ფაულერი: „სუარესი „ლივერპულის“ სახელის ტალახში ამოსვრას განაგრძობს“

„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რობი ფაულერმა ამავე კლუბის თავდამსხმელის, ლუის სუარესის შესახებ ისაუბრა, რომელსაც იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გუშინ გამართულ მატჩში (1:0) ჯორჯო კიელინისთვის კბენაში სდებენ ბრალს. ფაულერი ურუგვაელ ფორვარდს საქციელს არ უწონებს. მეტიც, ინგლისელი ფეხბურთელი ამბობს, რომ სუარესმა კიდევ ერთხელ მოსვარა ტალახით „ლივერპულის“ სახელი და გასაკვირი არ იქნება, თუ ის „ენფილდს“ დატოვებს.

„როგორც ფეხბურთელი, სუარესი „ლივერპულის“ ბევრ ქომაგს უყვარს, მაგრამ ის კლუბის სახელის ტალახში ამოთხვრას განაგრძობს. მისი მხრიდან ეს არასწორი საქციელია. არადა, მან ბოლო ინციდენტის დროს დიდი მხადაჭერა მიიღო.

არ გამიკვირდება, თუ სუარესი გუნდიდან წავა. მან „ლივერპულის“ სახელი კვლავ მოსვარა ტალახით. ეს დაუშვებელია. მისი დაცვა არ შეიძლება. კი ბატონო, როგორც ფეხბურთელი, ძალიან მომწონს, მაგრამ ასეთ ქმედებებზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება“, – აღნიშნა ფაულერმა.

 

გუშინდელ ფაქტს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა „ლივერპულის“ ადმინისტრაცია.

„საფეხბურთო კლუბი „ლივერპული“ ამ ეტაპზე არ აპირებს, რაიმე განცხადების გაკეთებას ლუის სუარესთან მიმართებაში, რადგან საქმე განსახილველად ფიფაშია. დადგენილი წესით უნდა მოხდეს მოთამაშისა და ურუგვაის ნაკრების მიმართ რეაგირება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფიფა აღნიშნული ინციდენტის განხილვას დღეს დაიწყებს. გავრცელებული ინფორმაციით, თუ სუარესს ბრალდება დაუმტკიცდება, მას მინიმუმ ორმატჩიანი, მაქსიმუმ კი — 24-თვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. ვრცელდება ცნობაც იმის შესახებ, რომ ურუგვაელი თავდამსხმელი ფიფას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

 

იტალია — ურუგვაი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იტალიისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა სამხრეთამერიკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მართალია, „სკუადრა აძურამ“ შეხვედრა დათმო და ჯგუფში ჩარჩა, თუმცა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად იტალიელთა მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი დაასახელეს.

ბუფონმა მატჩი სრულად ჩაამთავრა.

 

ურუგვაი — ინგლისი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ურუგვაისა და ინგლისის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა სამხრეთამერიკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ურუგვაელთა თავდამსხმელი ლუის სუარესი დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.

„ელ პისტოლერომ“ მოედანზე 88 წუთი დაჰყო, გააკეთა 35 გადაცემა და კარში 6-ჯერ დაარტყა.

 

ლუგანო: „სუარესი ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნეიმარი ბრაზილიისთვის ან მესი არგენტინისთვის“

ურუგვაის ნაკრების მცველი დიეგო ლუგანო იმედს გამოთქვამს, რომ ლუის სუარესი მუხლის ოპერაციის შემდეგ სრულად მომჯობინდება და მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებას მისთვის ჩვეული ჟინით შეხვდება.

„ლუისი ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნეიმარი ბრაზილიისთვის ან მესი არგენტინისთვის. მთელი წელი იმის შიშით გავატარე, რომ მას რამე არ მოსვლოდა. მთელი წლის განმავლობაში ვლოცულობდი, რომ ის ტურნირს სრულ მზადყოფნაში შეხვედროდა, თუმცა ჩემპიონატის უკანასკნელ მატჩში მან ტრავმა მიიღო. ეს ყველაზე ძლიერი დარტყმა იყო, რაც შეიძლებოდა მიგვეღო. როგორც ჩანს, განგებამ გადაწყვიტა, რომ მუნდიალის წინ ჩვენთვის სერიოზული გამოცდა მოეწყო“, – ლუგანოს სიტყვებს Goal.com-ი აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ურუუგვაის მეტოქეებად ინგლისის, იტალიისა და კოსტა რიკის ნაკრებები ჰყავს. ურუგვაელები ტურნირის პირველ შეხვედრას 14 ივნისს კოსტა რიკელების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ბექა დოგრაშვილი

ლუის სუარესი: „სამწუხარო იქნება, თუ კრიშტიანუ რონალდუ გაიტანს“

ინგლისური „ლივერპულისა“ და ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ლუის სუარესმა განაცხადა, რომ ახლა მთლიანად მსოფლიოს ჩემპიონატზე გადაერთვება. გარდა ამისა, ურუგვაელმა ფორვარდმა მადრიდის „რეალში“ ან „ბარსელონაში“ მისი შესაძლო გადასვლის შესახებ გაჩენილი ჭორები უარყო.

