სერჟ ორიე „პსჟ“-ში გაანათხოვრეს

როგორც მოსალოდნელი იყო, „ტულუზას“ კოტ დივუარელი მცველი სერჟ ორიე იჯარის წესით „პარი სენ-ჟერმენში“ გაანათხოვრეს.

ფრანგული პრესის ცნობით, მომავალში პარიზელებს 10 მილიონ ევროდ 21 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნებათ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომდევნო ზაფხულს ორიე „პარი სენ-ჟერმენთან“ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

სერჟ ორიე მარჯვენა ფლანგის მცველის პოზიციაზე თამაშობს. 2013/14 წლების სეზონში მან საფრანგეთის ჩემპიონატში 34 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

კოტ დივუარელი მცველი „პარი სენ-ჟერმენში“ 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

 

დი მარია „პსჟ“-ს უახლოვდება

ფრანგული პრესის ცნობით, მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ანხელ დი მარია შესაძლოა უახლოეს პერიოდში „პარი სენ-ჟერმენში“ ვიხილოთ.

L’Equipe-ის ცნობით, არგენტინელ ფეხბურთელს პარიზულ კლუბში ჯამაგირის სახით რვა მილიონ ევროს მისცემენ. ცნობისთვის, „რეალში“ ის ხუთ მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

„სამეფო კლუბი“ მზად არის, დი მარია არანაკლებ 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათმოს. ამასთან, პარიზელები მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ გარიგებაში კიდევ ერთი ფეხბურთელი ჩართონ.

შეგახსენებთ, რომ დი მარიამ „რეალის“ ფორმით გასულ სეზონში 52 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

ალექსი: „მინდა, „მილანი“ ჩემპიონთა ლიგაზე დავაბრუნო“

ბრაზილიელმა მცველმა ალექსმა „მილანში“ გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ყველაფერი მშვენიერია. მინდა, რომ კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე დავაბრუნო. ერთი სული მაქვს, როდის გავალ „მილანის“ ფორმით მოედანზე. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და ტიაგო სილვამ ამ კლუბზე ბევრი კარგი რამ მითხრეს. „მილანი“ ბევრ ასპექტში ნომერ პირველი კლუბია.

გადმოვა თუ არა ჟერემი მენეზი? მასთან არ მისაუბრია, თუმცა ვიცი, რომ „მილანი“ მის მიმართ ინტერესს იჩენს. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად ჩაივლის“, – ალექსის სიტყვებს Goal.com-ი აქვეყნებს.

ბექა დოგრაშვილი

ალექსი „მილანში“ გადავიდა

ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ მცველი ალექსი „მილანში“ გადავიდა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა იტალიურ კლუბში დღეს სამედიცინო შემოწმება გაიარა და ორწლიან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი.

ალექსი პარიზული კლუბის ღირსებას 2012 წლის იანვრიდან 2014 წლის ივნისამდე იცავდა. ამ დროის განმავლობაში მან საფრანგეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო. 17 ივნისს ფეხბურთელს 32 წელი შეუსრულდება.

 

მენეზი ადრიანო გალიანის და ფილიპო ინძაგის შეხვდა

„ფრანს ფუტბოლის“ ცნობით, „პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი ჟერემი მენეზი საკუთარ აგენტთან ერთად იბიცას ერთ-ერთ რესტორანში „მილანის“ ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანისა და „როსონერის“ შესაძლო მომავალ მთავარ მწვრთნელ ფილიპო ინძაგის შეხვდა.

საუბრისას იტალიურმა მხარემ  ფრანგი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი გამოხატა. წყაროს თანახმად, მენეზი „მილანის“ შემოთავაზებით მოიხიბლა და ლომბარდიაში გადასასვლელადაც დაიწყო მზადება. მოგეხსენებათ, მისთვის იტალია უცხო არ არის, 2008–2011 წლებში „რომას“ ღირსებას იცავდა.

„როსონერის“ გარდა, 27 წლის ნახევარმცველის მიმართ ინტერესს ტურინის „იუვენტუსი“, მადრიდის „ატლეტიკო“, „მონაკო“, „რომა“ და „ვალენსია“ იჩენენ.

შეგახსენებთ, რომ ჟერემი მენეზს „პარი სენ-ჟერმენთან“ მოქმედი კონტრაქტი ამა წლის 30 ივნისს ეწურება. შესაბამისად, ის ახალ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

ბექა დოგრაშვილი

კავანის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა არ უნდა

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელ ედინსონ კავანის დამდეგ სატრანსფერო პერიოდში „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა არ სურს. „წითელ ეშმაკებს“ უკვე დიდი ხანია, ურუგვაელი ფეხბურთელის დამატების სურვილი აქვთ, თუმცა თავად კავანის არ უნდა იმ გუნდში თამაში, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩა.

სათქმელია ისიც, რომ ურუგვაელი ფორვარდი პარიზულ კლუბში მისი ამჟამინდელი მდგომარეობით მთლად კმაყოფილი არ არის, თუმცა „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მან გუნდში დარჩენა გადაწყვიტა.

 

ბრიტანელი მინისტრი უეფას: „პსჟ“-ს ჩემპიონთა ლიგიდან გარიცხვაზე დაფიქრდით“

დიდი ბრიტანეთის შრომისა და პენსიების მინისტრმა მაიკ პენინგმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის აწ უკვე დასრულებული გათამაშების მეოთხედფინალურ ეტაპზე, „პარი სენ-ჟერმენსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის გამართულ შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის გამო უეფამ ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირიდან პარიზული კლუბის გარიცხვის შესაძლებლობა უნდა განიხილოს.

მატჩს ლონდონიდან ჩასული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები დაესწრნენ. ბრიტანელთა თქმით, მათ პარიზელმა გულშემატკივრებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. სწორედ ამან გამოიწვია პენინგის აღშფოთება.

„კლუბის დაჯარიმებას აზრი არ აქვს, რადგან ეს ვერაფერს ვერ შეცვლის. ვფიქრობ, ღირს, რომ უეფამ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ მონაწილეობის მიზანშეწონილობა განიხილოს“, – განაცხადა მინისტრმა.

მატჩზე დამსწრე ერთ-ერთი ქომაგი ლიზი ჰეიდენი ამბობს, რომ მისი და „ჩელსის“ სხვა გულშემატკივრების მიმართულებით მონეტებს, საღეჭ რეზინებს, ბოთლებსა და სხვა საგნებს ისროდნენ.

„სახიფათო სიტუაცია შეიქმნა. ვგრძნობდი, რომ შანსი არ გვქონდა, რომელიმე ჩვენგანი სერიოზულ დაზიანებას მიიღებდა. თავი ჯოჯოხეთში მეგონა. მდგომარეობის გაკონტროლება არ შემეძლო. ჩვენ ათნი ვიყავით, ისინი კი – ათასობით. მეგონა, რომ მათ ვერ გამოვაღწევდით. მატჩის ბოლოს პანიკაში ჩავვარდი“, – აღნიშნა ჰეიდენმა.

ბექა დოგრაშვილი

ოფიციალურად: დავიდ ლუისი „პსჟ“-ში ითამაშებს

დავიდ ლუისი „პარი სენ-ჟერმენში“ ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას  ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.

27 წლის მცველს სურდა, რომ საკუთარი მომავალი მაქსიმალურად სწრაფად გაერკვია, რათა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში საკლუბო კარიერაზე ფიქრს ხელი არ შეეშალა. პარასკევს დავიდ ლუისმა „პარი სენ-ჟერმენში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბის ხელმძღვანელობასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

ფრანგული პრესის ცნობით, დავიდ ლუისმა პარიზულ კლუბთან კონტრაქტი „4+1″ სქემით გააფორმა. ტრანსფერის ღირებულება არ ხმაურდება, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაიხადეს.

ამრიგად, თუ უეფა „პარი სენ-ჟერმენს“ ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევისთვის სანქციას არ შეუმსუბუქებს, დავიდ ლუისი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში პარიზელთა ერთადერთი შენაძენი იქნება.

ბექა დოგრაშვილი

„პსჟ“-ის პრეზიდენტი: „ვერავინ ვერ შეგვაჩერებს. ვისი ყიდვაც მოგვინდება, ვიყიდით“

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ განაცხადა, რომ ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევისთვის უეფას მიერ გატარებული სანქცია კლუბის სტრატეგიაზე დიდ გავლენას ვერ იქონიებს.

„ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ იმ ფეხბურთელების შეძენას, რომელთა ჩვენს კლუბში ხილვაც მოგვესურვება. უკვე შევკრიბეთ შესანიშნავი გუნდი. ვნახოთ, კიდევ რა გზით შეგვიძლია გაძლიერება.

ვერავინ ვერ შეგვაჩერებს. ვისი ყიდვაც მოგვინდება, ვიყიდით. როგორ? ეს ჩვენი საქმეა“, – ალ-ხელაიფის სიტყვები „მარკამ“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ უეფამ „პარი სენ-ჟერმენი“ და „მანჩესტერ სიტი“ ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევითვის 60 მილიონი ევროთი დააჯარიმა და საჩემპიონთალიგო განაცხადი 25-დან 21 მოთამაშემდე შეუმცირა.

ბექა დოგრაშვილი

ბლანმა ოსკარისა და დავიდ ლუისის მიმართ ინტერესი დაადასტურა

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა დაადასტურა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პარიზული კლუბი ლონდონის „ჩელსის“ ბრაზილიელი ფეხბურთელებით – ოსკარითა და დავიდ ლუისით არის დაინტერესებული.

„ბედნიერი ვარ, რომ ამ ამბიციური პროექტის გზას ვაგრძელებ. ძალიან სასიხარულოა, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა მენდობა. საკითხებს რეალურად უნდა შევხედოთ: სამწუხაროა, როდესაც ხელში კოზირი გიჭირავს, მაგრამ ჩანაფიქრის განხორციელებას ვერ ახერხებ (ფინანსური ფეარ-პლეის გამო).

ამის მიუხედავად, გვაქვს შესაძლებლობა, რომ მომავალი სეზონისთვის კარგად მოვემზადოთ. მხოლოდ რამდენიმე პოზიციის გაძლიერება არის აუცილებელი. ოსკარი და დავიდ ლუისი ძალიან კარგი მოთამაშეები არიან. ისინი „პარი სენ-ჟერმენის“ ინტერესის სფეროში შედიან“, – ბლანის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

 

რანიერი: „მონაკო“ საფრანგეთის სრულფასოვანი ჩემპიონია“

„მონაკოს“ მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი მიიჩნევს, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ჩემპიონი უსამართლოდ გახდა. ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა არგუმენტად უეფას განცხადება მოიშველია, რომელშიც ნათქვამია, რომ პარიზული კლუბი ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევით მოქმედებდა.

„ვფიქრობ, რომ ყველა უფლება უნდა გაკონტროლდეს. უეფამ მკაფიოდ განაცხადა, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონატი ყოველგვარი ფინანსური ფეარ-პლეის დაცვის გარეშე მოიგო. ასე რომ, „მონაკო“ სრულფასოვანი ჩემპიონია, რადგან ჩვენ სეზონის დაწყებიდან სამართლიანად ვმოქმდებდით.

რაც შეეხება ჩემს მომავალს, მომდევნო კვირა შესაძლოა გადამწვეტი გამოდგეს. „მონაკოში“ მშვენიერი ორი სეზონი გავატარე. მოთამაშეებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ჩემი შესაძლო გათავისუფლების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ფეხბურთელებმაც იციან. ისინიც კითხულობენ გაზეთებს. პირველი მე ვიქნები, ვინც ოფიციალური გადაწყვეტილების შემდეგ ინფორმაციას დაადასტურებს“, – რანიერის სიტყვები „კალჩო ნიუს 24“-მა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ზლატანი საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებს

ცნობილი გახდა საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის მებრძოლ მოთამაშეთა ვინაობა.

ტიტულის მოსაპოვებლად „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელები ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ტიაგო სილვა და ტიაგო მოტა, აგრეთვე „მონაკოს“ მოთამაშე ხამეს როდრიგესი იბრძოლებენ.

სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდებაზე წარდგენილნი არიან: ლაივენ კურზავა („მონაკო“), ხამეს როდრიგესი („მონაკო“), მარკო ვერატი („პსჟ“), სერჟ ორიე („ტულუზა“);

სეზონის საუკეთესო მეკარის წოდებაზე წარდგენილნი არიან: ვინსენტ ენიეამა („ლილი“), სტეფან რუფიე („სენტ-ეტიენი“), სტივ მანდანდა („მარსელი“), სალვატორე სირიგუ („პსჟ“);

სეზონის საუკეთესო მწვრთნელის წოდებაზე წარდგენილნი არიან: ლორან ბლანი („პსჟ“), კლაუდიო რანიერი („მონაკო“), რამი გარდი („ლიონი“), რენე ჟირარი („ლილი“).

გამარჯვებულებს 11 მაისს დაასახელებენ.

ბექა დოგრაშვილი