„ბარსელონამ“ „სიტი“ „ნოუ კამპზეც“ დაამარცხა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „ბარსელონასა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის განმეორებითი მატჩი შედგა. როგორც მოგეხსენებათ, პირველი შეხვედრა კატალონიურმა გუნდმა ანგარიშით 2:0 მოიგო, თუმც ინგლისელებს მომდევნო ეტაპზე გასვლის იმედი მაინც ჰქონდათ. „ნოუ კამპზე“ გამართული მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ მიილია. სამაგიეროდ, მეორე ტაიმში გავიდა გოლები — 67-ე წუთზე ლიონელ მესიმ გახსნა ანგარიში. 89-ე წუთზე ვენსან კომპანიმ გაათანაბრა, თუმცა მასპინძლებმა კომპენსირებულ დროში მაინც მოახერხეს გამარჯვების გოლის გატანა, რომელიც დანიელ ალვესის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ 78-ე წუთზე პაბლო ზაბალეტამ მსაჯთან კამათისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს.

ამრიგად, „ბარსელონამ“ ანგარიშით 2:1 მოიგო და ორი მატჩის ჯამში მეტოქე 4:1 დაამარცხა. ტურნირს კიდევ ერთი ინგლისური კლუბი გამოეთიშა, კატალონიელები კი მეოთხედფინალში ითამაშებენ.

 უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (მეორე მატჩი)
„ბარსელონა“ — „მანჩესტერ სიტი“ 2:1 (0:0)

„ბარსელონა“: ვალდესი, ალვესი, პიკე, ალბა, მასკერანო, ფაბრეგასი (სერხი რობერტო 86′), ინიესტა, ჩავი, ბუსკეტსი, მესი, ნეიმარი (ალექსის სანჩესი 80′).
მთავარი მწვრთნელი: ხერარდო მარტინო.
„მანჩესტერ სიტი“: ჰარტი, კომპანი, ლესკოტი, ზაბალეტა, კოლაროვი, ნასრი (ხესუს ნავასი 74′), ფერნანდინიო, ტურე, მილნერი, სილვა (ნეგრედო 72′), აგუერო (ჯეკო 46′).
მწვრთნელი: რუბენ კოუსილიასი.
გოლები: მესი 67′, ალვესი 90+1′ — კომპანი 89′.
გაფრთხილებები: ფაბრეგასი 54′ — ფერნანდინიო 9′, კოლაროვი 23′, ზაბალეტა 30′, კომპანი 73′.
გაძევება: ზაბალეტა 78′.
მთავარი მსაჯი: სტეფან ლანუა (საფრანგეთი).

ბექა დოგრაშვილი

დასჯის უეფა „ბაიერნს“?

მიუნხენის „ბაიერნის“ ქომაგებმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, ლონდონის „არსენალის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის (1:1) დაწყებამდე ტრიბუნაზე ინგლისური კლუბის შეურაცხმყოფელი ბანერი გამოფინეს.

აღნიშნულ ბანერზე „არსენალის“ ნახევარმცველი მესუთ იოზილი გახლდათ გამოსახული, რომელსაც ზედ ასეთი წარწერა ჰქონდა გაკეთებული: „Gay Gunners“.

ბრიტანული „დეილი მეილის“ ცნობით, აღნიშნულ ინციდენტზე უეფამ გამოძიება უკვე დაიწყო.

„ატლეტიკომ“ „მილანი“ ჩემპიონთა ლიგიდან გაისტუმრა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპზე მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „მილანს“ შორის განმეორებითი მატჩი შედგა. როგორც მოგეხსენებათ, პირველი შეხვედრა მადრიდელებს ანგარიშით 1:0 ჰქონდათ მოგებული. მადრიდში გამართულ განმეორებით მატჩში ანგარიში უკვე მესამე წუთზე მასპინძელთა გოლეადორმა დიეგო კოსტამ გახსნა. ბრაზილიელმა კაკამ 27-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება და ინტრიგის დაბრუნება შეძლო, თუმცა შესვენების გამოცხადებამდე არდა თურანის გოლით მადრიდელები კვლავ წინ გავიდნენ. მეორე ტაიმში რაულ გარსიამაც გამოიჩინა თავი, მოგვიანებით დიეგო კოსტამ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 4:1.

ასე რომ, „მილანი“ ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა, „ატლეტიკომ“ კი მერვედფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება დამსახურებულად მოიპოვა.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (მეორე მატჩი)
„ატლეტიკო“ — „მილანი“ 4:1 (2:1)

„ატლეტიკო“: კურტუა, მირანდა, ხუანფრანი, ფილიპე ლუისი, გოდინი, გაბი, მარიო სუარესი, რაულ გარსია (სოსა 72′), თურანი (როდრიგესი 78′), კოკე (დიეგო 81′), დიეგო კოსტა.
მთავარი მწვრთნელი: დიეგო სიმეონე.
„მილანი“: აბიატი, ბონერა, რამი, აბატე, ესიენი (პაცინი 68′), დე იონგი (მუნტარი 78′), ემანუელსონი, ტაარაბტი (რობინიო 46′), პოლი, კაკა, ბალოტელი.
მთავარი მწვრთნელი: კლარენს ზეედორფი.
გოლები: დიეგო კოსტა 3′, 85′, თურანი 40′, რაულ გარსია 71′ — კაკა 27′.
გაფრთხილებები: რაულ გარსია 5′ — რამი 7′, ბალოტელი 45+2′, ბონერა 70′, რობინიო 74′.
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).

ბექა დოგრაშვილი

ფრე „ბაიერნის“ სასარგებლოდ

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მეორე მატჩში მიუნხენის „ალიანს არენაზე“ ადგილობრივმა „ბაიერნმა“ ლონდონის „არსენალი“ მიიღო. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, რაც ხელს გერმანულ კლუბს აძლევდა, ვინაიდან პირველი მატჩი ბავარიელებმა ანგარიშით 2:0 მოიგეს.

ანგარიში 55-ე წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა გახსნა. ზუსტად ორ წუთში „ბაიერნის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ლუკას პოდოლსკიმ ანგარიში გაათანაბრა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვლაზე შემოსულ თომას მიულერს თერთმეტმეტრიანი დარტყმით თავის გამოჩენის საშუალება მიეცა, თუმცა მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია.

ამრიგად, ორი მატჩის ჯამში „ბაიერნმა“ „არსენალი“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე გავიდა.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (მეორე მატჩი)
„ბაიერნი“ — „არსენალი“ 1:1 (0:0)

„ბაიერნი“: ნოიერი, ლამი, ალაბა, დანტე, ხავი, მარტინესი, რობენი, შვაინშტაიგერი, ალკანტარა, რიბერი (მიულერი 85′), გიოტცე (კროოსი 59′), მანჯუკიჩი.
მთავარი მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა.
„არსენალი“: ფაბიანსკი, მერტესაკერი, სანია, ვერმალენი, კოსელნი, არტეტა (გნაბრი 77′), იოზილი (როსიცკი 46′), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (ფლამინი 84′), კასორლა, პოდოლსკი, ჟირუ.
მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი.
გოლები: შვაინშტაიგერი 55′ — პოდოლსკი 57′.
გაფრთხილებები: დანტე 8′, ხავი მარტინესი 79′ — პოდოლსკი 26′, არტეტა 29′, ვერმალენი 83′.
გამოუყენებელი პენალტი: მიულერი 90+2′ (მეკარე).
მთავარი მსაჯი: სვეინ მოენი (ნორვეგია).

ბექა დოგრაშვილი

პელეგრინი: „დისკვალიფიკაციას არ ვიმსახურებდი“

Fanebi.com-ის მკითხველს მოეხსენება, რომ „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამართული შეხვედრის (0:2) შემდეგ გაკეთებული განცხადების გამო უეფამ ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. „ქალაქელთა“ თავკაცმა მთავარი არბიტრი იონას ერიქსონი მკაცრად გააკრიტიკა. „სიტის“ დამრიგებლის თქმით, შვედი მსაჯი არაობიექტური იყო, მთელი შეხვედრის განმავლობაში კატალონიური გუნდის მხარეს იჭერდა და საერთოდაც, მან გადაწყვიტა მატჩის ბედი. პელეგრინის განცხადებით, ერიქსონმა მასპინძელთა კარის მიმართულებით შეცდომით დანიშნა პენალტი, არც მცველი მარტინ დემიკელისი უნდა გაეძევებინა მოედნიდან. „ქალაქელთა“ დამრიგებელი თვლის, რომ დისკვალიფიკაციას არ იმსახურებს.

