იტალიელთა განაცხადი ბულგარეთთან და ინგლისთან გასამართი მატჩებისთვის

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბულგარეთის და ამხანაგურად ინგლისის ეროვნული გუნდების წინააღმდეგ გასამართი მატჩებისთვის “სკუადრა აძურას” რიგებში შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:

მეკარეები: ბუფონი (“იუვენტუსი”), პერინი (“ჯენოა”), სირიგუ (“პარი სენ-ჟერმენი”);

მეცველები: ბარძალი (“იუვენტუსი”), ბონუჩი (“იუვენტუსი”), კიელინი (“იუვენტუსი”), მორეტი (“ტორინო”), რანოკია (“ინტერი”);

ნახევარმცველები: ანტონელი (“მილანი”), ბერტოლაჩი (“ჯენოა”), კანდრევა (“ლაციო”), ჩერჩი (“მილანი”), დარმიანი (“ტორინო”), ფლორენცი (“რომა”), მარკიზიო (“იუვენტუსი”), პაროლო (“ლაციო”), პასკუალი (“ფიორენტინა”), სორიანო (“სამპდორია”), ვალდიფიორი (“ემპოლი”), ვერატი (“პარი სენ-ჟერმენი”);

თავდამსხმელები: ედერი (“სამპდორია”), გაბიადინი (“ნაპოლი”), იმობილე (“დორტმუნდი”), პელე (“საუთჰემპტონი”), ვასკესი (“პალერმო”), ძაძა (“სასუოლო”).

იტალიელები ბულგარელებთან მატჩს 28 მარტს გამართავენ, ინგლისელებს კი 31 მარტს გაეჯიბრებიან.

 

კონტე “იუვენტუსში” დაბრუნებას არ გამორიცხავს

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე მომავალში ტურინის “იუვენტუსში” დაბრუნებას არ გამორიცხავს.

“იუვენტუსის” დატოვების შესახებ გადაწყვეტილება სპონტანური არ ყოფილა. თავით გადავწყვიტე და არა გულით, გული “იუვეში” დარჩენას მთხოვდა. ტურინული გუნდის მწვრთნელის რანგში სამი დატვირთული წელიწადი მქონდა. ისეთი ძლიერი გუნდი ჩამოვიტოვეთ, როგორიც “მილანი” იყო, რომელსაც ტიაგო სილვა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და სხვა გამოცდილი მოთამაშეები ჰყავდა.

შეიძლება თუ არა, რომ “იუვეში” დავბრუნდე? ვნახოთ. არასდროს თქვა “არასდროს”. ეს ქალაქი ჩემთვის ძალიან ახლობელია, რადგან აქ ფეხბურთელისა და მწვრთნელის რანგში 16 წელიწადი დავყავი”, – კონტეს სიტყვები Goal-მა გამოაქვეყნა.

 

პირლო წლის ფეხბურთელად დასახელდა

გუშნ 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ანდრეა პირლო, ხოლო საუკეთესი მწვღთნელად ნაკრების თავკაცი ანტონიო კონტე დასახელდა.

სერია ა-ს საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელის პრიზი გონსალო იგუაინს გადასცეს, თუმცა „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა თავის გუნდის ფეხბურთელებს დაჯილდოვების ცერემონიალზე დასწრება აუკრძალა.

აქვე წარმოგიდგენთ იტალიის პირველობის 2014 წლის სიმბოლურ ნაკრებს: ჯანლუიჯი ბუფონი („იუვენტუსი“) – მატეო დარმიანი („ტორინო“), ანდრეა ბარძალი („იუვენტუსი“), მეხდი ბენატია („რომა“/„ბაიერნი“), კვანდვო ასამოა („იუვენტუსი“) – პოლ პოგბა („იუვენტუსი“), ანდრეა პირლო („იუვენტუსი“), არტურო ვიდალი („იუვენტუსი“) – ჩირო იმობილე („ტორინო“/ „ბორუსია“), კარლოს ტევესი („იუვენტუსი“), გონსალო იგუაინი („ნაპოლი“).

