“არსენალის” სუპერშემადგენლობა, რომელიც არასდროს ყოფილა

რამდენიმე დღის წინათ მოგიყევით, როგორ ჩაიშალა 15 წლის ასაკში ლიონელ მესის ლონდონის “არსენალში” გადასვლის ამბავი, თუმცა არგენტინელი ფეხბურთელი ერთადერთი ვარსკვლავი არ არის, ვისი გადაბირებაც “მეთოფეებს” შეეძლოთ. Fanebi.com-ი მოგითხრობთ, როგორი შემადგენლობა შეიძლება დღეს “არსენალს” ჰყოლოდა.

Arsenal XI

ჯანლუიჯი ბუფონი:
2011 წლის ზაფხულში ბუფონს აქტიურად აკავშირებდნენ “არსენალთან”. გავრცელებული ინფორმაციით, თუ “იუვენტუსი” იტალიელ მეკარეს კარისკენ მიუთითებდა, ბუფონი ჩრდილოლონდონურ გუნდში გადასასვლელად მზად იყო, თუმცა “ბებერმა სინიორამ” გამოცდილი კიპერის შენარჩუნება გადაწყვიტა და ტრანსფერიც არ შედგა.

მიკა რიჩარდსი:
ბოლო რამდენიმე წელია, რიჩარდსის საქმეები კარგად არ მიდის, თუმცა იყო დრო, როდესაც მის გადაბირებაზე არსენ ვენგერი სერიოზულად ფიქრობდა. “არსენალს” მარჯვენა მცველის პრობლემა ჰქონდა და ამ პოზიციაზე ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ რიჩარდსი განიხილებოდა.

ჟერარ პიკე:
“არსენალი” ახლოს იყო პიკეს ტრანსფერის განხორციელებასთან, თუმცა კატალონიელ მცველს ინგლისში მუშაობს ნებართვა არ მისცეს და გარიგებაც ჩაიშალა.

ვენსან კომპანი:
კომპანი ჯერ კიდევ მშობლიური “ანდერლეხტის” ღირსებას იცავდა, როდესაც მას თვალი არსენ ვენგერმა დაადგა. ფეხბურთის ფრანგი სპეცალისტი კომპანის სოლ კემპბელის შემცვლელად მოიაზრებდა, თუმცა “ანდერლეხტმა” ბელგიელი მცველი 5 მილიონ ფუნტად დააფასა, რისი გადახდის საშუალებაც მაშინ “არსენალს” არ აღმოაჩნდა.

რობერტო კარლოსი:
გავრცელებული ცნობით, როდესაც რობერტო კარლოსს მადრიდის “რეალთან” კონტრაქტი ამოეწურა, ბრაზილიელ მცველს “არსენალში” გადასვლის სურვილი ჰქონდა თუმცა საბოლოო ჯამში, ის თურქულ “ფენერბაჰჩეში” გადაბარგდა.

ლეო მესი:
“არსენალი” სერიოზულად იყო დაინტერესებული ლიონელ მესის დამატებით, როცა არგენტინელი მხოლოდ 16 წლის გახლდათ, თუმცა ლეოს ინგლისში სამუშაო ვიზა არ მისცეს და გარიგებაც ჩაიშალა.

იაია ტურე:
კოტ დივუარელმა ფეხბურთელმა 2003 წლის ივლისში “არსენალის” წინასასეზონო მოსამზადებელ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ტურემ ვენგერის მოწონება კი დაიმსახურა, თუმცა ამ შემთხვევაშიც სამუშაო ვიზასთან დაკავშირებულმა პრობლემამ იჩინა თავი. “არსენალმა” ფეხბურთელის აყვანა და იჯარის წესით გასხვისება მოინდომა, თუმცა თავად იაიამ ამაზე უარი თქვა და დონეცკის “მეტალურგს” მიაშურა. ასე დაკარგა “არსენალმა” “მანჩესტერ სიტის” დღევანდელი ლიდერი.

ჩაბი ალონსო:
“ლივერპულის” თავკაცის პოსტზე მუშაობის პერიოდში რაფა ბენიტესს გარეტ ბერის დამატება სურდა, რაც ჩაბი ალონსოს შეშფოთებას იწვევდა. ბასკ ნახევარმცველს კარიერის გაგრძელების ალტერნატულ გზად “არსენალი” მოევლინა. აღნიშნული ტრანსფერი 15 მილიონ ფუნტად ფასდებოდა, თუმცა ბენიტესმა ბერი ვერ დაიმატა და შესაბამისად, ვერც ალონსო აღმოჩნდა “არსენალში”.

კრიშტიანუ რონალდუ:
2002 წლის ნოემბერში კრიშტიანუ რონალდუ “არსენალის” საწვრთნელ ბაზაზე მიიწვიეს და კლუბის მაისურიც ჩააცვეს. ვენგერი სერიოზულად გახლდათ დაინტერესებული პორტუგალიელი ფეხბურთელის დამატებით და მზად იყო, მის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო გაეღო, თუმცა… 2003 წლის ზაფხულში ლისაბონის “სპორტინგსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში (3:1) კრიშტიანუ რონალდუმ თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და ალექს ფერგიუსონის ყურადღება მიიპყრო. მალევე “წითელმა ეშმაკებმა” პორტუგალიურ კლუბს ფეხბურთელის სანაცვლოდ 12.24 მილიონი ფუნტი შესთავაზეს და რონალდუ “ოლდ ტრაფორდზე” აღმოჩნდა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი:
19 წლის იბრაჰიმოვიჩმა ვენგერის ყურადღება მიიქცია და შვედი ფეხბურთელი “არსენალში” მიიწვიეს, სადაც გარკვეული დრო დაჰყო. “არსენალში” სურდათ, რომ ფეხბურთელს გუნდთან ერთად ევარჯიშა, რათა მისი შესაძლებლობები უკეთ შეეფასებინათ, თუმცა იბრას არ მოეწონა, რომ კლუბმა მას მაშინვე არ გაუფორმა კონტრაქტი და ლონდონის დატოვება გადაწყვიტა.

დიდიე დროგბა:
ვენგერს ნათქვამი აქვს, რომ 100 ათას ევროდ “ლე მანიდან” დროგბას გადმობირება შეეძლო, თუმცა მაშინ ფრანგმა სპეციალისტმა მიიჩნია, რომ კოტ დივუარელი ფეხბურთელი “არსენალისთვის” მზად არ იყო.

არსენ ვენგერის რეაქცია ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ

გვაპატიე, არსენ.

ვენგერი მასსა და მოურინიოს შორის გაწევ-გამოწევაზე

ინგლისის პრემიერლიგის VII ტურში “ჩელსისა” და ლონდონის “არსენალს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას “მეთოფეთა” მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერსა და “პენსიონერთა” თავკაც ჟოზე მოურინიოს შორის უთანხმოებას გაწევ-გამოწევა მოჰყვა. ამ შემთხვევის შესახებ ფრანგმა სპეციალისტმა ისაუბრა.

“ვნანობ თუ არა? არა. რატომ უნდა ვნანობდე? A პუნქტიდან B პუნქტისკენ მინდოდა გადაადგლება, თუმცა ვიღაცამ გზა გადამიღობა”, – ციტირებს ფრანგი თავკაცის სიტყვებს Yahoo.

ვენგერი ამბობს, რომ მას მხოლოდ იმის გარკვევა სურდა, თუ რა მოუვიდა ალექსის სანჩესს, რომლის წინააღმდეგაც “ჩელსის” მცველმა გარი კეჰილმა უხეშად თამაშა. “არსენალის” მთავარი მწვრთნელის თქმით, ამ შემთხვევაში, B პუნქტი სწორედ სანჩესი იყო.

ვენგერი აცხადებს, რომ მან უმნიშვნელოდ უბიძგა მოურნიოს.

“ახლა ხელს მართლა გკრავთ და მიხვდებთ, რას ნიშნავს ხელის კვრა”, – უთხრა ვენგერმა ჟურნალისტს.

“სიმართლე გითხრათ, არც გამგია, რა მითხრა იმ მომენტში მოურინიომ”, – დაამატა ვენგერმა.

“ჩელსიმ” ედენ აზარისა (პენალტი) და დიეგო კოსტას გოლების წყალობით “არსენალი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

 

მოურინიო მასსა და ვენგერს შორის გაწევ-გამოწევაზე

ინგლისის პრემიერლიგის VII ტურში “ჩელსისა” და ლონდონის “არსენალს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას “მეთოფეთა” მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერსა და “პენსიონერთა” თავკაც ჟოზე მოურინიოს შორის უთანხმოებას გაწევ-გამოწევა მოჰყვა. ამ შემთხვევის შესახებ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ისაუბრა.

“პირადად ჩემთვის ინციდენტი ამოწურულია.
ტექნიკური ზონები ნათლად არის გამოყოფილი, მე ჩემი ტერიტორია მაქვს, მას – თავისი. ვენგერს არ აქვს უფლება, ჩემს ზონაში შემოვიდეს და არბიტრს ჩემი ფეხბურთელისთვის წითელი ბარათის ჩვენება მოსთხოვოს.
მე მას მოვუწოდე, რომ ჩემი ტექნიკური ზონიდან გასულიყო”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს ESPN.

“ჩელსიმ” ედენ აზარისა (პენალტი) და დიეგო კოსტას გოლების წყალობით “არსენალი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

 

“არსენალს” ლეო მესის დამატებამდე სულ ცოტა დააკლდა

როგორც ბრიტანული პრესა წერს, ლონდონის “არსენალი” სერიოზულად იყო დაინტერესებული ლონელ მესის დამატებით, როცა არგენტინელი მხოლოდ 16 წლის გახლდათ.

“მეთოფეთა” მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის ყურადღების არეალში “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელები მოხვდნენ, მათ შორის იყვნენ ლეო მესი, ჟერარ პიკე და სესკ ფაბრეგასი. “არსენალს” სულ ცოტაღა აკლდა, რომ მესი დაემატებინა, თუმცა არგენტინელს ინგლისში სამუშაო ვიზა არ მისცეს და გარიგებაც ჩაიშალა.

როგორც მოგეხსენებათ, “არსენალმა” მოგვიანებით ფაბრეგასის ტრანსფერის გაჩარხვა მოახერხა. პიკემ “მანჩესტერ იუნაიტედს” მიაშურა. რაც შეეხება მესის, მას “ბარსელონას” პირველ გუნდში დებიუტი 17 წლისა და 114 დღის ასაკში ჰქონდა, როცა კატალონიურ გუნდს ფრანკ რაიკაარდი თავკაცობდა.

 

“არსენალს” რაბიო და ანტუნეში სურს

ლონდონის “არსენალი” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში რამდენიმე ფეხბურთელით გაძლერებას აპირებს.

“მეთოფეთა” მთავარი სატრანსფერო მიზანი “პარი სენ-ჟერმენის” 19 წლის ნახევარმცველი ადრიან რაბიო იქნება. ახალგაზრდა ფრანგმა ფეხბურთელმა პარიზულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა. “არსენალს” ამ ტრანსფერის გაჩარხვაში იტალიური “რომა” შეეცილება.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის ხილვაც არსენ ვენგერს საკუთარ კლუბში სურს, “მალაგას” მარცხენა მცველი ვიტორინუ ანტუნეში გახლავთ. პორტუგალელ მოთამაშეს ანდალუსიურ კლუბთან კონტრაქტი 2016 წელს ეწურება.

 

ვენგერი: “ბორუსიას” წინააღმდეგ მატჩი ყოველთვის საინტერესო და მძიმე გამოდის”

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს ლონდონის “არსენალი სტუმრად დორტმუნდის “ბორუსიასთან” ჩაატარებს.

“მეთოფეთა” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი შეხვედრას ფიზიკურად კარგად მომზადებული შეხვდება. ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი ამბობს, რომ მეტოქე დაწვრილებით შეისწავლა, თუმცა ეს რაიმე უპირატესობას არ იძლევა.

“არსენალსა” და “ბორუსიას” შორის მატჩები ყოველთვის საინტერესო, ამავდროულად მძიმე გამოდის. ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ არაერთხელ გვითამაშია, თუმცა ეს დამატებით უპირატესობას არ გვაძლევს.

