რომელმა ხუთმა კლუბმა გამოთქვა კვარაცხელიას დამატების სურვილი ბოლო 3 თვეში

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა ქართველი ფეხბურთელის კარიერის პერსპექტივებზე ისაუბრა.

“ლეონიდ სლუცკისთან და “რუბინის” სპორტულ დირექტორთან საუბრისას მითხრეს, რომ კვარაცხელიას ევროპაში სათამაშოდ წასასვლელად კიდევ ერთიდან ორ წლამდე პერიოდი სჭირდება.

ბოლო სამი თვის განმავლობაში ხვიჩას თაობაზე ხუთმა კლუბმა მომმართა: “ტორინო”, “სასუოლო”, “ზალცბურგი”, “გენტი” და “უდინეზე”.

“რუბინმა” ცოტა ხნის წინ შეკრა კარგი გუნდი. ახლა ყაზანელები კვარაცხელიას გასაყიდად მზად არ არიან და მისი გაყიდვა რომც უნდოდეთ, მე წინააღმდეგი ვიქნებოდი. მან ჯერ კიდევ უნდა ითამაშოს რუსეთის ჩემპიონატში. ალექსეი მირანჩუკი ჭკვიანი ბიჭია. მან აქ ჩემპიონატი და თასი მოიგო და მხოლოდ ამის შემდეგ წავიდა “ატალანტაში”.

მინდა, რომ ხვიჩამ ხუთ წელიწადში მადრიდის “რეალში” ითამაშოს. მე ამის მჯერა. მჯერა, რომ ითამაშებს “რეალში” ან “ბაიერნში”. ბავარიელებს მისი დამატება ისედაც უნდოდათ, ხვიჩა მიუნხენში იყო, ჰასან სალიჰამიჯიჩს შეხვდა, იქაურობა დაათვალიერებინეს. გარკვეული საუბრები იყო, მაგრამ არ აიყვანეს. მაშინ ხვიჩა 17 წლის იყო. თქვეს, კიდევ ექვსი თვე შევხედავთო და საბოლოოდ, ასე ჩაიშალა. მე არამხოლოდ ვიმედოვნებ, არამედ ვიცი, რომ კვარაცხელია ასეთ კლუბში ითამაშებს. არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც “რეალში” გადავა. ეს შეიძლება იყოს “ბარსელონა”, “რეალი”, “ბაიერნი”, “იუვენტუსი”, “ინტერი”, “მილანი”. მჯერა, რომ მსგავს გუნდში ითამაშებს. ასეთ კლუბში გადასვლა ახლავე რომ შეეძლოს, დღესვე გავუშვებდით. მისი “ჯენოაში” და “უდინეზეში” კი არა, “ჩელსიში”, “ინტერში”, “ბაიერნში”, “რეალში” და მსგავსი დონის კლუბებში გაყიდვა გვინდა. ღმერთს ვთხოვ, რომ ტრავმა არ მიიღო და ასეთ გუნდში აუცილებლად მოხვდება”, – აღნიშნა მამუკა ჯუღელმა.

სოლომონ კვირკველია: “ეს ფრე გამარჯვების ტოლფასია”

რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურში ყაზანის “რუბინმა” საკუთარ მოედანზე მოსკოვის “სპარტაკი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 2:2 დაზავდა. მასპინძლები მარცხისგან ქართველმა მცველმა სოლომონ კვირკველიამ იხსნა, რომელმაც გოლი 94-ე წუთზე გაიტანა. ჩვენებურმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“გაშვებული გოლის შემდეგ შეტევის გარდა სხვა ვარიანტი არ გვქონდა. მეტოქე კონტრშეტევებზე გვიჭერდა, მეკარე სერგეი რიჟიკოვმა გადაგვარჩინა. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დამთავრდა.

შეტევაში მანამდე რომ წავსულიყავი, აზრი არ ჰქონდა, ბოლოს კი უნდა შემეტია. უკანასკნელად, მგონი, გასულ წელს “ტორპედოსთან” გამართულ შეხვედრაში გავიტანე.

როდესაც აგებ და ბოლო წუთზე გოლს იტან, ფრე შეგიძლია გამარჯვებად ჩათვალო. მთავარია, რომ ქულა ავიღეთ”, – აღნიშნა კვირკველიამ.

 

საბა კვირკველიამ “ლივერპულთან” მატჩში კინაღამ ავტოგოლი გაიტანა

უეფას ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ყაზანის “რუბინსა” და “ლივერპულს” შორის გამართულ მატჩში (0:1) მასპინძელთა ქართველი ლეგიონერი საბა კვირკველია მოწოდების სიმაღლეზე იყო, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს ავტოგოლს გადაურჩა. ახალგაზრდა მცველმა თავით ბურთი საკუთარ კარში გადაგზავნა, თუმცა მეკარე სერგეი რიჟიკოვმა შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და კვირკველია ავტოგოლისგან იხსნა.

საბა კვირკველია “ლივერპულთან” სასტარტო განაცხადშია

დღეს უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩები იმართება. “ლივერპული” “ენფილდზე” ყაზანის “რუბინს” მასპინძლობს, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია იცავს. ქართველი ლეგიონერი სასტარტო განაცხადშია.

მატჩი “ლივერპულსა” და “რუბინს” შორის თბილისის დროით 23:05 საათზე დაიწყება.

აქვე გეტყვით, რომ B ჯგუფს შვეიცარიული “სიონი” 4 ქულით ლიდერობს, “ლივერპულსა” და “ბორდოს” 2-2 ქულა აქვთ, “რუბინს” კი 1 ქულით ბოლო ადგილი უკავია.

საბა კვირკველიამ საწყისი ორივე ტურის მატჩში სრულად ითამაშა.