ელ შაარავი ათ კვირას გამოტოვებს

„მილანისა“ და იტალიის ნაკრების თავდამსხმელმა სტეფან ელ შაარავიმ დღეს მარჯვენა ფეხის ოპერაცია გაიკეთა. უცხოური პრესის ცნობით, ფეხბურთელის აღდგენით პროცესს ათი კვირა დასჭირდება.

ამრიგად, 21 წლის ფეხბურთელი მოედანზე გასვლას 2014 წლის მარტის შუა რიცხვებამდე ვერ შეძლებს. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა თავდამსხმელმა რამდენიმე თვე ძვლის მოტეხილობის გამო უკვე გამოტოვა.

მიმდინარე სეზონში ელ შაარავიმ იტალიის სერია A-ს მხოლოდ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ბექა დოგრაშვილი

ერიკ თოჰირი: „მილანურ დერბის ცოცხლად პირველად ვუყურებ“

იტალიის სერია А-ს მე-17 ტურის ცენტრალური მატჩი „ჯუზეპე მეაცაზე“ შედგება, სადაც „ინტერი“ თანაქალაქელ „მილანს“ მიიღებს. „ნერიაძურის“ ახალმა მფლობელმა ერიკ თოჰირმა იმედი გამოთქვა, რომ საინტერესო მატჩი გამოვა. მისი თქმით, დერბის სტადიონიდან მიადევნებს თვალყურს და არა – ტელევიზიის საშუალებით.

„გუნდის შედეგებზე არ ვღელავ, რადგან სამწვრთნელო შტაბს და ფეხბურთელებს ვენდობი. „მილანთან“ მატჩი გველის. არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ საინტერესო შეხვედრას ველი. ტელევიზიის საშუალებით არაერთხელ მიმიდევნებია მილანური დერბისთვის თვალყური. ამ მატჩს ცოცხლად პირველად ვუყურებ. იმედი მაქვს, შეხვედრას „ინტერი“ მოიგებს, თუმცა ეს ადვილი არ იქნება“, – თოჰირის სიტყვები Football Italia-მ გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, მატჩი „ინტერსა“ და „მილანს“ შორის კვირას, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. როგორც მოგეხსენებათ, „ნერიაძურის“ ქომაგებმა „ნაპოლის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში ნეაპოლელთა მიმართ გამოვლენილი აგრესიის გამო დისკვალიფიკაცია მიიღეს. მათ მილანურ დერბიში დასწრების უფლება არ ექნებათ, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს. საბოლოო განაჩენს ფედერალური სასამართლო დღეს გამოიტანს.

ბექა დოგრაშვილი

ბარბარა ბერლუსკონი „მილანის“ ვიცე-პრეზიდენტი გახდა

„მილანის“ დირექტორთა საბჭომ კლუბის მართვის ახალი სტრუქტურა ოფიციალურად დაამტკიცა.

ბარბარა ბერლუსკონი „მილანის“ ვიცე-პრეზიდენტი გახდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადრიანო გალიანი ჩამოაქვეითეს. ეს უკანასკნელი თავის პოსტზე რჩება, ქალბატონი ბერლუსკონი კლუბის მეორე ვიცე-პრეზიდენტი იქნება. მის მოვალეობაში შევა ყველაფერი, რაც არ მოიცავს სპორტულ და ტექნიკურ საკითხებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ გალიანისა და ბარბარა ბერლუსკონის შორის კონფლიქტი იყო, რის გამოც ადრიანოს დაკავებული პოსტის დატოვება ჰქონდა განზრახული, თუმცა „მილანის“ პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონისთან შეხვედრის შემდეგ გადაიფიქრა. სამაგიეროდ, კლუბის მართვის სტრუქტურის შეცვლა გადაწყდა.

ბექა დოგრაშვილი

რონალდო: “ბალოტელის შეუძლია, მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებს ულიდეროს”

ლეგენდარული ბრაზილიელი თავდამსხმელი, რონალდო აცხადებს, რომ იტალიის ნაკრების მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია, ხოლო “მილანის” ფეხბურთელ მარიო ბალოტელის ჩეზარე პრანდელის გუნდის ლიდერობა შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის “ბარსელონას”, “რეალისა” და “მილანის” ყოფილი ფეხბურთელი დღეს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს.

“იტალიის ნაკრები, ტრადიციულად, ძლიერი გუნდია, ამიტომ ჩეზარე პრანდელის შეგირდები ერთ-ერთი ფავორიტები არიან. რაც შეეხება ბალოტელის, მარიოს შეუძლია მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდს ულიდეროს”, – ამბობს რონალდო.