ჩემი ბიჭები “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში ფიზიკურად კარგად გამოიყურებოდნენ. იმედი მაქვს, “ბორუსიასთან” შეხვედრასაც ასე მომზადებული შეხვდება გუნდი.

“ჩემპიონთა ლიგაზე მთავარი საფრთხე კვლავ გერმანული და ესპანური გუნდებისგან გველის. უბრალოდ შეხედეთ, ბოლო პერიოდში რამდენჯერ გავიდა ფინალში მიუნხენის “ბაიერნი”. “ბორუსიაც” ტურნირის რეგულარული მონაწილეა. ესპანეთიდან კი, ჩემპიონთა ლიგას ორი ფავორიტი ჰყავს – მადრიდის “რეალი” და “ბარსელონა”, – ვენგერის სიტყვები “არსენალის” ოფიციალური ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მატჩი “ბორუსიასა” და “არსენალს” შორის დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს.

 

ვენგერი: “მანჩესტერ იუნაიტედმა” ვერმალენის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მოგვმართა”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კლუბის მცველ ტომას ვერმალენით “მანჩესტერ იუნაიტედი” არის დაინტერესებული.

“მანჩესტერ იუნაიტედი” იმ კლუბთა შორისაა, რომლებმაც ვერმალენის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მოგვმართეს. ტომასმა შესაძლოა “არსენალი” დატოვოს. სხვა ქვეყნებიდანაც გვაქვს შემოთავაზებები და მირჩევნია, რომ მან საზღვარგარეთ გააგრძელოს კარიერა.
რაც შეეხება შესაძლო გაძლიერებას, ამისთვის თანხა კიდევ გვაქვს. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სამკვირანახევარია დარჩენილი და ვეცდებით, რომ “არსენალი” კიდევ გავაძლიეროთ, თუმც ახლაც კარგი გუნდი გვყავს”, – ციტირებს ვენგერის სიტყვებს goal.com-ი.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვერმალენით “ბარსელონაც” არის დაინტერესებული.

 

ვენგერი “მანჩესტერ სიტის” ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევაში ადანაშაულებს

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი შეშფოთებას გამოთქვამს ფრენკ ლამპარდის “მანჩესტერ სიტიში” შესაძლო გადასვლის გამო. ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტის თქმით, ამ გზით კლუბის ხელმძღვანელობამ შესაძლოა ფინანსური ფეარ-პლეის წესი დაარღვიოს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ლამპარდი თავისუფალი აგენტის სტატუსით “ნიუ-იორკ სიტის” შეუერთდა. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, MLS-ის ახალი სეზონის დაწყებამდე შესაძლოა, 36 წლის ინგლისელმა ნახევარმცველმა იჯარის წესით “მელბურნ სიტის” ან “მანჩესტერ სიტის” მიაშუროს. აღსანიშნავია, რომ სამივე დასახელებულ კლუბს მფლობელთა ერთი ჯგუფი მართავს, რაც ვენგერის აღშფოთებას იწვევს.

“ეს სიურპრიზია. როგორც ჩანს, “სიტის” სახელით არსებული ეს კლუბები მთავარ კლუბს, “მანჩესტერ სიტის” მოამარაგებენ. მსმენია იმის შესახებ, რომ მათ მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი კიდევ ხუთი კლუბის შეძენა სურთ. ფინანსურ ფეარ-პლეის საკმარისად კარგად არ ვიცნობ, თუმცა გეტყვით, რომ “მანჩესტერ სიტიმ” ეს ფრანშიზა (“ნიუ-იორკ სიტი”) 100 მილიონ ევროდ შეიძინა. ამ კლუბში გადასულ მოთამაშეებს მომდევნო წლამდე MLS-ში თამაში არ შეეძლებათ, თუმცა მათ იჯარის წესით სხვა კლუბებში გადაბარგების უფლება ეძლევათ. არის თუ არა ეს ფინანური ფეარ-პლეისთვის თავის არიდება? არ ვიცი. ჩვენ თანხას ჩვენი კლუბისთვის ვხარჯავთ და ამით მოხარულები ვართ. ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ სხვა კლუბები შევიძინოთ”, – ვენგერის სიტყვებს Yahoo ციტირებს.

