მაიამიში მდებარე “სან ლაიფ სთეიდიუმზე” “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ლივერპულს” შორის Guinness International Champions Cup-ის ფინალური მატჩი გაიმართა.
უნდა აღინიშნოს, რომ მოედანზე ორივე გუნდი შესაძლებლობის ფარგლებში საბრძოლო შემადგენლობით გამოვიდა, თუმც მერსისაიდელებს მთავარი მეგოლე დანიელ სტარიჯი აკლდათ. შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყო და საყურებლად თვალსასეირო გამოდგა.
ანგარიში მე-14 წუთზე მერსისაიდელებმა გახსნეს. ბრენდან როჯერსის გუნდის ერთ-ერთი შეტევის დროს ფილ ჯონსმა საკუთარ საჯარიმოში რაჰიმ სტერლინგი წააქცია და მთავარმა არბიტრმაც უმალ თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. პენალტი სტივენ ჯერარდმა უნაკლოდ შეასრულა — 0:1.
გაშვებული გოლის შემდეგ “წითელი ეშმაკები” ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ, თუმცა რეალურ სახიფათო მომენტამდე საქმე ვერ მიჰყავდათ, “ლივერპული” კი კონტრშეტევებზე თამაშის აგებით ცდილობდა ხეირის ნახვას. მერსისაიდელთა მხრიდან აქტიური იყო სტერლინგი, რომლის განეიტრალებაც მანჩესტერლებს შესამჩნევად უჭირდათ. სათქმელია ისიც, რომ შეხვედრის პირველ ნახევარში “იუნაიტედის” დაცვის ხაზი ნამდვილად არ ჩანდა თავდაჯერებული, რამდენჯერმე ელემენტარული შეცდომაც დაუშვეს. პირველი ტაიმი “ლივერპულის” მინიმალური უპირატესობით დასრულდა.
მეორე ნახევრის პირველი სახიფათო მომენტი კვლავ მანჩესტერელთა კართან შეიქმნა: 50-ე წუთზე სტერლინგს უპირატესობის გაზრდის კარგი შესაძლებლობა მიეცა, თუმცა ახლო მანძილიდან მის დარტყმულს მცველები გადაეღობნენ და ბურთი კუთხურზე გადავიდა.
შეხვედრის მეორე ნახევარში “მანჩესტერ იუნაიტედმა” თამაში მნიშვნელოვნად გამოასწორა და მეტოქეც აშკარად დაჯაბნა.
55-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. “იუნაიტედის” შეტევის მარჯვენა ფრთიდან ჩიჩარიტომ მეტოქის საჯარიმოში უეინ რუნის ჩაუწოდა, ინგლისელი მცველი მარტინ შკრტელს ჰყავდა აყვანილი, თუმცა სლოვაკმა მცველმა პოზიციური ორთაბრძოლა წააგო, ბურთი “წითელი ეშმაკების” ლიდერს ფეხზე დააჯდა და მანაც ახლო მანძილიდან დარტყმით შეარხია სიმონ მინიოლეს კარის ბადე. “წითელმა ეშმაკებმა” მომენტით ისარგებლეს და ორ წუთში მეორე გოლიც გაიტანეს: საგოლე პასი ამჯერად შეტევის მარცხენა ფრთიდან გაკეთდა, ლიუკ შოუმ საჯარიმოში მყოფი ხუან მატა მოძებნა, ამ უკანასკნელმა დაახლოებით 17 მეტრის მანძილიდან დაარტყა, ბურთს მამადუ სახომ მცირეოდენ შეუცვალა მიმართულება, მინიოლე მოტყუვდა და “იუნაიტედი” დაწინაურდა — 2:1.
მატჩის 65-ე წუთზე საინტერესო რამ მოხდა: ეშლი იანგმა შორი მანძილიდან ე.წ. “პარაშუტი” შეასრულა, ბურთი კარის ზედა ნაწილში არსებულ ბადეს გარედან მოხვდა, მოედანზე გადმოვარდა და უყურადღებოდ დარჩენილ რუნის მიუვიდა, რომელმაც ახლო მანძილიდან კარში შეაგორა. ინგლისელმა ფეხბურთელმა თანაკლუბელებთან ერთად გოლი აღნიშნა, თუმცა ერთი წუთის შემდეგ მსაჯებს ყურსასმენების საშუალებით აცნობეს, რომ ბურთს მოედნის ფარგლები დატოვებული ჰქონდა და გოლი უნდა გაუქმებულიყო. 2:1 ძალაში დარჩა.
დარჩენილ დროში მერსისაიდელები ანგარიშის გათანაბრებას კი შეეცადნენ, თუმცა გოლი აქეთ მიიღეს: 88-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევა შემცვლაზე შემოსულმა ჯესი ლინგარდმა დააგვირგვინა — 3:1. “მანჩესტერ იუნაიტედი” საერთაშორისო ამხანაგური ტურნირის გამარჯვებული გახდა.
“მანჩესტერ იუნაიტედი” — “ლივერპული” 3:1 (0:1)
“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა, სმოლინგი, ჯონსი, ევანსი (კლევერლი 46′), ფლეტჩერი (ბლექეტი 46′), ერერა (ლინგარდი 78′), ვალენსია (შოუ 8′), მატა (კაგავა 69′), იანგი, რუნი, ჩიჩარიტო (ნანი 69′).
მთავარი მწვრთნელი: ლუი ვან გაალი.
“ლივერპული”: მინიოლე, კელი, შკრტელი, სახო (კოლო ტურე 74′), ჯონსონი, ალენი (ემრე ჯანი 62′), ჯერარდი (ლუკას ლეივა 62′), ჰენდერსონი, კოუტინიო (პეტერსონი 77′), სტერლინგი, ლამბერტი (აიბი 67′).
მთავარი მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი.
გოლები: რუნი 55′, მატა 57′, ლინგარდი 88′ — ჯერარდი 14′ (პენ).