ვენგერმა ვან პერსიზე საუბარი არ ისურვა

ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა „ემირეითსზე“ შედგება, სადაც ლონდონის „არსენალი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ მიიღებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „მეთოფეთა“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა კლუბში რობინ ვან პერსის შესაძლო დაბრუნებაზე საუბარი არ ისურვა. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი თავდამსხმელი „არსენალის“ ღირსებას 2004-დან 2012 წლამდე იცავდა.

„არა მგონია, დღევანდელ პრესკონფერენციაზე ვან პერსი განსახილველად საუკეთესო თემა იყოს. ჩემი აზრით, უკეთესი იქნება, თუ სხვა საკითხებზე ვისაუბრებთ“, – ციტირებს ვენგერის სიტყვებს ბრიტანული „მირორი“.

მატჩი „არსენალსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის 12 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

ჟოზე მოურინიოს 10 ყველაზე დასამახსოვრებელი გამონათქვამი

გთავაზობთ ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს 10 ყველაზე დასამახსოვრებელ გამონათქვამს.

10. კლაუდიო რანიერიზე

2008 წლის ზაფხულში, “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ “ინტერის” თავკაცი ჟოზე მოურინიო თავისი სამწვრთნელო მეთოდების გამო გააკრიტიკა. პორტუგალიელმა კი ასე უპასუხა:

“იტალიურ ენას, რამდენიმე თვის მანძილზე, დღეში ხუთი საათის განმავლობაში ვსწავლობდი. ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ ფეხბურთელებთან, გულშემატკივრებთან და ჟურნალისტებთან კომუნიკაცია უკეთ დამემყარებინა. რაც შეეხება რანიერის, ის ინგლისში ხუთი წლის მანძილზე იმყოფებოდა და “დილა მშვიდობისა” და “საღამო მშვიდობისას” თქმა კვლავაც უჭირს.”

9. “მანჩესტერ იუნაიტედზე”

მას შემდეგ, რაც მოურინიოს გაწვრთინლმა “პორტომ” ჩემპიონთა ლიგაზე “მანჩესტერ იუნაიტედი” დაამარცხა, პორტუგალიელმა შემდეგი რამ განაცხადა:

“როცა ისეთი გუნდი გჯობნის, რომელიც შენი ფინანსების მხოლოდ 10 პროცენტს ხარჯავს, ნამდვილად დამწუხრებული უნდა იყო.”

8. ჯადოქარი

მოურინიოსათვის “რეალში” ჩატარებული სადებიუტო მატჩი წარუმატებელი გამოდგა, რადგან გუნდმა “მალიორკასთან” ფრედ, 0:0 ითამაშა. თამაშის შემდეგ, მოურინიომ თავი იმით გაიმართლა, რომ ის ჯადოქარი არ იყო.

“შემომხედეთ, მე ჰარი პოტერი არ ვარ – მწვრთნელი ვარ. ის ჯადოქარია, მაგრამ სინამდვილეში ჯადოქრები არ არსებობენ, ფეხბურთი კი რეალობაა.”

7. ფრენკ რაიკაარდზე

2005 წელს, ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთს “ბარსელონა” და “ჩელსი” დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთი მატჩის წინ, მოურინიომ კატალონიელთა მწვრთნელზე ისაუბრა:

“ჩემს სამწვრთნელო კარიერას ფრენკ რაიკაარდისას ვერ შევადარებ, რადგან მას ტიტულები საერთოდ არ აქვს, მე კი უამრავი ტიტული მაქვს.”

6. პიეტრო ლო მონაკოზე

2008 წელს, “ინტერთან” გამართული მატჩის შემდეგ, “კატანიას” პრეზიდენტმა, პიეტრო ლო მონაკომ განაცხადა, რომ მას მოურინიოსათვის სახეში ხელის გარტყმა სურდა. მოურინიომ კი მას ასე უპასუხა:

“არ ვიცი, ვინ არის ლო მონაკო. გამიგია მონაკოს გრანპრი და თვითონ მონაკო, თუმცა პიეტრო ლო მონაკოს შესახებ არაფერი მსმენია.”

5. ჯორჯ კლუნიზე

როგორც ყველასათვისაა ცნობილი, მოურინიოს თავისი დამახასიათებელი თვისებები გააჩნია. პორტუგალიელის აზრით, თუ მისი პერსონაჟის შესახებ ფილმს გადაიღებენ, მისი როლი ჯორჯ კლუნიმ უნდა შეასრულოს.

“თუ ჩემზე ფილმის გადაღებას დააპირებენ, ჩემი როლი ჯორჯ კლუნიმ უნდა შეასრულოს. ის ბრწყინვალე მსახიობია.”

