ფაბრეგასი „ჩელსის“ უნდა

ლონდონის „ჩელსი“ „ბარსელონას“ ნახევარმცველ ფრანჩესკ ფაბრეგასისთვის ბრძოლაში ჩაერთო.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს „არსენალი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლივერპული“ და „მანჩესტერ სიტი“ იჩენდნენ, თუმცა ესპანურ პრესაში წერენ, რომ ფაბრეგასისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად სწორედ „ჩელსი“ ითვლება.

კატალონიური გამოცემა „მუნდო დეპორტივო“ წერს, რომ „პენსიონერთა“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო პირადად არის დაინტერესებული ფაბრეგასის ტრანსფერის გაჩარხვით, რადგან ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტი მას ფრენკ ლამპარდის შემცვლელად მოიაზრებს.

კონტრაქტის თანახმად, 27 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 30 მილიონ ფუნტ სტერლინგს ან 40 მილიონ ევროს შეადგენს.

ფაბრეგასმა გასულ სეზონში „ბარსელონას“ რიგებში 48 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი

ფაბრეგასი პრემიერლიგაში დასაბრუნებლად ემზადება

„სქაი სპორტსის“ ცნობით, მიმდინარე ზაფხულს ფრანჩესკ ფაბრეგასი „ბარსელონას“ დატოვებს. კატალონიურ კლუბს ესპანელი ნახევარმცველი აღარ სჭირდება.

კონტრაქტის თანახმად, 27 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 30 მილიონ ფუნტ სტერლინგს ან 40 მილიონ ევროს შეადგენს. სავარაუდოდ, ფაბრეგასი კარიერას ინგლისის პრემიერლიგის ერთ-ერთ წამყვან კლუბში გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ნახევარმცველი „ბარსელონაში“ გადასვლამდე ლონდონის „არსენალის“ ღირსებას იცავდა.

ფაბრეგასმა გასულ სეზონში „ბარსელონას“ რიგებში 48 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი

ლუის ენრიკე: „ახალი „ბარსელონას“ აშენებას ვაპირებთ“

„ბარსელონას“ ახლადდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ამ რანგში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე კლუბის სამომავლო გეგმებსა და საკუთარი მუშაობის სტილზე ისაუბრა.

„მეტად ამაღელვებელი და ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღეა. ახალი „ბარსელონას“ აშენებას ვაპირებთ. გამოწვევები არ მაშინებს.

როდესაც „ბარსელონას“ მეორე გუნდი დავტოვე, კლუბის ხელმძღვანელობამ მითხრა, რომ ჩვენ კიდევ შევხვდებოდით. მათ თავიანთი სიტყვა შეასრულეს.

ვიცი, რამდენად რთული იქნება ახალი პროექტის განხორციელება, თუმცა მსურს, ეს ატმოსფერო შევიგრძნო, სტადიონზე კლუბის ჰიმნი მოვისმინო.

ვიქნები თუ არა მკაცრი ფეხბურთელების მიმართ? არ ვიცი, რას გულისხმობთ. მე ყოველთვის პოზიტიური ვარ.

ჩემი გუნდი შემტევ, მიმზიდველ ფეხბურთს ითამაშებს. ისევ ის სტილი გვექნება, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი მოხიბლა.

ცვლილებები იქნება. ვეცდებით, რომ ძალები განვამტკიცოთ. როდესაც გუნდი საჭირო დონეზე არ არის, ცვლილებების გაკეთება ხდება საჭირო. ყველა ხაზი განახლდება.

მწვრთნელი ლიდერია. როდესაც საქმე ფეხბურთელთა ჯგუფის მართვას, პირად ამბიციებს, შინაგან ეგოსა და მოტივაციას ეხება, მან საკუთარი ცოდნა და გამოცდილება უნდა აჩვენოს.

მოხარული ვარ, რომ ლეო მესი გვყავს. ის მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ფეხბურთელია. ეს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას მძენს.

ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის შანსის მიცემა მიყვარს. მათგან მე ამბიციას ვითხოვ“, – ლუის ენრიკეს სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.

ბექა დოგრაშვილი

ლუის ენრიკე „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელია

ლუის ენრიკე „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე იმუშავებს. ინფორმაციას ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.

„სელტას“ ყოფილი თავკაცი „ბარსელონასთან“ ორწლიანი კონტრაქტის გაფორმებას დასთანხმდა.

შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკე ფეხბურთელის რანგში „ბარსელონას“ ღირსებას 1996-დან 2004 წლამდე იცავდა. 2008-დან 2011 წლამდე ის კატალონიური გუნდის დუბლშემადგენლობას თავკაცობდა.

 

ხერარდო მარტინო „ბარსელონას“ ტოვებს

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ ესპანეთის პრიმერადივიზიონის 38-ე ტურში მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გამართული მატჩის (1:1) შემდეგ განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს. არგენტინელმა სპეციალისტმა კატალონიური გუნდი 2013 წელს ჩაიბარა და 2013-14 წლების სეზონში ვერცერთი ტიტულის მოგება ვერ მოახერხა.

„მინდა გითხრათ, რომ „ბარსელონას“ აღარ ვთავკაცობ. გამოხატული ნდობისთვის მადლობელი ვარ და ვწუხვარ, რომ დასახული მიზნების მიღწევა ვერ შევძელი. ამაყი ვარ იმით, რომ ასეთ კლუბში ვიმუშავე“, – მარტინოს სიტყვებს ესპანური გამოცემა „მარკა“ აქვეყნებს.

არგენტინელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მიიღო.

ბექა დოგრაშვილი

„ატლეტიკო“ ესპანეთის ჩემპიონია!

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 2013-14 წლების სეზონის ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურში გადაწყდა. „ბარსელონამ“ მადრიდის „ატლეტიკო“ მიიღო. მადრიდელები მეტოქეს 3 ქულით უსწრებდნენ და სანუკვარი მიზნის მისაღწევად მინიმუმ არ უნდა წაეგოთ. დიეგო სიმეონეს გუნდმა ეს მოახერხა და ჩემპიონის ტიტულიც დაიბევა. მატჩი ფრედ, ანაგრიშით 1:1 დასრულდა.

ანგარიში 34-ე წუთზე ალექსის სანჩესმა ეფექტური დარტყმით გახსნა. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის მიმდინარეობისას დიეგო კოსტა და არდა თურანი დაშავდნენ. სიმეონეს იძულებითი ცვლილებების გაკეთება მოუწია.

შეხვედრის მეორე ნახევარში „ატლეტიკო“ გააქტიურდა, რამაც შედეგი გამოიღო. გაბის მიერ მოწოებული კუთხურის შემდეგ ყველაზე მაღლა დიეგო გოდინი ახტა და თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში კატალონიელები კვლავ ეცადნენ დაწინაურებას, მაგრამ სტუმრებმა კარი საიმედოდ დაიცვეს და ესპანეთის ჩემპიონის ტიტული რიგით მეათედ მოიგეს. მანამდე გუნდს პრიმერადივიზიონი 1995-96 წლების სეზონში ჰქონდა მოგებული. მესამე ადგილს მადრიდის „რეალი“ დასჯერდა.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
38-ე ტური
„ბარსელონა“ – „ატლეტიკო“ 1:1 (1:0)
გოლები: ალექსის სანჩესი 34′ – გოდინი 49′.
გაფრთხილებები: პიკე 5′, ბუსკეტსი 45+3′, მესი 45+3′, სონგი 73′, მასკერანო 90′ – გოდინი 36′, ტიაგო 37′, ფილიპე ლუისი 70′, რაულ გარსია 90+2′.

პიარკამპანია ბანანით — დანი ალვესის მოქმედება დაგეგმილი იყო

წინა კვირის ერთ-ერთ მთავარ თემად „ელ მადრიგალზე“ მომხდარი ამბავი იქცა, როდესაც „ბარსელონას“ მცველ დანი ალვესს „ვილიარეალის“ გულშემატკივარმა ტრიბუნიდან ბანანი ესროლა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გადმოგდებული ხილი აიღო და მიირთვა, მეორე დღეს კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ანტირასისტული კამპანია აგორდა. როგორც ირკვევა, ალვესის ქმედება სპონტანური არ ყოფილა, მან მიზანმიმართულად შეჭამა ბანანი, რადგან ანტირასისტული აქცია სახელწოდებით „ჩვენ ყველანი მაიმუნები ვართ“ – წინასწარ დაგეგმილი იყო.

ესპანური გაზეთი „ასი“ წერს, რომ მსგავსი ინციდენტი „ესპანიოლსა“ და „ბარსელონას“ შორის რამდენიმე კვირის წინათ გამართულ მატჩშიც მოხდა. იმ შეხვედრაში ნეიმარი და დანი ალვესი რასისტული შეძახილებით „შეამკეს“ და ტრიბუნიდან ბანანიც ისროლეს. მომხდარ ინციდენტს ბრაზილიელმა პიარსპეციალისტებმა ყურადღება მიაქციეს და მსგავსი ინციდენტის სათავისოდ გამოყენება გადაწყვიტეს.

ამ საშვილიშვილო საქმეს სააგენტო Loducca-მ მოჰკიდა ხელი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბანანის სროლის შემთხვევაში, ფეხბურთელს ის უნდა შეეჭამა. თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, რომ ამას ნეიმარი გააკეთებდა, ვინაიდან, როგორც წესი, ის ექცევა ხოლმე ყურადღების ცენტრში, თუმცა „ვილიარეალთან“ მატჩში ბანანი დანი ალვესს ესროლეს და ბანანის შეჭმაც ბრაზილიელ მცველს მოუწია.

„მოქმედება უფრო ღირებულია, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა. ჟესტს არ სჭირდება თარგმნა. როგორც დაინახეთ, ამ ქმედებამ მთელი მსოფლიო მოიცვა. ჩაფიქრებული იყო, რომ ბანანს ნეიმარი შეჭამდა, მაგრამ ეს ალვესმა გააკეთა. იდეამ მაინც იმუშავა. ჩვენ შევქმენით ჰეშთეგები #somostodosmacacos და #weareallmonkeys, რომლებმაც რასიზმის წინააღმდეგ სწორი ორიენტირი აიღო. იმედია, მსგავს ფაქტს ანალოგი აღარ ექნება“, – განაცხადა კომპანია Loducca-ს წარმომადგენელმა გუგა კეტცერმა.

საბოლოო ჯამში, რასისტული ქმედების მსხვერპლად თავად ბანანის მსროლელი იქცა. სტადიონის უსაფრთხოების სამსახურმა ხულიგანი რამდენიმე საათში ამოიცნო და მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში „ელ მადრიგალზე“ შესვლა აუკრძალა. თუმცა, მას მხოლოდ ეს არ აკმარეს. ესპანური გამოცემა „ელ პაისი“ წერს, რომ სამშაბათს ბანანის მსროლელი გულშემატკივარი პოლიციამ დააკავა. აქამდე დამნაშავის ვინაობას არ ასახელებდნენ, თუმცა ესპანურმა „მარკამ“ გაარკვია, რომ მას დავიდი ჰქვია, არის 25 წლის, ითვლება „ვილიარეალის“ ოფიციალური ფან-კლუბის წევრად. გარდა ამისა, გამოცემამ ფოტოც მოიპოვა, რომელზეც დავიდი „ვილიარეალის“ პრეზიდენტ ფერნანდო როიგ ალფონსოსთან ერთად არის გამოსახული.

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com

შეთქმულების ტური პრიმერადივიზიონში

თითქოს ესპანეთის პრიმერადივიზიონში ვიღაც შეთქმულებას აწყობს, რომ ჩემპიონატმა მაქსიმალური ინტრიგა ბოლომდე შეინარჩუნოს. თითქოს გათამაშების ლიდერები წინასწარ ვიღაცას დაეწყევლოს, რომ 36-ე ტურში ვერცერთი მათგანი გამარჯვებას ვერ მოიპოვებდა. ჯერ იყო და „ბარსელონა“ „ნოუ კამპზე“ დაუზავდა გავარდნის ზღვარზე მყოფ „ხეტაფეს“ — 2:2, შემდეგ „ატლეტიკომ“ დათმო შეხვედრა „ლევანტესთან“ — 0:2. მადრიდის „რეალი“ კი ძლივს გადაურჩა საშინაო მარცხს „ვალენსიასთან“. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ შეხვედრაში „ღამურები“ ორჯერ იგებდნენ, თუმცა „სამეფო კლუბმა“ ორივეჯერ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება.

44-ე წუთზე ანგარიში სტუმართა ფრანგმა მცველმა ჟერემი მატიემ გახსნა. 59-ე წუთზე მას სერხიო რამოსმა უპასუხა, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუს პასი შეირგო, თუმცა ექვს წუთში დანი პარეხომ „ღამურები“ კვლავ დააწინაურა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კრიშტიანუ რონალდუმ ქუსლით ანგარიში კვლავ გაათანაბრა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა — 2:2. სხვათა შორის, ეს „რეალისთვის“ მიმდინარე ჩემპიონატში მე-100 გოლი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი სეზონია, „სამეფო კლუბი“ ჩემპიონატში არანაკლებ 100 გოლს იტანს.

ამ მოულოდნელი შედეგების შემდეგ სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება: „ატლეტიკოს“ აქტივში 88 ქულა აქვს და ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს, მადევარ „ბარსელონას“ 3 ქულით ნაკლები აქვს. 83 ქულით მესამე ადგილზე „რეალია“, რომელსაც მის წინ მყოფ გუნდებზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ასე რომ, ჩემპიონობისთვის ბრძოლა გრძელდება.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
36-ე ტური
„რეალი“ — „ვალენსია“ 2:2 (1:0)
გოლები: სერხიო რამოსი 59′, რონალდუ 90+2′ — მატიე 44′, პარეხო 65′.
გაფრთხილებები: დი მარია 51′ — კეიტა 70′, დიეგო ალვესი 80′, ფეგული 90+4′.

ბექა დოგრაშვილი

ხავი მარტინესი „ბარსელონაში“ გადასვლაზე თანახმაა

„მუნდო დეპორტივოს“ ცნობით, მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ხავი მარტინესი „ბარსელონაში“ გადასვლაზე თანახმაა.

ბასკი ფეხბურთელი კატალონიურ კლუბში გადასვლასთან ახლოს იყო მანამ, სანამ ბილბაოს „ატლეტიკიდან“ გერმანიაში გადაბარგდებოდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ის „ალიანს არენაზე“ აღმოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელი „ბაიერნში“ კმაყოფილია, თუმცა თუ ბავარიელები მის „ბარსელონაში“ გაყიდვას გადაწყვეტენ, მარტინესი სიხარულის მიაშურებს კატალონიას, სადაც ბევრი მეგობარი ეგულება.

 

ტიტო ვილანოვა (1968 – 2014)

პარასკევს „ბარსელონას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ფეხბურთის კატალონიელი სპეციალისტი მხოლოდ 45 წლისა გახლდათ.

ტიტო ვილანოვა თავმდაბალი ადამიანი იყო. სანამ „ბარსელონას“ ჩაიბარებდა, მანამდე ხოსეპ გვარდიოლას შეუმჩნევლად ეხმარებოდა. ერთხელ ანდრეს ინიესტამ მას ფეხბურთის ენციკლოპედიაც უწოდა და ამის თქმის მიზეზიც ჰქონდა.

ანალიტიკური აზროვნება, მიხვედრილობა, მეტოქე გუნდის სისუსტეების პოვნა – ვილანოვას ეს უნარები არაერთხელ წაეშველა კატალონიურ გუნდს საჭირო დროს.

ვილანოვას დროს „ბარსელონამ“ ფენომენალური შედეგი აჩვენა: კლუბმა მოაგროვა 100 ქულა და მოიგო ჩემპიონატი. მისი ხელმძღვანელობით კატალონიურმა გუნდმა 158 გოლი გაიტანა. სწორედ ვილანოვა იყო „ბარსას“ თავკაცი, როდესაც ლიონელ მესიმ სეზონში 73 გოლი გაიტანა და პირადი რეკორდი დაამაყარა.

„ტიტო ვილანოვასთვის დამახასიათებელი არ ყოფილა პროვოკაციული გამონათქვამები. ის ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული იყო, საპრესკონფერენციო დარბაზში უხამს განცხადებებს არასდროს არ აკეთებდა. მას ერჩივნა, თავი ჩაეღუნა, მუშაობა გეგრძელებინა და შეუმჩნევლად წასულიყო“, – წერს „მარკას“ ჟურნალისტი.

წარმოგიდგენთ ვილანოვას მიერ გაკეთებულ რამდენიმე განცხადებას, რომელიც ნათლად წარმოაჩენს მის პიროვნებას.

„ღირებულია ის, რაც უკვე მოიპოვეთ, რადგან არასდროს არ იცით, როდის ამოიწურება თქვენი დრო“, – ეს სიტყვები ვილანოვამ პირველი ოპერაციის შემდეგ თქვა. „ამ განცხადებამ საოცარი მოტივაცია შეგვძინა“, – განაცხადა მოგვიანებით ჩავიმ.

„ჩემი შვილები 14 და 17 წლისანი არიან. მე მათ ჯერ კიდევ ვჭირდები“, – აღნიშნა ვილანოვამ 2012 წლის დეკემბერში.

„გვარდიოლასთან შედარებით მე მუდამ წაგებულის პოზიციაში ვიქნები“, – ეს სიტყვები ვილანოვამ მაშინ თქვა, როდესაც „ბარსელონას“ თავკაცის პოსტზე წარადგინეს.

„დროის დაკარგვის სურვილი არასდროს მქონია. როდესაც ორ დღეს სახლში ვატარებდი, საოცრად ვიწყენდი, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. მთელი ჩემი ცხოვრება ჩემი საქმეა“, – აღნიშნა ვილანოვამ, როდესაც მკურნალობის შემდეგ აშშ-დან დაბრუნდა.

„ეს არ არის ჩემი ტიტული, ეს ფეხბურთელების დამსახურებაა. მე არ მჯერა ერთი კაცის ძალისხმევის“, – განაცხადა ესპანეთის პრიმერადივიზიონის 2012/13 წლების სეზონის მოგების შემდეგ.

შემაძრწუნებელი დიაგნოზი – სიმსივნე – დაახლოებით სამი წლის წინათ დაუსვეს ვილანოვას. ის მამაცურად იბრძოდა. რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა. მკურნალობდა სამშობლოსგან შორის, აშშ-ში. 2013 წლის ოქტომბერში „ელ კლასიკოს“ დაწყებამდე კატალონიურმა ინჩადამ ტრიბუნაზე მოზაიკის სახით გამამხნევებელი წარწერა გამოსახა: „გამაგრდი, ტიტო!“

სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე კვირაში ვილანოვას ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ გაუარესდა.

„ბარსელონას“ ცნობილი სლოგანი ასე ჟღერს: „მეტი, ვიდრე კლუბი“. ეს სიტყვები ვილანოვასთვის ცხოვრების დევიზად იქცა.

სპორტული სამყარო ვილანოვას დაემშვიდობა

ლეო მესი: „არასდროს დაგივიწყებ, ტიტო. მუდამ შენთან ვიქნები“.

ერიკ აბიდალი: „ყოველთვის მემახსოვრები, მეგობარო, ნათელში იყავი. მადლობა ბრძოლისთვის“.

ვიქტორ ვალდესი: „ტიტო ვილანოვა ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ვისთან ერთადაც ოდესმე მიმუშავია. მადლობა ყველაფრისთვის, რაც შენ ჩვენთვის გაიღე“.

რაფაელ ნადალი (ჩოგბურთელი): „ოჯახს მხარდაჭერას ვუცხადებ. უდიდესი ტრაგედია მოხდა. მის მეუღლესა და შვილებს გამხნევებას ვუსურვებ“.