ბალოტელი ნაკრებში არ გამოიძახეს — “სკუადრა აძურას” განაცხადი

იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ უახლოეს მატჩს აზერბაიჯანისა და მალტის ეროვნული გუნდების წინააღმდეგ ჩაატარებს. ანტონიო კონტეს ნაკრები 10 ოქტომბერს, პალერმოში აზერბაიჯანს შეხვდება. 13 ოქტომბერს კი მალტას ეწვევა. ოფიციალური მატჩებისთვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: ბუფონი (“იუვენტუსი”), პერინი (“ჯენოა”), სირიგუ (“პსჟ”);
მცველები: ბონუჩი, კიელინი, ოგბონა (ყველა – “იუვენტუსი”), რანოკია (“ინტერი”), რუგანი (“ემპოლი”);
ნახევარმცველები: აკვილანი, პასკუალი (ორივე – “ფიორენტინა”), ბონავენტურა, დე შილიო, პოლი (ყველა – “მილანი”), კანდრევა, პაროლო (ორივე – “ლაციო”), დარმიანი (“ტორინო”), ფლორენცი (“რომა”), მარკიზიო (“იუვენტუსი”), მოტა, ვერატი (ორივე – “პსჟ”);
თავდამსხმელები: დესტრო (“რომა”), ჯოვინკო (“იუვენტუსი”), იმობილე (“დორტმუნდი”), ოსვალდო (“ინტერი”), პელე (“საუთჰემპტონი”), ძაძა (“სასუოლო”).

აღსანიშნავია, რომ განაცხადს მიღმა დარჩა “ლივერპულის” თავდამსხმელი მარიო ბალოტელი, რომელსაც მერსისაიდულ გუნდში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი.

 

ოფიციალურად: იტალიის ნაკრები ანტონიო კონტეს ჩააბარეს

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე იტალიის ეროვნული ნაკრების თავკაცის პოსტზე დაინიშნა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2016 წლის 31 ივლისამდე გაფორმდა. ხელშეკრულება გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგების მიხედვით ბონუსურ ანაზღაურებას ითვალისწინებს: ევრო-2016-ზე თამაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალში თამაში, ფიფას რეიტინგში პროგრესი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე “სკუადრა აძურას” ჩეზარე პრანდელი თავკაცობდა, რომელთან ერთადაც გუნდმა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი აიღო, თუმცა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის დაძლევაც ვერ შეძლო.

 

მაცარის სანაკრებო დონეზე მუშაობა არ სურს

მილანის „ინტერის“ მთავარ მწვრთნელ ვალტერ მაცარის ანტონიო კონტეს ირგვლის შექმნილ სიტუაციაზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს, თუმცა „ნერიაძურის“ თავკაცმა აღნიშნულ თემაზე საუბარი არ ისურვა. იქვე ისიც დაამატა, რომ სანაკრებო დონეზე მუშაობა არ სურს.

„ფეხბურთში ყველაფერი ხდება. თითოეული ჩვენგანი რაღაც არჩევანს აკეთებს. არ მაინტერესებს, რა ხდება სხვა კლუბებში და არც კონტეს ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე მინდა კომენტარის გაკეთება.

ვისურვებდი თუ არა ნაკრებში მუშაობას? ეროვნული ნაკრების მწვრთნელის რანგში საკუთარ თავს ვერ ვხედავ. მიყვარს, როდესაც ზეწოლას ვგრძნობ. მე ჩემს ფეხბურთელებთან ყოველდღიური მუშაობა უფრო მიზიდავს“, – განაცხადა მაცარიმ.

 

ნედვედი: „კონტეს „იუვენტუსიდან“ წასვლა ჯერ კიდევ მაისში სურდა“

ტურინის „იუვენტუსისა“ და ჩეხეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა პაველ ნედვედმა განაცხადა, რომ ანტონიო კონტეს „ბიანკონერის“ მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვება ჯერ კიდევ მაისში სურდა.

„ანტონიოს თანამდებობა კლუბის ხელმძღვანელობასთან რაიმე უთანხმოების გამო არ დაუტოვებია. მას უბრალოდ მუშაობის გაგრძელების ძალა აღარ ჰქონდა.

კონტეს პოსტის დატოვება ჯერ კიდევ მაისში სურდა, თუმცა ამ საკითხზე ვიმსჯელეთ და პირობა მოგვცა, რომ გადაწყვეტილებას შვებულების დროს მიიღებდა. დაბრუნების შემდეგ გვითხრა, რომ მუშაობის გაგრძელებას აღარ აპირებდა.

რასაც პრესაში წერენ, არ შეესააბამება სინამდვილეს. კონტე უბრალოდ დაიღალა“, – ნედვედის სიტყვები „ლა გაძეტა დელო სპორტში“ გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალეგრი დაინიშნა.

 

ოფიციალურად: „იუვენტუსის“ თავკაცის პოსტზე მასიმილიანო ალეგრი იმუშავებს

ტურინის „იუვენტუსმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალეგრი იმუშავებს.

„ბიანკონერიმ“ უკვე წარადგინა იტალიელი სპეციალისტი თავკაცის რანგში.

„ჩემთვის დიდი პატივია „იუვენტუსის“ მწვრთნელად მუშაობა. კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რომ ასეთ გუნდს გავწვრთნი. „იუვენტუსი“ ბოლო სამი წელიწადია, სკუდეტოს იგებს. ასე რომ, მე აქ ამ გზის გასაგრძელებლად მოვედი.

გამიმართლა, რომ ოთხი წლის განმავლობაში „მილანს“ ვთავკაცობდი, ახლა კი კიდევ ერთ დიდ გუნდში მუშაობის შესაძლებლობა მეძლევა“, – აღნიშნა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრი უკანასკნელად „მილანში“ მუშაობდა. სწორედ მისი დანიშვნის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა ანდრეა პირლომ ლომბარდიული კლუბი. ალეგრიმ „მილანში“ 2011 წელს სკუდეტო და ქვეყნის სუპერთასი მოიგო, თუმცა შემდგომ პერიოდში ყველა ფრონტზე მუდმივად ხელმოცარული რჩებოდა.

რაც შეეხება „იუვენტუსის“ ყოფილ თავკაც ანტონიო კონტეს, მას იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილავენ.

 

ბუფონი: „კონტეს გადადგომა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნაა“

ტურინის „იუვენტუსის“ კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა კლუბიდან ანტონიო კონტეს წასვლის შესახებ ისაუბრა.

„ეს დიდი დანაკარგია, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავს. კონტეს ნამუშევარი ასე უკვალოდ არ გაქრება.

შესანიშნავი მწვრთნელი დავკარგეთ, თუმცა ჩვენს გუნდში საოცარი ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებიც მუდმივად ფიქრობენ ხვალინდელ დღეზე. სოლიდურად გამოვიყურებით. კიდევ უფრო უნდა შევიკრათ და დავატკიცოთ, რომ კონტეს გარეშეც ძლიერები ვართ.

არ ვიცი, რატომ წავიდა, თუმცა ეს ტრანსფერების გამო არ მომხდარა. შესაძლოა, კლუბის შიგნით მოხდა რაღაც. როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, ეს იმას ნიშნავს, რომ კლუბში მუშაობა აღარ გინდა“, – აღნიშნა „იუვენტუსის“ გამოცდილმა მეკარემ.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილება.

 

ოფიციალურად: ანტონიო კონტემ „იუვენტუსი“ დატოვა

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ დაკავებული პოსტი დატოვა. კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა. ფეხბურთის იტალიელ სპეციალისტსა და „ბიანკონერის“ შორის უთანხმოების მიზეზი ახალი კონტრაქტის დეტალები და კლუბის სტრატეგია გახდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანტონიო კონტე იტალიის ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს.

შეგახსენებთ, რომ კონტე „იუვენტუსს“ 2011 წლის ზაფხულიდან თავკაცობდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან სამჯერ მოაგებინა „ბიანკონერის“ სკუდეტო.

 

კონტემ ბენიტესს მოუბოდიშა

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ნაპოლის“ თავკაც რაფელ ბენიტესს ბოდიში მოუხადა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ მას შემდეგ, რაც უეფას ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე „იუვენტუსი“ ლისაბონის „ბენფიკასთან“ დაწყვილდა, ბენიტესმა პრესის მეშვეობით კონტეს შესთავაზა, გასულ სეზონში ლონდონის „ჩელსისთან“ ერთად პორტუგალიური კლუბი დამარცხებული მყავს და თუ გინდა, რჩევებს მოგცემო. „ბებერი ქალბატონის“ თავკაცმა შემოთავაზებაზე თავდაპირველად უარი განაცხადა, თუმცა შემდეგ აღნიშნა, რომ პრესის წარმომადგენლებმა ბენიტესის სიტყვებს უარყოფითი ელფერი შესძინეს და ესპანელი სპეციალისტის წინადადება ამიტომაც იუარა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ბენიტესის სიტყვები პრესაში უარყოფითი ასპექტით გავრცელდა. მე მგონია, რომ რაფამ ამ განცხადებით ჩვენ დახმარების ხელი გამოგვიწოდა, თუმცა რამდენიმე გაზეთმა მისი სიტყვები არასწორად გაავრცელა. ვფიქრობ, ბენიტესი გულწრფელი იყო, ამიტომ მე მას ბოდიშს ვუხდი“, – განუცხადა კონტემ „რაი სპორტს“.

ბექა დოგრაშვილი

„იუვენტუსმა“ „ინტერი“ უპრობლემოდ დაამარცხა

იტალიის სერია A-ს XXII ტურის ცენტრალური მატჩი ტურნიში შედგა, სადაც ადგილობრივმა „იუვენტუსმა“ მილანის „ინტერი“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა

ვნებათაღელვა მატჩამდე კარგა ხნითა დრე დაიწყო. სტადიონის მიმართულებით მიმავალი „ინტერის“ ავტობუსს გზაზე „ბებერი ქალბატონის“ ტიფოზები ხვდებოდნენ და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. ამის გამო, არ არის გამორიცხული, „ბიანკონერი“ დასაჯონ კიდეც. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, თამაში მაღალ ტემპში დაიწყო და მასპინძლებს პირველივე წუთზე ჰქონდათ დაწინაურების შანსი, თუმცა კარლოს ტევესს სტუმართა კიპერმა სამირ ჰანდანოვიჩმა ახლო მანძილიდან ორჯერ აუღო. მე-16 წუთზე ტურინელებმა მაინც გაიტანეს: ანდრეა პირლომ საჯარიმოში გენიალური პასი გაუკეთა უყურადღებოდ დარჩენილ სტეფან ლიხტშტაინერს და ამ უკანასკნელმაც ახლო მანძილიდან თავური დარტყმით ჰანდანოვიჩის კარის ბადე პირველად შეარხია — 1:0. ვერ ვიტყვით, რომ გაშვებული გოლის შემდეგ „ინტერი“ უპირატესობას დაეუფლა, პირიქით – „იუვენტუსის“ შეტევები უფრო მწვავედ გამოიყურებოდა. პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე „ინტერმა“ კარგი კონტრიერიში მოაწყო, როდესაც „იუვენტუსის“ ორი ფეხბურთელი სტუმართა გუნდის სამი მოთამაშის წინააღმდეგ აღმოჩნდა, თუმცა მეკარესთან ფაქტობრივად ერთი ერთზე გასულმა როდრიგო პალასიომ ბურთი კარს ააცილა. მატჩის პირველი ნახევარი „ბებერმა ქალბატონმა“ მინიმალური უპირატესობით მოიგო.

მეორე ტაიმი კვლავ „იუვენტუსის“ აქტურობით დაიწყო და ამან შედეგი დებიუტშივე გამოიღო:  ამჯერად გოლი კუთხურს მოჰყვა, რომლის მოწოდების შემდეგაც მილანელებმა სიტუაციის განმუხტვა ვერ მოახერხეს და შეტევაში წასულმა ჯორჯო კიელინიმ ახლო მანძილიდან ჰანდანოვიჩი მეორედ დაამწუხრა. სათქმელია, რომ დისკვალიფიცირებული ჯანლუიჯი ბუფონის არყოფნაში კაპიტნის სამკლავური სწორედ კიელინის ჰქონდა მორგებული.

56-ე წუთზე არტურო ვიდალის ჯერი დადგა. „ინტერის“ დაცვა ჩავარდა. მართალია, ახლო მანძილიდან პოლ პოგბას დარტყმული ჰანდანოვიჩმა მოიგერია, მაგრამ ვიდალის დამატებაზე სლოვენიელმა მეკარემ რეაგირება ვეღარ მოახერხა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა — 3:0.

71-ე წუთზე „ინტერმა“ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა. გოლიც ამჯერადაც კუთხურს მოჰყვა, რის შემდეგაც ტურინელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით როლანდომ ისარგებლა და ერთი ბურთი გაქვითა.

საბოლოო ჯამში, „იუვენტუსმა“ „ინტერი“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ლიდერობა განიმტკიცა. „ბებერ ქალბატონს“ აქტივში 59 ქულა აქვს და მთელი 9 ქულით უსწრებს მადევარ „რომას“, რომლის შეხვედრაც „პარმასთან“ ძლიერი წვიმის გამო გადაიდო. მეექვსეადგილოსან „ინტერს“ 33 ქულა დარჩა.

იტალიის სერია A
22-ე ტური
„იუვენტუსი“—„ინტერი“ 3:1 (1:0)

„იუვენტუსი“: სტორარი, ბარძალი (კასერესი 63′), ლიხტშტაინერი (ისლა 82′), ბონუჩი, კიელინი, პირლო, ვიდალი, ასამოა, პოგბა, ტევესი, ლორენტე (ვუჩინიჩი 86′).
მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

„ინტერი“: ჰანდანოვიჩი, ჟონათანი (დამბროზიო 58′), როლანდო, კამპანიარო, ნაგატომო, ჟუანი, კუზმანოვიჩი (მილიტო 55′), ალვარესი, ტაიდერი, კოვაჩიჩი (ბოტა 66′), პალასიო.
მთავარი მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.

გოლები: ლიხტშტაინერი 16′, კიელინი 47′, ვიდალი 56′ — როლანდო 71′.
გაფრთხილებები: პოგბა 59′ — კუზმანოვიჩი 13′, ალვარესი 73′.
მთავარი მსაჯი: ჯანლუკა როკი.

ბექა დოგრაშვილი