4. საბნებზე

2007 წელს, “ჩელსის” ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ყავდა, კლუბი კი ახალი მოთამაშეების შეძენას იმიტომ ვერ ახერხებდა, რომ სატრანსფერო ფანჯარა ძალიან მოკლე იყო.

“სატრანსფერო ფანჯარა ისეთი მოკლეა, რომ ის მოკლე საბანს გავს, რომელიც ბოლომდე ვერ გფარავს. ამ დროს, ფეხების გათბობას ვერ ახერხებ.”

3. არსენ ვენგერზე

2005 წელს, “არსენალთან” გამართული მატჩის შემდეგ, მოურინიომ განაცხადა:

“ვფიქრობ, არსენ ვენგერი ერთ-ერთი ყველაზე სქესობრივად გარყვნილი ადამიანია. მას სხვა ადამიანებისთვის ცქერა უყვარს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მეზობლებს ტელესკოპებით აკვირდებიან. სწორედ ასეთია ვენგერიც. ის “ჩელსის” შესახებ გამუდმებით საუბრობს.”

2. ფრინველის გრიპზე

2005/06 წლების სეზონში, მოურინიოს ჟურნალისტებმა ფრინველის გრიპზეც ჰკითხეს, პორტუგალიელმა კი ასე უპასუხა:

“ფრინველის გრიპზე მართლაც ბევრს ვნერვიულობ, შესაძლოა, ფეხბურთზე უფრო ნაკლებად ვფიქრობ.”

1. თავის თავზე

“გთხოვთ, ნუ მიწოდებთ ქედმაღალს. თუმცა, მე ჩემპიონთა ლიგა მოვიგე და განსაკუთრებული ადამიანი ვარ.”

დიტო ჭიჭინაძე

სტიუარტ რობსონი: „ვენგერმა იოზილი სათადარიგოთა სკამზე უნდა გაამწესოს“

ლონდონის „არსენალის“ ყოფილი ფეხბურთელი სტიუარტ რობსონი კლუბის მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერს მოუწოდებს, რომ მესუთ იოზილი სათადარიგოთა სკამზე გაამწესოს.

„მგონია, რომ იოზილმა არ იცის, რა როლი აკისრია „არსენალში“. გერმანელი ჟურნალისტებისგან შევიტყვე, რომ ჩვენი კლუბის გერმანელ ფეხბურთელებს არც აქაური საწვრთნელი პროცესი და არც ის როლი მოსწონთ, რომელიც „არსენალში“ აკისრიათ.

რაც შეეხება საკუთრივ იოზილს, მას ჯერ კიდევ ვერ გაუგია, თავდამსხმელების უკან უნდა ითამაშოს თუ – ფლანგზე. მან არც ის იცის, რა მოვალეობა აკისრია დაცვაში. ახლა იოზილი დაღლილი ჩანს და გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილს არ იმსახურებს“, – ციტირებს რობსონის სიტყვებს Tribalfootball.com-ი.

ბექა დოგრაშვილი

რიბერი „არსენალთან“ გასამართ მატჩს გამოტოვებს

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, ლონდონის „არსენალთან“ გასამართ პირველ მატჩს გამოტოვებს.

ფრანგმა ფეხბურთელმა მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია ჩაიტარა, რომელმაც აჩვენა, რომ ჰემატომა, რომელიც ნერვს აწვებოდა, მთლიანად ამოკვეთილია. რიბერი სარეაბილიტაციო კურსს გადის, ერთი კვირის თავზე კი უკვე სირბილის ნებასაც დართავენ.

„ბაიერნსა“ და „არსენალს“ შორის პირველი მატჩი 19 თებერვალს, ლონდონში გაიმართება და ამ დროისთვის რიბერი გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს, თუმცა, არ არის გამორცხული, ფრანგმა ნახევარმცველმა საპასუხო შეხვედრაში მონაწილეობის მიღება შეძლო.

ბექა დოგრაშვილი

არტეტა: „პირველი ტაიმის შემდეგ ვენგერი ყველაფერს ამტვრევდა“

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა მიკელ არტეტამ „ლივერპულთან“ ანგარიშით 5:1 წაგებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„ჩვენ სამი დღე გვაქვს, რათა შეცდომების გამოსწორებაზე ვიმუშავოთ. პირველ ადგილზე დაბრუნება შეგვიძლია, თუმცა რეალისტები უნდა ვიყოთ. მე-20 წუთისთვის ორი გოლი გავუშვით, რაც კატასტროფის ტოლფასი იყო.

პირველი ტაიმის შემდეგ არსენ ვენგერი განრისხებული იყო. ეს ნორმალურია, რადგან აღნიშნულ მატჩში საშინლად ვთამაშობდით. ვენგერი ყველაფერს ამტრევდა, ასეთ მდგომარეობაში იგი არასდროს მინახავს.

დიდი კლუბებისგან ორი ასეთი მარცხი უკვე განვიცადეთ. ვფიქრობ, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შეხვედრა ამ თამაშისგან განსხვავდებოდა, თუმცა ცუდად „სიტისთან“ მატჩშიც ვითამაშეთ“, – განაცხადა ესპანელმა შუახაზელმა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულთან“ წაგების შედეგად, „არსენალმა“ ინგლისის პრემიერ ლიგაში პირველი ადგილი დაკარგა. ამჟამად „მეთოფეები“ 55 ქულით სატურნირო ცხრილის მე-2 ადგილზე იმყოფებიან და პირველადგილოსან „ჩელსის“ ერთი ქულით ჩამორჩებიან.

ალექსანდრე მატევოსოვი

9 ყველაზე ცნობილი მწეველი ფეხბურთელი

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ ცხრა ყველაზე ცნობილი მწეველი ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.

1. მარიო ბალოტელი

2. მესუთ იოზილი

3. უეინ რუნი

4. ეშლი კოული

5. უესლი სნეიდერი

6. პიტერ კრაუჩი

7. დიმიტარ ბერბატოვი

8. ფაბიო კოენტრაო

9. ვოიცეხ შჩესნი

ოლივიე ჟირუ სკანდალში გაეხვა

„სანი“ რომ სკანდალური ტაბლოიდია, ეს საქართველოშიც კარგად იციან. გაზეთის ირლანდიურმა გამოცემამ დღევანდელი ნომრის თავფურცელი ჩვეულ სტილში, სკანდალური ჰედლაინებით შეავსო, ერთ-ერთი ნაწილი კი ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელ ოლივიე ჟირუს ეხება.

გაზეთის მტკიცებით, „ლივერპულთან“ გამართული მატჩის (1:5) წინა ღამეს ჟირუს საკუთარი თავისთვის ცელქობის უფლება მიუცია. თურმე, 27 წლის ფრანგი ფეხბურთელი ღამის 3 საათზე, სასტუმროს ნომერში მოდელ სელია კეისთან ერთად ერთობოდა. სხვათა შორის, ჟირუ დაქორწინებული გახლავთ.

თუ ეს ამბავი სიმართლეა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჟირუს ოჯახშიც და კლუბშიც სერიოზული პრობლემები შეექმნება. მოგეხსენებათ, არსენ ვენგერს გუნდში მკაცრი დისციპლინა აქვს დამყარებული. თუ „სანის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, „არსენალსა“ და ფრანგ ფეხბურთელს ტაბლოიდის წინააღმდეგ ჩივილიც შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ „ლივერპულთან“ ჟირუმ მეტად უსუსურად ითამაშა, რისთვისაც ფრანგმა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ ჩრდილოლონდონური კლუბის ქომაგებს ბოდიში მოუხადა.

აქვე გთავაზობთ ირლანდიური „სანის“ კვირის ნომრის თავფურცელს.

ბექა დოგრაშვილი

„არსენალი“ დაეცა, ვენგერი წაიქცა

ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურში „ლივერპულმა“ შინ ლონდონის „არსენალი“ ანგარიშით 5:1 გაანადგურა. მართალია, მატჩამდე Fanebi.com-ის მომხმარებელთა უმრავლესობა უპირატესობას მერსიაიდულ გუნდს ანიჭებდა, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უკვე მე-20 წუთისთვის ტაბლოზე 4-0 ენთებოდა. დიახ, საწყის 20 წუთში ოთხჯერ შეარხიეს „წითლებმა“ „მეთოფეთა“ კარი: ორჯერ მარტნ შკრტელმა, ერთხელ რაჰიმ სტერლინგმა და ერთხელ დანიელ სტარიჯმა. მეორე ტაიმის დასაწყისში სტერლინგმა დუბლი გაიფორმა. პრესტიჟის გოლის გატანა მიკელ არტეტამ თერთმეტმეტრიანი დარტყმით მოახერხა.

ამ დღეს არსენ ვენგერს მხოლოდ ეს არ ელოდა. რკინიგზის სადგურისკენ მიმავალ ფრანგ სპეციალისტს ფეხი დაუცდა, ძირს დაეცა და თავი მინის კარს დაარტყა. თვითმხილველებმა მოასწრეს და წაქცეულ მდგომარეობაში მყოფ 64 წლის მწვრთნელს ფოტოები გადაუღეს. ვენგერი ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიციის ოფიცრების დახმარებით წამოდგა ფეხზე. მოგვიანებით კლუბის პრესსასახურმა გაავრცელა ცნობა, რომ „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი ინციდენტს საღსალამათი გადაურჩა.