 

ვენგერმა უილშირის ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი ჯეკ უილშირის ლას-ვეგასში ყოფნის დროს სიგარეტის მოწევის პროცესში დააფიქსირეს. აღნიშნული ფაქტის შესახებ კომენტარი გააკეთა „მეთოფეთა“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა.

„უილშირთან ამის შესახებ არ მისაუბრია. მიჭირს რაიმე განცხადების გაკეთება.

მას აუცილებლად უნდა დაველაპარაკო და გავარკვიო, თუ რა მოხდა სინამდვილეში.

დიდად არ ვღელავ, უბრალოდ მაინტერესებს, რა მოხდა. მანამდე ამაზე ბევრი საუბარი არ მინდა.

ჯეკი იმ ასაკშია, როდესაც სულ უფრო წინ უნდა წავიდეს. მნიშვნელოვანია მისი სასურველ კონდიციებში ყოფნა.

ის დიდებული ფეხბურთელია. უილშირს საფეხბურთო ტვინი აქვს და ამბიციურიც არის. თუ ჯანმრთელად იქნება, დარწმუნებული ვარ, რომ დიდებულ სეზონს ჩაატარებს“, – ვენგერის სიტყვებს „სქაი სპორტსი“ აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ უილშირი სიგარეტით ხელში გასული წლის ოქტომბერშიც დააფიქსირეს. მაშინ ინგლისელმა ფეხბურთელმა თქვა, რომ ზოგადად არ ეწევა და ამიერიდან სიგარეტისკენ აღარც გაიხედავდა. შარშან ვენგერმა ამ ფაქტის გამო ფეხბურთელი საჯაროდ გააკრიტიკა.

 

ინგლისელების გართობა ვეგასში… უილშირი ისევ ეწევა

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებმა ჯო ჰარტმა, ჯეკ უილშირმა და ჯეიმს მილნერმა ჩავარდნილი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ლას-ვეგასში განტვირთვა გადაწყვიტეს.

გავრცელდა მათი გართობის ამსახველი ფოტომასალაც. ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ უილშირი კვლავ გამოიჭირეს სიგარეტის მოწევის პროცესში. ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბრის თვეში ინგლისელი ნახევარმცველი სიგარეტით ხელში დააფიქსირეს. მაშინ უილშირმა თქვა, რომ ზოგადად არ ეწევა და ამიერიდან სიგარეტისკენ აღარც გაიხედავდა, თუმცა… შარშან არსენ ვენგერმა ამ ფაქტის გამო ფეხბურთელი საჯაროდ გააკრიტიკა. საინტერესოა, ახლა რა ელის უილშირს.

 

ვენგერი „არსენალთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს

ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა.

ბრიტანული „გარდიანის“ ცნობით, ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი „მეთოფეებთან“ სამწლიან ხელშეკრულება გააფორმებს და 24 მილიონ ფუნტს მიიღებს, ანუ წელიწადში — 8 მილიონს.

მოქმედ კონტრაქტს ვადა დამდეგ ზაფხულს გასდის. ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებები დაახლობით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ „არსენალმა“ ორიოდე დღის წინათ ინგლისის თასი მოიგო, რაც კლუბისთვის 2005 წლის შემდეგ პირველი ტიტულია.

ბექა დოგრაშვილი

ვენგერი გერმანიაში მუშაობის გაგრძელებას არ გამორიცხავს

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა beIn SPORTS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სხვა ინგლისურ გუნდს არასდროს არ ჩაიბარებს. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი ჩრდილოლონდონურ კლუბს 1996 წლიდან თავკაცობს. სამაგიეროდ, ვენგერმა გერმანიაში მუშაობის გაგრძელება არ გამორიცხა.

„სხვა ინგლისურ კლუბში მუშაობა არ შემიძლია. „არსენალი“ ძალიან მიყვარს. რაც შეეხება ინგლისის საზღვრებს გარეთ სამწვრთნელო კარიერის გაგრძელებას, ეს შესაძლებელია. გერმანია? გერმანელი ერის სული ჩემთვის ახლობელია“, – აღნიშნა ვენგერმა.

ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შორს არ არის ის დრო, როდესაც ფრანგი მწვრთნელი „არსენალს“ დატოვებს.

ბექა დოგრაშვილი