ფერნანდო ალონსო (ავტომრბოლელი): „სამწუხარო დღეა. ნათელში იყოს ტიტო. საშინელი დაავადებაა“.

ანდრეს ინიესტა: „სიტყვები არ მყოფნის. იყავი და ყოველთვის იქნები მაგალითი. ვამაყობ, რომ შენი ცხოვრების ნაწილი მეც ვიყავი. არასდროს დაგივიწყებ. შენს ოჯახს გამხნევებას ვუსურვებ! ნათელში განისვენე“.

ფრანჩესკ ფაბრეგასი: „პირველად 14 წლის წინათ შეგხვდი და შემიძლია, ვთქვა, რომ შენნაირი ადამიანი ძალიან ცოტაა. მადლობა იმისთვის, რომ განმავითარე როგორც საფეხბურთო კუთხით, ასევე პიროვნულად. შენი ადგილი ჩვენს გულში ყოველთვის იქნება. ნათელში იყავი, ტიტო“.

ფლორენტინო პერესი: „მადრიდის „რეალის“ სახელით მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო ტიტო ვილანოვას გარდაცვალების გამო. „ბარსელონას“, მის ოჯახს, განსაკუთრებით მეუღლესა და შვილებს მხარდაჭერას ვუცხადებთ“.

იკერ კასილასი: „მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის სამწუხარო დღეა. ნათელში იყავი, ტიტო. ის სიმტკიცისა და სიმამაცის მაგალითია“.

ბექა დოგრაშვილი
ინტერნეტ-ჟურნალი Fanebi.com

დანი ალვესის მამამ ბანანის მოშენება გადაწყვიტა

„ბარსელონას“ მცველ დანი ალვესის მამამ, რომელიც საკუთარ ფერმას ფლობს, ბანანის მოშენება გადაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პრიმერადივიზიონის 35-ე ტურში „ვილიარეალსა“ და „ბარსელონას“ შორის გამართული მატჩის (2:3) მიმდინარეობისას დანი ალვესს ტრიბუნიდან ბანანი ესროლეს. ფეხბურთელის მშობლებმა მომხდარი ინციდენტის შესახებ ისაუბრეს.

„ჩვენ მანგო, ქოქოსი, ნესვი და საზამთრო მოგვყავს. ახლა ბანანსაც მოვიყვანთ. ასეთი იდეა აქამდეც მქონდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება სტადიონზე მომხდარი შემთხვევის შემდეგ მივიღე. სხვათა შორის, დანის ვუთხარი, რომ ტრიბუნიდან გადმოგდებული ბანანი აღარ შეჭამოს. იქნებ, მოწამლული ბანანი გადმოაგდონ?!“ – ფეხბურთელის მამის, დომინგუს ალვესის სიტყვებს „გლობო“ ციტირებს.

„ჩემი შვილის ქმედებით კმაყოფილი ვარ. ყოველთვის ვასწავლიდი, რომ პროვოკაციებს არ უნდა უპასუხოს, რადგან პროვოკატორის მიზანი შენი ნერვების მოშლაა“, – განაცხადა ფეხბურთელის დედამ ლიუსია რიბეირუმ.

ბექა დოგრაშვილი

ვალდესი „მონაკოში“ გადავა

„ფრანს ფუტბოლის“ ცნობით, „ბარსელონას“ მეკარე ვიქტორ ვალდესი სიტყვას შეასრულებს და ტრავმის მოშუშების შემდეგ „მონაკოსთან“ ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიელმა კიპერმა „მანჩესტერ სიტისგანაც“ მიიღო შემოთავაზება, ვალდესს „ბარსელონამაც“ შესთავაზა ხელშეკრულების გახანგრძლივება, თუმცა 32 წლის მეკარემ საფრანგეთის ჩემპიონატი აირჩია.

ვალდესი „ბარსელონას“ ღირსებას 2002 წლიდან იცავს და კატალონიურ გუნდში მეკარეებს შორის ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია. ვალდესი ესპანეთის ექვსგზის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებულია.

ბექა დოგრაშვილი