ტიბო კურტუამ ტრავმა სარეკლამო ვიდეოს გადაღებისას მიიღო

ლონდონის “ჩელსის” კიპერმა ტიბო კურტუამ ტრავმა უჩვეულო სიტუაციაში მიიღო. ბელგიელი მეკარე NBA-ს სარეკლამო რგოლის გადაღებისას დაშავდა, რის გამოც ინგლისის პრემიერლიგის 33-ე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედთან” გამართული მატჩის (0:3) გამოტოვება მოუწია.

“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ამ ფაქტზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

“მნიშვნელობა არ აქვს, როგორ მიიღო ტიბომ ტრავმა. კვირის განმავლობაში მან კოჭი დაიშავა და ამ მატჩისთვის მომჯობინება ვერ მოასწრო. იმედია, მას მხოლოდ ერთი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს”, – ციტირებს კონტეს სიტყვებს “ევროსპორტი”.

კურტუამ, “რეალში” გადავდივარო

ლონდონის “ჩელსის” მეკარე ტიბო კურტუა მადრიდის “რეალში” გადასასვლელად ემზადება.

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა “მარკას” ცნობით, ბელგიელმა კიპერმა საკუთარ თანაგუნდელებსა და ახლობლებს ამცნო, რომ 2017-2018 წლების სეზონს “სამეფო კლუბის” რიგებში დაიწყებს.

Onda Cero-ს თანახმად, კურტუას აგენტსა და “რეალის” წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება შედგა და მხარეებმა პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებას მიაღწიეს.

შეგახსენებთ, რომ 2011-დან 2014 წლამდე ტიბო კურტუა “რეალის” პრინციპული მეტოქის, მადრიდის “ატლეტიკოს” ღირსებას იცავდა.

“რეალს” კურტუა სურს

მადრიდის “რეალი” ლონდონის “ჩელსის” კიპერ ტიბო კურტუას ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავს. ინგლისური გუნდი 23 წლის ბელგიელი მეკარის სანაცვლოდ მინიმუმ 65 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვს.

“დეილი მეილის” ცნობით, ტიბო კურტუას “ჩელსის” მეკარეების მწვრთნელ კრისტოფ ლოლიშონთან არცთუ კარგი ურთიერთობა აქვს. გარდა ამისა, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, “ჩელსის” მომავალი თავკაცი კარლო ანჩელოტი ბელგიელი კიპერის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის. თავად ფეხბურთელი აცხადებს, რომ ლონდონურ გუნდში დარჩება.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ტიბო კურტუამ 22 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაუშვა. ბელგიელმა მეკარემ კარი მშრალად ხუთ შეხვედრაში დაიცვა.

კურტუამ გუნდთან ერთად ივარჯიშა

ლონდონის “ჩელსის” მეკარე ტიბო კურტუა აღდგენით პროცესს გადის.

ლონდონური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ხუთშაბათს 23 წლის ბელგიელმა კიპერმა გუნდთან ერთად ივარჯიშა.

შეგახსენებთ, რომ ტიბო კურტუამ ვარჯიშზე მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. 11 სექტემბერს ახალგაზრდა კიპერს ოპერაცია გაუკეთეს. როდის დაბრუნდება იგი მოედანზე, ჯერჯერობით უცნობია.

 

კურტუას ოპერაცია გაუკეთეს

ლონდონის “ჩელსის” კიპერ ტიბო კურტუას ტრავმირებულ მუხლზე ოპერაცია გაუკეთეს.

“ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და კეთილი სურვილებისთვის. ყველანაირად ვეცდები, რომ მალე გამოვჯანმრთელდე”, – დაწერა თავის მიკრობლოგზე კურტუამ.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელმა მეკარემ ვარჯიშზე მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რის გამოც მინიმუმ ორი თვის განმავლობაში ლაზარეთში ყოფნა მოუწევს.

