ლევან კობიაშვილი: “ფაჩულია საოცარი ერთიანობის მიზეზი იყო და არის ყველა ქართველისათვის”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა “გოლდენ სტეიტ უორიორსის” ქართველ კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას NBA-ს საჩემპიონო ტიტულის მოგება მიულოცა.

“ზაზა ფაჩულია NBA-ის პირველი ქართველი ჩემპიონია! დღეს, ჩვენ, ყველა ერთად ჩვენი კაპიტნის უდიდეს წარმატებას ვზეიმობთ!

ამ უკანასკნელ პერიოდში ზაზა არამარტო საკალათბურთო ვარსკვლავი, გამორჩეული პროფესიონალი და კარგი ადამიანი, არამედ საოცარი ერთიანობის მიზეზი იყო და არის ყველა ქართველისათვის! თუკი შეიძლება, ვინმე გამორჩეულად იმსახურებდეს მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის ელჩის წოდებას, ეს ზაზაა და მე ამაყი და ბედნიერი ვარ, როდესაც ამ სიტყვებს ვამბობ!

გილოცავთ, საქართველოს NBA-ის ჩემპიონი ჰყავს!” – წერს სოციალურ ქსელში კობიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც NBA-ის საჩემპიონო ტიტული მოიპოვა.

ლევან კობიაშვილი: #NBAVOTE ZAZA PACHULIA (ვიდეო)

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის “ზამთრის თასის” ფინალური მატჩი დასრულდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პირველ ტაიმში ჩვენი გუნდი დააწინაურა, ანგარიში 2:1 გახადა, მაისური გაიძრო და შიდა ფორმაზე გაკეთებული წარწერა დაგვანახა: #NBAVOTE ZAZA PACHULIA შეგახსენებთ, რომ ფინალურ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა მეტოქე ანგარიშით 7:4 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ლევან კობიაშვილმა “ოლიმპიკის” ბაზა დაათვალიერეს (ვიდეო)

25 ივლისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, საფეხბურთო სკოლა „ოლიმპიკის“ დამფუძნებელ კარლო მჭედლიძესთან ერთად დიღომში მდებარე ბავშვთა საფეხბურთო სკოლა „ოლიმპიკის” ბაზა დაათვალიერეს.

მთავრობის დადგენილებით, აღნიშნული საფეხბურთო სკოლის მიწის ნაკვეთი „ოლიმპიკს” კერძო საკუთრებაში ოფიციალურად დაუმტკიცდა. სკოლის ხელმძღვანელობა მომავალში მნიშვნელოვანი ინსფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას გეგმავს, მათ შორის ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი მოედნების მოწყობას, 2000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონისა და სამედიცინო ცენტრის მშენებლობას. ასევე დაგეგმილია ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის სასტუმროს აშენებაც.

საფეხბურთო სკოლა „ოლიმპიკი“ 1997 წლიდან ფუნქციონირებს. დღეისათვის, „ოლიმპიკში” სხვადასხვა ასაკის 200-მდე მოზარდი ვარჯიშობს.

სფფ-ის პრესსამსახური

სფფ-ში საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართა (ვიდეო)

20 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საგანგებო პრესკონფერენცია გამართა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით ქედის ბეთლემის მოთამაშეებს: ლევან ბეკტაშევს, კარენ მაკარიანს, თემურ ხარებავასა და არჩილ ბაჯელიძეს, ასევე მწვრთნელის ასისტენტს რომალ ქობულაძეს სამუდამოდ აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა, ხოლო ქედის „ბეთლემი“ მოიხსნა მიმდინარე გათამაშებიდან, დაქვეითდა დაბალ დივიზიონში და დაჯარიმდა 50 000 ლარით.

სფფ-ის პრესსამსახური

ტარიელ ხეჩიკაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეხვდა (ვიდეო)

2016 წლის პირველ ამხანაგურ მატჩამდე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი შეხვდა და მათი მზადების პროცესს გაეცნო. ტარიელ ხეჩიკაშვილმა ეროვნული ნაკრების სრულ შემადგენლობას და ახალ სამწვრთნელო შტაბს წარმატება უსურვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო – ყაზახეთის ამხანაგური მატჩი 29 მარტს, 21:00 სთ-ზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 5 ლარია და მისი შეძენა „დინამო არენას“ სალაროებშია შესაძლებელი. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სფფ-ის პრესსამსახური

კობიაშვილი: “მჯერა, ყაზახეთის ნაკრებთან მატჩი მომავალ გამარჯვებებს დაუდებს სათავეს”

29 მარტს საქართველოს ნაკრები კალენდარული წლის პირველ მატჩს გამართავს. “ჯვაროსნები” “დინამო არენაზე” ყაზახებს ამხანაგურად გაეჯიბრებიან. დამდეგი შეხვედრის შესახებ სპეციალურ განცხხადებას აქვეყნებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.

“ეროვნული ნაკრები ჩვენი ქვეყნის სახეა. ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგური მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც წლის სადებიუტო მატჩი. მჯერა, ეს შეხვედრა გარდამტეხი იქნება ჩვენი გუნდისთვის და მომავალ გამარჯვებებს დაუდებს სათავეს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ქომაგს იმ თანადგომისა და ინტერესისთვის, რასაც იჩენენ.
29 მარტს, საღამოს 9 საათზე, “დინამო არენაზე” ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს”, – განცხადება ლევან კობიაშვილის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 29 მარტს, “დინამო არენაზე” გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია ორშაბათიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა “დინამო არენას” სალაროებში 28 მარტიდან იქნება შესაძლებელი. 28 მარტს სალაროები 11:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს, 29 მარტს კი, თამაშის დაწყებამდე. ბილეთის ფასი 5 ლარია.

 

ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა (ვიდეო)

საქართველოს მთავრობამ ფეხბურთის ფედერაციის მიერ წარდგენილი ფეხბურთის განვითარების ხუთწლიანი პროგრამა დაამტკიცა. პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებები მოიცავს კლუბების ფინანსურ სტიმულირებას, ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლებას, საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას, საფეხბურთო განათლების ხელშეწყობას და ა.შ. უახლოეს მომავალში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფეხბურთის განვითარების გეგმას ფართო საზოგადოებას წარუდგენს.

 სფფ-ის პრესსამსახური

ლევან კობიაშვილმა გერმანელი ქომაგებისგან სპეციალური ჯილდო მიიღო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი გერმანელი გულშემატკივრის სიმპათიის პრიზის მფლობელი გახდა.

ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი ბერლინში ტრადიციულ ტურნირზე მონაწილეობდა. გერმანიის დედაქალაქში, 16 იანვარს გამართულ შეჯიბრზე, საუკეთესოს ტიტულისთვის ექვსი გუნდი იბრძოდა. ბერლინის „ჰერტა“, როგორც შეჯიბრის მასპინძელი და ასევე „რომა“, „შალკე“, „ნიურნბერგი“, „უნიონი“ და „ტვენტე“. ბერლინის „ჰერტა“ ნახევარფინალში „შალკესთან“ 3:4 დამარცხდა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი „ჰერტამ“ თანაქალაქელ “უნიონს” 8:6 მოუგო.

ტურნირის გამარჯვებული “ნიურნბერგი” გახდა. ფინალში „ნიურნბერგისა“ და „შალკეს“ შეხვედრა 5:5 დასრულდა. პენალტების სერიაში კი „ნიურნბერგმა“ 10:9 გაიმარჯვა. ტურნირი ბერლინის „მაქს შმელინგ ჰალეს“ დარბაზში ჩატარდა. გუნდები კი კლუბების ვეტერანი მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული.

ლევან კობიაშვილმა ტურნირზე ჩატარებულ სამ შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.

სფფ-ს პრესსამსახური

ფერნანდო იერო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ესტუმრა

ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი – ფერნანდო იერო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ესტუმრა. ესპანელი ვეტერანი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად საქართველოში საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ მოწვევით იმყოფება, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს – ლევან კობიაშვილსა და ფედერაციის გენერალურ მდივანს – დავით მუჯირს შეხვდა.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ ფერნანდო იერო გვესტუმრა. ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. მან მომილოცა პრეზიდენტად არჩევა და წარმატებები მისურვა.
ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე – თუ როგორ და რა ფორმით ვითანამშრომლებთ. ყოველთვის ვამბობდი და ვიმეორებ, რომ საერთაშორისო ურთიერთობები და კარგი კონტაქტები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ვეცდებით, ეს ყველაფერი ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ. იგივე გერმანულ მხარესთან, იგივე ესპანელებთან ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ურთიერთობები ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან კობიაშვილმა.

სფფ-ის პრესსამსახური

ლევან კობიაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი უეფაში

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი – ლევან კობიაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიაში, უეფაში იმყოფება. ლევან კობიაშვილი და ფედერაციის გენერალური მდივანი – დავით მუჯირი ნიონში დღეს გაემგზავრნენ. უეფას შტაბ-ბინაში დაგეგმილ შეხვედრაზე, უეფას წევრი 54 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები და გენერალური მდივნები მიიწვიეს.

ქართული დელეგაცია შვეიცარიაში სხვადასხვა რანგის შეხვედრებს გამართავს და საქართველოში ხვალ დაბრუნდება.

სფფ-ის პრესსამსახური

სფფ-ის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი აირჩიეს

სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” დასრულდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები. ქვეყნის ფეხბურთის მმართველ ორგანოს უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში ლევან კობიაშვილი უხელმძღვანელებს.

როგორც მოგეხსენებათ, სფფ-ის პრეზიდენტის პოსტისთვის რევაზ არველაძე, მამუკა კვარაცხელია და ლევან კობიაშვილი იბრძოდნენ.

ხმის უფლების მქონე 33 დელეგატის არჩევანი ასეთია:

რევაზ არველაძე — 15  ხმა;
მამუკა კვარაცხელია — 0  ხმა;
ლევან კობიაშვილი — 18 ხმა.

 

ლევან კობიაშვილმა დაადასტურა, რომ სფფ-ის საპრეზიდენტო პოსტისთვის იბრძოლებს

ლევან კობიაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო პოსტისთვის იბრძოლებს.

კობიაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ოფიციალურად გამოაცხადა ყრილობის თარიღი – 3 ოქტომბერი.

კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო საპრეზიდენტო არჩევნებში და უახლოეს დღეებში ოფიციალურად დავარეგისტრირო საკუთარი კანდიდატურა.

ქართველ გულშემატკივარს ვპირდები, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ და ყველაფერს გავაკეთებ ქართული ფეხბურთის წარმატებისთვის.
კანდიდატურის დარეგისტრირების დღიდან აქტიურად დავიწყებ ჩემი ხედვებისა და გეგმების პრეზენტაციას, წარმოვადგენ ჩემს გუნდსაც და შევხვდები ჩვენი ფეხბურთის ბედით და მომავლით დაინტერესებულ ყველა სუბიექტს.

მჯერა, რომ ყველანი ერთად შევძლებთ შევცვალოთ ქართული ფეხბურთი უკეთესობისკენ!”