ანატოლი ტიმოფეევი “დინამოს” დაემშვიდობა

როგორც მოგეხსენებათ, ეროვნული ლიგის პლეი-ოფში განცდილი მარცხის შემდეგ ბათუმის “დინამო” საქართველოს რანგით პირველ დივიზიონს დაემვიდობა და ამასთან ერთად გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმაც დატოვა.

გუნდიდან წასულთა რიგებს “დინამოს” ლეგიონერი კიპერი ანატოლი ტიმოფეევიც შეემატა, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი მეკარე საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს, ამავდროულად 25 წლის ფეხბურთელი მცირე კომენტარსაც აქვეყნებს: “მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო გასული ორი სეზონისათვის, რომელიც “დინამოს” რიგებში ჩავატარე. მადლობა მწვრთნელებს, მათ სტაფს, მომსახურე პერსონალს და თანაგუნდელებს ნდობისათვის. ვცდილობდი მეჩვენებინა ჩემი საუკეთესო თამაში და თავი მიმეძღვნა ამ კლუბისა და ქალაქისათვის. განსაკუთრებული მადლობა კი საქართველოში საუკეთესო ფან კლუბს “პირატებს”, – წერს ანატოლი ტიმოფეევი.

შეგახენებთ, რომ ტიმოფეევმა “დინამოს” მაისურით 18 შეხვედრა ჩაატარა და 28 გოლი გაუშვა. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძლებს კარიერას 25 წლის უკრაინელი მეკარე.

ბათუმის “დინამო” თეიმურაზ შონიამ დატოვა

როგორც მოგეხენებათ, გუშინ ეროვნულ ლიგა 1-ის პლეი-ოფის შეხვედრაში ბათუმის “დინამომ” ბოლნისის “სიონთან”, თერთმეტმეტრიანების სერიაში დათმო მომავალ სეზონში საქართველოს რანგით პირველ დივიზიონში ასპარეზობის უფლება.

გუშინვე ცნობილი გახდა, რომ აჭარელთა შემადგენლობა დატოვა გუნდის კაპიტანმა თეიმურაზ შონიამ, ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს და თან შონიას მცირე კომენტარსაც აქვეყნებს: “4 სეზონი, 100-მდე მატჩი, ბევრი სიხარული და ხალხის დიდი სიყვარული. სასწაული ბიჭები, რომელთა გვერდითაც მომიწია თამაში და ამაყი ვარ, რომ ეს ბიჭები ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ. ყველას დიდი მადლობა ამისთვის. მადლობა მწვრთნელებს, პერსონალს და უფროსობას ნდობისთვის. ყველაზე დიდი მადლობა ბათუმელ გულშემატკივარს, რომელიც მიუხედავად ცუდი სეზონისა ბოლომდე, ბოლომდე ჩვენს გვერდში იდგა. მადლობასთან ერთად, დიდი ბოდიში, რომ იმედები გაგიცრუეთ. “პირატებო”, თქვენ საუკეთესოები ხართ და იმსახურებთ უმაღლესში დაბრუნებას და ბევრ წარმატებას. მადლობა განვლილი ოთხი სეზონისთვის”, – აცხადებს თეიმურაზ შონია.

4 სეზონის განმავლობაში 27 წლის ნახევარმცველმა ბათუმელთა რიგებში 109 შეხვედრა ჩაატარა და 26 გოლით გამოიჩინა თავი.

ბათუმის “დინამოს” საჩუქრად ავტობუსი გადაეცა

საფეხბურთო კლუბ ბათუმის “დინამოს” საჩუქრად “მერსედესის” მარკის ავტობუსი გადაეცა. გუნდმა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება კომპანია “მეტრო ჯორჯიასგან” მიიღო. ტრანსპორტი 150 ათასი ლარის ღირებულებისაა.

ბათუმის “დინამოს” საკუთრებაში არსებული ძველი ავტობუსი ბავშვთა გუნდს გადაეცემა.

მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. “მეტრო” გუნდის სატიტულო სპონსორი გახდა.

 

ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი: „სეზონს წარმატებულად ვაფასებ“

ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა ოთო ფედიჩკინმა უმაღლესი ლიგის 2015 წლის ბოლო ტურის შემდეგ განვლილი წელი შეაფასა.

„მაშ ასე, მარტვილში შესანიშნავი გამარჯვებით დავასრულეთ 2015 წლის კალენდარული სეზონი. ვიზეიმეთ ბევრი გამარჯვება, რომელსაც ასევე ახლდა რამდენიმე შეხვედრაში იმედგაცრუება. მაგრამ, საერთო ჯამში, სეზონს წარმატებულად ვაფასებ. აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ,,დინამო ბათუმის” დიდი ისტორიის გაგრძელებაში, რათქმა უნდა ბათუმის მერიას და ბათუმის საკრებულოს, პროფესიონალებით დაკომპლექტებულ სამწვრთნელო შტაბს, წარმატებაზე ორიენტირებულ კლუბის მთელი ადმინისტრაციას, მიზანდასახულ და შრომისმოყვარე ფეხბურთელებს და რათქმა უნდა ყველაზე ერთგულ კლუბის ფანკლუბს “პირატებს”-სწორედ ეს ყველაფერია ჩვენი გუნდის წარმატების გარანტი. “დინამო ბათუმის” წინსვლა ყოველი ბათუმელის გამარჯვებაა, რადგან ჩვენ ვემსახურებით საუკუნოვანი ისტორიის ბრენდს, რომელმაც ძალიან მძიმე პერიოდს გაუძლო. დიდი მადლობა ყველას… საუკეთესო სურვილებით და გამარჯვების იმედებით მჯერა წარმატებული 2016 წლის სეზონი გველოდება.
ს.კ. “დინამო ბათუმის” დირექტორი ოთარ ფედიჩკინი“, – დაწერა ბათმელთა პრეზიდენტმა თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 2014/15 წლების სეზონში „დინამომ“ უმაღესი ლიგის მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით მეექვსე პოზიციაზე იმყოფება

„ლოკომოტივი“ – „დინამო ბათუმი“ (ფოტომიმოხილვ)

წარმოგიდგენთ თბილისის „ლოკომოტივსა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის გუშინდელი მატჩს ფოტომიმოხილვას. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

გელა გოგიტიძის ულამაზესი გოლი “ლოკომოტივის” კარში (ვიდეო)

27 ნოემბერს, საქართველოს უმაღლეს ლიგაში, თბილისის “ლოკომოტივსა” და ბათუმის “დინამოს” შორის გამართულ მატჩში, 62-ე წუთზე ბექა გოგიტიძემ თბილისელთა კარში ულამაზესი გოლი გაიტანა.

„დინამო თბილისი“ – „დინამო ბათუმი“ 1:0 (ფოტორეპორტაჟი)

წარმოგიდგენთ თბილისის „დინამოსა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩის ფოტორეპორტაჟს.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

მარიამ ნიშნიანიძის სურათები:

თბილისის „დინამო“ კვლავ პირველია

საქართველოს ჩემპიონატის მე-7 ტურში თბილისის „დინამომ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა. თბილისელებს მოგების ორმაგი მოტივაცია ჰქონდათ – გამარჯვებით შემთხვევაში ისინი არამხოლოდ გასულ სეზონში მარცხისთვის რევანშს აიღებდნენ, არამედ, პირველ ადგილსაც დაიბრუნებდნენ, რამეთუ აქამდე პირველ ადგილზე მყოფმა გორის „დილამ“ „სამტრედიასთან“ გამანადგურებელი ანგარიშით, 5:0 წააგო.

პირველი ტაიმი ბევრი სახიფათო მომენტით არ გამორჩეულია. მეცხრე წუთზე კიტეიშვილმა მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის კარს შორიდან დაუმიზნა, ორ წუთში კი სუხიაშვილი მასპინძელთა საჯარიმოში შეიჭრა – ეპიზოდი კუთხურით დასრულდა. ხუთ წუთში, კუთხურის შემდეგ, თევზაძის ერთი შეხებით დარტყმული სტუმართა კარს დიდი მანძილით ასცდა. ცოტა ხანში უშედეგო ქვილითაიას დარტყმაც გამოდგა. 29-ე წუთზე დარტყმა ბერიაშვილმა სცადა, რომელიც არაზუსტი გამოდგა, ორ წუთში კი საბა ლობჟანიძემ მარცხენა ფლანგიდან ჯარიმა ლამაზად შეასრულა და პირდაპირ მეტოქის კარში დაარტყა – აჭარელთათვის საბედნიეროდ, მიხეილ ალავიძემ ბურთის მოგერიება მოახერხა.

მეორე ნახევარი შედარებით სანახაობრივი გამოდგა. ტაიმის დასაწყისში ბერიაშვილი მარჯვენა ფლანგიდან მასპინძელთა საჯარიმოში საკმაოდ სახიათოდ შევიდა, მოულოდნელად მას რენე წამოეპარა, რომელმაც ხიფათი განმუხტა. 58-ე წუთზე, რომ არა ცოცხალი კედელი, თევზაძის ჯარიმის შემდეგ ბურთი, შესაძლოა, ბათუმური კლუბის კარში აღმოჩენილიყო. 66-ე წუთზე შეცვლაძე შესულმა ვოლკოვმა თანაგუნდელის გადაცემა კარგად მიიღო და ჰაერში დაარტყა – ბურთი ძელს მოხვდა. 71-ე წუთზ,ე პარუნაშვილის დარტყმის შემდეგ, ბურთი რიკოშეტით ბათუმელთა კარისკენ წავიდა, ალავიძეს კი კვლავ თამაშში ჩართვა მოუწია. ორ წუთში ბათუმელთა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ კი დამატებაზე კიტეიშვილს ცარიელ კარში დარტყმა არ გაუჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ იქვე მას მცველები ხელს უშიდნენ – ანგარიში გაიხსნა. მატჩის ბოლოს ბათუმელებს წონასწორობის აღდგენის შანსი ჰქონდათ. 83-ე წუთზე, აბუსელიძის შორეული დარტყმის შემდეგ, ჰრდლიჩკას ბურთი ხელიდან გაუვარდა, თუმცა სლოვენიელმა თავისი შეცდომა მომენტალურად გამოასწორა და იქვე მყოფ მედინას დამატებაზე თამაშის საშუალება არ მისცა. მსაჯის მიერ დამატებით სამ წუთში სტუმრებმა მეტოქის კართან ხიფათი შექმნეს, თუმცა ანგარიში ვერ გაათანაბრეს.

საბოლოოდ, 1:0 – გია გეგუჩაძის გუნდმა ამ გამარჯვებით 18 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე დაბრუნდა. შემდეგ ტურში თბილისის „დინამოელებს“ პრინციპული მატჩი ელით – დედაქალაქელები ქუთაისის „ტორპედოს“ ესტუმრებიან.

„დინამო თბილისი“ – „დინამო ბათუმი“ 1:0
გოლი: კიტეიშვილი 73′

„დინამო თბილისი“: ჰრდლიჩკა, ტვილდიანი (ჭელიძე 90′), გველესიანი, რენე, თევძ~ზაძემ, ცინცაძე, აპრუნაშვილი, ჯიღაური, კიტეიშვილი, ლობჟანიძე (ვოლკოვი 58′), ქვილითაია (არაბული 69′)

„დინამო ბათუმი“: ალავიძე, სუხიაშვილი, ქათამაძე, მახარაძე, გოიგიტიძე, მგელაძე, შონია (ვარშანიძე 20′), დიასამიძე (ლუის ალბერტუ 56′), ქავთარაძე, ჩივრიკაშვილი (აბუსელიძე 80′), ბერიაშვილი

აჭარა-იმერული დაპირისპირება ფრედ დასრულდა

ცოტა ხნის წინ, ქობულეთში, „ჩელე არენაზე“ საქართველოს უმაღლესი ლიგის მეოთხე ტურის მატჩი დასრულდა, რომელშიც ბათუმის „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო.