 

კურტუა ორ თვეს გამოტოვებს

ლონდონის “ჩელსის” კიპერმა ტიბო კურტუამ სანაკრებო შეკრებიდან დაბრუნებისთანავე ტრავმა მიიღო.

“დეილი მეილის” ცნობით, ბელგიელმა მეკარემ ვარჯიშზე მუხლი დაიშავა და მინიმუმ ორი თვის განმავლობაში უქმობა მოუწევს. დაზიანების სიმძიმე გაცილებით სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა. 23 წლის მეკარეს, სავარაუდოდ, ასიმირ ბეგოვიჩი ჩაანაცვლებს, რომელიც ამ სეზონში კურტუას დისკვალიფიკაციის გამო სასტარტო განაცხადში უკვე გამოჩნდა.

ცნობისათვის, “ჩელსი” პრემიერლიგის მე-5 ტურის მატჩს “გუდისონ პარკზე” გამართავს, სადაც ლივერპულის “ევერტონს” დაუპირისპირდება. შეხვედრა შაბათს, თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება.

 

კურტუა: “ნოიერი დრიბლინგებით უფრო იქცევს ყურადღებას”

ლონდონის “ჩელსის” კიპერმა ტიბო კურტუამ საფეხბურთო საზოგადოებას მიანიშნა, რომ ინდივიდუალურ ჯილდოებზე არ ფიქრობს და არც “ოქროს ბურთის” დასაკუთრება განუზრახავს მიზნად. გარდა ამისა, ბელგიელმა მეკარემ მანუელ ნოიერზეც ჩამოაგდო სიტყვა.

“ინდივიდუალური ჯილდოებისთვის არ ვცხოვრობ. “ოქროს ბურთის” მოგება, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა, თუმცა ჩემთვის გუნდური ტიტულები უფრო მნიშვნელოვანია. თასების მოგების შემთხვევაში, ინდივიდუალური ჯილდოების დასაკუთრების შანსიც მომეცემა.

ნოიერი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა? მე მგონია, რომ ის დრიბლინგებით უფრო დიდ ყურადღებას იქცევს”, – ციტირებს კურტუას სიტყვებს “მირორი”.

 

როგორ დაკარგა “ბარსელონამ” კურტუას და ვარანის დამატების შანსი

“ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელის, ბოიან კრკიჩის მამამ, რომელიც 2011 წლამდე კატალონიური გუნდის სკაუტად მუშაობდა, განაცხადა, რომ “ბლაუგრანას” თავის დროზე ტიბო კურტუასა და რაფაელ ვარანის დამატება შეეძლო. იმ პერიოდში ბელგიელი მეკარე “გენკში” თამაშობდა, ფრანგი მცველი კი “ლანსის” ღირსებას იცავდა. საბოლოო ჯამში, ისე მოხდა, რომ კურტუა “ჩელსიში” გადავიდა, ვარანმა კი მადრიდის “რეალს” მიაშურა.

“როდესაც კურტუა ბელგიაში თამაშობდა, ჩვენ მისი დამატების შანსი გვქონდა. ეს “ბარსაში” ჩემი მუშაობის უკანასკნელი წელი იყო. 19 წლის ტიბო “გენკის” ძირითადი მეკარე გახდა. ჩვენი ერთ-ერთი აგენტი მასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. მისი თამაშის ამსახველი ბევრი ვიდეო ვნახეთ და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც შეგვექმნა, თუმცა “ბარსელონამ” აღნიშნულ ტრანსფერში 3 მილიონი ევრო არ გაიღო. ერთი თვის შემდეგ კურტუა “ჩელსიმ” გაიფორმა.

Raphael Varane

ვარანმა ჩვენი ინტერესი მაშინ მიიქცია, როდესაც ის საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. მაშინ ვთქვი, რომ ამ ფეხბურთელისთვის ყურადღება უნდა მიგვექცია. ერთ-ერთი აგენტი “ლანსსა” და “მონაკოს” შორის გამართულ მატჩს დაესწრო, თუმცა იქიდან დაბრუნებულმა განაცხადა, რომ ვარანმა მასზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. ასე დასრულდა ეს ისტორია”, – ციტირებს კრკიჩის მამის სიტყვებს Cadena SER-ი.