ვენგერის „არსენალმა“ სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაკარგა და სიმბოლურად ამის ყველაზე კარგი გამოხატულება სწორედ ფრანგი სპეციალისტის წაქცევაა. ცხრილს ლონდონის „ჩელსი“ ჩაუდგა სათავეში (56 ქ.), „მეთოფეებმა“ მეორე პოზიციაზე გადაინაცვლეს, მესამე კი „მანჩესტერ სიტია“ (54 ქ.), რომელიც „ნორვიჩ სიტისთან“ უგოლოდ დაზავდა.

ბექა დოგრაშვილი

ლივერპულმა არსენალი გაანადგურა

დღეს ენფილდზე ლივერპულმა ლონდონის არსენალი მოულოდნელად 5-1 გაანადგურა ლივერპულიდან 2 გოლი რაჰიმ სტერლინგმა გაიტანა ასევე 2 გოლით დაგვამახსოვრა თავი მართინ შკრტელმა რომლისგანაც დუბლს არავინ ელოდა ერთი გოლი კი დანიელ სტარიჯმა გაიტანა რომელმაც უკვე 15 გოლს მოუყარა თავი წლევანდელ სეზონში,არსენალიდან ერთ გოლი მიკელ არტეტამ თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გაქვითა.

ამ წაგებით არსენალმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა და პირველი ადგილი თანაქალაქელ ჩელსის დაუთმო,ლივერპულმა კი არსენალთან 5 ქულამდე შეამცირა სხვაობა.

10 ყველაზე ცუდი ვარცხნილობა ფეხბურთის ისტორიაში

პორტალმა FTBPRO-მ ფეხბურთის ისტორიაში 10 ყველაზე ცუდი ვარცხნილობა გამოაქვეყნა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.

10. დანი უელბეკი

9. ვაგნერ ლავი

8. ფრედი ლიუნბერგი

7. აბელ შავიერი

6. კარლოს ვალდერამა

5. როდრიგო პალასიო

4. ჯეისონ ლი

3. კრის უოდლი

2. რონალდო

1. ჯოვანი სიმეონე

ფაბრეგასი: „არსენალის“ ყველა მატჩს ვუყურებ“

„ბარსელონას“ ნახევარმცველი ფრანჩესკ ფაბრეგასი გამოტყდა, რომ ლონდონის „არსენალის„ მატჩებს რეგულარულად ადევნებს თვალურს. 26 წლის კატალონიელმა ფეხბურთელმა იმედი გამოთქვა, რომ „მეთოფეები“ ტიტულის მოპოვებას შეძლებენ.

„არსენალის“ ყველა მატჩს ვუყურებ. მიხარია, რომ მათი საქმეები კარგად მიდის, კვლავ მოექცნენ სატურნირო ცხრილის სათავეში. ვეღარ ვითმენ, ისე მინდა, რომ „არსენალმა“ ტიტული დაისაკუთროს. ეს ამბავი ძალიან გამახარებს“, – კატალონიელი ფეხბურთელის სიტყვები goal.com-მა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ფაბრეგასი „არსენალის“ ღირსებას 2003-დან 2011 წლამდე იცავდა.

ბექა დოგრაშვილი

სუარესი: „არსენალი“ აუცილებლად უნდა დავამარცხოთ“

ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურის ცენტრალური მატჩი „ენფილდზე“ შედგება, სადაც „ლივერპული“ ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლებს. მერსისაიდული გუნდის თავდამსხმელი და გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი ლუის სუარესი აცხადებს, რომ „მეთოფეების“ შესაძლო დამარცხება „ლივერპულს“ სატურნირო ცხრილის საუკეთესო ოთხეულში ადგილის დაკავების შანსს მნიშვნელოვნად გაუზრდის.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის „ენფილდროუდელებს“ 47 ქულით მეოთხე ადგილი აქვთ დაკავებული და ლიდერ „არსენალს“ რვა ქულით ჩამორჩებიან.

სუარესის თქმით, დამდეგი მატჩი მნიშვნელოვნად იმოქმედებს კლუბის სასეზონო მიზნებზე.

„არსენალი“ გათამაშების ლიდერია და მისი შესაძლო დამარცხება ჩვენს წინ მდგარ გუნდებთან ქულათა სხვაობის შემცირების საშუალებას მოგვცემს. ეს ძალას შეგვმატებს და მორალურადაც უფრო გავძლიერდებით.

„ემირეითსზე“ მათი დამარცხება ვერ შევძელით (0:2), ამიტომ დამდეგ მატჩში ჩვენი მთავარი მიზანი სამი ქულის მოპოვება გახლავთ. ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

ჩვენ საუკეთესო ოთხეულში ადგილი უნდა გავინაღდოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უშუალო კონკურენტთან სასურველ შედეგს მივაღწიოთ“, – სუარესის სიტყვები ბრიტანულმა „მირორმა“ გამოაქვეყნა.

მატჩი „ლივერპულსა“ და „არსენალს“ შორის 8 თებერვალს, ჩვენი დროით 16:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი