“რეალის” ფანების ნაწილი ფლორენტინო პერესის გადადგომას მოითხოვს

მადრიდის “რეალის” ინჩადა უკმაყოფილოა იმ პოლიტიკით, რომელსაც კლუბის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ახორციელებს.

Sport-ის ცნობით, მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ გუშინ გამართული მატჩის (1:2) მიმდინარეობისას “რეალის” ქომაგების ნაწილმა კლუბის პრეზიდენტის პოსტიდან ფლორენტინო პერესის გადადგომის მოთხოვნით ტრიბუნაზე სპეციალური ბანერი გამოკიდა.

“რეალის” ფანების ნაწილი თვლის, რომ გუნდის არასტაბილურ თამაშზე პასუხისმგებლობა სწორედ პერესმა უნდა აიღოს.

 

ოფიციალურად: გრიზმანმა “ატლეტიკოსთან” ექვსწლიანი გააფორმა

ფრანგმა თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა მადრიდის “ატლეტიკოში” სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კლუბთან ექვსწლიან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი.

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერის ღირებულებამ 30 მილიონი ევრო შეადგინა.

“მოხარულები ვართ, რომ ეს ტრანსფერი შედგა. ანტუანი თავიდანვე იყო ჩვენი სატრანსფერო მიზანი. ის ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რაც “რეალ სოსიედადში” თამაშის დროს დაამტკიცა.
გრიზმანი კარგად თამაშობს ორივე ფლანგზე, ეხერხება ფლეიმეიქერის პოზიციაზე თამაშიც. სწრაფია, შესანიშნავი დარტყმა აქვს და გადაცემებსაც კარგად აკეთებს”, – განაცხადა “ატლეტიკოს” სპორტულმა დირექტორმა ხოსე ლუის კამინერომ.

ანტუან გრიზმანმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის გასულ გათამაშებაში 35 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.

 

ანტუან გრიზმანი „ატლეტიკოს“ უახლოვდება

მადრიდის “ატლეტიკო“ „რეალ სოსიედადის“ თავდამსხმელ ანტუან გრიზმანის შეძენასთან ახლოსაა.

Goal.com-ის თანახმად, მადრიდელები მზად არიან, ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გაიღონ. 23 წლის ფორვარდის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები თვეზე მეტია, მიმდინარეობს და მხარეები თითქმის საბოლოო შეთანხმებამდეც მივიდნენ.

ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს დღეებში უნდა დადასტურდეს.

ანტუან გრიზმანმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის გასულ გათამაშებაში 35 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.

 

ესპანეთის ნაკრების თვითმფრინავს ელვა დაეცა

ესპანეთის ნაკრები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ სამშობლოში თვითმფრინავით დაბრუნდა, თუმცა მათ მგზავრობას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია.

მადრიდში დაფრენისას თვითმფრინავის მარჯვენა ფრთას ელვა დაეცა, რასაც ერთგვარი პანიკა მოჰყვა. აფეთქების მსგავსმა ხმამ მგზავრები შეაშინა, თუმცა რეისის ხელმძღვანელებმა მალევე აცნობეს მათ, რომ ეს მხოლოდ ელვა იყო. საბედნიეროდ, ინციდენტმა ზედმეტი გართულებების გარეშე ჩაიარა, რის შემდეგაც ესპანეთის დელეგაციამ აეროპორტი გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების გვერდის ავლით დატოვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ფურია როხა“ სამშობლოში მთლიანი შემადგენლობით არ დაბრუნებულა. კერძოდ, დიეგო კოსტამ, ფრანჩესკ ფაბრეგასმა და ხერარ პიკემ არდადეგების გატარება სწორედ ბრაზილიაში მოისურვეს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა B ჯგუფში გამოსვლა მე-3 ადგილზე დაასრულა.

 

ბომბარდირი რონალდუ

კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის 2013-14 წლების სეზონში 17 გოლი გაიტანა, რითაც რეკორდი დაამაყარა. პორტუგალიელი ფეხბურთელი ზედიზედ მეორედ და კარიერაში მესამედ გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი.

რონალდუ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი პირველად 2007-08 წლების სეზონში გახდა, როდესაც 8 გოლის გატანა მოახერხა. მაშინ მისი „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემპიონის ტიტულსაც შესწვდა. შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე შედეგიანი ლიონელ მესი გახლდათ, 2012-13 წლების სეზონში კი რონალდუმ 12 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი დაიბრუნა.

კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირ რაულ გონსალესს კიდევ უფრო მიუახლოვდნენ. მადრიდის „რეალისა“ და „შალკეს“ ყოფილ თავდამსხმელს ჩემპიონთა ლიგაზე სულ 71 გოლი აქვს გატანილი, რაც ოთხით მეტია რონალდუსა და მესის მონაგარზე. რაულის რეკორდი, სავარაუდოდ, მომდევნო სეზონში დაემხობა.

2013-14 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირები:
17 კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“)
10 ზლატან იბრაჰიმოვიჩი („პარი სენ-ჟერმენი“)
8 დიეგო კოსტა („ატლეტიკო“)
8 ლიონელ მესი („ბარსელონა“)
6 სერხიო აგუერო („მანჩესტერ სიტი“)
6 რობერტ ლევანდოვსკი („ბორუსია“ დორტმუნდი)

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირები სეზონების მიხედვით:
2012-13: კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“) – 12
2011-12: ლიონელ მესი („ბარსელონა“) – 14
2010-11: ლიონელ მესი („ბარსელონა“) – 12
2009-10: ლიონელ მესი („ბარსელონა“) – 8
2008-09: ლიონელ მესი („ბარსელონა“) – 9
2007-08: კრიშტიანუ რონალდუ („მანჩესტერ იუნაიტედი“) – 8
2006-07: კაკა („მილანი“) – 10
2005-06: ანდრეი შევჩენკო („მილანი“) – 9
2004-05: რუდ ვან ნისტელროი („მანჩესტერ იუნაიტედი“) – 8
2003-04: ფერნანდო მორიენტესი („მონაკო“) – 9
2002-03: რუდ ვან ნისტელროი („მანჩესტერ იუნაიტედი“) – 12
2001-02: რუდ ვან ნისტელროი („მანჩესტერ იუნაიტედი“) – 10
2000-01: ანდრეი შევჩენკო („მილანი“) – 9
1999-00: მარიო ჟარდელი („პორტუ“), რივალდო („ბარსელონა“), რაული („რეალი“) – 10
1998-99: ანდრეი შევჩენკო („დინამო“ კიევი), დუაიტ იორკი („მანჩესტერ იუნაიტედი“) – 8
1997-98: ალესანდრო დელ პიერო („იუვენტუსი“) – 10
1996-97: მილინკო პანტიჩი („ატლეტიკო“) – 5
1995-96: იარი ლიტმანენი („აიაქსი“) – 9
1994-95: ჟორჟ ვეა („პარი სენ-ჟერმენი“) – 7
1993-94: რონალდ კუმანი („ბარსელონა“), ვინტონ რუფერი („ვერდერი“) – 8

ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირები:
71 – რაული („რეალი“, „შალკე“)
67 – ლიონელ მესი („ბარსელონა“)
67 – კრიშტიანუ რონალდუ („მანჩესტერ იუნაიტედი“, „რეალი“)
56 – რუდ ვან ნისტელროი (პსვ,
„მანჩესტერ იუნაიტედი“, „რეალი“)
50 – ტიერი ანრი („მონაკო“, „არსენალი“, „ბარსელონა“)
48 – ანდრეი შევჩენკო („დინამო“ კიევი, „მილანი“, „ჩელსი“)
46 – ფილიპო ინძაგი („იუვენტუსი“, „მილანი“)
42 – ალესანდრო დელ პიერო („იუვენტუსი“)
41 – დიდიე დროგბა („მარსელი“, „ჩელსი“, „გალათასარაი“)
41 – ზლატან იბრაჰიმოვიჩი („აიაქსი“, „იუვენტუსი“, „ინტერი“ „ბარსელონა“, „მილანი“, „პარი სენ-ჟერმენი“)

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-20 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეოცე ნომერი, რომელიც მთლიანად ჩემპიონთა ლიგის თემას ეხება.

ნომერში წაიკითხავთ:

გვ. 2-5 — Décima
გვ. 6-7 — მატჩის შემდეგ თქმული;
გვ. 8 — ბომბარდირი   რონალდუ

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

25 მაისის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ

ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

„ატლეტიკო“ ესპანეთის ჩემპიონია!

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 2013-14 წლების სეზონის ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურში გადაწყდა. „ბარსელონამ“ მადრიდის „ატლეტიკო“ მიიღო. მადრიდელები მეტოქეს 3 ქულით უსწრებდნენ და სანუკვარი მიზნის მისაღწევად მინიმუმ არ უნდა წაეგოთ. დიეგო სიმეონეს გუნდმა ეს მოახერხა და ჩემპიონის ტიტულიც დაიბევა. მატჩი ფრედ, ანაგრიშით 1:1 დასრულდა.

ანგარიში 34-ე წუთზე ალექსის სანჩესმა ეფექტური დარტყმით გახსნა. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის მიმდინარეობისას დიეგო კოსტა და არდა თურანი დაშავდნენ. სიმეონეს იძულებითი ცვლილებების გაკეთება მოუწია.

შეხვედრის მეორე ნახევარში „ატლეტიკო“ გააქტიურდა, რამაც შედეგი გამოიღო. გაბის მიერ მოწოებული კუთხურის შემდეგ ყველაზე მაღლა დიეგო გოდინი ახტა და თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში კატალონიელები კვლავ ეცადნენ დაწინაურებას, მაგრამ სტუმრებმა კარი საიმედოდ დაიცვეს და ესპანეთის ჩემპიონის ტიტული რიგით მეათედ მოიგეს. მანამდე გუნდს პრიმერადივიზიონი 1995-96 წლების სეზონში ჰქონდა მოგებული. მესამე ადგილს მადრიდის „რეალი“ დასჯერდა.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
38-ე ტური
„ბარსელონა“ – „ატლეტიკო“ 1:1 (1:0)
გოლები: ალექსის სანჩესი 34′ – გოდინი 49′.
გაფრთხილებები: პიკე 5′, ბუსკეტსი 45+3′, მესი 45+3′, სონგი 73′, მასკერანო 90′ – გოდინი 36′, ტიაგო 37′, ფილიპე ლუისი 70′, რაულ გარსია 90+2′.

ევროლიგის შემდეგი სეზონის „ოთხთა ფინალი“, სავარაუდოდ, მადრიდში გაიმართება

Sportando-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, 2014/2015 წლების სეზონის ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ტურნირის „ოთხთა ფინალი“ ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართება.

თუმცა ჯერჯერობით აღნიშნულ ინფორმაციას ტურნირის ოფიცალური საიტი არ ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს ევროლიგის გადამწყვეტ მატჩებს მადრიდმა 2008 წელს უმასპინძლა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ანჩელოტი: „ნახევარფინალური მატჩები ჩვენთვისაც რთული იქნება და „ბაიერნისთვისაც“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „რეალი“ მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება. „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გერმანელთა მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„ბაიერნი“ შესანიშნავი გუნდია, ძალიან მაღალი დონის მქონე. როცა დონეზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ ოსტატობას. ბავარიელები ფანტასტიურ სეზონს ატარებენ.

ხოსეპ გვარდიოლა ძალიან გამოცდილი მწვრთნელია. ჩემი აზრით, ის მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. ნახევარფინალური მატჩები რთული იქნება როგორც ჩვენთვის, ასევე „ბაიერნისთვის“, რადგან „რეალთან“ თამაში ყველას უჭირს“, – განაცხადა ანჩელოტიმ გუშინდელ პრესკონფერენციაზე.

„რეალსა“ და „ბაიერნს“ შორის პირველი მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 23 აპრილს შედგება, განმეორებითი კი – „ალიანს არენაზე“, 29 აპრილს.

ბექა დოგრაშვილი

ბრაიტნერი: „ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგების დიდი შანსი გვაქვს“

დიდ ინტერესს იწვევს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „რეალსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის გასამართი მატჩები. ბავარიული კლუბის ელჩი პოლ ბრაიტნერი ღიად ამბობს, რომ მის გუნდს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის თასის მიჯრით მეორედ მოგების დიდი შანსი აქვს.

„ბაიერნი“ მშვენივრად თამაშობს. ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს. დიდი შანსი გვაქვს, ჩემპიონთა ლიგის თასი ზედიზედ მეორედ მოვიგოთ. „ბაიერნს“ შეუძლია, გახდეს პირველი კლუბი, რომელიც ამ ტიტულს დაიცავს.

ნახევარფინალური მატჩები პეპ გვარდიოლასთვის განსაკუთრებული იქნება. ჩემი აზრით, მას ძალიან სურს, აჩვენოს, თუ რა დონეს და ხარისხს მიაღწია „ბაიერნმა“ მისი თავკაცობის დროს. ვფიქრობ, ის კმაყოფილია, რომ წილისყრამ ნახევარფინალურ ეტაპზე მეტოქედ „რეალი“ გვარგუნა“, – განაცხადა ბრაიტნერმა „ევროსპორტის“ ეთერში.

აღსანიშნავია, რომ ბრაიტნერს მოთამაშის რანგში ორივე კლუბის ღირსება აქვს დაცული.

„რეალსა“ და „ბაიერნს“ შორის პირველი მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 23 აპრილს გაიმართება, განმეორებითი კი – „ალიანს არენაზე“, 29 აპრილს.

ბექა დოგრაშვილი