 

ტიბო კურტუა ჰოსპიტალიზირებულია

ლონდონის “ჩელსის” მეკარე ტიბო კურტუა ჰოსპიტალიზირებულია.

ინგლისის პრემიერლიგის VII ტურში “ჩელსისა” და ლონდონის “არსენალს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას ბელგიელ კიპერს “მეთოფეთა” თავდამსხმელი ალექსის სანჩესი შეეჯახა. კურტუამ წამიერად გონება დაკარგა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო, შემდეგ კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ბელგიელი მეკარის ნაცვლად მოედანზე პეტრ ჩეხი გამოვიდა, რომელიც ანალოგიური შეჯახების გამო უკვე დიდი ხანია, სპეციალურ თავსაბურავს ატარებს.

“ჩელსიმ” ედენ აზარისა (პენალტი) და დიეგო კოსტას გოლების წყალობით “არსენალი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

 

FIFA 15 — ყველაზე მაღალრეიტინგული მეკარეები

ვიდეოთამაშ FIFA 15-ის გამოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება, მანამდე კი ვებგვერდმა Purely Football იმ მეკარეთა სავარაუდო სია გამოაქვეყნა, რომელთაც აღნიშნულ თამაშში ყველაზე მაღალი რეიტინგი ექნებათ.

Purely Football-ის ვერსიით, FIFA 15-ის ყველაზე მაღალრეიტინგული მეკარეები იქნებიან:

ადგილი: მეკარე: რეიტინგი:
10. დიეგო ლოპესი (“მილანი”) 84
9. დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნატედი”) 84
8. სამირ ჰანდანოვიჩი (“ინტერი”) 84
7. სალვატორე სირიგუ (“პსჟ”) 84
6. უგო ლორისი (“ტოტენჰემი”) 84
5. იკერ კასილასი (“რეალი”) 85
4. პეტრ ჩეხი (“ჩელსი”) 85
3. ტიბო კურტუა (“ჩელსი”) 85
2. ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”) 86
1. მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”) 87

 

ტიბო კურტუა „ჩელსიში“ ბრუნდება, გადავა დიეგო კოსტაც?

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მის კლუბს მადრიდის „ატლეტიკოდან“ დიეგო კოსტას გადმობირება სურს.

„მინდა, რომ ჩემს გუნდში კოსტა ვიხილო. კლუბს მისი ყიდვა ვთხოვე. დარწმუნებული ვარ, რომ ის ჩვენთან აღმოჩნდება“, – მოურინიოს სიტყვებს „მარკა“ ციტირებს.

როგორც პორტუგალიელი სპეციალისტი ამბობს, „ჩელსი“ „ატლეტიკოში“ განათხოვრებულ ტიბო კურტუასაც დაიბრუნებს.

„მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, კურტუა „სტემფორდ ბრიჯზე“ დაბრუნდება. მორჩა და გათავდა“, – აღნიშნავს მოურინიო.

ბექა დოგრაშვილი

კურტუა: „გეტყვით, რომელ კლუბში ვითამაშებ მომავალ სეზონში“

მადრიდის „ატლეტიკოს“ კიპერმა ტიბო კურტუამ აღნიშნა, რომ მომავალ კვირას საბოლოოდ გადაწყვეტს, თუ რომელ კლუბში ითამაშებს დამდეგ სეზონში.

„მომავალ კვირას ნათელი გახდება, რომელ კლუბში ვითამაშებ დამდეგ სეზონში. ზუსტად გეტყვით, რომ ეს ან „ჩელსი“ იქნება, ან „ატლეტიკო“ და არა სხვა რომელიმე კლუბი.

მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. ოფიციალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება“, – კურტუას სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი