“დეილი ექსპრესის” ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ კლუბის დატოვების სურვილი გამოთქვა.
გამოცემის ცნობით, 27 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა საკუთარ აგენტს ახალი კლუბის მოძიება დაავალა. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დი მარიას მიმართ ინტერესს “პარი სენ-ჟერმენი” იჩენს. არგენტინელის შესაძლო ტრანსფერის მთავარ დაბრკოლებად მისი მაღალი ფასი ითვლება, რის გამოც პარიზელებმა შესაძლოა, კიდევ ერთხელ დაარღვიონ ფინანსური “ფეარ პლეის” წესი.
შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარია მადრიდის “რეალიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” გასული წლის ზაფხულში 60 მილიონი ფუნტ სტერლინგის სანაცვლოდ გადავიდა და “წითელი ეშმაკების” ისტორიაში ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.
მიმდინარე სეზონში დი მარიამ “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 25 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა.