Breaking: ბორდალასმა საბოლოოდ გადაწყვიტა, ვინ ითამაშებს ფინალში!

მთავარი ვალენსიური გამოცემა Plazadeportivo თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ხოსე ბორდალასს ფინალის წინ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ძირითად შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილი იქნება.

“მეკარე, რომელიც მე-2 გუნდის წევრად მოვიდა, ტრანსფერიდან რამდენიმე თვეში კლუბისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მატჩში “ვალენსიას” კარს დაიცავს.

ყველაფერი სილესენისა და დომენეკის ტრავმებით დაიწყო, შემდეგ მამარდაშვილმა ლა ლიგაში პირველი წუთები მიიღო და “ხეტაფესთან” გოლი არ გაუშვა. 6 მატჩი ჩაატარა და შეცდომების გამო ბორდალასმა სილესენი დააბრუნა, თასი კი დომენეკს დაუთმო.

ქართველი არ დანებდა, 4 თვის განმავლობაში გულმოდგინედ ვარჯიშობდა და დღეს ეს შრომა სეზონის მთავარ შეხვედრაში შანსის მიცემით დაუფასდება. იმ ფონზე, რომ “ვალენსიას” თავდასხმა საერთოდ არ ბრწყინავს, მეკარეს შეეძლება წარმატებაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს” – წერს Plaza.

“ბეტისთან” დაპირისპირება დღეს, 23:59 წუთზე დაიწყება.

3 მთავარი მწვრთნელი, რომლებიც გინების გამო სოლიდურად დაისაჯნენ

ეროვნულ ლიგაში მსაჯების მიმართ უკმაყოფილება საკმაოდ მომატებულია და ყველა VAR-ის სისტემის შემოტანას ელოდება, რომელიც, წესით, ბევრ პრობლემას მოხსნის.

მანამდე, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ჯერ “დინამო თბილისის” მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე, შემდეგ კი გორის “დილას” მენტორი ანდრეი დემჩენკო დააჯარიმა.

“სამგურალთან” მატჩში “დინამომ” გამარჯვება ვერ შეძლო და როგორც შემდეგ გაირკვა, ცხადაძემ მომსახურე პირებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით და 1200 ლარით დაისაჯა.

ზუსტად მსგავსი სანქცია დაეკისრა დემჩენკოსაც, ოღონდ, უკრაინელმა “დილა” – “თელავის” შეხვედრაზე მომუშავე მსაჯებს აგინა.

უფრო მანამდე, ფანების მიმართ შეურაცხყოფის გამო “ტორპედოს” თავკაც გია ცეცაძეს დისკვალიფიკაცია გამოეწერა.

 

Breaking: მაგუაიერის სახლთან პოლიციაა მობილიზებული

Metro.co.uk-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალური მცველის, ჰარი მაგუაეირის სახლთან პოლიცია მეძებარ ძაღლებთან ერთად არის მობილიზებული. პოლიცია ჰარიმ მას შემდეგ გამოიძახა, რაც იმეილით მესიჯი მიიღო, რომ სახლში ბომბს დაუმონტაჟებდნენ.

გამოცემის თანახმად, ჰარი შოკურ მდგომარეობაში იმყოფება და მომხდარით სრულიად გაოგნებულია.

ფეხბურთელი ცოლთან და 2 შვილთან ერთად ცხოვრობს.

ბოლო დროს, მას მისი ცუდი თამაშიდან გამომდინარე ძალიან ბევრს დასცინიან.

თურქულ გრანდს საბა ლობჟანიძის დამატება სურს

თურქული გამოცემა ASPOR-ის ინფორმაციით, “ფენერბაჰჩეს” 27 წლის ქართველი შემტევის, საბა ლობჟანიძის დამატება სურს.

ლობჟანიძე იმ ფეხბურთელებს შორის არის, რომელიც “ფენერის” მთავარმა მწვრთნელმა, ისმაილ ქართალმა მთავარ სამიზნეებში მონიშნა.

საბა მიმდინარე სეზონში საუცხოო ფორმაშია და 8 გოლი და 9 საგოლე პასი აქვს შესრულებული.

Transfermartk-ზე მოთამაშე 4.5 მილიონ ევროდ ფასობს, კონტრაქტი კი კლუბთან 2024 წელს ეწურება.

