ბალოტელი: “ყოველთვის ვოცნებობდი “ნაპოლიში” თამაშზე”

თურქული “ადანა დემირსფორის” თავდამსხმელი მარიო ბალოტელი გამოტყდა, რომ ყოველთვის სურდა “ნაპოლის” რიგებში თამაში. 31 წლის იტალიელი ფეხბურთელის თქმით, გუნდში მისი ხილვა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს არ უნდა.

“ყოველთვის ვოცნებობდი “ნაპოლიში” თამაშზე. დე ლაურენტისს პატივს ვცემ, მაგრამ, სამწუხაროდ, მას კლუბში ჩემი ხილვა არ სურდა. ასე რომ, ამ გუნდში ვერაფრით მოვხვდი, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ უნდა გწამდეს. თავს მშვენივრად ვგრძნობ, ფიზიკურად სრულ მზადყოფნაში ვარ, ტექნიკაც ადგილზეა. ასე რომ, ვნახოთ”, – აღნიშნა ბალოტელიმ.

იტალიელ ფეხბურთელსა და თურქულ კლუბს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2024 წლის 30 იანვარს ეწურება.

რონალდუს “იუნაიტედის” დატოვება და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს კლუბთან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტა სურს.

“დეილი მეილის” ცნობით, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა “წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელობას აცნობა, რომ კონტრაქტის გაწყვეტა და ისეთ გუნდში გადასვლა სურს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს. შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” ინგლისის პრემიერლიგის გათამაშებაში მეექვსე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა.

ინგლისურ კლუბს კრიშტიანუ რონალდუს გაშვება არ სურს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა პორტუგალიელი ფეხბურთელის დარწმუნება სცადა, თუმცა, როგორც ჩანს, ნიდერლანდელ სპეციალისტს ეს არ გამოუვიდა. მხარეებს შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აქვს.

კრიშტიანუ რონალდუმ გასულ სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 39 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი საგოლე გადაცემა “ნაპოლიში” (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “აიაქსის” ფეხბურთელი დაიმატა

ამსტერდამის “აიაქსის” მცველი ლისანდრო მარტინესი კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს. 24 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“ჩემთვის დიდი პატივია ასეთ დიდ კლუბში გადმოსვლა. ბევრი ვიმუშავე იმისთვის, რომ ჩემს კარიერაში ეს მომენტი დამდგარიყო. გამიმართლა, რომ წარმატებული გუნდის ნაწილი ვიყავი და ვიმედოვნებ, რომ ეს ტენდენცია “მანჩესტერ იუნაიტედში” გაგრძელდება. წარმატების მისაღწევად დიდი სამუშაოა გასაკეთებელი, თუმცა მჯერა, რომ ერიკ ტენ ჰაგისა და მისი სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით ბევრის მიღწევა შეგვიძლია”, – ციტირებს ლისანდრო მარტინესის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

არგენტინელი მცველი “აიაქსის” რიგებში 2019 წლიდან თამაშობდა. მან ამ პერიოდის განმავლობაში 188 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა მიითვალა. “მანჩესტერ იუნაიტედს” ერიკ ტენ ჰაგი წვრთნის, რომლის თავკაცობითაც ლისანდრო მარტინესი “აიაქსში” მთელი ამ სამი წლის განმავლობაში თამაშობდა.

“ჩელსის” კეინის დამატება სურს, თუმცა იმედი არ აქვს

ჟურნალისტი კრისტიან ფალკი საკუთარ მიკრობლოგზე წერს, რომ ლონდონის “ჩელსი” დაინტერესებულია “ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” ჰარი კეინის გადმობირებით.

წყაროს თანახმად, “ლურჯთა” ინტერესი საკმაოდ მაღალია, თუმცა კლუბში ინგლისელი ფორვარდის დამატების იმედი დიდად არ აქვთ. “ჩელსიში” ფიქრობენ, რომ “ტოტენჰემი” საკუთარ ლიდერს კონკურენტ კლუბში არ გაყიდის და თუ ფეხბურთელთან შელევა მაინც მოუწევს, მას არაინგლისურ გუნდში გაუშვებს.

ჰარი კეინსა და “ტოტენჰემს” შორის არსებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აქვს.

ინგლისელმა თავდამსხმელმა გასულ სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 50 მატჩი ჩაატარა, 27 გოლი გაიტანა და ათი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ოლივერ კანი: “რონალდუ “ბაიერნის” ფილოსოფიას არ შეეფერება”

მიუნხენის “ბაიერნის” გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ კომენტარი გააკეთა.

“რონალდუს საკითხი განვიხილეთ. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, ჩვენს მოვალებას ცუდად შევასრულებდით. პირადად მე რონალდუს ამ პლანეტაზე მოვლენილ ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ვთვლი.

მის მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ დღესდღეობით რონალდუ “ბაიერნის” ფილოსოფიას არ შეეფერება”, – თქვა კანმა “ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

როგორც ცნობილია, პორტუგალიელ ფეხბურთელს “მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვება სურს. რონალდუს “წითელ ეშმაკებთან” შრომითი ხელშეკრულება მომავალი წლის ზაფხულში ეწურება. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” 37 წლის შემტევის სატრანსფერო ღირებულებას 30 მილიონ ევროდ აფასებს.

კასპერ შმეიხელი “ლესტერს” ტოვებს

“ლესტერ სიტის” კიპერმა კასპერ შმეიხელმა გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ფრანგული გამოცემა “ლეკიპი” იუწყება, რომ 35 წლის დანიელი კიპერი კარიერას “ნიცაში” გააგრძელებს.

ფრანგები ვალტერ ბენიტესის გაყიდვის შემდეგ ახალი მეკარის ძიებაში არიან და არჩევანი შმეიხელზე შეაჩერეს. თავის მხრივ, ტრანსფერი იმაზეც არის დამოკიდებული, რამდენად შეძლებენ “მელიები” დანიელი კიპერის შემცვლელის პოვნას. მხარეებს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აქვს.

შეგახსენებთ, რომ კასპერ შმეიხელი 2015-2016 წლების სეზონში “ლესტერთან” ერთად ინგლისის ჩემპიონი გახდა.

მარიუ რუი: “კვარაცხელია “ნაპოლის” დიდ დახმარებას გაუწევს”

“ნაპოლის” მცველმა მარიუ რუიმ გუნდის ახალწვეულის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა.

“ლორენცო ინსინიე აღარ გვყავს, მაგრამ გუნდში არიან ძლიერი მოთამაშეები, რომლებსაც თავის წარმოჩენა სურთ. ჩემი აზრით, კვარაცხელია საკმაოდ კარგი ფეხბურთელია. მას გარკვეული დრო დასჭირდება ადაპტაციისთვის, თუმცა ძლიერი მოთამაშეა, რაც უბრალო დრიბლინგსა და გადაცემებშიც ჩანს. ის გუნდს დიდ დახმარებას გაუწევს”, – თქვა მარიუ რუიმ Radio Goal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიურ კლუბთან ხუთწლიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა. ქართველი ფეხბურთელი “ნაპოლის” ღირსებას 77-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

“ატალანტას” ლიდერი დოპინგზე გამოიჭირეს

ბერგამოს “ატალანტას” მცველ ხოსე ლუის პალომინოს გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

Goal Italia-ს თანახმად, ანტიდოპინგური სააგენტოს ოფიცრები “ატალანტას” დაუგეგმავად ესტუმრნენ და ფეხბურთელებისგან ნიმუშები აიღეს. პალომინოს დოპინგტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. მის სისხლში აკრძალული ნივთიერება ნანდროლონი აღმოაჩინეს, რის გამოც მას გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

ხოსე ლუის პალომინო “ატალანტას” რიგებში 2017 წლიდან თამაშობს და ის გუნდის ერთ-ერთ შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა. მან ამ პერიოდის განმავლობაში “ნერაძურის” შემადგენლობაში 202 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

დიბალა: “ფული არაფერ შუაშია. “იუვენტუსს” აღარ ვჭირდებოდი”

პაულო დიბალამ, რომელმაც გასული სეზონის ბოლოს ტურინის “იუვენტუსი” დატოვა და თავისუფალი აგენტის სტატუსით “რომას” შეუერთდა, “ბიანკონერიდან” წამოსვლის მიზეზი განმარტა.

“ოქტომბერში ახალი კონტრაქტის გაფორმების შეთანხმება გვქონდა, მაგრამ “იუვენტუსმა” მოცდა მთხოვა. მარტში მივიღე შეტყობინება, რომ კლუბის სამომავლო პროექტის ნაწილი აღარ ვიყავი.

ასე რომ, ფული არაფერ შუაშია. კლუბმა მწვრთნელთან ერთად ასეთი გადაწყვეტილება მიიღო”, – ციტირებს დიბალას სიტყვებს italianfootballtv.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა “იუვენტუსის” ღირსებას 2015 წლიდან იცავდა. 28 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა “რომასთან” სამწლიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა.

გახდება სუარესი კიელინის თანაგუნდელი?

ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა შესაძლოა MLS-ს მიაშუროს.

“მუნდო დეპორტივოს” თანახმად, 35 წლის თავდამსხმელს “ლოს-ანჯელესი” მოკლევადიან კონტრაქტს სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ კლუბმა უკვე დაიმატა გარეტ ბეილი და ჯორჯო კიელინი.

შეგახსენებთ, რომ სუარესსა და კიელინის შორის მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ურუგვაისა და იტალიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას სუარესმა კიელინის მხარზე უკბინა, რის გამოც მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ურუგვაელი ფეხბურთელი ოთხთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. წლების შემდეგ ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა დათბა.

ლუის სუარესი ბოლოს მადრიდის “ატლეტიკოში” გამოდიოდა. მან ესპანური კლუბი 2021-2022 წლების სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა. სუარესმა ესპანეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში 35 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.

შესაძლოა, დრის მერტენსი “ნაპოლიში” დაბრუნდეს

ბელგიელი შემტევი დრის მერტენსი შესაძლოა, “ნაპოლიში” დაბრუნდეს.

“ტუტოსპორტის” თანახმად, თუ ფეხბურთელი იტალიის საზღვრებს გარეთ სასურველ კლუბს ვერ მოძებნის, ის ნეაპოლში დაბრუნდება.

დრის მერტენსს წელიწადში ხელფასის სახით ოთხი მილიონი ევროს მიღება სურს. თუ რომელიმე არაიტალიური კლუბი ფეხბურთელს ამ ფინანსურ მოთხოვნას ვერ დაუკმაყოფილებს, მერტენსი “ნაპოლიში” დაბრუნდება, სადაც მისი ანაზღაურება, სავარაუდოდ, 2,4 მილიონ ევროს გაუთანაბრდება.

35 წლის შემტევს “ნაპოლისთან” შრომითი ხელშეკრულება 2021-2022 წლების სეზონის ბოლოს ამოეწურა. ის დღესდღეობით თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. მერტენსი იტალიური გუნდის ღირსებას 2013 წლიდან იცავდა. მან ამ პერიოდის განამვლობაში 397 მატჩი ჩაატარა, 148 გოლი გაიტანა და 90 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.