იტალიის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე “ნაპოლისა” და მილანის “ინტერს” შორის გამართულ მატჩში (0:2) ინციდენტი მოხდა. როგორც “ნერიაძურის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი ამბობს, ნეაპოლიტანელთა თავკაცმა მაურიციო სარიმ შეხვედრის მიმდინარეობისას მას შეურაცხყოფა მიაყენა. საქმე კინაღამ ჩხუბამდე მივიდა. საბოლოო ჯამში კი, მანჩინი გააძევეს. მატჩის შემდეგ მანჩინიმ სარი რასიზმსა და ჰომოფობიაში დაადანაშაულა. “ინტერის” დამრიგებელს მოგვიანებით სარიმ უპასუხა.
“მოედანზე ასეთი ინციდენტები ხდება ხოლმე. მასწავლეს, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ მწვრთნელებმა ერთმანეთს ხელი უნდა ჩამოართვან. სტრესის გამო შესაძლოა, ნებისმიერი რამ მოხდეს, თუმც გასახდელში მანჩინის ბოდიში მოვუხადე და ეს ამბავი იქვე უნდა დასრულებულიყო.
ახლა ჰომოფობიასა და სხვა მიუღებელ გამოვლინებებში მადანაშაულებენ. უბრალოდ ენაზე ეს სიტყვა მომადგა და იმიტომაც ვთქვი. მომდევნო ჯერზე მანჩინის დემოკრატად მოვიხსენიებ. გეი მეგობრებიც მყავს, ასე რომ ჰომოფობი არ ვარ. დამსჯიან თუ არა დისკვალიფიკაციით? რატომ უნდა დამსაჯონ? ეს ჩვეულებრივი შეურაცხყოფაა. მანჩინიმ ბებერი არამზადა მიწოდა. გამოდის, რომ იგი მოხუცების მიმართ არის რასისტი? მე მას ბოდიში მოვუხადე, თუმც სინამდვილეში არც მახსოვს, რა ვუწოდე. შესაძლოა, ჩემი მხრიდან ჰომოფობიური გამოვლინება მართლაც იყო, მაგრამ იმ წუთებში აღშფოთებული ვიყავი და ყურადღებას არ ვაქცევდი, რას ვამბობდი. მანჩინის წინააღმდეგი არაფერი მაქვს. ასეთი ფაქტები სპორტში ხდება. არ ვიცი, ასე რატომ ეწყინა.
ვაღიარებ, რომ არასწორად მოვიქეცი, თუმცა სტადიონზე უარესებიც გამიგონია. თუ ეს სიტყვა მართლაც გამოვიყენე, ლგბტ საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი”, – მაურიციო სარის კომენტარი Football Italia-მ გამოაქვეყნა.
ამ ინციდენტის გამო “ნაპოლის” მთავარ მწვრთნელს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.