გალიანი: „ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა, სიურპრიზები შემოგთავაზოთ“

„მილანის“ გენერალურმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ „როსონერის“ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.

„სატრანსფერო ბაზარი ძალიან საინტერესოა, რთულია რაიმეს დაზუსტებით თქმა. დღეისათვის, შემიძლია, გითხრათ, რომ ერთი ტრანსფერი ნამდვილად შედგება, ხოლო მეორეზე, რუსული კლუბისადმი პატივისცემის გამო იგივეს ვერ ვიტყვი. გარდა ამისა, შესაძლოა, რამდენიმე მოთამაშე გავცვალოთ და ყველაფერთან ერთად, გულშემატკივრებს სიურპრიზი შევთავაზოთ“, – განაცხადა გალიანიმ.

ალექსანდრე მატევოსოვი

გატუზო: „ბარბარა ბერლუსკონი? ქალების ადგილი ფეხბურთში არ არის“

„მილანის“ ექს-მოთამაშემ და ამჟამად დამწყებმა მწვრთვნელმა ჯენარო გატუზომ „როსონერიში“ ბოლო დროს შქმნილი სიტუაცია შეაფასა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას გადაწყდა, რომ კლუბის გენერალური პრეზიდენტის ფუნქციებს ადრიანო გალიანისთან ერთად, სილვიო ბერლუსკონის ქალიშვილი ბარბარაც შეასრულებს, რის გამოც გალიანი „მილანელოდან“ წასვლასაც კი აპირებდა.

„კლუბში შექმნილი ვითარება? ვფიქრობ, ადრიანო გალიანი მეტ პატივისცემას იმსახურებს, რადგან წლების განმავლობაში იგი არამხოლოდ მუშაობდა, არამედ შესანიშნავ შედეგს აღწევდა“, – განაცხადა რინომ.

„ამ საკითხზე ბევრი საუბარი არ მსურს, თუმცა, ჩემი აზრით, ქალის ადგილი ფეხბურთში არ არის“, – დაასრულა მილანური კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მიკა რიჩარდსი, შესაძლოა, „მილანში“ ვიხილოთ

ევროპულმა პრესამ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, „მანჩესტერ სიტის“ მცველი მიკა რიჩარდსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა, სხვა კლუბში გადავიდეს.

ერთ-ერთ კლუბად, რომელსაც „ქალაქელთა“ მცველის გადაბირების შანსები აქვს „მილანი“ სახელდება. მოგეხსენებათ, „შავ-წითლებს“ დაცვის ხაზში პრობლემები აქვთ, შესაბამისად, გამორიცხული არ არის მათ რიჩარდსთან კონტრაქტი გააფორმონ.

25 წლის მცველის ტრანსფერის ალბათობაც ისიც ზრდის, რომ მანჩესტერული კლუბის შემადგენლობაში მას თამაში არც თუ ისე ხშირად უწევს, რის გამოც მას მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრების ნაკლები შანსი აქვს.

ალექსანდრე მატევოსოვი

რონალდინიო: “ჩემი მიზანი ისაა, რომ ყოველთვის საუკეთესო ფორმაში ვიყო”

2013 წლის, 25 ივლისს, ბრაზილიურმა “ატლეტიკო მინეირომ” ლიბერტადორესის თასის ფინალში პარაგვაული “ოლიმპია” დაამარცხა და სამხრეთ ამერიკის საუკეთესო კლუბის წოდება მოიპოვა.

ბრაზილიური გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი გამოცდილმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ დაიდო. სამწუხაროდ, გაუჩომ 27 სექტემბერს მძიმე ტრავმა მიიღო. თავდაპირველი პროგნოზის მიხედვით, “ბარსელონასა” და “მილანის” ყოფილ მოთამაშეს სამი თვე უნდა გასცდენოდა. შესაბამისად, ის დეკემბერში, ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებდა. თუმცა, არსებობს იმის შანსი, რომ ყველასათვის გამორჩეულმა ფეხბურთელმა და ადამიანმა დეკემბერში თამაში შეძლოს.

FIFA.com-მა რონალდინიოს ინტერვიუ ჩამოართვა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.