ამ ტურის წინ ბათუმელები 7 ქულით მესამე ადგილზე იმყოფებოდნენ, ქუთაისელები კი მათ ოთხი ქულით დამორჩებოდნენ. სანაკრებო პაუზის წინ „ტორპედომ“ შინ გორის „დილასთან“ წააგო და მესამე ტურის ერთადერთი გუნდი იყო, რომელიც სახლში დამარცხდა.

პირველი ნახევარი არც თუ ისე საინტერესო გამოდგა – გუნდები სახიფათო ეპიზოდებით არ გამორჩეულან, რაც ანგარიშზეც აისახა – შესვენების წინ ტაბლოზე უგოლო შედეგი დაფიქსირდა.

სამაგიეროდ, პირველი ნახევრის უინტერესობა მეორე ტაიმმა აანაზღაურა. 46-ე წუთიდანვე თამაში ორმხვრივი შეტევებით გამოირჩეოდა.

61-ე წუთზე გიორგი ქიმაძემ მარცხენა ფლანგზე თანაგუნდელის პასი მიიღო და მახვილი პოზიციიდან უძლიერესად დაარტყა – 0:1, სტუმრები დაწინაურდნენ. ამის შემდეგ მასპინძლები ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ, რამაც შედეგი სწრაფად გამოიღო. 70-ე წუთზე დანიშნული ჯარიმის შემდეგ „ტორპედოს“ მეკარემ გელა გოგიტიძის თავური დარტყმის მოგერიება ვერ შეძლო – ანგარიში გათანაბრდა. ერთ წუთში „დინამოს“ კართან მეტად საეჭვო ეპიზოდი იყო, როდესაც მცველმა და მეკარემ ტორპედოელთა მოთამაშე წააქციეს, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, რასაც იმერელთა უკმაყოფილება მოჰყვა.

შეხვედრის ბოლო წუთები მეტად დაძაბული იყო – ბათუმელებს წინ გასვლის შანსი გააჩნდათ, თუმცა რიგ ეპიზოდებში ბურთი „ტორპედოს“ კარს ან მცირე მანძილით სცდებოდა, ან მცველები საიმედოდ თამაშობდნენ. მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე მედინამ შორიდან პასი მიიღო და თითქოს გოლის გასატანად ხელსაყრელ პოზიციას იკავებდა. მასპინძელთათვის სამწუხაროდ პორტუგალიელი ლეგიონერის დარტყმა სუსტი და არაზუსტი გამოდგა. სათქმელია, რომ მანამდე ერთ წუთით ადრე საჯარიმოს გარეთ გასულმა მეკარემ მიხეილ ალავიძემ ბურთის მოგერიება ვერ მოახერხა, რის შემდეგაც მეტოქე წააქცია. მსაჯმა გოლკიპერს ყვითელი ბარათი უჩვენა, რასაც „ტორპედოს“ ფეხბურთელების მორიგი უკმაყოფილება მოჰყვა.

საბოლოოდ, 1:1 და „დინამომ“ 8 ქულა დააგროვა, „ტორპეოდს“ აქტივში კი 5 ქულაა.

შემდეგ ტურში აჭარული კლუბი თბილისში „ცხინვალს“ შეხვდება, იმერლები – ფოთს „კოლხეთს“ უმასპინძლებენ.

„დინამო ბათუმი“ – „ტორპედო“ 1:1
გოლები: გოგიტიძე 70′ – ქიმაძე 60′

გაფრთხილებები: ალავიძე 90′ – კლიმიაშვილი 45′

დებიუტანტების მატჩები და განახლებული „დინამო არენა“ – უმაღლესი ლიგის პირველი ტურის პრევიუ

დღეს საქართველოს 2015/16 წლების სეზონის უმაღლესი ლიგის გათამაშება იწყება. წლევანდელი ჩემპიონატი, მისი წინამორბედის მსგავსად, ასევე 16-გუნდიანი იქნება.

„ცხინვალი“ – „საბურთალო“

პირველი დღე ორი მატჩით გამოირჩევა, რომელშიც მონაწილეობას ელიტარულ ლიგაში ასული ორი გუნდი მიიღებს. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე „ცხინვალი“ დებიუტანთ „საბურთალოს“ მიიღებს, რომლისთვისაც ეს შეხვედრა, შეგვიძლია, ისტორიულად ჩავთვალოთ.

ცხინვალელთათვის გასული სეზონი წარმატებული გამოდგა. კახა კაჭარავას გუნდმა ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა და პირველად თავისი არსებობის ისტორიაში ევროტურნირებზე თამაშის უფლება მოიპოვა – ევოპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მისი მეტოქე რუმინული „ბოტოშანი“ იყო, რომელთანაც ორი მატჩის ჯამში, ანგარიშთ 2:4 დამარცხდა.

რაც შეეხება „საბურთალოს“, პირველ ლიგაში გუნდმა ქულათა რეკორდული რაოდენობა (87) დააგროვა და უახლოეს მდევარ „ლოკომოტივს“ 19 ქულით გაუსწრო. ზაფხულში საბურთალოელებს არაერთი მოსამზადებელი მატჩი ჩაუტარებიათ. 30 ივლისს, „ბენდელაზე“, მათ სწორედ „ცხინვალი“ მიიღეს, რომელსაც, სხვათა შნორის, ანაგრიშით 2:1 სძლიეს. ბოლო ადროს ახალი სეზონისთვის „საბურთალო“ დუშეთში ემზადებოდა.

ერთი თვის წინ „საბურთალო“ ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ, 19-წლამდელთა ნაკრების მცველმა გიორგი თევზაძემ დატოვა, რომელიც თბილისის „დინამოში“ გადაბარგდა. სამაგიეროდ, იმავე „დინამოდან“ „საბურთალომ“ ნახევარწლიანი იჯარით ლაშა თოთაძე გადაიბირა. ასევე გუნდს გამოცდილი თავდამსხმელი ჯაბა დვალი შეუერთდა.

საინტერესოა, როგორი იქნება გასული სეზონის უმაღლესი ლიგის გამორჩეული გუნდის შეხვედრა ახალგაზრდულ დებიუტანტთან…

„ჩიხურა“ – „ლოკომოტივი“

ინვანწმინდაში „ჩიხურა“ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ თბილისის „ლოკომოტივს“ მიიღებს.

„ლოკომოტივს“ ნაყოფიერი ზაფხული ჰქონდა. ქართულ კლუბებთან სპარინგმატჩების გარდა, „რკინიგზელებმა“ ავსტრიაში შეკრება გაიარეს, სადაც ისრაელის „მაკაბი ფეტაჰ-ტიკვას“ ანგaრიშთ 2:1 მოუგეს და ზაგრების „დინამოს“ მეორე გუნდს დაუზავდნენ. ასევე „რკინიგზელები“ „ალ-აჰლის“ შეხვდნენ, რომლის შემადგენლობაში გამოცდილი თავდამსხმელი მირკო ვუჩiნიჩი და ნახევარმცველი ჯეფერსონ ფარფანი გამოდიან. იმ შეხვედრაში „ლოკომ“ ანგარიშით 1:3 წააგო – დუბლი ვუჩნიჩმა შეასრულა. შეკრების ბოლო ამხანაგურ მატჩში კი „ლოკომოტივმა“ თურქულ „ესკისეისპორთან“ გამანადგურებელი ანაგრიშით, 0:7 წააგო.

„დილა“ – „კოლხეთი“

ხვალინდელი სათამაშო დღე 17:00 საათზე ერთდროულად სამი მატჩით დაიწყება. მათ შორის ყველაზე დიდ ინტერესს გორში ჩასატარებელი შეხვედრა იწვევს, რომელშიც ადგილობრივი „დილა“ ფოთის „კოლხეთს“ მიიღებს.

გორელებს მძიმე ზაფხული ჰქონდათ. თუ წინა სეზონებში ამ დროისთვის ისინი ევროტურნირებზე გამოდიოდნენ, წელს განსხვავებული მდგომარეობაა. უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გორელები, ორი მატჩის ჯამში, ბელგრადის „პარტიზანთან“ ანგარიშით 0:3 დამარცხდნენ.