“ავტობუსის მძღოლი უნდა დაგვეხმარებოდა, ვიდრე ის” – გერმანელი ფანები ჩაკვეტაძით უკმაყოფილოები არიან

ბუნდესლიგა 2-ში გადასული გიორგი ჩაკვეტაძის თამაშით გერმანელი ფანები ბოლო დროს მეტად არიან უკმაყოფილოები და კლუბს ახალი ვინგერის ძიებას ურჩევენ.

“მან მიიღო შანსი, მაგრამ, მე არ დავაკავებდი ჩაკვეტაძეს გუნდში, სანაცვლოდ, ორ ახალ ვინგერს მოვიყვანდი, რომლებიც ჩვენ თამაშს ახალ სისწრაფეებს და დრიბლინგს შესძენდნენ”

“ავტობუსის მძღოლი ალემანიადან უფრო დაგვეხმარებოდა, ვიდრე ჩაკვეტაძემ შეძლო ეს”

“ბევრი კვლავ აიყვანდა მას, მიუხედავად იმისა, თუ როგორ თამაშობს და შემდეგ ერთ მილიონს დაწვავდა”

“უკეთ გააკეთეთ ან დატოვეთ გუნდი. ფეხბურთელებმა, როგორებიც არიან, ჩაკვეტაძე და კაუფმანი, ჩვენი თამაშის დონე ქვევით დაწიეს, ნაცვლად გაუმჯობესებისა. მუტცელისა და კოსტას ამჯერად შეეშალათ”

ბოლო დროს ჩაკვეს მწვრთნელი მხოლოდ ბოლო რამდენიმე წუთს აძლევს. არადა, დასაწყისი გაცილებით უკეთესი გამოდგა. გიორგი ნელ-ნელა ძირითადის წევრადაც იქცა, მწვრთნელი მისთვის სიყვარულისა და მხარდაჭერის გამოცხადებაზეც საუბრობდა.

30 ივნისამდე, სანამ კონტრაქტი არის გაფორმებული, ჩაკვე მაქსიმალურად უნდა ეცადოს “ჰამბურგის” ხელმძღვანელობა მის გამოსყიდვაში დაარწმუნოს ან დაბრუნება კვლავ “გენტში” მოუწევს, რომელთან ხელშეკრულება 2023 წელს ეწურება.

ნოდარ ახალკაცი FIFA-ში კვლავ დააწინაურეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი FIFA-ში დააწინაურეს და ორგანიზაციის სტრატეგიული პროექტების დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა. მანამდე, ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტზე იყო.

მას აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ელხან მამედოვი შეცვლის.

ახალკაცი სფფ-ში 2005 წლიდან 2009 წლამდე იყო. 2017 წლიდან მსოფლიო ფეხბურთის მართველ ორგანოში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა და ნელ-ნელა საკმაოდ დიდ კარიერულ წინსვლას განიცდის.

ნოდარი ლეგენდარული ნოდარ ახალკაცის შვილია.

ELdesmarque: ბორდალასმა გადაწყვიტა, ვინ ითამაშებს ფინალში

23 აპრილს “ვალენსია” კოპა დელ რეის ფინალში “ბეტისს” დაუპირისპირდება და უდიდესი ალბათობით, ძირითად შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილი უნდა იყოს.

გუშინ “ვილიარეალთან” ბორდალასმა სილესენი დააყენა და მამარდა განაცხადს მიღმა დატოვა, რადგან ქართველი და ცენტრალური მცველები დაესვენებინა.

ესპანური გამოცემა EldesMarque ასე წერს: “მიუხედავად იმისა, რომ სილესენმა “ვილიარელთან” რამდენიმე ბურთი მოიგერია, ეს მწვრთნელს აზრს ვერ შეუცვლის, რაც 2 კვირის წინ მიიღო. თან, ნიდერლანდელმა გუნდის გადარჩენა ვერ შეძლო. მამარდაშვილი წლის აღმოჩენაა და მას განვლილი ტურები ფინალში შანსის მიცემით დაუფასდება”.~

“ღამურები” 33 ტურის შემდეგ ლა ლიგაში მე-10 ადგილზე არიან და სეზონის გადარჩენა და ევროტურნირზე გასვლა თასიდან შეუძლიათ.

შოთა არველაძე: “რუსებს იმის გამბედაობაც კი არ აქვთ, თქვან, რომ ომი დაიწყეს”

უკრაინულმა ინტერნეტპორტალმა Football24.ua-მ “ჰალ სიტის” მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძესთან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც გთავაზობთ.

– შოთა, თქვენ ოპერატიულად გამოეხმაურეთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს – რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღეს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა სოციალურ ქსელებში გამოხატეთ.
– პირველ დღეს ვერ დავარქმევდი, დაპირისპირება წლებია გრძელდებოდა. ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს ყველაფერი, რაც მსოფლიოში ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, რომელიც გვიყვარს და პატივს ვცემთ. თუ ისტორიას გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ ეს არ დაწყებულა 24 თებერვალს და საქართველოს შემთხვევაში, არც 2008 წელს. ეს ყველაფერი გაცილებით ადრე, მრავალი ათეული წლის წინ დაიწყო. 24 თებერვალი მორიგი ეტაპის ოფიციალური თარიღია. იგრძნობოდა, რომ შეტევა ადრე თუ გვიან მოხდებოდა.

– 26 თებერვალს თქვენმა “ჰალ სიტიმ” “პიტერბორო” დაამარცხა, თამაშის შემდეგ კი ისევ უკრაინაზე ისაუბრეთ. ზოგიერთი უკრაინელი საკუთარ ქვეყანას იმდენ ყურადღებას არ აქცევს, როგორც თქვენ.
– უკრაინაში განვითარებული მოვლენები მაწუხებს, არცთუ ისე შორს ვარ, ვკითხულობ და მაინტერესებს ამბები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხალხი. ვცდილობ გავიგო, რატომ ხდება ეს ყველაფერი? რატომ ვთამაშობთ ფეხბურთს? რატომ ვულოცავთ ერთმანეთს დაბადების დღეს? ჩემს მუსლიმ მეგობრებს ვურეკავ და რამადანს ვულოცავ. ისინიც თბილ სიტყვებს მეტყვიან აღდგომის დღესასწაულზე. ამ დროს ვიღაც თავს უფლებას აძლევს სხვისი ნაწილი წაიღოს და მშვიდობიანი ქვეყანა დაბომბოს. ის შენ არ გეკუთვნის და შენი კუთვნილი არასდროს გახდება. მერე ზოგიერთს უკვირს, რომ ვიღაცას ისინი არ უყვარს და არც პატივს სცემს.

– იქნებ ეს მენტალიტეტითა და ღირებულებებით აიხსნას?
– ბავშვობაში მასწავლიდნენ: “არასოდეს შეეხო სხვას”. ეს ყველაფერი პატარაობიდან იწყება. ბებიას პატარა აგარაკი ჰქონდა. მისი მეზობლის ბაღში ალუბლის დიდი ხე გაიზარდა, რომლის ტოტებიც ბებიის ეზო გადმოჰყურებდა. ბავშვებს ძალიან გვინდოდა ამ ალუბლის ჭამა, მაგრამ ბებიამ ხელებზე დაგვარტყა და აგვიხსნა: “ეს ჩვენი არ არის”. სულ მცირე, უნდა გვეკითხა, შეიძლება თუ არა სხვისი ხისგან ალუბლის ჭამა. ეს მხოლოდ ხილია და დღეს ვიღაც სხვას სიცოცხლეს ართმევს.

– თქვენს ერთ-ერთ მიმართვაში ასეთი რამ თქვით: “არ მინდა, ჩვენი ლაპარაკი და მხარდაჭერა დაემსგავსოს იმ უცხოელი პოლიტიკოსებისას, რომელთა სუსტმა და არამკვეთრმა პოლიტიკამ ჯერ საქართველო მიიყვანა მძიმე მდგომარეობამდე და ახლა იგივე გზას უკრაინა გადის. სამყარო ვითარდება, მაგრამ ადამიანის ბუნება უცვლელი რჩება და ბოროტებას განვითარების ყველა ეტაპზე, შესაბამისი პასუხის გაცემა სჭირდება”. როგორ მოგწონთ უკრაინის რეაქცია ამ ბოროტებაზე?
– საქართველოს მთელი ისტორია ომებისგან შედგება. ჩვენ მუდმივად ომში ვიყავით, თუმცა ჩემი პოზიციაა, რომ გმირები არ გვჭირდება. თუ გმირები გჭირდებათ, მაშინ რაღაც ისე ვერ არის. ცხოვრება გმირების გარეშე შესაძლებელია. შვეიცარია რატომღაც გმირების გარეშე ცხოვრობს, აშენებს სახელმწიფოს და ეკონომიკას. ან შეხედეთ დღევანდელ გერმანიას. სხვა გმირები ჰყავს – აინშტაინი, გოეთე, ფილოსოფოსები, მწერლები. ან იგივე სკანდინავიელები, რომლებიც თავიანთ ქვეყანას ბრილიანტად აქცევენ. ისინი მშვიდად ცხოვრობენ და ზრუნავენ თავიანთ კეთილდღეობაზე. ნუთუ მართლა შეუძლებელია ასე ცხოვრება? ნუ გამოიგონებთ სხვადასხვა ლეგენდებს, ნუ დაიწყებთ ომებს. მოხარული ვიქნები, უკრაინას გმირები რომ არ სჭირდებოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ХХІ საუკუნეში ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება გმირები. უკრაინა გმირი ქვეყანაა. თქვენი ხალხი უძლებს, იბრძვის სამშობლოსთვის და არა მარტო სამშობლოსთვის. უკრაინა თავისუფლებას აძლევს სხვებს. მტკივნეულია ამ ყველაფრის ყურება, მაგრამ გულით მიხარია, რომ არის ერი, რომელსაც ასე შეუპოვრად ბრძოლა შეუძლია.

– თავიანთ ფრონტზე იბრძვიან უკრაინელი ფეხბურთელებიც. შევჩენკო, იარმოლენკო, ზინჩენკო და მიკოლენკო ბრიტანეთში ბევრს აკეთებენ ჩვენი გამარჯვებისთვის.
– მათგან ყველაზე კარგად შევას ვიცნობ. უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ნაცნობობა მაკავშირებს – ადრე ვესაუბრე ლეონიდ ბურიაკს და სხვა უკრაინელებს. ვკითხე, როგორ იყო საქმეები, დახმარება შევთავაზე. ვიცი, რაოდენ უჭირთ მათ. 2008 წელს მეც მირეკავდნენ მთელი მსოფლიოდან. ტერიტორიულად საქართველოს ფარგლებს გარეთ ვიყავი, ამსტერდამში, მაგრამ საქართველოში იყვნენ ჩემი შვილები, მშობლები და ძმები.

– მაშინ შინ დაბრუნებას ცდილობდით?
– ჩარტერული რეისის დაჯავშნას ვაპირებდი, მაგრამ ახლობლები უარზე იყვნენ. მაინც წავედი, ტრაპიზონით ჩავედი. ამიტომ, როგორც არავის, მესმის, რას გრძნობს თითოეული უკრაინელი. ყოველდღიური ნერვიულობა, ახალი ამბების კითხვა… ჩვენც დაგვბომბეს, ვერტმფრენებიდანაც გვესროდნენ, ქალაქებიც დაინგრა, ქვეყნის 25 პროცენტის ოკუპირება მოახდინეს. მე მხოლოდ ვისურვებდი, რომ ომი მაქსიმალურად მალე დასრულდეს თქვენი გამარჯვებით. მთელი საქართველო ღელავს უკრაინაზე, ყველას გვტკივა. მეც ვღელავ, ჩემი მშობლებიც ღელავენ, რომლებიც 75 წლის ასაკის არიან, ღელავენ ჩემი შვილებიც. მიჭირს ამაზე საუბარი და უბრალოდ გვერდიდან ყურება.

– 2010 წელს დიკ ადვოკატმა მიგიწვიათ რუსეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში, მაგრამ თქვენ უარი თქვით. 2018 წელს უგულებელყავით რუსეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი. საქართველოში მომხდარის შემდეგ შეუძლებელი იყო საკუთარ სინდისთან კომპრომისზე წასვლა?
– ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებდი. არის რაღაცები, რასაც უბრალოდ არ აკეთებ. ეს ჩემი ქმედებებია, რის გაკეთებასაც საჭიროდ ვთვლიდი. ყველა ისე იქცევა, როგორც გული ეუბნება. ეს არ არის გმირობა, არ არის აუცილებელი პრინციპის ჩვენება. ეს ის შემთხვევაა, როცა ჯდები, ფიქრებში ეფლობი და საკუთარ თავს ეუბნები: “არა, ამას არ გავაკეთებ”.

– უკრაინის ნაკრებთან არაერთხელ გითამაშიათ. რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად უკრაინაში თქვენი ვიზიტებიდან?
– მახსოვს, როგორ დავმარცხდით 2004 წელს ლვოვში 0:2. მე და შევა კი მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად დაგვასახელეს. პრიზი გადმომცეს, თუმცა იმდენად დაძაბული ვიყავი, რომ ეს ჯილდო გასახდელში დამავიწყდა. საერთოდ, ლვოვმა გამაკვირვა. თამაშამდე ქალაქის ქუჩებში ვსეირნობდით და ადგილობრივებისგან მხოლოდ უკრაინული ენა გვესმოდა. კიევში სტუმრობისას ძირითადად რუსული მესმოდა.

– უკრაინის საკითხი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქტუალურ თემად რჩება. ყველაზე დიდი ყურადღება ბრიტანელებისგან იგრძნობა. არც თქვენი “ჰალ სიტია” გამონაკლისი.
– ინგლისში თითქმის დილიდან საღამომდე უკრაინის მოვლენებზე საუბრობენ. ყველას საერთო ხედვა აქვს – სხვისას ვერ მიითვისებ. იცით, რა არის გასაკვირი – რუსებს იმის გამბედაობაც კი არ აქვთ, რასაც უკრაინაში აკეთებენ, სიტყვა “ომი” უწოდონ. რა სპეცოპერაცია? არ არსებობს ორთვიანი და სამთვიანი ოპერაციები. ოპერაცია მაქსიმუმ ერთი ან ორი საათია. ეს კი თვეების საკითხია. მსოფლიოს ვერც კი ეუბნებიან, რომ ომი დაიწყეს. ეს ყველაზე ცუდია. თუ ასეთი მაგარი ხარ, ღიად უნდა თქვა.

– თქვენი ბიძა არის ვახტანგ კიკაბიძე, უკრაინის დიდი მეგობარი. როგორ აღიქვამს ის რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ?
– მან დიდი ხნის წინ თქვა უარი რუსეთში გადაცემულ ჯილდოებზე. ასევე უარი თქვა მოსკოვში გამგზავრებაზე და მრავალი წელია იგნორირებას უკეთებს ამ ქვეყანას. ეს არის ადამიანი, რომელსაც ბევრი რამ ახსოვს წარსულიდან: ცუდიც და კარგიც. თეატრის, მუსიკისა და კინოს სფეროს ადამიანებს შორის კომუნიკაციის კულტურა, ალბათ, საბჭოთა პერიოდის პოზიტივს ეკუთვნის. მაგალითად, ლია ახეჯაკოვა დავასახელოთ, რომელიც გამოდის და საჯაროდ აკრიტიკებს ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, საქართველოში ამის გაკეთება უფრო იოლია. ვახტანგ კიკაბიძე საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი კრიტიკოსია. როგორც ვიცი, ის თქვენი პრეზიდენტის ახლო მეგობარია და ყოველთვის სიამოვნებით ჩადის კიევში.

– უკრაინა ყოველდღიურ ტკივილს განიცდის, თუმცა მედგარ წინააღმდეგობას უწევს. გჯერათ ჩვენი გამარჯვების?
– ვიცი, რომ სიმართლე ერთია. ვიცი, რომ თქვენი ხალხი ბრძოლას გააგრძელებს. შეიძლება ამ ომის ცალკეულ ბრძოლებში დამარცხდეთ, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ საბოლოოდ გაიმარჯვებთ. ერი, რომელსაც ასე უყვარს თავისი ქვეყანა და მიწა, დაუმარცხებელია. თქვენ ხართ დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანა. კიევი ათას წელზე მეტი ხნისაა, მას დიდი მემკვიდრეობა აქვს. მისი სიმბოლო ჩემთვის კიევ-პეჩერის ლავრის მოოქროვილი გუმბათებია. ეს ისეთივე წმინდა ადგილია, როგორც ქართული სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, ჯვარი თუ გელათის მონასტერი…

იცოდეთ, რომ ჩვენ, ქართველები მხოლოდ საუკეთესოს გისურვებთ. ვისურვებდი, რომ ომი ძალიან მალე დასრულებულიყოს. ჩვენ ყველანი ვლოცულობთ უკრაინისთვის. თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციები რეგულარულად იმართება. ეს არის რიგითი ქართველების ნება. ჩვენ ვიღებთ ლტოლვილებს, გვიხარია, რომ თქვენ გვერდით ვართ. თუმცა, გვინდა, რომ უფრო მეტი უკრაინელი შემოვიდეს ჩვენთან, როგორც ტურისტი. გვინდა, რომ უკრაინელებმა მშვიდად იცხოვრონ თავიანთ ქვეყანაში. ღმერთი იყოს თქვენთან. ყველა უკრაინელს ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ძალას და მოთმინებას.

ჩავი: “არცერთი ტიტულისთვის არ ვიბრძვით, მიზანი მეორე ადგილია”

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა მიმდინარე სეზონში საკუთარი გუნდის ასპარეზობის შესახებ ისაუბრა.

“რეალობა უნდა მივიღოთ, მაგრამ არ ვაპირებთ იმ იდეის ღალატს, რომლისაც გვჯერა. საკუთარი თავის რწმენა უნდა შევინარჩუნოთ. დიდი ესპანური კლუბები დავამარცხეთ: “ატლეტიკო”, “რეალი”, “სევილია”. იგივე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ. მე ჯერ კიდევ პოზიტიურად ვარ განწყობილი, წინსვლა უნდა განვაგრძოთ.

რეალობა ისაა, რომ ახლა არცერთი ტიტულისთვის არ ვიბრძვით. მოკრძალება გვმართებს ისე, როგორც არასდროს. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მიზანი მეორე ადგილია. ორი-სამი კვირის წინ ესპანეთის ჩემპიონატში გამარჯვებისთვის ვიბრძოდით, ახლა კი ამისგან ძალიან შორს ვართ. რეალობა მეორე ადგილისთვის ბრძოლაა. დღეს ისე ცუდად არ გამოვდივართ, როგორც ნოემბერში, მაგრამ კიდევ უკეთესები უნდა გავხდეთ“, – ჩავის სიტყვები “მუნდო დეპორტივომ” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ პრიმერადივიზიონის სატურნირო ცხრილში “ბარსელონა”, “სევილია” და “ატლეტიკო” მეორე-მეოთხე პოზიციებს ინაწილებენ. გათამაშების ლიდერი მადრიდის “რეალი” მათ 15 ქულით უსწრებს.

მარტორელი: “ნაპოლის” ფინანსური კრიზისი აქვს, მაგრამ კვარაცხელია…”

იტალიელმა საფეხბურთო მიმომხილველმა ჯიოკონდო მარტორელიმ Tuttomercato-ზე “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა.

ჟურნალისტი
: როგორი იქნება ნაპოლის სატრანსფერო პოლიტიკა?

“დიდი ცვლილება არ იქნება გასულ სეზონთან შედარებით. დამოკიდებული იქნება, როგორ მოითხოვს საზოგადოება, თუმცა ყველა გუნდს ფინანსური კრიზისი აქვს, მათ შორის, “ნაპოლის”

და კვარაცხელია?

“თუ კრისტიანო ჯიუნტოლი (ნაპოლის სპორტული დირექტორი) ფულის დახარჯვას მოინდომებს, მაშინ ყველაფერი შესაძლებელია”

გავრცელებული ინფორმაციით, ნეაპოლელები ხვიჩას სანაცვლო 8-10 მილიონ ევროს გადაიხდიან.

Tranquilo! – რატომ არ შეიყვანა ბორდალასმა მამარდაშვილი განაცხადში?

“ვალენსიას” მთავარმა მწვრთვნელმა ბორდალასმა გიორგი მამარდაშვილი “ვილიარელთან” განაცხადში არ შეიყვანა და გუნდი უკვე 2-0 მარცხდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბორდალასმა მამარდაშვილი თასის ფინალისთვის დაასვენა და სხვა არავითარი მიზეზი ამისთვის არ არსებობს.

გიორგის ტრავმა არ აქვს და მოსალოდნელია, რომ ფინალში სწორედ ის დადგება.