ინგლისის პრემიერლიგის ახალი სეზონის ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება ლონდონის „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის გაიმართება. „პენსიონერებს“ ჟოზე მოურინიო თავკაცობს, „წითელ ეშმაკებს“ კი ლუი ვან გაალის სახით ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ. ისინი ერთმანეთს კარგად იცნობენ, ვინაიდან სამი წლის განმავლობაში „ბარსელონაში“ ერთად მუშაობდნენ.
მოურინიო მოუთმენლად ელის „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გასამართ დაპირისპირებას და ვან გაალთან შეხვედრას.
პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჰოლანდიელი სპეციალისტის შესახებ საკმაოდ გულთბილად ისაუბრა.
„არ ვღელავ იმის გამო, რომ ვან გაალი ინგლისში იმუშავებს. მოუთმენლად ველოდები „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გასამართ მატჩს. არ ვნერვიულობთ.
ცოტა ხნის წინათ ვან გაალის პრესკონფერენციას ვუცქირე. აი, ეს იყო ნამდვილი ვან გაალი – სამართლიანი და გახსნილი. ის ყოველთვის ასეთი გახლდათ. ლუი შესანიშნავი მწვრთნელია, „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ ზედგამოჭრილი თავკაცია~, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს „დეილი მეილი“.
კითხვაზე, მოურინიო უკეთესია თუ ვან გაალი, პორტუგალიელი ასე პასუხობს:
„მეც და ისიც დიდებული მწვრთნელები ვართ. ჩვენ ამ პროფესიისთვის ვართ დაბადებულნი. ლუი ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელია. მას ახლა კარიერის საუკეთესო პერიოდი აქვს. ვან გაალი მიღებულ გამოცდილებას აანალიზებს და სულ უფრო ვითარდება.
გარდა ამისა, ის ჩემი მეგობარიც გახლავთ, მუდმივი მეგობარი. მე მას დიდ პატივს ვცემ“, – აღნიშნა მოურინიომ.
„ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის დამდეგი მატჩი 26 ოქტომბერს გაიმართება.