„კოლხეთმა“ შეკრება თურქეთში გაიარა, სადაც რამდენიმე სპარინგშეხვედრა ჩაატარა. პირველ მატჩში ფოთელებმა აზერბაიჯანული „ზირე“ 1:0 დაამარცხეს.

ზაფხულში „კოლხეთს“ რამდენიმე ახალწვეული დაემატა, რომელთა შორის ამბერკ ინჯიბაშვილიც არის, რომელიც მშობლიურ კლუბში დაბრუნდა. ასევე ფოთელებმა უკრაინელი ნახევარმცველი ნიკიტა პოლულიახი გაიფორმეს. ფოთელების ღირსებას ახალ სეზონში გამოცდილი, ერთ დროს თბილისის „დინამოს“ კაპიტანი, ალექსანდრე კოშკაძეც დაიცავს.

„დინამო ბათუმი“ – „ზუგდიდი“

ევროტურნირებზე საქართველოს სახელით გამოსული კიდევ ერთი კლუბი ბათუმის „დინამო“ ჩემპიონატის პირველ ტურში „ზუგდიდს“ მიიღებს. ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო“, ორი მატჩის ჯამში, კვიპროსის „ომონიასთან“ ანგარიშით 1:2 დამარცხდა. არადა, ზესტაფონში პირველი შეხვედრა აჭარელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

გასულ სეზონში დებიუტანტი ბათუმური კლუბის არა თუ მეორე ადგილზე, არამედ სამეულში შესვლაც მოულოდნელი იყო.

რაც შეეხება „ზუგდიდს“, მეგრულმა კლუბმა ზაფხულში „ბაიას“ ბაზაზე არაერთი მოსამზადებელი თამაში ჩაატარა. გასულ სეზონში გუნდმა უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა და მე-13 ადგილზე გავიდა.

საინტერესოა, მოახერხებს თუ არა „დინამო“ კვლავ საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას და იფიქრებს თუ არა ისევ უმაღლესში ადგილის შენარჩუნებაზე მეგრული კლუბი.

„სამტრედია“ – „შუქურა“

გასული სეზონის მე-6 და მე-7 ადგილოსნები „სამტრედია“ და ქობულეთის „შუქურა“ ერთმანეთს უკვე პირველივე ტურში შეხვდებიან. გასული სეზონის პირველ წრეში „სამტრედიას“ სამეულში შესვლის პრეტენზია ჰქონდა, თუმცა მეორე ნახევარში მოვლენები ისე განვითარდა, რომ საბოლოოდ, სამტრედიელები სამეულს მთელი 13 ქულით ჩამორჩნენ. სამაგიეროდ, გუნდი საქართველოს თასის ფინალში გავიდა, სადაც, მართალია, „დინამო თბილისთან“ ანგარიშით 0:5 განადგურდა. ზაფხულის დასაწყისში გუნდი გამოცდილმა ალექსანდრე იაშვილმა და დავით კვირკველიამ დატოვეს. პირველი თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა, ხოლო მეორემ კვლავ გორის „დილას“ მაისური მოირგო.

თავის მხვრივ, „შუქურამ“გამორჩეული მცველები არჩილ ტვილდიანი და დავით ხოჭოლავა გაუშვა. პირველი თბილისის „დინამოს“ დაუბრუნდა, მეორე კი, უკრაინაში, ოდესის „ჩერნომორეცის“ ძირითად შემადგენლობაში გამოდის.

„გურია“ – „სიონი“

ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურისთვის მზადება სრული დატვირთვით მიმდინარეობს. ლანჩხუთელები პირველ ტურში ბოლნისის „სიონს“ მიიღებენ.

ზაფხულში „გურიაში“ ბევრი ცვლილება განხორციელდა. გუნდს კახი გოგიჩაიშვილის სახით ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. გარდა ამისა, კლუბმა არაერთი მოთამაშე გაუშვა, რომელთა ადგილი ახალწვეულებმა დაიკავეს. ახალწვეულთა შორის მცველი ლევან ქურდაძეცაა, რომელიც ლანჩხუთელებს ერთწლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა.

