„რობერტო მარტინესი „ბარსელონას“ თავკაცობასაც გაართმევდა თავს“

ლივერპულის „ევერტონის“ თავდამსხმელმა ჟერარ დეულოფეუმ კლუბის მთავარი მწვრთნელის, რობერტო მარტინესის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ მარტინესი გაცილებით ძლიერი გუნდის თავკაცობასაც გაართმევდა თავს.

„მარტინესი თავიდანვე ძალიან დამეხმარა. მან იცოდა, რომ გამიჭირდებოდა, მაგრამ მოთმინება გამოავლინა. მწვრთნელი მენდო და პრემიერლიგაში თამაშის შესაძლებლობა მომცა. თქმა არ უნდა იმას, რომ მე უფრო მეტი სათამაშო დროის გამოყოფა მსურდა, თუმცა მარტინესი სწორად მოიქცა. ვთვლი, რომ მან საკმაოდ კარგად წარმოაჩინა საკუთარი თავი და ჩემი აზრით, ის „ბარსელონასთვისაც“ შესანიშნავი თავკაცი იქნებოდა“, – განაცხადა დეულოფეუმ.

შეგახსენებთ, რომ ჟერარ დეულოფეუ ამ დრომდე „ბარსელონას“ ეკუთვნის, „ევერტონში“ კი იჯარის წესით თამაშობს.

ბექა დოგრაშვილი

კრუიფი: „ბარსელონას“ პრობლემა ნეიმარია“

„ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი და თავკაცი იოჰან კრუიფი თვლის, რომ კატალონიური კლუბი ზედმეტად დიდ ხელფასს უხდის ნეიმარს, რაც უარყოფით გავლენას ახდენს გუნდის მიკროკლიმატზე.

„ბარსელონას“ პრობლემა ნეიმარია. ის მშვენიერი მოთამაშეა, მაგრამ არ შეიძლება, ახალგაზრდა ბიჭი უფრო დიდ ხელფასს იღებდეს, ვიდრე ის მოთამაშეები, რომლებმაც გუნდთან ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიგეს. 21 წლის ასაკში ღმერთივით ვერავინ ვერ თამაშობს. გარდა ამისა, „ბარსელონას“ ჰყავს ლეო მესი. შეუძლებელია, რომ კლუბისთვის ნეიმარი მესიზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყოს. როცა 26 წლის გახდება ეს შესაძლებელი იქნება, მაგრამ არა – 21 წლის ასაკში“, – კრუიფის სიტყვები „მუნდო დეპორტივომ“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი „ბარსელონაში“ 2013/2014 წლების სტარტზე გადავიდა და მაშინვე კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ იქცა.

ბექა დოგრაშვილი

„ელ კლასიკოს“ კონკურსის გამარჯვებულები

სპორტულმა ინტერნეტ-პორტალმა Fanebi.com-მა მადრიდის „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის გამართულ მატჩთან დაკავშირებით კიდევ ერთი დამატებითი კონკურსი შემოგთავაზათ. ჩვენს პორტალზე დარეგისტრირებულ მომხმარებელს უშუალოდ ამ შეხვედრის გვერდზე უნდა დაეწერა „europe-bet.com“ და მატჩის შესაძლო შედეგი („რეალის“ მოგება / ფრე / „ბარსელონას“ მოგება).

პირველი 100 სწორი პასუხის ავტორისთვის „ევროპაბეთის“ ანგარიშზე 2 ლარი იყო გათვალისწინებული. დღეს ჩატარებული ანალიზის შედეგად, გამარჯვებულად ცხადდება 37 მომხმარებელი. შესაბამისად, აღნიშნულ 37 მომხმარებელს დაერიცხება „ევროპაბეთის“ ანგარიშზე თანხა, თუმცა, სამწუხაროდ, ყველას არ აქვს მითითებული პინ-კოდი. კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ საკუთარ პროფილში არსებულ ველში „ჩემს შესახებ“ – უნდა მიუთითოთ „ევროპაბეთის“ პინი, რათა გამარჯვებულს მოგებული თანხა დაერიცხოს.

თქვენს პროფილში გადასასვლელად ეს ბმული გამოიყენეთ — http://fanebi.com/user_profile/

რაც შეეხება გამარჯვებულთა სიას, ის ასე გამოიყურება:

mamuka151551 – 2 ლარი
I8K8A – 2 ლარი
Neymar. – 2 ლარი
Dimano – 2 ლარი
nona151551 – 2 ლარი
alain_bernard – 2 ლარი
temo151551 – 2 ლარი
badri1990badri – 2 ლარი
komunichi – 2 ლარი
vatooo – 2 ლარი
murtazi – 2 ლარი
giobagdo – 2 ლარი
mari151551 – 2 ლარი
lashikovski16 – 2 ლარი
nia – 2 ლარი
DOMENA – 2 ლარი
jabaaa – 2 ლარი
gia chichinadze – 2 ლარი
acm – 2 ლარი
xucika – 2 ლარი
CONTINUE2000 – 2 ლარი
nagana – 2 ლარი
sua9 – 2 ლარი
D A V I T I – 2 ლარი
milanista – 2 ლარი
berika77 – 2 ლარი
ajax – 2 ლარი
niblia – 2 ლარი
wtengo – 2 ლარი
sergosg8 – 2 ლარი
baneta – 2 ლარი
kaxa1997 – 2 ლარი
crazyoig – 2 ლარი
luka – 2 ლარი
we are cules – 2 ლარი
malxaz_777 – 2 ლარი
keraqera – 2 ლარი

ამ 37 მომხმარებლიდან რვას არ აქვს მითითებული საკუთარი პინი.

ეს მომხმარებლები არიან: Dimano, murtazi, nia, jabaaa, sua9, D A V I T I, baneta, crazyoig. მათ პინ-კოდის მისათითებლად ვაძლევთ ვადას 00:00 საათამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ანგარიშზე თანხა ვერ დაირიცხება.

 

ტრილერი „სანტიაგო ბერნაბეუზე“

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 29-ე ტურის ცენტრალური მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა, სადაც მადრიდის „რეალმა“ „ბარსელონა“ მიიღო. შეხვედრა მეტად დრამატულ ბრძოლაში წარიმართა, მაყურებელმა კი შვიდი გატანილი გოლი იხილა.

ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა, როდესაც ლეო მესიმ ანდრეს ინიესტა მახვილგონივრული გადაცემით ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა და ესპანელმა ნახევარმცველმაც მარცხენა ფეხით პირველი გოლი გაიტანა.

მადრიდელებმა ანგარიში მე-20 წუთზე გაათანაბრეს: ანხელ დი მარიას მიერ ჩამოწოდებულ ბურთს მეტოქის საჯარიმო მოედანზე კარიმ ბენზემა გამოეხმაურა, რომლის თავური დარტყმაც ვიქტორ ვალდესისთვის აუღებელი აღმოჩნდა. ზუსტად ოთხ წუთში იმავე დი მარიამ ბენზემას მეორე საგოლე პასი გაუკეთა, ამჯერად ფრანგმა თავდამსხმელმა ფეხით გაიტანა. საერთოდაც, დი მარია ორივე გუნდის შემადგენლობიდან პირველ ტაიმში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

„სამეფო კლუბი“ დაწინაურდა და თითქოს მადრიდელებმა გამარჯვებისა ირწმუნეს, თუმცა ეს ნაადრევად მოუვიდათ. ტაიმის დასრულებამდე სამიოდე წუთით ადრე „რეალის“ საჯარიმო მოედანზე ნეიმარი-მესის მიერ გათამაშებული კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დაგვირგვინდა და ანგარიშიც გათანაბრდა — 2:2. გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ტაიმი 10 წუთის განახლებული იყო, როდესაც მთავარმა არბიტრმა უნდიანო მალიენკომ „ბარსელონას“ კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა, თუმცა მომენტის განმეორებით ჩვენებაზე ნათლად გამოჩნდა, რომ დანიელ ალვესმა კრიშტიანუ რონალდუ საჯარიმო მოედნის გარეთ წააქცია. პენალტი თავად დაზარალებულმა შეასრულა და „რეალი“ კვლავ დაწინაურდა — 3:2.

