ზლატანის სპეციალური ვიდეოკლიპი — ბრძოლა შიმშილის წინააღმდეგ (ვიდეო, ფოტოები)

“პარი სენ-ჟერმენის” შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მსოფლიო სასურსათო პროგრამაში ჩაერთო და სპეციალურ ვიდეოკლიპში შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში მისი მონაწილეობის შესახებ ისაუბრა.

საფრანგეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში “კანის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (2:2) ზლატანმა გატანილი გოლის შემდეგ მაისური გაიხადა და საზოგადოებას ახალი ტატუ უჩვენა. ამისთვის მთავარმა არბიტრმა ფეხბურთელს ყვითელი ბარათი მისცა, თუმცა შვედმა თავდამსხმელმა მოგვიანებით განმარტა, რომ სხვეულზე იმ 50 უცხო ადამიანის გვარი ამოისვირინგა, რომელთაც შიმშილთან ბრძოლა უწევთ.

“რომ შემეძლოს, ყველას გვარს გამოვისახავდი, დღესდღეობით შიმშილის წინააღმდეგ 805 მილიონი ადამიანი იბრძვის. მათ შორის ბევრი ბავშვია. ისინი ომებს, სტიქიურ უბედურებებსა და უკიდურეს სიღარიბეს განიცდიან. მე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მყავს მხარდამჭერები. დღეიდან მინდა, რომ ეს მხარდაჭერა იმ ადამიანებმა იგრძნონ, რომლებსაც ეს მართლაც სჭირდებათ. ასე რომ, როდესაც ჩემს სახელს გაიგონებთ, მათზე იფიქრებთ. როდესაც მე დამინახავთ, იმათ დაინახავთ”, – ამბობს ვიდეოკლიპში იბრაჰიმოვიჩი.

Zlatan Ibrahimovic1Zlatan Ibrahimovic2

დანი ალვესი კარიერას პარიზში გააგრძელებს

კატალონიური გამოცემა “მუნდო დეპორტივო” იუწყება, რომ “ბარსელონას” მცველი დანიელ ალვესი ზაფხულში კარიერას “პარი სენ-ჟერმენში” გააგრძელებს.

31 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს “ბლაუგრანასთან” მოქმედი კონტრაქტის ვადა მიმდინარე წლის ივნისში ეწურება, შესაბამისად – ის პარიზულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დანი ალვესის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედიც” იჩენდა.

ალვესმა მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” ფორმით 26 მატჩი ჩაატარა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

ზლატანი: “იქნებ ეიფელის კოშკი იბრაჰიმოვიჩის ქანდაკებით შევცვალოთ”

პარიზში მდებარე გრევენის მუზეუმში “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ცვილის ფიგურა დადგეს. შვედმა ფეხბურთელმა აღნიშნული ფაქტის შესახებ კომენტრი გააკეთა.

“როდესაც შენ პატივსაცემად გრევენის მუზეუმში ქანდაკებას დგამენ, საოცარი გრძნობა გეუფლება. ჩემი ფიგურა ძალზედ ფოკუსირებული იცქირება. ზუსტად ისე იყურება, როგორც – მე მოედანზე ყოფნისას. ამ ფანტასტიური ნაშრომის მადლიერი ვარ. ვამაყობ, რომ ეს პატივი მე მხვდა წილად, მით უფრო იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ მე უცხოელი ვარ.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გრევენის მუზეუმში ფიგურა დამიდგეს. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? არ ვიცი… იქნებ ეიფელის კოშკი იბრაჰიმოვიჩის ქანდაკებით შევცვალოთ?!” – ზლატანის სიტყვები Yahoo-მ გამოაქვეყნა.

 

ბლანი: “ვერატი ერთი და იგივე შეცდომას უშვებს”

“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველის, მარკო ვერატის პრობლემაზე ისაუბრა.

“მარკო შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მშვიდად უნდა იყოს, მით უფრო მოედანზე ყოფნისას. მესმის, რომ ეს ძნელია, რადგან ის იტალიელია, თუმცა ვერატიმ მინდორზე ყოფნისას საკუთარ თავზე კონტროლი აუცილებლად უნდა ისწავლოს. ის საფრანგეთში უკვე ორწელიწადნახევარია, თამაშობს და მუდამ ერთი და იგივე შეცდომას უშვებს”, – ბლანის სიტყვებს “ტოდო მერკადო” აქვეყნებს.

 

ადებაიორი პსჟ-ში?

„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ თავდამსხმელი ემანუელ ადებაიორი, შესაძლოა, საფრანგეთში აღმოჩნდეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი დამატების სურვილი „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობას აქვს. ამის შესახებ ბრიტანული პრესა იუწყება.

გარდა ამისა, ბრიტანელი ჟურნალისტების ცნობით, პარიზელებმა ლონდონურ კლუბს წინადადებით უკვე მიმართეს კიდეც. ამ ეტაპზე საუბარი მხოლოდ იჯარაზეა.

ცნობისთვის, ტოგოელი ფორვარდის შეძენა „ქუინს პარკ რეინჯერსსაც“ სურს.

პასტორე: “მოურინიო დიდებული მწვრთნელია, თუმცა ჩვენ “ჩელსი” დამარცხებული გვყავს”

“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველმა ხავიერ პასტორემ უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ გასამართ მატჩებზე კომენტარი გააკეთა.

“ჟოზე მოურინიო პატივსაცემი და აღმაფრთოვანებელი მწვრთნელია, თუმცა ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ “ჩელსის” დამარცხება შეგვიძლია. გასულ სეზონში ძალიან ვისიამოვნე, როდესაც ლონდონელებს ლამაზი გოლი გავუტანე. სამწუხაროა, რომ ის გოლი მომდევნო ეტაპზე გასასვლელად არ გვეყო”, – აღნიშნა პასტორემ.

“პარი სენ-ჟერმენსა” და “ჩელსის” შორის პირველი მატჩი 17 თებერვალს, პარიზში გაიმართება, განმეორებითი კი – 11 მარტს, ლონდონში.

 

ლეონარდო საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციისგან 8,5 მილიონ ევროს ითხოვს

„პარი სენ-ჟერმენის“ სპორტულ დირექტორ ლეონარდოს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციისგან, კომპენსაციის სახით, 8,5 მილიონი ევროს მიღებას სურს.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის მაისში „ვალანსიენთან“ მატჩის შემდეგ (1:1) ბრაზილიელმა მთავარ მსაჯ ალექსანდრ კასტროს მხარზე ხელი ჰკრა. ხსენებულ შეხვედრაში კასტრომ პარიზელთა კაპიტანი ტიაგო სილვა გააძევა.

აღნიშნული ეპიზოდის შემდეგ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ბრაზილიელი მენეჯერი 9-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. პსჟ-დან წასვლის შემდეგ კი ლეონარდოს დისკვალიფიკაცია თოთხმეტ თვემდე გაიზარდა და ყველა ქვეყანაზე გავრცელდა. თუმცა, 2013 წლის თხუთმეტ ოქტომბერს სასამართლომ ლეონარდოს დისკვალიფიკაცია გააუქმა.

ახლა სამხრეთამერიკელმა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციისგან ფულადი კომპენსაცია მოითხოვა. იმ შემთხვევაში, თუ ფედერაცია მის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, საქმე სასამართლოს გადაეცემა.

“პარი სენ-ჟერმენი” ლავესის გაყიდვას არ აპირებს

უკანასკნელი კვირის განმავლობაში ევროპულ პრესაში აქტიურად იწერებოდა ესეკიელ ლავესის მილანის “ინტერში” შესაძლო ტრანსფერის შესახებ. “ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, არგენტინელ შემტევ ნახევარმცველს საბოლოოდ ჰქონდა გადაწყვეტილი “პარი სენ-ჟერმენის” დატოვება, თუმცა როგორც ჩანს, ის პარიზში დარჩება.

“ლე პარიზიენის” თანახმად, “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობამ “ინტერს” აცნობა, რომ ლავესი არ იყიდება.

პარიზელებს კარგად ესმით, რომ იანვრის სატრანსფერო პერიოდში ძალზედ რთულია ისეთი ფეხბურთელის მოძებნა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ლავესის ჩანაცვლებას შეძლებს. აქედან გამომდინარე, ფრანგულმა კლუბმა 29 წლის არგენტინელი მოთამაშის გაშვებაზე უარი თქვა.

 

“პარი სენ-ჟერმენმა” “იუვენტუსს” Facebook-ზე პოპულარობით გაუსწრო

სოციალურ ქსელ Facebook-ში “მოწონებების” რაოდენობის მხრივ “პარი სენ-ჟერმენმა” ტურინის “იუვენტუსს” გადაასწრო.

პარიზულ კლუბს ამ დროისთვის 15.477.330 “მოწონება” აქვს და 27 414 “მოწონებით” უსწრებს “ბებერ ქალბატონს”

“პარი სენ-ჟერმენის” ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ბოლო ორ წელიწადში კლუბის პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ Facebook-ში ყველაზე პოპულარული კლუბი “ბარსელონაა”, რომელსაც 80.369.084 “მოწონება” აქვს. მეორე ადგილზე მადრიდის “რეალი” გახლავთ, 79.364.074 “მოწონებით”.

 

შესაძლოა, ზლატანმა “პარი სენ-ჟერმენთან” კონტრაქტი გაახანგრძლივოს

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შესაძლოა, კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს. ამის შესახებ შვედი ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ Journal du Dimanche-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩს პარიზულ კლუბთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2016 წელს ეწურება. იმ დროს შვედი ფეხბურთელი უკვე 35 წლის იქნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ “პარი სენ-ჟერმენმა” ზლატანს უკვე მისცა კარიერის დასრულების შემდეგ კლუბის ადმინისტრაციაში მუშაობის გარანტია.

 

“პსჟ” 3:1 “აიაქსი”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში “პარი სენ-ჟერმენმა” ამსტერდამის “აიაქსი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

იაია ტურე “პსჟ”-ში შესაძლო გადასვლის შესახებ

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა იაია ტურემ “პარი სენ-ჟერმენში” მისი შესაძლო გადასვლის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ პარიზული კლუბი სერიოზულად არის დაინტერესებული კოტ დივუარელი ფეხბურთელის გადაბირებით.

“ჯერჯერობით არ ვიცი, რას ელიან ჩემგან. რა მოხდება ხვალ, ეს არავინ არ იცის. მთავარია, ჩემი საქმე გავაგრძელო.

ნებისმიერი ფეხბურთელის მიზანი დიდ კლუბში თამაში და ტიტულების მოგებაა. დიდ კლუბს კარს ვერასდროს დაუხურავ”, – ციტირებს იაია ტურეს სიტყვებს Goal.com-ი.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის კოტ დივუარელ ფეხბურთელს “მანჩესტერ სიტისთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2017 წლის ივნისში ეწურება.