კუმანს 12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

ესპანეთის პრიმერადივიზიონში მადრიდის “რეალთან” გამართული შეხვედრის (1:3) შემდეგ “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა მსაჯები და ვიდეოგამეორების სისტემა გააკრიტიკა, რის გამოც ორიდან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება.

ნიდერლანდელი სპეციალისტის წინააღმდეგ დისციპლინური საქმე აღძრეს მუხლით, რომელიც კრძალავს მსაჯების ან ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციის წევრების მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენებასა და მათ შეურაცხყოფას. შესაძლოა, კუმანს დისკვალიფიკაცია არ აკმარონ და 601-დან 3005 ევრომდე ოდენობის ჯარიმის გადახდაც დააკისრონ.

“რეალთან” ჩატარებული მატჩის შემდეგ კუმანმა მსაჯები გააკრიტიკა და თქვა, რომ მიმდინარე სეზონში VAR სისტემასთან დაკავშირებული სადავო ეპიზოდები მუდმივად მისი გუნდის საწინააღმდეგოდ წყდება.

ქართველმა არბიტრებმა ისლამური სოლიდარობის თამაშებზე იმსაჯეს

ქართველი მსაჯები საერთაშორისო არენაზეც გავიდნენ.

6 მაისიდან 22 მაისამდე აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 44-ე ისლამური სოლიდარობის თამაშები გაიმართა. აქ 57 ქვეყანა მონაწილეობდა. მიწვეულმა ქართველ მსაჯთა ბრიგადამ (ფიფას არბიტრი გიორგი ყრუაშვილი, ფიფას ასისტენტები: ზაზა მენთეშაშვილი და გიორგი ელიკაშვილი,მეოთხე მსაჯი ბორის გლუშჩუკი) ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი იმსაჯა. მსაჯთა ბრიგადა 21 მაისს ტოფიკ ბახრამოვის სახელობის სტადიონზე აზერბაიჯანსა და ომანის ნაკრებებს შორის შეხვედრას ემსახურებოდა. ფინალური შეხვედრა აზერბაიჯანის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

Gff.Ge

სამსაჯო კორპუსი ახალი სეზონისთვის ემზადება

19-20 ივლისს ახალ თბილისში მდებარე სპორტულ კომპლექსში უმაღლესი და პირველი ლიგების არბიტრებისა და ასისტენტების ფიზმომზადების ტესტები ჩატარდა.

21 ივლისიდან, უმაღლესი ლიგის მსაჯები ურეკში 1 კვირიან შეკრებაზე გაემგზავრებიან. 27 ივლისიდან კი ხუთდღიან მზადებას პირველლიგელები გაივლიან. უმაღლესი ლიგის მსაჯების ლექცია-სემინარებს ოთხი დღის განმავლობაში უეფას მსაჯთა კონვენციის კოორდინატორი იორნ ვესტ ლარსენი დაესწრება. ის საფეხბურთო წესებში მომხდარ ცვლილებებზე ისაუბრებს.

სფფ-ის პრესსამსახური

დაკავებული მსაჯების სასამართლო პროცესი გაიმართა

საქალაქო სასამართლოში საფეხბურთო თაღლითობისთვის დაკავებული მსაჯების სასამართლო პროცესი თითქმის 5 საათს გაგრძელდა.

პროკურატურა, აღმკვეთი ღონისძიების სახით, წინასწარ პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარემ კი გირაოს შუამდგომლობა დააყენა.

სასამართლომ კომერციული მოსყიდვის ბრალდებით დაკავებული ქართველი არბიტრებისთვის წინასწარი აღმკვეთი ღონისძიების შესახებ იმსჯელა და რვავე მსაჯს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთს ფედერაციამ რვავე არბიტრს სამსაჯო საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალა.

 

რევაზ ძოძუაშვილი: “წლევანდელ ჩემპიონატში მსაჯობის დონემ ძალიან აიწია”

შსს-ს მიერ მსაჯთა დაკავების ფაქტს ქართულ საფეხბურთო საზოგადოებაში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. Fanebi.com აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის “ტორპედოს” მთავარ მწვრთნელს, რევაზ ძოძუაშვილს შეეხმიანა, რომელმაც საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

“უკეთესი იქნებოდა, რომ ეს ფაქტი არ მომხდარიყო. ალბათ ყველამ დავაკელით რაღაც და ასეთი შედეგიც ამიტომ გვაქვს. თუმცა, დღესდღეობით ტოტალიზატორები მსოფლიო თამაშია და ხალხსაც ეს აზარტი ძალიან იტაცებს. პასუხი იმ ხალხმაც უნდა აგოს, ვისაც გარკვეული სადავეები აქვთ ხელში.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რაც ჩეპიონატი დაიწყო, ასეთი მსაჯობა არ მახსოვს. არ ვიცი, რა ხდება პირველ და მეორე ლიგებში, მაგრამ უმაღლესში ევროპაში ერთ-ერთი საუკეთსო მსაჯები იყვნენ.

საერთოდ, წლევანდელ გათამაშებაში მსაჯობის დონემ ძალიან აიწია და ჩვენს შეხვედრებშიც სამაგალითო მსაჯობა იყო. თუნდაც, “სამტრედიასთან”, “ვიტ ჯორჯიასთან” და “დილასთან” მატჩები რომ განვიხილოთ.

წელიწადია უკვე, რაც  “ტორპედოში” ვარ და მხოლოდ ერთი წითელი მივიღეთ. ყველა მარცხი ჩვენი ბრალი იყო, ამიტომ მსაჯებზე ცუდის თქმა არ შემიძლია. ამ ბიჭებმა საკუთარი საქმე კარგად იციან და ცუდია, რომ ასეთ კადრებს ვკარგავთ”

სფფ-ის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელობა გადადგა

დღეს საღამოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების სრულმა შემადგენლობამ ფედერაციის პრეზიდენტს თანამდებობებიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა.

სფფ-ის პრეზიდენტმა სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეების განცხადებები დააკმაყოფილა.

სფფ-ის სამსაჯო განყოფილებაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, მომდევნო დღეებში გაცნობებთ.

სფფ-ის პრესსამსახური

სფფ-ის სამსაჯო კომიტეტის გადაწყვეტილება

დღეს, გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის სხდომა. კომიტეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილა:

1. შსს-ს ანტიკორუფციული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, კორუფციულ საქმიანობაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯების მონაწილეობის შესახებ.

2. შსს-ს ანტიკორუფციული სამსახურის მიერ გავრცელებული მასალა, სადაც ნათლად ჩანს სფფ-ის მსაჯების ჩართულობა კორუფციულ საქმიანობაში, რის გამოც, რვა პიროვნება აყვანილ იქნა წინასწარ პატიმრობაში.

ხანგრძლივი განხილვისა და მსჯელობის შემდეგ, სფფ-ის სამსაჯო კომიტეტმა შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღო:

1. მომხდარი ფაქტის გათვალისწინებით, წინასწარ პატიმრობაში აყვანილ მსაჯებთან ცალმხრივად შეწყდა კონტრაქტი და მათ მსაჯობა აეკრძალათ სამუდამოდ.

2. მომხდარში მონაწილე ფიფა-ს მსაჯის შესახებ ინფორმაცია ოპერატიულად მიეწოდა ფიფა-ს და უეფა-ს, აღნიშნული მსაჯის ფიფა-ს სიიდან გარიცხვის თაობაზე.

კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან ოფიციალური განცხადება ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ – სერგო კვარაცხელიამ გააკეთა.

ვინაიდან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და სამსაჯო კომიტეტმა ოფიციალური განცხადებები უკვე გააკეთეს, ამ კვირაში კომენტარები აღარ გაკეთდება და დაველოდებით გამოძიების მიმდინარეობასა და მის შედეგებს.

სფფ-ის პრესსამსახური

სფფ-ის ოფიციალური განცხადება კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დიდი ხანია აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. წლის განმავლობაში, სფფ-მ ოფიციალური წერილით რამდენჯერმე მიმართა შსს-ს და სთხოვა უეფადან მიღებული ინფორმაციის გადამოწმება საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში საეჭვო მატჩებთან დაკავშირებით.

რამდენიმე კვირის წინ, შედგა შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებსა და შსს-ს ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელებს შორის, სადაც კიდევ ერთხელ დაისვა საკითხი ჩაწყობილი მატჩების გამოძიებასთან დაკავშირებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა საქმეში გასარკვევად ორ კვირიანი ვადა ითხოვეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს გაწეული სამუშაოსთვის და თანამშრომლობისთვის. გამოძიება გრძელდება და იმედი გვაქვს, ამ კორუფციულ გარიგებებში მონაწილე ყველა პირი და მხარე სათანადოდ აგებს პასუხს.

სფფ-ის პრესსამსახური

შსს-მ რვა მსაჯი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კომიტეტის ეროვნული კატეგორიის არბიტრები – 1977 წელს დაბადებული ოთარ ხ, 1979 წელს დაბადებული ირაკლი უ, 1972 წელს დაბადებული მამუკა უ, 1975 წელს დაბადებული თეიმურაზ ხ, ასევე, პირველი კატეგორიის არბიტრები – 1975 წელს დაბადებული ალექსანდრე გ, 1984 წელს დაბადებული ზვიად ა, ეროვნული კატეგორიის ასისტენტი – 1974 წელს დაბადებული ონისე მ. და „ფიფა“-ს არბიტრი, 1986 წელს დაბადებული თორნიკე გ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები 2500-დან 5000 აშშ დოლარამდე თანხის სანაცვლოდ წინასწარ ურიგდებოდნენ მოქალაქეებს მათი მსაჯობით ჩასატარებელ თამაშებში ფეხბურთელთა დასაჯარიმებელი ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობაზე, რასაც ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ. ამ სქემით ბრალდებულები აღნიშნულ მოქალაქეებს საშუალებას აძლევდნენ წინასწარ შეპირებული ჯარიმების რაოდენობის მიხედვით გაკეთებული ფსონით მოგება მიეღოთ.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიების ხელთ არსებული მონაცემებით, ანალოგიური სქემით მოქმედებენ სხვა მსაჯებიც, რომელთა მიმართ გამოძიება გრძელდება. გამოძიებას აწარმოებს შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო.

 

ფიფამ მუნდიალის მსაჯები დაასახელა

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატს 25 ბრიგადა და დამატებითი არბიტრების 8 წყვილი მოემსახურება, რომლებიც 43 ქვეყანას წარმოადგენენ. გთავაზობთ მსაჯების სრულ სიას.

აზია: რავშან ირმატოვი (უზბეკეთი), იუჩი ნისიმურა (იაპონია), ნავაფ სუკრალა (ბაჰრეინი), ბენჯამინ უილიამსი (ავსტრალია).

აფრიკა: ნუმანდიეზ დუე (კოტ დ’ივუარი), ბაკარი გასამა (გამბია), ჯამელ ჰაიმუდი (ალჟირი).

სამხრეთ ამერიკა: ენრიკე ოსესი (ჩილე), ნესტორ პიტანა (არგენტინა), უილმარ როლდანი (კოლუმბია), სანდრო რიჩი (ბრაზილია), კარლოს ველა (ეკვადორი).

კონკაკაფი: ჟოელ აგილარი ( სალვადორი), მარკ გიგერი (აშშ), მარკო როდრიგესი (მექსიკა).

ოკეანია: პიტერ ო’ლირი (ახალი ზელანდია)

ევროპა: ფელიქს ბრიხი (გერმანია), ჯუნეით ჩაკირი (თურქეთი), იუნას ერიქსენი (შვედეთი), ბიორნ კიუიპერსი (ჰოლანდია), მილორად მაჟიჩი (სერბეთი), პედრუ პროენსა (პორტუგალია), ნიკოლა რიცოლი (იტალია), კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი), ჰობარდ ვები (ინგლისი).