ზუსტად 10 წუთში თერთმეტმეტრიანი დარტყმა უკვე მასპინძელთა კარის მიმართულებით დაინიშნა. სერხიო რამოსმა ხელსაყრელ პოზიციაზე გასული ნეიმარი წააქცია, რისთვისაც ესპანელი მცველი მოედნიდან გააძევეს. პენალტი ზუსტად ლეო მესიმ დაარტყა და ანგარიში კვლავ გათანაბრდა.

მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე არბიტრმა კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დანიშნა, კვლავ მადრიდელთა კარის მიმართულებით. ამჯერად ინიესტას წინააღმდეგ ჩაბი ალონსომ დაარღვია თამაშის წესი. პენალტის შესრულება კვლავ მესიმ ითავა და ანგარიში 3:4 გახდა. ამრიგად, მესი ჰეთ-თრიკი გაიფორმა და გახდა „ბარსელონას“ პირველი მოთამაშე, რომელმაც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ერთ მატჩში  სამი გოლი გაიტანა. გარდა ამისა, არგენტინელი ფეხბურთელი კატალონიური გუნდის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც „რეალთან“ ჰეთ-თრიკი ორჯერ გაიფორმა. მესი „ელ კლასიკოს“ საუკეთესო ბომბარდირიც შეიქნა, მის ანგარიშზე 21 გატანილი ბურთია.

საბოლოო ჯამში, „ბარსელონამ“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალი“ დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 4:3 დაამარცხა და საჭირო 3 ქულა მოიპოვა.

ამ ყველაფრით იხეირა მადრიდის „ატლეტიკომ“, რომელმაც თავისი მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილს 70 ქულით ჩაუდგა სათავეში. ამდენივე ქულა აქვს მეორეადგილოსან „რეალს“. ლიდერებს ერთი ქულით ჩამორჩება მესამე პოზიციაზე მყოფი „ბარსელონა“.

 

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
29-ე ტური
„რეალი“—„ბარსელონა“ 3:4 (2:2)

„რეალი“: დიეგო ლოპესი, სერხიო რამოსი, პეპე, მარსელო, კარვახალი, ჩაბი ალონსო, მოდრიჩი (მორატა 90′), ბეილი, დი მარია (ისკო 85′), რონალდუ, ბენზემა (ვარანი 66′).
მთავარი მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.
„ბარსელონა“: ვალდესი, დანი ალვესი, პიკე, ალბა, მასკერანო, ფაბრეგასი (ალექსის სანჩესი 78′), ინიესტა, ჩავი, ბუსკეტსი, ნეიმარი (პედრო 69′), მესი.
მთავარი მწვრთნელი: ხერარდო მარტინო.
გოლები: ბენზემა 20′, 24′, რონალდუ 55′ (პენ) — ინიესტა 7′, მესი 42′, 65′ (პენ), 84′ (პენ).
გაფრთხილებები: დი მარია 35′, პეპე 43′, ალონსო 85′, რონალდუ 86′, მოდრიჩი 88′ — ფაბრეგასი 43′, ბუსკეტსი 66′.
გაძევება: სერხიო რამოსი 63′.
მთავარი მსაჯი: ალბერტო უნდიანო მალიენკო.

ბექა დოგრაშვილი

„ელ კლასიკოზე“ დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია

როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის პრიმერადივიზიონის 29-ე ტურის ცენტრალური მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შედგება, სადაც მადრიდის „რეალი“ „ბარსელონას“ მიიღებს.

23 მარტს გასამართი შეხვედრა გულშემატკივართა დიდ ინტერესს იწვევს. ესპანური „ასის“ ცნობით, ბაზარზე გამოტანილი ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. ბილეთების ღირებულება 70-დან 340 ევრომდე მერყეობდა.

ამ დროისთვის ბილეთების შეძენა მხოლოდ „შავ ბაზარზეა“ შესაძლებელი, სადაც მათი ფასი 300-დან 900 (!) ევრომდე აღწევს.

მატჩი „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის 24 მარტს, 00:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას ალბერტო უნდიანო მალიენკო განსჯის.

ბექა დოგრაშვილი

სერხიო რამოსი: „ახლა „ბარსელონასი“ ისე აღარ ეშინიათ, როგორც ადრე“

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 29-ე ტურის ცენტრალური მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შედგება, სადაც მადრიდის „რეალი“ „ბარსელონას“ მიიღებს. „სამეფო კლუბის“ მცველი სერხიო რამოსი მიიჩნევს, რომ კატალონიური კლუბის კრიზისზე საუბარი გადაჭარბებულია.

„ბარსელონას“ კრიზისზე აქტიური საუბრები მიმდინარეობს, თუმცა კატალონიელები ესპანეთის თასის ფინალში გავიდნენ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს და მხოლოდ ოთხი ქულით ჩამორჩებიან ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის ლიდერს.

ერთადერთი რამ, რაც შეიცვალა, ეს შიშის ფაქტორია. ახლა სხვა კლუბებს „ბარსელონასი“ ისე აღარ ეშინიათ, როგორც ადრე. ძალიან კარგი იქნება, თუ კატალონიელებს დავამარცხებთ. ეს ისტორიული დაპირისპირებაა. „რეალი“ სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს და ვეცდებით, რომ ასე გავაგრძელოთ“, – რამოსის სიტყვები „ასმა“ გამოაქვეყნა.

მატჩი „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის 24 მარტს, 00:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

პირში ფქვილით გამოტენილი ნეიმარის სიმღერა

„ბარსელონასა“ და ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ნეიმარმა მეგობართან ნიძლავი წააგო და პირში ფქვილით გამოტენილს მღერა მოუწია.

როგორ გაართვა ამ მისიას თავი ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ამის ხილვა მოცემული ვიდეომასალის მეშვეობით შეგიძლიათ.

მესიმ ტოტი უკან ჩამოიტოვა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 28-ე ტურში „ბარსელონამ“ „ოსასუნა“ ანგარიშით 7:0 გაანადგურა. ლიონელ მესიმ ჰეთ-თრიკი გაიფორმა და კლუბის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად იქცა.

ლეო მესის აქტივში „ბარსას“ მაისურით ოფიციალურ და არაოფიციალურ მატჩებში ერთად 371 გატანილი გოლია. პრიმერადივიზიონში მესის ანგარიშზე 233 გოლი გახლავთ, რაც ერთით მეტია იტალიის სერია A-ში ფრანჩესკო ტოტის მონაგარზე. ევროპის წამყვანი ხუთი ეროვნული ჩემპიონატის შედეგებიდან მესის მაჩვენებელი სარეკორდოა.

გარდა ამისა, კატალონიური გუნდის არგენტინელი თავდამსხმელი მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება მექსიკელ უგო სანჩესს, რომელიც თავის დროზე მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „რეალის“ ღირსებას იცავდა. ცნობისათვის, ესპანეთის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორად ტელმო სარა („ატლეტიკი“) ითვლება, რომელსაც 252 გოლი აქვს.

ბექა დოგრაშვილი

მესი: „კარიერის დასრულებას „ბარსელონაში“ ვაპირებ“

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ „ოსასუნას“ წინააღმდეგ გამართული მატჩის (7:0) შემდეგ, უარყო მისი გუნდიდან შესაძლო აბარგების შესახებ გავრცელებული ჭორები.

„აქ ძალიან ბედნიერი ვარ. „ბარსელონადან“ წასვლის შემდეგ პენსიაზე გავალ“, – მესის სიტყვებს „მუნდო დეპორტივო“ ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ „ოსასუნას“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში არგენტინელმა თავდამსხმელმა ჰეთ-თრიკი გაიფორმა და ოფიციალურ და არაოფიციალურ მატჩებში ერთად გატანილი გოლების რაოდენობით კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

„მშვენიერია, როცა ასეთი დიდებული კლუბის ისტორიაში ხვდები. ძალიან მახარებს ეს რეკორდი“, – გამოტყდა მესი.

„ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ მატჩს ერთი კვირის თავზე, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართავს.

„რეალის“ წინააღმდეგ რთული შეხვედრა გველის. ვეცდებით, რომ გავიმარჯვოთ და ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ“, – დაასრულა კატალონიელთა არგენტინელმა ლიდერმა.

ბექა დოგრაშვილი

სტუმრად „ბარსას“ მუზეუმში

ცოტა ხნის წინათ, საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ მუზეუმმა დამთვარიელებლების რაოდენობით ქალაქში მეორე ადგილზე გადაინაცვლა — ამ ადგილს წელიწადში დაახლოებით ორი მილიონი კაცი სტუმრობს. მას პოპულარობით მხოლოდ სახელგანთქმული საგრადა ფამილიას ტაძარი სჯაბნის, არადა, ქალაქში 60-ზე მეტი მსხვილი მუზეუმია.

ბილეთი აუდიოგიდით 23 ევრო დაგიჯდებათ, თუმცა ამ თანხით მხოლოდ უბრალო ექსკურსიას კი არ მიიღებთ, Camp Nou Experience-ს – „ნოუ კამპს“ სრულად განიცდით. აქ უამრავი ინტერაქტიული ექსპონატია ხელმისაწვდომი: საუკეთესო გოლების ამსახველი ვიდეოები, ტური სტადიონზე, რომელშიც შედის გასახდელის, მიქს-ზონის, საპრესკონფერენციო დარბაზის, საპრეზიდენტო ლოჟისა და საკომენტატორო ჯიხურების დათვალიერება.

გასახდელიდან პირდაპირ მოედანზე გადიხართ, ტრიბუნებზე თავმოყრილი გულშემატკივართა მასის ხმა ფონოგრამაზე აქვთ ჩაწერილი და ამ დროს რთავენ, საკუთარი თავი „ბარსას“ ნამდვილი მოთამაშე გგონიათ. არც თასთან ერთად ფოტოს გადაღებაზე დაგზარდებიან, თუმცა ეს სიამოვნება კიდევ 13 ევრო დაგიჯდებათ. თქვენ წარმოიდგინეთ, თვით ლეო მესისთანაც შეგიძლიათ სურათის გადაღება, რა თქმა უნდა, კომპიუტერული ტექნოლოგიის დახმარებით.

 

მეტი, ვიდრე სტადიონი

მუზეუმი ოდნავ ჩაბნელებულია, რათა კედლის ეკრანებზე აღბეჭდილი ისტორიული მომენტების ამსახველი ვიდეომასალა კარგად გარჩევადი იყოს.

„ნოუ კამპი“ ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი სტადიონია, – გვიხსნის ასაკოვანი გიდი. – აქ 93 053 კაცი ეტევა. ყოფილა შემთხვევა, როცა 120 ათასი ადამიანიც დატეულა. მაშინ უეფა ტრიბუნაზე ფეხზე დგომის უფლებას იძლეოდა. სტადიონის დასახელება ასე ითარგმნება: „ახალი მოედანი“. ახალი ის 1957 წელს იყო. ახლა სტადიონი ისეთივე „ახალია“, როგორც მე. თუმცა, მალე რეკონსტრუქციას ჩაუტარებენ“.

რადგან არენას „ახალი მოედანი“ ჰქვია, ესე იგი, ძველიც არსებობდა. ამ სტადიონზე გადმოსვლამდე, „ბარსა“ „კამპ დე ლეს კორტსზე“ თამაშობდა. აღნიშნული არენის კვალს უკვე ვეღარც იპოვით – ის ადგილი გაიყიდა. შემოსული თანხით „ბარსელონას“ საშუალება მიეცა, ახალი გრანდიოზული არენა აეშენებინა. ძველი სტადიონის მხოლოდ ერთი ქვა შემორჩა, რომელიც საძირკველიდან ამოიღეს და „ნოუ კამპის“ მშენებლობაში გამოიყენეს. ამიტომ, ქვაზე ორი თარიღია მითითებული — 1922 წლის 19 თებერვალი და 1954 წლის 28 მარტი.
„ბარსელონას“ ისტორია გაცილებით უფრო ადრე იწყება. კატალონიური გუნდი 1909-დან 1922 წლამდე სტადიონ „კამპ დელ კარერ ინდუსტრიაზე“ თამაშობდა. დღევანდელი სტანდარტებით, ეს სტადიონი ძალიან პატარა გახლდათ,  რის გამო ტრიბუნებზე ხშირად ჭყლეტვა იყო.

ამ დროიდან „ბარსელონას“ ფანებს „კულეს“ (cules) უწოდებენ, რაც, მაპატიეთ და ქართულად ასე ითარგმნება: „უკანალი“. ამ მეტსახელში შეურაცხმყოფელი არაფერია, კატალონიელი ქომაგები ამით ამაყობენ კიდეც, ეს ხომ კლუბის ისტორიაა.

 

მეტი, ვიდრე კლუბი

„ბარსელონას“ დევიზი ყველასთვის ცნობილია — „მეტი, ვიდრე კლუბი“. პირველად ეს ფრაზა „ბარსელონას“ ყოფილმა პრეზიდენტმა ნარსისო დე კარერასმა 1968 წელს მოწყობილ ერთ-ერთ გამოსვლაზე წარმოსთქვა.

ფრაზა დამკვიდრდა და „ბარსელონას“ სიმბოლოდ იქცა, ზოგჯერ კი ეს კატალონიელთა იდენტობის ერთადერთი გამოხატულება გახლდათ, განსაკუთრებით – დიქტატორ ფრანკოს მმართველობის პერიოდში. ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ფრანკოს ჯარისკაცებმა „ბარსელონას“ პრეზიდენ ჟოზეპ სუნიოლს ესროლეს, კლუბის ოფისი კი ავიაციით დაბომბეს. რეპრესიების გამო კლუბის რეგისტრირებულ წევრთა რაოდენობა რამდენიმე ათასიდან შვიდ კაცამდე დაეცა. ხალხს ეშინოდა, ღიად გამოეხატა „ბარსელონასადმი“ ერთგულება. ახლა კლუბის წევრთა რაოდენობა 170 ათასს აჭარბებს, 3 500 მხოლოდ ოფიციალური ფან-კლუბი არსებობს.

 

მეტი, ვიდრე პრეზიდენტი

ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე „ბარსელონას“ დამფუძნებელმა – შვეიცარიელმა ჰანს-მაქს გამპერმა, რომელიც ჟოან გამპერის სახელით უფრო ცნობილია. 22 წლის ასაკში ის კატალონიის დედაქალაქში სამუშაოს საძებნელად ჩავიდა და იქ სამუდამოდ დარჩა. გამპერი „ბაზელში“ თამაშობდა, ამიტომ „ბარსას“ ფერებად მან ლურჯი და მუქი წითელი აირჩია. კლუბის ფორმირებისთვის დიდი ძალისხმევა გაიღო, რის გამოც კატალონიელთა საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა. გამპერი მადრიდის ხელისუფლებისგან დევნილი გახლდათ, ამიტომ „ბარსასთან“ ყოველგვარი ურთიერთობა აეკრძალა. 1930 წელს კლუბის დამფუძნებელმა ამ განშორებას ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 


მეტი, ვიდრე მოთამაშე

თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელ ლიონელ მესის „ბარსელონას“ მუზეუმში ცალკე განყოფილება გამოუყვეს.

„ამ ადგილს მესის კუთხე დავარქვით. აქ თქვენ ხედავთ „ოქროს ბუცსა“ და ოთხ „ოქროს ბურთს“, რომელიც ლეომ ზედიზედ მოიგო, სანამ ამ ჯილდოს კრიშტიანუ რონალდუ არ დაისაკუთრებდა“, – გიდს ხმაში სევდა გაერია.