– მას შემდეგ, რაც “ატლეტიკო მინეიროში” გადახვედით, ძირითადად, ცენტრიდან, შემტევ ნახევარმცველად თამაშობთ. ადრე კი, მარცხენა თავდამსხმელად გიყენებდნენ. რა შეიცვალა თქვენს თამაშში?
– როდესაც პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დავიწყე, მაშინ სწორედ ცენტრიდან ვუტევდი. შემდეგ, “პარი სენ-ჟერმენში” გადავედი, სადაც მარცხენა თავდამსხმელად მიყენებდნენ, ასე ხდებოდა “ბარსელონაშიც”. საბოლოოდ, როცა “ატლეტიკო მინეიროში” მოვედი, მწვრთნელმა მკითხრა, რომელ პოზიციაზე მოვიაზრებდი ჩემს თავს. მე კი ვუპასუხე, რომ ყველაზე მეტად გუნდისათვის სარგებელის მოტანა შემტევი ნახევარმცველის პოზიციიდან შემეძლო. მიყვარს, როდესაც მთავარი შემქმნელი მე ვარ.

– “ატლეტიკო მინეირომ” ლიბერტადორესის თასის მოგება მოახერხა. არის თუ არა ეს გუნდის მთავარი მწვრთნელის, კუკას დამსახურება?
– რა თქმა უნდა. კუკა ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებს. მან ყველაფერი კარგად დაგეგმა, ხოლო ჩვენ ისე ვითამაშეთ, როგორც საჭირო იყო.

– დაგეხმარებათ თუ არა ევროპულ ფეხბურთში მიღებული გამოცდილება იმაში, რომ მაროკოში ჩასატარებელ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გუნდს დიდი დახმარება გაუწიოთ?
– ამ თემაზე ხშირად ვსაუბრობ. ჩემს გარდა, გუნდში სხვა გამოცდილი ფეხბურთელებიც არიან. მაგალითად: ჟოზუე, ჟო, ჯილბერტო სილვა. მათ ინგლისისა და გერმანიის ჩემპიონატებში უთამაშიათ. ყველა ქვეყანაში განსხვავებული სათამაშო სტილია ჩამოყალიბებული, ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი გამოცდილება გუნდს აუცილებლად წაადგება.

– გვარდიოლას კარგად იცნობთ. როგორ ფიქრობთ, მან “ბაიერნის” სათამაშო სტილი შეცვალა?
– სიამრთლე გითხრათ, დიდი ანალიზი არ გამიკეთებია, მაგრამ ვფიქრობ, რომ “ბაიერნის” სტილში რაღაც ცვლილებები შეინიშნება. ნათელია, რომ გვარდიოლას მისვლის შემდეგ, მიუნხენელები ბურთის ფლობაზე უფრო მეტ აქცენტს აკეთებენ და მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს სივრცეებს არ უტოვებენ.

– როდესაც “ბარსელონაში” თამაშობდით, მაშინ გვარდიოლა “ბარსელონა B-ს” თავკაცობდა. გეგონათ, რომ გვარდიოლა ასეთი წარმატებული მწვრთნელი იქნებოდა?
– დიახ, მეგონა. “ბარსელონას” იდეოლოგია ასეთი იყო: ყველა ასაკობრივ გუნდს პირველი გუნდის მსგავსად უნდა ეთამაშა. როდესაც ფეხბურთელი წამოიზრდებოდა, ის პირველ გუნდში სათამაშოდ მზად იყო. ასეთი სიტუაცია იყო მწვრთნელთან დაკავშირებითაც.

– “ატლეტიკო მინეიროში” გადმოსვლის შემდეგ, ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში თამაშის შანსი მოგეცათ…
– ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებამ ძალიან გამახარა. მე და ლუიშ ფელიპე სკოლარის ერთმანეთთან მშვენიერი ურთიერთობა გვაკავშირებს. ის ძალიან პირდაპირი ადამიანია. ვიცი, რომ კიდევ არსებობს ჩემი ნაკრებში დაბრუნების შანსი. სკოლარი დიდებული მწვრთნელია, ამიტომ ის სიტუაციას ყველაზე კარგად შეაფასებს.

– როგორც უკვე ავღნიშნეთ, კლუბში ცენტრიდან უტევთ. ხედავთ თუ არა თქვენს თავს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში?
– ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. მე ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შემიძლია.

– ფიქრობთ თუ არა იმაზე, რომ 2014 წლის მუნდიალზე მოხვდეთ?
– რა თქმა უნდა. ჩემი მიზანი ისაა, რომ ყოველთვის საუკეთესო ფორმაში ვიყო. დანარჩენი კი, მწვრთნელის გადასაწყვეტია.

