რამდენიმე ფრანგული კლუბი „მონაკოსა“ და საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას შორის გაფორმებული შეთანხმების გასაჩივრებას აპირებს.
„მონაკო“ მზად არის, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას 50 მილიონი ევრო გადაუხადოს იმისთვის, რომ კლუბის შტაბ-ბინამ საფრანგეთის ტერიტორიაზე არ გადაინაცვლოდ და გადასახადების გადახდა საფრანგეთის კანონებით არ მოუწიოს.
ფრანგულ კლუბთა პრეზიდენტების უმრავლესობა თვლის, რომ „მონაკოს“ შეღავათიან პირობებს სთავაზობენ, რადგან ასეთი შეთანხმება არ ითვალისწინებს იმ სარგებლის კომპენსირებას, რომელსაც „წითელ-თეთრები“ დააგროვებენ სხვა ფრანგული კლუბებისგან განსხვავებით. ამიტომ, ფრანგული კლუბების პრეზიდენტები მოითხოვენ, რომ „მონაკოს“ შტაბ-ბინამ საფრანგეთში გადმოინაცვლოს და გადასახადების გადახდაც იმ ოდენობით დაეკისროს, რომელსაც საფრანგეთის ჩემპიონატში მოასპარეზე სხვა კლუბები იხდიან. ჯერჯერობით შვიდი ფრანგული კლუბია მზად, აღნიშნულ საჩივარზე ხელი მოაწეროს: „ბორდო“, „კანი“, „ლილი“, „ლორიანი“, „მარსელი“, „მონპელიე“, „პარი სენ-ჟერმენი“.
ბექა დოგრაშვილი