თომას მიულერი უგოლო სერიის შეწყვეტას ირონიული კომენტარით გამოეხმაურა

გერმანიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში მიუნხენის “ბაიერნმა” გასვლაზე მიუნხენგლადბახის “ბორუსია” ანგარიშით 1:0 დაამარაცხა. ეს ერთადერთი ბურთი შეხვედრის 63-ე წუთზე თომას მიულერმა გაიტანა, რომელმაც გასული წლის 10 დეკემბერს დაწყებული 848-წუთიანი უგოლო სერია შეწყვიტა. გერმანელმა ფეხბურთელმა ამ ფაქტზე ირონიული კომენტარი გააკეთა.

“კარგია, რომ სანაკრებო პაუზა მოგვიახლოვდა. როგორც იქნა, გავიტანე და ამ ფაქტით შოკირებულ ხალხს აზრზე მოსასვლელად დრო ექნება”, – ციტირებს მიულერის სიტყვებს “ბილდი”.

Sport1.de: “მანჩესტერი” მიულერის სანაცვლოდ 100 მლნ ევროს ამზადებს

“მანჩესტერ იუნაიტედი” მიუნხენის “ბაიერნიდან” ბასტიან შვაინშტაიგერის გადმობირების შემდეგ გერმანული კლუბის კიდევ ერთი ლიდერის დამატებას შეეცდება.

გერმანული ინტერნეტპორტალი Sport1.de იუწყება, რომ “წითელი ეშმაკები” ტომას მიულერის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ბავარიული კლუბისთვის წინადადებით მიმართვას აპირებენ.

წყაროს თანახმად, ინგლისელები მზად არიან, 25 წლის გერმანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადონ. თავად მიულერთან ხუთწლიანი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებენ.

 

მოედანზე ქომაგების შეჭრას მიულერი იუმორნარევი კომენტარით გამოეხმაურა

როგორც მოგეხსენებათ, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი (0:2) მოედანზე ქომაგების შეჭრის გამო რამდენჯერმე შეჩერდა. შეხვედრის განმავლობაში მინდორზე სულ შვიდი გულშემატკივარი შევარდა, რის გამოც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უეფასგან სერიოზული სანქციები ემუქრება. შეხვედრის შემდეგ მატს ჰუმელსმა მოედანზე შეჭრილი ფანების დასჯა მოითხოვა, თუმცა თომას მიულერი ამ ფაქტს იუმორით მიუდგა:

“მატჩის მიწურულს მოედანზე რაღაც მეტნი ჩანდნენ, თუმც კარგ ხასიათზე იყვნენ” – ციტირებს მიულერის სიტყვებს “ბილდი”.

 

თომას მიულერი: “შერეული გრძნობები მაქვს”

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი (0:2) “ბუნდესთიმის” ერთ-ერთმა ლიდერმა თომას მიულერმა შეაფასა, რომელმაც “ჯვაროსნების” კარში მეორე გოლი გაიტანა.

“ჩემი აზრით, ჩვენი წარმატების გასაღები ის იყო, რომ მეტოქის ნახევარზე დიდი დრო გავატარეთ. ყოველთვის ზუსტ გადაცემებს ვერ ვაკეთებდით, ბურთი ბევრჯერ დავკარგეთ. მეორე ტაიმში უფრო იოლად თამაში შეგვეძლო. შერეული გრძნობები მაქვს, რადგან მატჩი კარგად დავიწყეთ, მაგრამ შესვენების შემდეგ გოლი ვეღარ გავიტანეთ. ამ ყველაფრის მიუხედავად, კარგია, რომ ცხრილში ზემოთ ავიწიეთ”, – აღნიშნა მიულერმა.

 

მიულერმა გულშემატკივრებს ქრისტესშობა ქართულ ენაზეც მიულოცა

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს ქრისტესშობას აღნიშნავს. ცნობილი ფეხბურთელები სოციალურ ქსელში თავიანთ გულშემატკივრებს ამ დღესასწაულს ულოცავენ.

ქომაგებისთვის ქრისტესშობის დღესასწაულის მილოცვა მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა ტომას მიულერმა ორიგინალურად გადაწყვიტა. მიულერმა მისალოცი ფრაზა 98 განსხვავებულ ენაზე დაწერა, მათ შორის ქართულადაც:

“Gilotsavt Krist’es Shobas!”, – დაწერა სოციალურ ქსელში მიულერმა.

Müller quotes

ტომას მიულერი: “რა საჭიროა ისეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში, როგორიც გიბრალტარია?!”

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიის ეროვნულმა გუნდმა გიბრალტარის ნაკრები ანგარიშით 4:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ “ბუნდესთიმის” ნახევარმცველმა ტომას მიულერმა განაცხადა, რომ ასეთ სუსტ გუნდებთან თამაში ძლიერ ნაკრებებზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს. მისი თქმით, ასეთი შეხვედრები არც გულშემატკივრების მხრიდან იწვევს დიდ ინტერესს.

“ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის ასეთი მატჩების ჩატარება სულაც არ არის სასიამოვნო. ფეხბურთის ქომაგებს ასეთი შეხვედრები არ აინტერესებთ. საერთოდ რა საჭიროა ასეთი მატჩების ჩატარება?!” – ციტირებს მიულერის სიტყვებს “ბილდი”.

 

მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეები

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი დაასახელეს. ფინალური მატჩის შემდეგ არგენტინელ ფეხბურთელს საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადაეცა — „ოქროს ბურთი“.

„ვერცხლის ბურთი“ წილად ხვდა გერმანიის ნაკრების თავდამსხმელ ტომას მიულერს, ხოლო „ბრინჯაოს ბურთი“ ბრაზილიელთა ლიდერ ნეიმარს გადაეცა.

ტურნირის საუკეთესო მეკარედ გერმანიის ნაკრების კარის დარაჯი მანუელ ნოიერი დაასახელეს, რომელსაც „ოქროს ხელთათმანი“ გადაეცა.

6 გატანილი გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირად კოლუმბიის ნაკრების შემტევი ხამეს როდრიგესი დაასახელეს, რომელსაც „ოქროს ბუცს“ გადასცემენ.

მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე საფრანგეთის ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი პოლ პოგბა გახდა.

 

მიულერი „მანჩესტერ იუნაიტედში“ წასასვლელად ემზადება

გერმანული „კიკერის“ ცნობით, ტომას მიულერი მიუნხენის „ბაიერნში“ უკმაყოფილოა და მზად არის, „მანჩესტერ იუნაიტედს“ მიაშუროს.

გერმანელ თავდამსხმელს სურს, რომ უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცეს.

როგორც მოგეხსენებათ, „იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე აქტიურად განიხილება ლუი ვან გალის კანდიდატურა. გავრცელებული ინფორმაციით, მიულერის „ოლდ ტრაოფრდზე“ მიწვევა თავად ჰოლანდიელ სპეციალისტს სურს. ვან გალმა კარგად იცის მიულერის შესაძლებლობები. შეგახსენებთ, რომ გერმანელმა ფეხბურთელმა „ბაიერნის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი სწორედ ჰოლანდიელი სპეციალისტის თავკაცობის დროს დაიმკვიდრა.

ბექა დოგრაშვილი

მიულერი: „საჩემპიონო ბრძოლა დასრულებულია“

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელმა თომას მიულერმა გერმანიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში გელზენკირხენის „შალკეს“ განადგურების (5:1) შემდეგ გადაჭრით აღნიშნა, რომ ჩემპიონატს ბავარიული გრანდი მოიგებს.

„ღიად ვაცხადებ, საჩემპიონო ბრძოლა დასრულებულია.

ნუთუ ვინმეს მართლა ჰგონია,რომ დარჩენილ მატჩებს წავაგებთ, მით უფრო მაშინ, როცა აქამდე არ დავმარცხებულვართ“, – მიულერის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნი“ მადევარ დორტმუნდის „ბორუსიას“ მთელი 20 ქულით უსწრებს.

ბექა დოგრაშვილი

მიულერი: „ბაიერნი“ და „არსენალი“ ერთ დონეზე არიან“

როგორც მოგეხსენებათ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მიუნხენის „ბაიერნი“ ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდება. ბავარიელთა ფეხბურთელი ტომას მიულერი თვლის, რომ ჩრდილოლონდონური გუნდი ღირსეულ წინააღმდეგობას გაწევს.

„მეთოფეები“ ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ. ეს ყველაზე რთული მეტოქეა, რომელიც შეიძლება შეგვხვედროდა. ახლა „ბაიერნი“ და „არსენალი“ ერთ დონეზე არიან. ეროვნულ და საერთაშორისო არენაზე ბოლო წლებში ჩვენ ლონდონელებზე უკეთ გამოვიყურებით, ამიტომ ფავორიტად „ბაიერნი“ მიიჩნევა“, –  მიულერის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

წყვილის პირველი მატჩი ლონდოში, 19 თებერვალს გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

ეფენბერგი: „გვარდიოლა სკოლის მასწავლებელივით მოიქცა“

ვინც გერმანიის ბუნდესლიგის მეცხრე ტურში, მიუნხენის „ბაიერნსა“ და „მაინცს“ შორის გამართულ მატჩს (4:1) მიადევნა თვალყური, შეხვედრის ბოლოს არიენ რობენის გაბრაზებულ სახეს შენიშნავდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ 82-ე წუთზე „მაინცის“ კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმის შესრულებას ჰოლანდიელი ფეხბურთელი აპირებდა, თუმცა „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას მოთხოვნით პენალტი თომას მიულერმა დაარტყა.

მატჩის შემდეგ გვარდიოლამ ტელეკომპანია „სქაისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:

„მინდოდა, რომ პენალტი მიულერს დაერტყა. მე ვარ გუნდის თავკაცი და ამით ყველაფერია ნათქვამი“.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა „ბაიერნის“  ყოფილი ნახევარმცველი და ამჟამად სატელევიზიო კომენტატორი შტეფან ეფენბერგი, რომელმაც გვარდიოლას ქცევა დაუწუნა.

„80 ათასი ადამიანის წინაშე ასე არ უნდა მოიქცე. ხელში ბურთი გიკავია, საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებული ხარ და ამ დროს მწვრთნელი სკოლის მასწავლებელივით გეუბნება, რომ პენალტი მიულერმა უნდა დაარტყას. ასეთ სიტუაციაში ნებისმიერი ფეხბურთელი თავს შეურაცხყოფლად იგრძნობდა. ეს გადაწყვეტილება ახსნას მოითხოვს და არ არის საკმარისი მხოლოდ იმის თქმა, რომ გვარდიოლა მწვრთნელია და გადაწყვეტილებასაც ის იღებს“, – აღნიშნა ეფენბერგმა.

ბექა დოგრაშვილი