„ბოლო პერიოდში პრესაში ბევრი ჭორი იწერება ჩემი მომავლის შესახებ. ახლა მთლიანად მსოფლიოს ჩემპიონატზე ვარ ფოკუსირებული. „ლივერპულთან“ ერთად შესანიშნავი სეზონი მქონდა. დრო მოვიდა, ნაკრებზე ვიფიქრო“, – ციტირებს სუარესის სიტყვებს ბრიტანული „გარდიანი“.

— მართლა არსებობს თქვენს კონტრაქტში პუნქტი, რომელიც „რეალში“ ან „ბარსელონაში“ გადასვლის შესაძლებლობას გაძლევთ?
— არა, ასეთი რამ არ არის. რამდენადაც ვიცი, შეთანხმებაში არ არის პუნქტი, რომელიც რომელიმე კლუბს ჩემი კონტრაქტის გამოსყიდვის უპირატესობას აძლევს.

— ისურვებდით ნეიმართან და მესისთან ერთად თამაშს?
— ყველამ იცის, რომ ისინი დიდებული ფეხბურთელები არიან.

— სჭირდება „ბარსელონას“ ტიპიური მე-9 ნომერი? რამდენად მოერგება ასეთი ფეხბურთელი კატალონიელთა სქემას?
— მე მწვრთნელი არ ვარ, ამაზე რომ გიპასუხოთ. „ბარსელონაში“ კარგად იციან, რა არის საჭირო. მე „ლივერპულთან“ მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს.

— რას აკეთებთ, როდესაც თქვენი შესაძლო ტრანსფერის შესახებ ინფორმაციას კითხულობთ?
— შემდეგ გვერდზე გადავდივარ. კარგად იცით, პრესას ჭორის აგორება რომ შეუძლია. ვცდილობ, ამას ყურადღება არ მივაქციო. ვიცი, რა მინდა. ჩემს აგენტს შეუძლია თქვას, რა არის სიმართლე და რა ჭორი.

— ამ სეზონში 31 გოლი გაიტანეთ და „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში გალიდერდით. კრიშტიანუ რონალდუს ამდენივე გოლი აქვს გატანილი, თუმც ესპანეთის ჩემპიონატში კიდევ ერთი ტურია სათამაშო. ამაზე რას ფიქრობთ?
— იმდი მაქვს, ვერ გაიტანს. კრიშტიანუ რონალდუ მესისთან ერთად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მე თავს ვიკლავ, გოლი რომ გავიტანო, მათ კი ეს ადვილად გამოსდით. სამწუხარო იქნება, თუ გოლის გატანას მოახერხებს.

ბექა დოგრაშვილი

სუარესი: „უოლკოტისა და ფალკაოს შემთხვევებმა შემაშფოთა“

„ლივერპულის“ თავდამსხმელი ლუის სუარესი გამოტყდა, რომ თეო უოლკოტისა და რადამელ ფალკაოს მძიმე ტრავმებმა შეაშფოთა. სავარაუდოდ, უოლკოტსა და ფალკაოს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვება მოუწევთ. აღნიშნულის მიუხედავად, მერსიაიდული გუნდის ურუგვაელი ფეხბურთელი ამბობს, რომ მუნდიალის გამო ენერგიის დაზოგვასა და ფრთხილად თამაშს არ აპირებს.

„უოლკოტისა და ფალკაოს ტრავმებმა შემაშფოთა. ამ ფაქტებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, ბევრი დაფრთხა კიდეც, თუმცა მე კლუბისთვის ძალებს არ დავზოგავ. ცუდზე ფიქრი არ შეიძლება. თითოეული მსოფლიოს ჩემპიონატი უნიკალური შანსია. ყველას სურს ამ ტურნირზე თამაში, თუმცა მე ინგლისის ჩემპიონატზე ფიქრი მირჩევნია. მხოლოდ ამის შემდეგ გადავერთვები მუნდიალზე“, – სუარესის სიტყვებს A Bola ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი