ჯერარდი: „სასიამოვნო იყო ისეთი ნიჭის მქონე ფეხბურთელთან ერთად თამაში, როგორიც ლუისია“

როგორც მოგეხსენებათ, დღეს ოფიციალურად გამოცხადდა იმის შესახებ, რომ ლუის სუარესი კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს. ურუგვაელი თავდამსხმელი მომავალ კვირას კატალონურ გუნდში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

„ძალზედ ემოციური დღეა. ჩემთვის სასიამოვნო იყო ისეთი ნიჭის მქონე ფეხბურთელთან ერთად თამაში, როგორიც ლუისია. მინდა, მადლობა გადავუხადო მას „ლვერპულის“ წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის. მასსა და მის ოჯახს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ“, – აღნიშნა ჯერარდმა.

ლუის სუარესი „ლივერპულის“ ღირსებას 2011 წლიდან იცავდა. ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 133 მატჩში 82 გოლი გაიტანა.

 

რონალდინიო: „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლამდე სულ ცოტა დამაკლდა“

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიო განაცხადა, რომ 2003 წელს შეეძლო, „ბარსელონას“ ნაცვლად, „მანჩესტერ იუნაიტედში“ აღმოჩენილიყო.

„თითქმის უკვე „იუნაიტედში“ ვიყავი გადასული. შესაძლებელი იყო, 48 საათში ყველაფერი გადაწყვეტილიყო, თუმცა სანამ „წითელი ეშმაკებისგან“ წინადადებას მივიღებდი, მანამდე ჟოან ლაპორტამ მკითხა, გადავიდოდი თუ არა „ბარსელონაში“, თუ ის კლუბის პრეზიდენტი გახდებოდა. მე ვუპასუხე, რომ გადავიდოდი.

„იუნაიტედთან“ მცირე დეტალებიღა იყო შესათანხმებელი, როცა ლაპორტამ დამირეკა და მითხრა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს იგებდა. როგორც გითხარით, შეპირებული ვიყავი, თუ ის გახდებოდა პრეზიდენტი, კატალონიურ გუნდში გადავიდოდი. ინგლისელებს ვუთხარი, რომ არჩევანი „ბარსელონაზე“ გავაკეთე.

ეს მართებული არჩევანი იყო. ბრაზილიელებს „ბარსელონა“ ყოველთვის უყვარდათ. ამ კლუბში ჩვენც გვაქვს ჩვენი ისტორია. ფეხბურთი გვერდზე რომ გადავდოთ, ბარსელონას მსგავსი ქალაქი ევროპაში არ მოიძებნება. ბედნიერი ვარ, რომ კატალონიურ გუნდში ვითამაშე“, – განაცხადა რონალდინიომ FourFourTwo-ს ჟურნალისტთან საუბრისას.

 

„ბარსელონას“ ნახევარმცველი „სევილიაში“ ითამაშებს

„ბარსელონას“ ახალგაზრდა ნახევარმცველი დენის სუარესი „სევილიაში“ იჯარის წესით ითამაშებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არენდა ორწლიანია.

20 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი „ბარსელონას“ მეორე გუნდში ჩაატარა. დენის სუარესი ესპანეთის 21 წლამდე ნაკრების წევრია.

 

ვიქტორ ვალდესმა „მონაკოში“ სამედიცინო შემოწმება წარმატებით ვერ გაიარა

ესპანელმა კიპერმა ვიქტორ ვალდესმა „მონაკოში“ სამედიცინო შემოწმება წარმატებით ვერ გაიარა. ფეხბურთელი “თეთრ-წითლების“ რიგებში არ ითამაშებს. ამის შესახებ „მონაკოს“ ვიცე-პრეზიდენტმა ვადიმ ვასილიევმა განაცხადა.

„ვალდესი ტრავმირებულია, ის „მონაკოში“ ვერ გადმოვა“, – აღნიშნა ვასილიევმა.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ვალდესმა მიმდინარე წლის მარტში მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვებაც მოუხდა.

ვალდესი თავისუფალი აგნეტის სტატუსით სარგებლობს, ამიტომ მის ასაყვანად კლუბებს თანხის გადახდა არ მოუწევთ.

 

„ბარსელონა“ სუარესში 72 მილიონს იხდის

„ბარსელონამ“ „ლივერპულს“ ლუის სუარესის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მიმართა.

კატალონიური გუნდი მზად არის, ურუგვაელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 72 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღოს. არის მეორე ვარიანტიც: გარიგებაში ალექსის სანჩესის ჩართვა, თუმცა თავად ჩილელ ფეხბურთელს „ენფილდზე“ გადასვლა არ სურს. აქედან გამომდინარე, „ბარსას“ მიერ ტრანსფერის გაჩარხვს უფრო რეალური ვარიანტი მხოლოდ ფულადი საშუალებით გადახდაა. „ენფილდროუდელები“ სუარესის სანაცვლოდ 80 მილიონ ფუნტს ითხოვენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბების წარმომადგენლები ოთხშაბათს, ლონდონში შეხვდნენ. თუ ბრიტანელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა.

ინტერნეტ-სივრცეში კი უკვე გამოჩნდა კომპიუტერული პროგრამით დამუშავები ფოტო, რომელზედაც სუარესი „ბარსელონას“ მაისურით არის გამოსახული.

 

ლუის სუარესს ალტერნატივა გაუჩნდა — კოსოვოში თამაში

„ლივერპულის“ ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა, რომელმაც ჯორჯო კიელინის კბენისთვის ოთხთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, შესაძლოა რთული ვითარებიდან გამოსავალი მაინც იპოვოს.

კოსოვოს კლუბი „ჰაიავალია“ მზად არის, სუარესს კონტრაქტი შესთავაზოს.

როგორც მოგეხსენებათ, კოსოვო ფიფას წევრი არ გახლავთ. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ურუგვაელი ფეხბურთელის დისკვალიფიკაცია არ ვრცელდება.

„სუარესი დამდეგი ოთხი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ჩვენ ჯერჯერობით არ ვართ ფიფას წევრი, ამიტომ მას კოსოვოში თამაშის უფლება აქვს. მზად ვართ, „ლივერპულს“ წინადადებით მივმართოთ. ტრანსფერში 30 ათას ევროს გადავიხდით, თავად სუარესს კი ხელფასის სახით თვეში 1 500 ევროს მივცემთ. ეს მისთვის, ალბათ, სიცილის მომგვრელია, მაგრამ მეტის შესაძლებლობა ჩვენ არ გვაქვს. თუ სუარესს ჩვენთან თამაშის სურვილი ექნება, მისთვის კარი ღიაა. ეს ურუგვაელი ფეხბურთელისთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა“, – განაცხადა „ჰაიავალიას“ დირექტორმა ქსავიტ პაკოლიმ.

ცნობისთვის, „ჰაიავალიამ“ კოსოვოს სუპერლიგის გასულ გათამაშებაში მე-6 ადგილი დაიკავა.

ასე რომ, ლუის სუარესს ალტერნატივა გაუჩნდა: ან გრძელვადიან დისკვალიფიკაციას უნდა დასჯერდეს, ან კოსოვოში თამაშს დაყაბულდეს. ფიფას გადაწყვეტილების თანახმად, სუარესს არამცთუ თამაშის, ოფიციალურ ვარჯიშში მონაწილეობის მიღების უფლებაც არ აქვს.

აქვე შეგახსენებთ, რომ გრძელვადიანი დისკვალიფიკაციის მიუხედავად, სუარესის ტრანსფერის გაჩარხვას აქტიურად ცდილობს კატალონიური „ბარსელონა“.

 

Sport: „ბარსელონამ“ სუარესთან შეთანხმებას მიაღწია

ესპანური ინტერნეტ-პორტალი sport.es იუწყება, რომ „ბარსელონამ“ „ლივერპულის“ თავდამსხმელ ლუის სუარესთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებას მიაღწია.

წყაროს ცნობით, კატალონიელები მერსისაიდულ გუნდს ურუგვაელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროსა და ალექსის სანჩესს სთავაზობენ. „ბარსელონას“ გათვლით, აღნიშნული გარიგება ფულადი გამოხატულებით 60 მილიონი ევროს ტოლია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ლივერპული“ სუარესის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს ითხოვს.

 

Marca: იგუაინი „ბარსელონას“ მიუახლოვდა

ესპანური გაზეთი „მარკა“ იუწყება, რომ „ნაპოლის“ თავდამსხმელი გონსალო იგუაინი შესაძლოა უახლოეს პერიოდში „ბარსელონაში“ ვიხილოთ. წყაროს თანახმად, კატალონიურმა გუნდმა არგენტინელ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე უკვე მიაღწია შეთანხმებას და ახლა „ნაპოლის“ ხელმძღვანელობასთან აწარმოებს მოლაპარაკებას.

ცნობისათვის, იგუაინს ნეაპოლიტანურ კლუბთან ხელშეკრულება 2018 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.

არგენტინელმა ფეხბურთელმა იტალიის სერია A-ს გასულ გათამაშებაში 32 შეხვედრა ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა, რითაც გუნდის ბომბარდირი გახდა. იგუაინმა „ნაპოლისთან“ ერთად იტალიის თასი მოიგო.

შეგახსენებთ იმასაც, რომ გონსალო იგუაინი „ნაპოლიში“ გადასვლამდე მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავდა.

ბექა დოგრაშვილი

ჩავი: „გამარჯვება ან სიკვდილი ჩვენი სათამაშო სტილით“

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ მისი გუნდი შემტევი სტილის შეცვლას არ აპირებს. ჩავიმ ლონდონის „ჩელსიში“ დღეს გადასულ ფრანჩესკ ფაბრეგასთან გასაუბრებაც მოასწრო.

„ესპანეთის ნაკრები ითამაშებს ისე, როგორც აქამდე თამაშობდა. გავიმარჯვებთ ან დავიხოცებით ჩვენი სათამაშო სტილით.

რაც შეეხება ფაბრეგასს, ის კმაყოფილია. ეს „ბარსელონასთვის“, რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისია, თუმცა ვიცი, რომ მას ამ ნაბიჯის გადადგმა სურდა“, – ჩავის სიტყვები „დეილი მეილმა„ გამოაქვეყნა.

 

ლუის ენრიკეს გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთეს

„ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს დღეს დილით მწვავე აპენდიციტის დიაგნოზი დაუსვეს და ბარსელონას ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს. აპენდიციტი ბრმა ნაწლავის დანამატის – ჭიანაწლავის ანთებაა.

ფეხბურთის ესპანელმა სპეციალისტმა გადაუდებელი ოპერაცია უკვე გაიკეთას.
ლუის ენრიკეს ჭიანაწლავი ამოკვეთეს, ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა. პაციენტს საავადმყოფოდან უახლოეს დღეებში გამოწერენ, თუმცა აღდგენითი პროცესი როდის დასრულდება, ეს უცნობია.

აღსანიშნავია, რომ „ბარსელონა“ ახალი სეზონისთვის მზადებას 14 ივლისს იწყებს და აღნიშნულ დღემდე ლუის ენრიკემ სრულად უნდა მოასწროს გამოჯანმრთელება.

ლუის ენრიკე კატალონიური გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ამა წლის 21 მაისიდან მუშაობს. მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტია გაფორმებული.

ბექა დოგრაშვილი

მესი მორიგ ფინანსურ სკანდალში

„ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი მორიგ ფინანსურ სკანდალში ეხვევა. El Pais-ის ცნობით, არგენტინელ ფეხბურთელს კვლავ სდებენ ბრალს გადასახადების თავიდან არიდებასა და ფულის გათეთრებაში.

ესპანეთის ნაციონალური გვარდიის ყურადღება საქველმოქმედო მატჩებმა მიიქცია, რომელში მონაწილეობისთვისაც მესის თითქმის 1 მილიონ ევროს გადაუხადეს.

აღნიშნული თანხა კომპანია G. Marín-Messi-ის ანგარიშზე ჩაირიცხა, რომელიც არგენტინელი ფეხბურთელის ოჯახის მეგობრის გილერმო მარინის დაფუძნებულია.

2012 და 2013 წლებში ჩატარებული მატჩები, რომელში მონაწილეობისთვისაც მესის თანხა გადაუხადეს, მექსიკაში, კოლუმბიაში, პერუსა და აშშ-ში გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრებში ერთმანეთს მესისა და მსოფლიოს ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

ცნობისათვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მესი ამგვარ ფინანსურ სკანდალში გაეხვა, თუმცა მაშინ ფეხბურთელს ბრალი არ დაუდასტურდა.

ბექა დოგრაშვილი

რაკიტიჩი „ბარსელონას“ მიუახლოვდა

„სევილიას“ ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი „ბარსელონას“ უახლოვდება.

კატალონიური კლუბი 26 წლის ხორვატ ფეხბურთელთან ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ბლაუგრანა“ რაკიტიჩის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს გაიღებს. გარდა ამისა, შეთანხმებაში გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა სახის ბონუსები.

მანამდე გავრცელებული ცნობით, ფეხბურთელის მიმართ ინტერესს მადრიდის „ატლეტიკო“ და „რეალი“ იჩენდნენ.

ესპანეთის პრიმერადივიზიონის აწ უკვე დასრულებულ გათამაშებაში ივან რაკიტიჩმა 34 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბექა დოგრაშვილი