკრების ღირსებას იცავს. ვთვლი, რომ ბალოტელი იმით უნდა შეფასდეს, თუ რას აკეთებს მოედანზე. ყველაფერი, რაც მის პირად ცხოვრებაში ხდება, არავის საქმე არ არის.

ვინ არის სერია A-ში მოთამაშე ჩემი საყვარელი ფეხბურთელი? სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვუყურებ იტალიურ ფეხბურთს“, – განაცხადა რონალდუმ „სქაი სპორტ იტალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ბექა დოგრაშვილი

„არსენალს“ ბალოტელის ინგლისში დაბრუნება სურს

„სპორტ მედიასეტის“ ცნობით, ლონდონის „არსენალმა“ ზაფხულის მთავარ სატრანსფერო მიზნად „მილანის“ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი დაისახა.

„მეთოფეები“ შეტევითი ხაზის გაძლიერებას გეგმავენ და ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად არსენ ვენგერი სწორედ 23 წლის ფეხბურთელს მოიაზრებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე სეზონის ბოლოს ლონდონელები უკვე დაიწყებენ იტალიურ მხარესთან მოლაპარაკებას.

შეგახსენებთ, რომ ბალოტელი „მილანში“ გასული წლის იანვარში „მანჩესტერ სიტიდან“ გადავიდა. მაშინ სტარანსფერო თანხამ 22 მილიონი ევრო შეადგინა. „როსონერის“ რიგებში ახალგაზრდა ფეხბურთელმა ერთად იტალიის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 24 გოლი და გააკეთა 5 საგოლე გადაცემა.

„მილანი“ საშინაო მარცხს გადაურჩა

იტალიის სერია A-ს XXII ტურის ეგიდით „მილანმა“ „ჯუზეპე მეაცაზე“ „ტორინო“ მიიღო და წაგებას გადაურჩა.

შეხვედრის მე-18 წუთზე ანგარიში ტურინელთა თავდამსხმელმა ჩირო იმობილემ გახსნა. „როსონერიმ“ გათანაბრება მეორე ტაიმის დასაწყისში მოახერხა, ლამაზი დარტყმით თავი მილანურ კლუბში ახლახანს იჯარის წესით გადმოსულმა ადილ რამიმ გამოიჩინა — 1:1.

ამრიგად, „მილანმა“, მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლარენს ზეედორფის დანიშვნის შემდეგ, პირველი ქულები დაკარგა.

„როსონერის“ აქტივში 29 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-9 ადგილი უკავია, თუმცა დღეს მისი უშუალო კონკურენტები თამაშობენ და შესაძლოა, დაქვეითდეს. „ტორინომ“ 33 ქულა დააგროვა და მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლა.

იტალიის სერია A
XXII ტური
„მილანი“–„ტორინო“ 1:1
გოლები: რამი 49′ – იმობილე 18′.
გაფრთხილებები: პაცინი 78′, ბონერა 81′ – ვივესი 74′, მაქსიმოვიჩი 76′.

ბექა დოგრაშვილი

„მილანს“ ზეედორფი ჩაიბარებს

ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი კლარენს ზეედორფი „მილანის“ მთავარი მწვრთნელი გახდება.

ამის შესახებ თავად ზეედოფმა დღეს, რიო-დე-ჟანეიროში მოწყობილ საგანგებო პრესკონფერენციაზე აღნიშნა. გარდა ამისა, ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა კარიერის დასრულების შესახებაც განაცხადა.

„მინდა განვაცხადო, რომ მოედანზე გატარებული 22-წლიანი პერიოდის შემდეგ კარიერას ვასრულებ. ეს ძალიან მძიმე დღეა, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, რასაც მივაღწიე. „ბოტაფოგოში“ ყველას მადლობას ვუხდი. ეს გამოცდილება „მილანში“ მუშაობის პერიოდში დამეხმარება. გუშინ იტალიური კლუბის პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ დამირეკა და უარის თქმა ვერ გავბედე. ბედნიერი ვარ, რომ „მილანში“ ვბუნდები“, – ზეედორფის სიტყვები „ლა გაძეტა დელო სპორტმა“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ზეედორფი მასიმილიანო ალეგრის ჩაანაცვლებს, რომელიც დაკავებული თანამდებობიდან დაუკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.

ზეედორფი „მილანის“ ღირსებას 2002-დან 2012 წლამდე იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში ის გახდა იტალიის ჩემპიონი (2001, 2011), ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (2003, 2007), იტალიის თასის მფლობელი (2003) და იტალიის სუპერთასის მესაკუთრე (2004, 2011).

შეგახსენებთ, რომ „მილანს“ იტალიის სერია А-ს მიმდინარე გათამაშებაში 22 ქულით სატურნირო ცხრილის მე-11 პოზიცია უკავია.

ბექა დოგრაშვილი

ბალოტელი „გალათასარაიში“?

„მედიასეტის“ ცნობით, „მილანის“ თავდამსხმელ მარიო ბალოტელის აგენტი მინო რაიოლა „გალათასარაის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

თურქული კლუბი იტალიელი ფეხბურთელის ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავს. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მილანმა“ შესაძლოა, ბალოტელი 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათმოს. მოგვიანებით იტალიური კლუბის ხელმძღვანელობამ ეს ინფორმაცია უარყო, თუმცა 23 წლის ფორვარდის შესაძლო ტრანსფერის შესახებ სპეკულაციები არ წყდება.

შეგახსენებთ, რომ ბალოტელიმ იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. 17 ტურის შემდეგ „მილანს“ სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიცია აქვს დაკავებული. რაც შეეხება „თურქ ლომებს“, „გალათასარაი“ თურქეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა.

ბექა დოგრაშვილი