დიტო ჭიჭინაძე

კაკა: „მიხარია, რომ გუნდს ვეხმარები“

„მილანის“ ნახევარმცველმა რიკარდო კაკამ იტალიის სერია ა-ს მე-14 ტურის მატჩში „კატანიას“ კარში გატანილი გოლის შესახებ ისაუბრა.

„ამ გოლით კმაყოფილი ვარ. სინამდვილეში ელ შაარავის ან ბალოტელის ჩართვას ველოდებოდი, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ იქ არავინ იყო, თვითონ დავარტყი. შედეგად, 99-ე გოლი გავიტანე. მიხარია, რომ რეგულარულად თამაშისა და გუნდის დახმარების საშუალება მაქვს. „კატანიასთან“ მოგებული მატჩი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა ბრაზილიელმა შემტევმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ალეგრი: “მილანს” “კატანიასთან” მოგება ესაჭიროებოდა”

იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი აცხადებს, რომ “როსონერის” “კატანიასთან” გამარჯვება ესაჭიროებოდა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ში ჩატარებულ ბოლო ხუთ შეხვედრაში, “შავ-წითლებს” გამარჯვება მოპოვებული არ ჰქონდათ, ხოლო 1 დეკემბერს, მათ “კატანიასთან” სტუმრად ანგარიშით 1:3 იმარჯვეს.

“სამწუხაროდ, პირველი გოლი ჩვენ გავუშვით, მაგრამ კარგად ვითამაშეთ და დამსახურებული სამი ქულა მოვიპოვეთ. “მილანს” “კატანიას” წინააღმდეგ გამარჯვება აუცილებლად ჭირდებოდა”, – ამბობს ალეგრი.

ბალოტელის რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს?

ავტორიტეტულმა იტალიელმა ჟურნალისტმა ტანკრედი პალმერიმ თავის მიკრობლოგზე დაწერა, რომ იტალიის სერია A-ს XIV ტურში გამართულ შეხვედრაში „კატანიას“ მცველმა ნიკოლას სპოლიმ „მილანის“ თავდამსხმელ მარიო ბალოტელის რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა.

პალმერის თქმით, იტალიის ნაკრების ფორვარდმა განაცხადა, რომ არგენტინელმა მცველმა მას „ბინძური ნეგრი“ უწოდა.

თუ სპოლის დანაშაული დაუმტკიცდება, მას ჯარიმა და ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ელის.

შეგახსენებთ, რომ „კატანიასა“ და „მილანს“ შორის გამართული მატჩი „როსონერის“ გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. მე-13 წუთიდან „კატანია“ კასტროს მიერ გატანილი გოლით იგებდა. ექვს წუთში რიკარდო მონტოლივომ გაათანაბრა. 63-ე წუთზე ლომბარდიული კლუბი ბალოტელიმ დააწინაურა. საბოლოო შედეგი კი, კაკამ 81-ე წუთზე დააფიქსირა.

ბექა დოგრაშვილი

ადრიანო გალიანი „მილანს“ ტოვებს

„მილანის“ ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ 27-წლიანი მუშაობის შემდეგ კლუბს ტოვებს.

„თაობათა ცვლა სწორი მიდგომაა, თუმცა არა ამ გზით. ეს გაცილებით ელეგანტურად უნდა ვაკეთოთ“, – აღნიშნა გალიანიმ „სქაი სპორტ 24“-ის ეთერში.

„არავითარ შემთხვევაში არ დავრჩები პოსტზე და ამ გადაწყვეტლებას თავისი მიზეზები აქვს. ჩემმა რეპუტაციამ სერიოზული დარტყმა მიიღო და აქ იმისთვის არ დავრჩები, რომ ნელ ცეცხლში დავიწვა“, – განაცხადა გალიანიმ, რომელიც თანამდებობას 11 დეკემბერს, ამსტერდამის „აიაქსის“ წინააღმდეგ გასამართი მატჩის შემდეგ დატოვებს.

შეგახსენებთ, მანამდე „მილანის“ პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონის ქალიშვილმა ბარბარა ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ გუნდს ახალი ფილოსოფია სჭირდება. თუმცა, მას საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით სხვა რაიმე მინიშნება არ გაუკეთებია. ამის მიუხედავად, იტალიაში თვლიან, რომ გალიანის გადაწყვტილების მიზეზი მასსა და ბარბარა ბერლუსკონის შორის გაჩაღებული კონფლიქტია.

 

ბექა დოგრაშვილი