„სიონი“ გასულ სეზონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა და უმაღლეს ლიგაში დარჩენის გარანტია მხოლოდ რამდენიმე ტურით ადრე მიიღო. ცოტა ხნის წინ ბოლნისელებმა პორტუგალიელი ლეგიონერი, 23 წლის თავდამსხმელი ლუის ალბერტო ბათუმის „დინამოში“ გაუშვეს.

გასულ კვირას „სიონმა“ ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის პირველ ორ თვეში საშინაო მატჩების მშობლიურ ქალაქში ჩატარების უფლება მოიპოვა. პირველი საშინაო თამაში გუნდს თასზე 18 აგვისტოს „რუსთავთან“ უწევს, მანამდე კი ბოლნელებს რთული გასვლა ელით.

„ტორპედო“ – „მერანი“

სეზონის წინ „ტორპედოში“ მორიგი ცვლილებებია. ახალწვეულთა შორის აღსანიშნავია გამოცდილი ნახევარმცველი გიორგი ნერგაძის დაბრუნდება.

სათქმელია, რომ ქუთაისელებმა კვლავ ლოგო შეცვალეს. ასევე ახალ სეზონში ისინი სხვა ფერებით ითამაშებენ – ამჯერად იმერლები შავ-მწვანე ფერით გამოვლენ.

შეხვედრა ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება

„დინამო თბილისი“ – „საპოვნელა“

უეფას სუპერთასის მასპინძლობის შემდეგ სამ დღეში ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“  პირველი ტურის ბოლო მატჩს უმასპინძლებს, რომელშიც თბილისის „დინამო“ უმაღლესი ლიგის კიდევ ერთ დებიუტანტს თერჯოლის „საპოვნელას“ მიიღებს.

რთული ზაფხული საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბსაც ჰქონდა. წინა სეზონის ბოლოს კახი გოგიჩაიშვილის ნაცვლად მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია გეგუჩაზე დაინიშნა. ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო“ აზერბაიჯანულ „გაბალასთან“, ორი შეხვედრის ჯამში, ანაგრიშთ 2:3 დამარცხდა, რის შემდეგაც სეზონსითვის მომზადება თბილისში გააგრძელა. ამ პერიოდში კლუბმა რამდენიმე ახალწვეული დაიმატა. როგორც აღვნიშნეთ, ერთ-ერთ მათგანი საქართველოს 19-წლამლდეთა ნაკრების მცველი გიორგი თევზაძეა, რომელიც დინამოელებს „საბურთალოდან“ შეუერთდა. ასევე „დინამომ“ ალექსანდრე იაშვილი, ბაჩანა არაბული, გიორგი გურული, ზაზა ჭელიძე და გიორგი ქვილითაია დაიმატა. „შავ-თეთრებმა“ ასევე თურქეთიდან მცველი გიორგი რეხვიაშვილი დაიბრუნეს.

„დინამოს“ ტრანსფერებს შორის, რასაკვირველია, აღსანიშნავია გიორგი პაპუნაშვილი ბრემენის „ვერდერში“ გადასვლა. ქართველი ნახევარმცველი გერმანიაში სადებიუტო სეზონს მესამე ბუნდესლიგაში ატარებს, სადაც „ბრემენელი მუსიკოსელის“ მეორე გუნდში ირიცხება. 2015/16 წლების სეზონში პაპუნაშვილი „ვერდერში“ იჯარის წესით ითამაშებს.

საინტერესოა, რა მიზნები ექნება ახალ სეზონში „საპოვნელას“. პირველივე ტურში თერჯოლელებს ჩემპიონატის გამორჩეული გუნდი ერგოთ, შესაბამისად, გუნდის პოტენციალის შეფასება, სავარაუდოდ, მინიმუმ პირველი ხუთი ტურის შემდეგ შეგვეძლება.