„არა მგონია, ორმატჩიან ან სამმატჩიან დისკვალიფიკაციას ვიმსახურებდე. აღნიშნული მატჩიდან ორი დღის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვთქვი, რომ არასწორად მოვიქეცი. ამის მიუხედავად, მე კვლავ ვთვლი, რომ იმ ეპიზოდში პენალტი არ ყოფილა. დანიშნულმა თერთმეტმეტრიანმა დარტყმამ თამაშის მიმდინარეობაზე იმოქმედა.

აღარ ვაპირებ ამ თემის განხილვას. ამის შემდეგ მოვიფიქრებ, როგორ ვიმოქმედო მომავალში“, – ციტირებს პელეგრინის სიტყვებს itv.

„გალათასარაიმ“ „ჩელსისთან“ დაპირისპირებაში ინტრიგა დატოვა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე სტამბულის „გალათასარაისა“
და ლონდონის „ჩელსის“ შორის გამართული პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ანგარიში სტუმრებმა მე-9 წუთზე გახსნეს, როცა სესარ აპილიკუეტას გადაცემა ფერნანდო ტორესმა შეირგო და ახლო მანძილიდან დარტყმით შეარხია თურქთა კარის ბადე. მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება 65-ე წუთზე მოახერხეს — უესლი სნეიდერის მიერ კუთხურის მოწოდების შემდეგ ჯონ ტერის ორელენ შეჯუ გაექცა და ბურთს ლონდონელთა კარში მიუჩინა ადგილი.

გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე“, 18 მარტს გაიმართება.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (პირველი მატჩი)
„გალათასარაი“ — „ჩელსი“ 1:1 (0:1)

„გალათასარაი“: მუსლერა, ებუე, ბალთა (კაია 46′), შეჯუ, ალექს ტელესი, სნეიდერი, ფელიპე მელო, ინანი, ჰაიროვიჩი (კურტულუში 31′), დროგბა (ბულუთი 80′), ილმაზი.
მთავარი მწვრთნელი: რობერტო მანჩინი.
„ჩელსი“: ჩეხი, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, ასპილიკუეტა, ლამპარდი, ვილიანი, რამირესი, აზარი (ოსკარი 90+2′), ტორესი (ეტოო 68′), შიურლე (ობი მიკელი 66′).
მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.
გოლები: შეჯუ 65′ — ტორესი 9′.
გაფრთხილებები: ინანი 57′ — ტერი 42′, შიურლე 57′, რამირესი 58′, ჩეხი 61′.
მთავარი მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი).

ბექა დოგრაშვილი

„რეალმა“ გასვლაზე „შალკე“ გაანადგურა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე გელზენკირხენის „შალკესა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამართული პირველი მატჩი „სამეფო კლუბის“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 6:1 დასრულდა.

სტუმრებმა პირველ ტაიმში ორი გოლი გაიტანეს — მე-13 წუთზე ანგარიში კარიმ ბენზემამ გახსნა, 21-ე წუთზე კი გარეტ ბეილმა აუბა მხარი ფრანგ თანაკლუბელს. შეხვედრის მეორე ნახევარი კრიშტიანუ რონალდუს გოლით დაიწყო, მალევე ბენზემამ და ბეილმა დუბლი გაიფორმეს. მატჩის ბოლოს თავისი მეორე გოლი რონალდუმაც მიითვალა. მასპინძლებმა ერთადერთი ის მოახერხეს, რომ პრესტიჟის გოლი გაეტანათ — თავი „რეალის“ ყოფილმა თავდამსხმელმა კლას-იან ჰუნტელაარმა გამოიჩინა.

განმეორებითი მატჩი, რომელიც მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს, მადრიდში, 18 მარტს შედგება.

 უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (პირველი მატჩი)
„შალკე“ — „რეალი“ 1:6 (0:2)

„შალკე“: ფიარმანი, ჰიოვედესი, ფელიპე სანტანა, მატიპი, კოლასინაცი (ფუხსი 76′), ბოატენგი (გორეცკა 59′), ფარფანი (ობასი 72′), ნოიშტედტერი, დრაქსლერი, მაიერი, ჰუნტელაარი.
მთავარი მწვრთნელი: იენს კელერი.
„რეალი“: კასილასი, სერხიო რამოსი, პეპე, მარსელო, დანიელ კარვალახი, ჩაბი ალონსო (ილიარამენდი 73′), მოდრიჩი, ბეილი (ხესე 80′), დი მარია (ისკო 68′), რონალდუ, ბენზემა.
მთავარი მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.
გოლები: ჰუნტელაარი 90+1′ — ბენზემა 13′, 57′, ბეილი 21′, 69′, რონალდუ 52′, 89.
გაფრთხილებები: ჰიოვედესი 62′, ჰუნტელაარი 72′ — დი მარია 29′.
მთავარი მსაჯი: ჰოვარდ უები (ინგლისი).

ბექა დოგრაშვილი

მოიესი: „ეს ევროპაში ჩატარებული ჩვენი ყველაზე ცუდი მატჩი იყო“

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპზე „მანჩესტერ იუნაიტედი“ პირეოსში „ოლიმპიაკოსს“ ეწვია და ანგარიშით 0:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ ევროსარბიელზე ეს მისი გუნდის ყველაზე ცუდი შეხვედრა იყო.

„ეს ევროპაში ჩვენი ყველაზე ცუდი გამოსვლა იყო. არაფერს არ ვიმსახურებთ. გაკვირვებული ვარ. ვერ ვხედავ, რომ ჩვენი თამაშის დონე იზრდებოდეს. მატჩს კარგ ფორმაში და კარგი განწყობით შევხვდით, მაგრამ ვერაფერი ვერ გავაკეთეთ. სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. უკეთ უნდა გვეთამაშა, ჩვენ ეს შეგვიძლია.

ერთადერთი კარგი რამ არის ის, რომ განმეორებითი მატჩი იქნება. „ოლდ ტრაფორდზე“ გასამართ შეხვედრას დიდი იმედით ველოდები“, – მოიესის სიტყვები „სქაი სპორტსმა“ გამოაქვეყნა.

„მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ოლიმპიაკოსს“ შორის განმეორებითი მატჩი 19 მარტს შედგება.

ბექა დოგრაშვილი

მოიესის „მანჩესტერ იუნაიტედი“ საბერძნეთში დაეცა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მატჩში ბერძნულმა „ოლიმპიაკოსმა“ პირეოსში „მანჩესტერ იუნაიტედი“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა კი თქვა, საბერძნეთში რთული შეხვედრა გველისო, მაგრამ ინგლისელთა ასეთ უსუსურ თამაშს, ალბათ, ცოტა თუ წარმოიდგენდა. სტუმრებმა მთელი შეხვედრის განმავლობაში მხოლოდ 3-ჯერ დაარტყეს მასპინძელთა კარში, შექმნეს ერთი რეალური მომენტი, რომელიც რობინ ვან პერსიმ ქარს გაატანა. საოცრად მოტივირებული ბერძნების ფონზე, მოიესის გუნდი სრულიად დემორალიზებული გამოიყურებოდა.

ანგარიში მატჩის 38-ე წუთზე ალეხანდრო დომინგესმა გაიტანა, რომელმაც იანის მანიატისის დარტყმის შემდეგ ბურთს მიმართულება შეუცვალა, რაზეც დავიდ დე ხეამ რეაგირება ვეღარ მოასწრო.

მასპინძელთა უპირატესონა 55-ე წუთზე ჯოელ კემპბელმა შორეული ლამაზი დარტყმით განამტკიცა.

ამრიგად, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მიმდინარე გათამაშების მერვედფინალურ სტადიაზე პირველი სტუმარი გუნდია, რომელიც დამარცხდა. ინგლისელებმა ტურნირის მეოთხედფინალამდე მიმავალი გზა მნიშვნელოვნად გაიმრუდეს, თუმცა საქმის გამოსწორება „წითელ ეშმაკებს“„ოლდ ტრაფორდზე“, 19 მარტს შეეძლებათ.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (პირველი მატჩი)
„ოლიმპიაკოსი“ – „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2:0 (1:0)

„ოლიმპიაკოსი“: რობერტო ხიმენესი, ოლებასი, მარკანო, მანიატისი, მანოლასი, პერესი (ვალდესი 86′), ნდინგა, ლეანდრო სალინო, ოლაიტანი, დომინგესი (პაულუ მაშადუ 76′), კემპბელი (ფუსტერი 67′).
მთავარი მწვრთნელი: მიჩელი.
„მანჩესტერ იუნაიტედი“: დე ხეა, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა, სმოლინგი, კერიკი, ვალენსია (უელბეკი 60′), იანგი, კლევერლი (კაგავა 60′), ვან პერსი, რუნი.
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი.
გოლები: დომინგესი 38′, კემპბელი 55′.
გაფრთხილებები: ევრა 3′, ფერდინანდი 90′.
მთავარი მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია).

ბექა დოგრაშვილი

კლოპმა რუსი თარჯიმანი გააკრიტიკა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპზე სანკტ-პეტერბურგის „ზენიტსა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ შორის გასამართ მატჩამდე მოწყობილ პრესკონფერენციაზე სახალისო რამ მოხდა. სტუმართა გუნდის მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის პრესკონფერენციაზე მოწვეული თარჯიმანი, როგორც ჩანს,
ფეხბურთისგან საკმაოდ შორს მდგარი ადამიანი იყო. ამის გამო გერმანელ სპეციალისტს რამდენჯერმე მოუწია კომენტარის გამეორება. ბოლოს კი, კლოპმა თარჯიმანს ასეთი რამ უთხრა:

„იმედი მაქვს, ჩემი ნათქვამის სწორად გადათარგმნა შეგიძლიათ.

აშკარაა, რომ ამ კაცს ჩემპიონთა ლიგის მატჩებისთვის ცხოვრებაში არ უყურებია“.

თარჯიმანი კლოპს დაეთანხმა.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

 

მანჩინი: „მოურინიომ ჩემპიონთა ლიგა ჩემი აშენებული გუნდით მოიგო“

„გალათასარაის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ, რომელიც რამდენიმე წლის წინათ მილანის „ინტერს“ თავკაცობდა, განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიომ 2010 წელს ჩემპიონთა ლიგა სწორედ მისი აშენებული გუნდით მოიგო.

„მოურინიომ ჩემპიონთა ლიგა იმიტომ მოიგო, რომ მას კარგი გუნდი ჰყავდა. მან ჩემი აშენებული გუნდი ჩაიბარა. გუნდი ფსიქოლოგიურად მე მოვაძლიერე. „მანჩესტერ სიტიც“ მე ავაშენე.

როდესაც „ინტერში“ მივედი, გუნდი ძალიან ცუდ ფეხბურთს თამაშობდა, მე ეს შევცვალე.

„გალათასარაის“ „ჩელსის“ წინააღმდეგ მცირე შანსი აქვს, შინაურ კედლებშიც კი. ლონდონური გუნდი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია.

„ჩელსის“ წინააღმდეგ მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გავიდეთ მოედანზე და ჩვენი საქმე გავაკეთოთ“, – მანჩინის სიტყვები Evening Standard-მა გამოაქვეყნა.

ჩემპიონთა ლიგის მერვეფინალურ ეტაპზე „გალათასარაისა“ და „ჩელსის“ შორის მატჩი ოთხშაბათს, ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება და მას ესპანელი არბიტრი კარლოს ველასკო კარბალიო განსჯის.

ბექა დოგრაშვილი

მოიესი: „ოლიმპიაკოსთან“ რთული მატჩი გველის“

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი განახლდება. პირეოსში ბერძნული „ოლიმპიაკოსი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ მიიღებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ მის გუნდს ბერძნებთან მძიმე შეხვედრა ელის.

„ამ თამაშებისგან დიდ სიამოვნებას ვიღებ. ამიტომ, დამდეგ მატჩსაც მოუთმენლად ველოდები. ჯგუფში დაკავებულმა პირველმა ადგილმა უპირატესობა მოგვცა, თუმცა „ოლიმპიაკოსთან“ მძიმე შეხვედრა გველის. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად კარგი თამაში გვმართებს. ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის თასისთვის ვიბრძოლოთ, თუმცა ჯერ ამ დაპირისპირებაში უნდა გავიმარჯვოთ.

უეინ რუნი და რობინ ვან პერსი კარგ ფორმაში არიან. ისინი მნიშვნელოვან მატჩებშიც იტანენ გოლებს. როდესაც ეს ფეხბურთელები თამაშობენ, მთლიანი გუნდი უკეთ გამოიყურება. „ოლიმპიაკოსმა“ მშვენივრად ითამაშა „პარი სენ-ჟერმენთან“ და „ბენფიკასთან“. ბერძნები რთული ჯგუფიდან გავიდნენ. ასე რომ, რთული დაპირისპირება გველის“, – ციტირებს მოიესის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

მატჩი „ოლიმპიაკოსსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის დღეს, ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება და მას იტალიელი არბიტრი ჯანლუკა როკი მოემსახურება.

ბექა დოგრაშვილი