მუზეუმის სხვა ნაწილში შეიძლება თვალი იმ ბურთს მოჰკრათ, რომლითაც მესიმ „ბარსელონას“ რიგებში მე-5000 გოლი გაიტანა. აქვეა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას სამადლობელო წერილი, დიეგო მარადონას მაისური ავტოგრაფით, ხრისტო სტოიჩკოვის „ოქროს ბურთი“, რონალდ კუმანის ფორმა, რომელიც მას 1992 წელს გამართულ ჩემპიონთა თასის ფინალურ მატჩში ეცვა.

 


მეტი, ვიდრე გასახდელი

ტურისტებისთვის „ნოუ კამპის“ მხოლოდ სტუმართა გუნდის გასახდელი იღება. არადა, მასპინძელთა გასახდელი უფრო დიდ ინტერესს იწვევს.

„ბარსას“ გასახდელის გაღება არ შეიძლება, თუმცა გეტყვით, რომ საკმაოდ ფართო ოთახია, 800 კვადრატულ მეტრზე დიდია. ძალიან დიდი ოთახია! ლურჯი და წითელი ფერებით არის მოხატული, კარადაზე იმ მოთამაშეთა გვარები წერია, რომლებიც მას წარსულში იყენებდნენ. გუნდის ახლანდელი ფეხბურთელები კარადას საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით ირჩევენ. მაგალითად, მესის მარადონას ყოფილი კარადა აქვს არჩეული“, – ამბობს გიდი.

 

მეტი, ვიდრე ფეხბურთი

„ბარსელონა“ მხოლოდ ფეხბურთი როდია. გამპერის ჩანაფიქრის მიხედვით, „ბარსელონას“ სახელით სპორტის სხვადასხვა სახეობების წარმომადგენლები უნდა გამოსულიყვნენ.

როგორც ცნობილია, ტიტულოვანი საკალათბურთო გუნდის სრული სახელია „საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა ბასკეტი“. საკალათბურთო „განყოფილების“ გარდა, კატალონიელები „ბარსას“ ემბლემას ფუტსალში, ხელბურთში, როლიკების ჰოკეიში, მსუბუქ ტანვარჯიშსა და მხატვრულ ტანვარჯიშშიც იცავენ. გასულ სეზონში „ბარსელონამ“ სპორტის ყველა სახეობაში ერთად 12 ტიტული მოიგო, რაც რეკორდი არ გახლავთ. ორი წლის წინათ 16 ტიტული მოიგეს. ამ ყველაფრის სანახავად „ბარსას“ მუზეუმს ეწვიოთ. უმჯობესია, ეს არასათამაშო დღეს მოახერხოთ.

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com

კვირის კარიკატურები — „რეალი“, „ბარსა“, „ბაიერნი“, „ბორუსია“, იოზილი, პუიოლი

ცნობილი კარიკატურისტის, ომარ მომანის ერთ-ერთი ბოლო კარიკატურა ჟოზე მოურინიოს სიტყვების გამოხმაურებაა. ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ ემზადებიან სახელგანთქმული ფეხბურთელები დიდი მატჩებისთვის.

„მადრიდის „რეალში“ მუშაობის პერიოდში, მატჩამდე რამდენიმე წუთით ადრე სარკის წინ ჩემი გუნდის ფეხბურთელთა მთელი რიგი დგებოდა. არადა, ამ დროს მსაჯი მათ უკვე უცდიდა.

ახალგაზრდა მოთამაშეები საკუთარ თავზე ძალიან ზრუნავენ. მე 51 წლის ვარ და თუ ბავშვებთან მუშაობა მინდა, მათ უნდა გავუგო კიდეც“, – მოურინიოს სიტყვები Esquire-მა გამოაქვეყნა.

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველ მესუთ იოზილს ბრიტანელ ჟურნალისტებთან ურთიერთობა აერია (შეიძლება დალაგებული არც არასდროს ჰქონია). გერმანელი ფეხბურთელი მედიის წარმომადგენელთა კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

„კრიტიკა არ მადარდებს. სამი კვირის წინათ სრულიად განსხვავებულ რამეს წერდნენ, სამი კვირის შემდეგაც ასე იქნება. ეს მათი მუშაობის ნაწილია“, – აღნიშნა იოზილმა.

სწორედ ამ თემას ეხება მომანის კიდევ ერთი კარიკატურა.

„ბარსელონაში“ გატარებული თითქმის 20-წლიანი პერიოდის შემდეგ, კარლეს პუიოლმა კლუბიდან აბარგება გადაწყვიტა.

„ბოლო ორი ოპერაციის შემდეგ, ჩემთვის რთული იქნებოდა იმ დონეზე დაბრუნება, რომელიც აქ თამაშისთვის არის აუცილებელი. ამიტომ, კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება მივიღე“, – აღნიშნა პუიოლმა საგანგებოდ მოწყობილ პრესკონფერენციაზე.

კატალონიური გუნდის ფანები პუიოლს „კედელს“ უწოდებენ და როგორც ჩანს, მისი წასვლის შემდეგ „ბარსელონას“ დაცვის ხაზში საკმაოდ დიდი ხვრელი გაჩნდება. ამ ჰიპოთეზას ეძღვნება მომანის ეს კარიკატურაც.

დორტმუნდის „ბორუსია“ მიუნხენის „ბაიერნის“ ერთგვარ ფილიალად იქცა. ბავარიელებს ფინანსები ბლომად აქვთ და სასურველი მოთამაშის დაბევებაც არ უჭირთ. ჯერ მარიო გიოტცე იყო, შემდეგ რობერტ ლევანდოვსკი, ახლა კი საუბარი ილკაი გიუნდოგანზე მიდგა, რომელსაც „ბაიერნში“ კროოსის შესაძლო შემცვლელად მოიაზრებენ. მოგეხსენებათ, კროოსის მიმართ რამდენიმე წამყვანი კლუბი იჩენს ინტერესს და მიუნხენელები აქედანვე იჭერენ თადარიგს.

„ბაიერნის“ ხელმძღვანელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ ბავარიელები „ბორუსიას“ დარბევაზე უარს არ არც ამჯერად იტყვიან.

„ბორუსიას“ ფეხბურთელების ტრანსფერზე უაზრო გადაწყვეტილება არასდროს არ მიგვიღია. დორტმუნდელებთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. „ბორუსიას“ აღმასრულებელ დირექტორს გასულ ზაფხულს შევხვდი და ჩვენს შორის არსებული ყველა ცუდი გრძნობა დავივიწყეთ“, – აღნიშნა რუმენიგემ.

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com

„ბარსელონას“ სატრანსფერო მიზნები

გამოცემა „ელ მუნდო დეპორტივომ“ „ბარსელონას“ სატრანსფერო სამიზნეთა სია გამოაქვეყნა. კატალონიელთა მთავარი მიზანი გუნდის დაცვითი ხაზის გაძლიერება იქნება. წყაროს ცნობით, ხერარდო მარტინო „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება.

მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენის გარდა, კატალონიური კლუბი შემდეგი ფეხბურთელების გადაბირებას შეეცდება:

აიმერიკ ლიპორტე („ატლეტიკი“), მატეო მუსაჩიო („ვილიარეალი“), ფაბიან შერი („ბაზელი“), ფედერიკო ფასიო („სევილია“), დავიდ ლუისი („ჩელსი“), ინიგო მარტინესი („რეალ სოსიედადი“), მატს ჰუმელსი (ბორუსია“), იან ვერტონგენი („ტოტენჰემი“), კამილო სუნიგა („ნაპოლი“), არტურო ვიდალი („იუვენტუსი“), ილკაი გიუნდოგანი („ბორუსია“), ხუან კუარდადო („ფიორენტინა“), თომას მიულერი, ტონი კროოსი (ორივე – „ბაიერნი“), ბრუნო („ვილიარეალი“), რამირესი („ჩელსი“), კოკე („ატლეტიკო“).