“ჰერტა” ახალი სტადიონის მშენებლობას იწყებს (ფოტო)

ბერლინის “ჰერტა” ახალი სტადიონის მშენებლობას აპირებს.

კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, არენა 55 ათას მაყურებელს დაიტევს და მისი მშენებლობა 2025 წლამდე უნდა დასრულდეს.

აღსანიშნავია, რომ პროექტს მხოლოდ კერძო ინვესტორები დააფინანსებენ. ახალი სტადიონის ღირებულება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ “ჰერტა” დღესდღეობით ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” თამაშობს, რომელმაც 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ და 2015 წელს ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ შეხვედრას უმასპინძლა. “ჰერტას” ახალი არენა “ოლიმპიაშტადიონის” მახლობლად აშენდება.

“ჰერტასა” და “აინტრახტის” ფანებმა მატჩამდე მასობრივი ჩხუბი მოაწყვეს (ვიდეო, ფოტო)

გერმანიის ბუდნესლიგის 22-ე ტურში ბერლინის “ჰერტასა” და ფრანკფურტის “აინტრახტს” შორის გამართულ მატჩამდე გუნდების ფანებმა ქალაქში მასობრივი ჩხუბი მოაწყვეს. “ბილდის” ცნობით, ჩხუბში 50-დან 200 პირი მონაწილეობდა. სამართალდამცველებმა 40-მდე პირი დააკავეს.

მატჩი “ჰერტას” გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

“შტუტგარტისა” და “ჰერტას” ფანებმა ერთმანეთთან იჩხუბეს (ფოტო)

გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურში “შტუტგარტსა” და ბერლინის “ჰერტას” შორის გამართული მატჩის (0:0) შემდეგ გუნდების ფანებმა ერთმანეთთან იჩხუბეს.

“ბილდის” ცნობით, ჩხუბში, რომელიც ქალაქ შტუტგარტის რკინიგზის სადგურთან მოხდა, მასპინძელთა 200 და სტუმართა 150 ქომაგი მონაწილეობდა. საბოლოო ჯამში, შეტაკების შეჩერება სამართალდამცველებმა მოახერხეს, თუმცა სხვადასხვა სახის დაზიანება თორმეტმა პოლიციელმა მიიღო. დაშავდა პოლიციის ცხენიც, რომელსაც ნაგვის ურნები ესროლეს.

არეულობისგან გამოწვეულმა ზარალმა 10 ათას ევროს გადააჭარბა.

car

“ჰერტას” თავკაცი ფეხბურთელებს მოწევის უფლებას აძლევს

ბერლინის “ჰერტას” ახალდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა პალ დარდაიმ “ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მკაცრი დისციპლინის მომხრე არ არის. ის თავის ფეხბურთელებს მოწევის უფლებასაც კი აძლევს.

— ჩემს ბიჭებს თავიდანვე ვუთხარი, რომ გასახდელში ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, რასაც მოისურვებენ, მაგალითად – ნამცხვრის მირთმევა ან მისი კედელზე სროლა. მნიშვნელობა არ აქვს, რას გააკეთებენ, მთავარი შედეგის ჩვენებაა. რატომ უნდა ავუკრძალო მათ რაიმე, თუ აკრძალვის გარეშეც კარგად მუშაობენ?!

– ესე იგი, თქვენს ფეხბურთელებს მოწევის უფლებაც აქვთ?
– მოწევა ჯანმრთელობისთვის ცუდია, მაგრამ თუ სიგარეტი ვინმეს პულსს უმშვიდებს, თუ ეს ფეხბურთელს უნდა და თუ ბავშვების თანდასწრებით არ ეწევა, დაე – მოწიოს, ეს ჩემი საქმე არ არის.

 

კობიაშვილმა „ბორუსიასთან“ სრულად ითამაშა

გერმანიის ბუნდესლიგის XVII ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი „სიგნალ იდუნა პარკზე“ შედგა, სადაც დორტმუნდის „ბორუსიამ“ ბერლინის „ჰერტა“ მიიღო. შეხვედრა, ბევრისთვის მოულოდნელად, სტუმრებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს. მატჩში სრულად ითამაშა „ჰერტას“ მცველმა ლევან კობიაშვილმა, რომლისთვისაც ეს ბუნდესლიგაში ჩატარებული 340-ე შეხვედრა გახლდათ. უნდა აღინიშნოს, რომ 36 წლის ქართველი ფეხბურთელი ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა, ამ დავალებას თავი უნაკლოდ გართვა და მასპინძელი გუნდის თავდამსხმელებს გასაქანი არ მისცა. შეიძლება ითქვას, რომ კობიაშვილმა დორტმუნელთა მთავარი მეგოლის, რობერტ ლევანდოვსკის გადაკეტვა შეძლო, პოლონელს არ ჰქონია რაიმე რეალური შანსი. საერთოდაც, „ბორუსია“ თავის თავს არ ჰგავდა, რაც ისევ ბერლინელთა კარგი თამაშის დამსახურებაა. 67-ე წუთზე კობიაშვილმა ტაქტიკური ჯარიმისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, ქართველმა ფეხბურთელმა „ბორუსიას“ სწრაფი კონტრიერიში ჩაშალა თამაშის წესის დარღვევით.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ძირითადი მოვლენები პირველ ტაიმში განვითარდა: ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა, როდესაც მარკო როისმა ბუნდესლიგის დებიუტანტი მეკარის, მარიუს გერსბეკის უხეში შეცდომით ისარგებლა და კარიდან გამოსულ კიპერს ადვილად გაუტანა. სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება  23-ე წუთზე შეძლეს: მოედნის ცენტრალურ ნაწილში დორტმუნდელთა მცველმა ერიკ დურმმა ბურთი ვერ დაიმორჩილა, სამი ალაგიმ სწრაფი ფლანგური გარღვევა მოაწყო, საჯარიმოში ადრიან რამოსი მოძებნა და ამ უკანასკნელმაც ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი რომან ვაიდენფელერის კარში. ტაიმის ბოლო წუთზე სტუმრები სულაც წინ გავიდნენ: ამჯერად „ბორუსიას“ 18 წლის ცენტრალური მცველი მარიან სარი შეცდა, რომელიც მეკარისკენ შეტრიალდა, ამ დროს კი ბურთი ალაგიმ აართვა, მეკარესთან ფაქტობრივად ერთი ერთზე გავიდა და თავისი გუნდი დააწინაურა – 1:2.

მეორე ტაიმში „ბორუსია“ ანგარიშის გათანაბრებას ბევრს კი ცდილობდა, თუმცა „ჰერტას“ ფეხბურთელები თავს საიმედოდ იცავდნენ და სასურველ შედეგსაც მიაღწიეს. აღსანიშნავია, რომ მთავარმა არბიტრმა მატჩის მეორე ნახევარს 4 წუთი დაამატა, თუმცა ტაიმი იმდენად გაჯანჯლდა, რომ ის 98-ე წუთზე დასრულდა.

„ჰერტამ“ ამ გამარჯვებით 28 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლა. „ბორუსიას“ 32 ქულით მესამე ადგილი აქვს დაკავებული.

გერმანიის ბუნდესლიგა
XVII ტური
„ბორუსია“–„ჰერტა“ 1:2 (1:2)
გოლები: როისი 7′ – რამოსი 23′, ალაგი 45′.
გაფრთხილებები: სარი 45+2′, შაჰინი 90+1′ – ჯიერჯი 50′, კობიაშვილი 67′, ჰოსოგაი 81′.

ბექა დოგრაშვილი

კობიაშვილმა „ჰერტა“ გაშვებული გოლისგან იხსნა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტური ბერლინის „ჰერტასა“ და ბრემენის „ვერდერის“ მატჩით გაიხსნა. შეხვედრა დედაქალაქელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა. მასპინძელთა მხრიდან დუბლი შეასრულა კოლუმბიელმა თავდამსხმელმა ადრიან რამოსმა, ერთი გოლი ებერსონ ფურტადო რონის ანგარიშზეა. „ბრემენელი მუსიკოსებიდან“ თავი გამოიჩინეს ნილს პეტერსენმა და აარონ ჰანტმა. მატჩში მონაწილეობა მიიღო ლევან კობიაშვილმაც, რომელიც მოედანზე შეხვედრის 81-ე წუთზე შემოვიდა და დარჩენილი დრო უშეცდომოდ გაატარა, ერთ ეპიზოდში კი „ჰერტა“ აშკარა გოლისგან იხსნა: 87-ე წუთზე ბერლინელთა კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმო დარტყმის შემდეგ, „ჰერტას“ მეკარემ ბურთი უხეიროდ მოიგერია, ძელს მოხვდა და კარის ხაზის გასწვრივ წამოვიდა. ბურთს კარის ხაზთან კობიაშვილმა მიუსწრო, მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ცხვირწინ ააცალა და საჯარიმოს გარეთ მოიგერია.

ამ გამარჯვებით „ჰერტამ“ 25 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილის მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. „ვერდერი“ 16 ქულით მე-14 პოზიციაზე გახლავთ.

აქვე გთავაზობთ გოლებისა და კობის სეივის ამსახველ ვიდეომასალას.

გერმანიის ბუნდესლიგა
XVI ტური
„ჰერტა“–„ვერდერი“ 3:2
გოლები: რამოსი 17′ (პენ), 26′, რონი 48′ – პეტერსენი 15′, ჰანტი 32′.
გაფრთხილებები: ჯიგერჯი 66′ – გებრე სელასი 17′, გარსია 51′.

ბექა დოგრაშვილი