“დინამო” ბათუმი – “ტორპედო” 3:2

24 ივლისს ქუთაისის „ტორპედომ“ მორიგი საკონტროლო მატჩი ბათუმში, კერძოდ კი სპორტკომპლექს „ადელის“ სტადიონზე გამართა, სადაც გასული ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორ ბათუმის „დინამოს“ ესტუმრა.

როგორც იცით, ბათუმელთა გუნდმა ცოტა ხნის წინ ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსულ „ომონიას“ წინააღმდეგ იასპარეზა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში(1:2) აღნიშნული ბარიერი ვერ გადალახა.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, იგი საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა. ანგარიში მე-5 წუთზე დათა სიჭინავამ გახსნა, რომელმაც ოდიკაძისგან მიიღო ბურთი და მეორე შეხებით საჯარიმოს გარედან ლამაზად გაისროლა. სიჭინავა მოგვიანებით ტრავმის გამო გახდა შესაცვლელი, იგივე მიზეზით მეორე ტაიმში გოგუაძეც გავიდა მოედნიდან. 33-ე წუთზე ანგარიში ექსტორპედოელმა გიორგი ბერიაშვილმა გაათანაბრა და ტაიმიც ასეთი ანგარიშით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მატჩის მომსახურე მსაჯთა(არბიტრი – ზვიად ტუღუში) გადაწყვეტილებები დღეს არცთუ იშვიათად იწვევდა ტორპედოელთა პროტესტს.

მეორე ტაიმის დაწყებიდან თხუთმეტ წუთში მასპინძლები უკვე ორბურთიანი სხვაობით იყვნენ წინ. ჯერ მეკარესთან პირისპირ გასულმა დიმიტრი ტატანაშვილმა გამოიყენა გატანის შანსი, შემდეგ კი ლევან კვანტალიანმა ეფექტურად შეძლო კარის აღება. 85-ე წუთზე, ქიმაძის პასით თორნიკე კაპანაძემ ძლიერი დარტყმით გაახვია ბურთი ბადეში და ამ შეხვედრაში წერტილი დასვა. 3:2 ბათუმელთა სასარგებლოდ.

გიორგი დარასელიამ „ტორპედო“ ასეთი შემადგენლობით ათამაშა: სომხიშვილი(თევდორაძე 46), ოდიკაძე, ადამაძე, მირცხულავა(ნიკონოვი 85), ქიმაძე, კლიმიაშვილი(კაპანაძე 58), სიჭინავა(ბაბუნაშვილი 30), კუხიანიძე(მამასახლისი 58), კახელიშვილი(გოგუაძე 75, ნაცვლიშვილი 83), კირკიტაძე(ხურციძე 75), შინდაგორიძე(კვერნაძე 46).

FCTorpedo.GE

თემურ ქეცბაია: “პენალტი და ფეხბურთელის გაძევება გადაჭარბებული იყო”

უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებით შეხვედრაში ნიქოზიის “ომონიამ” “დინამო ბათუმი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

მატჩს ესწრებოდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, რომელმაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში აღნიშნული შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა.

“მიუხედავად იმისა, რომ “დინამო ბათუმმა” პირველი ტაიმი ღირსეულად ჩაატარა, მეორე ნახევარში ჩვენი კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა და ფეხბურთელი გააძევეს მინდვრიდან. ამ ორი მატჩიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ “დინამო ბათუმი” ღირსეულად გამოვიდა. გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გასულიყო მომდევნო ეტაპზე, მაგრამ… ეტყობა, რომ “დინამოში” სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს და იმედი მაქვს, გუნდი მომდევნო სეზონში უფრო მზად იქნება.
ვფიქრობ, რომ გაძევებამ დიდი როლი ითამაშა ამ შეხვედრაში. ასეთ პირობებში ათი კაცით თამაში ძალიან ძნელია. რომ არა გაძევება, არავინ არ იცოდა, როგორი თამაში წავიდოდა. მსაჯს შეეძლო, პენალტი დაენიშნა და ფეხბურთელი არ გაეძევებინა. შეიძლება ითქვას, რომ თერთმეტმეტრიანი და გაძევება გადაჭარბებული იყო ამ მომენტში”, – აღნიშნა ქეცბაიამ.