“ბარსელონას” “ნოუ კამპის” სახელწოდებაზე უფლებების გაყიდვა სურს

ესპანური სპორტული ვებგვერდი sport.es იუწყება, რომ “ბარსელონა” ახალი სპონსორის ძიებაშია. წყაროს თანახმად, ახალი სპონსორის დასახელება სტადიონ “ნოუ კამპის” სახელწოდებაში გამოჩნდება.

კატალონიელებს სურთ, რომ ხელშეკრულება წლის ბოლომდე გააფორმონ. ასეთი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, “ბარსელონამ” სპონსორისგან სეზონში დაახლოებით 20 მილიონი ევრო უნდა მიიღოს.

შეთანხმება, სავარაუდოდ, გრძელვადიანი იქნება.

 

ჩავი: “მესის გარეშე “ბარსა” და “რეალი” თანაბარი ძალისანი არიან”

“ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-12 ტურში გასამართ “ელ კლასიკოს” გამოეხმაურა. მისი თქმით, თუ აღნიშნულ შეხვედრაში ლეო მესი ვერ ითამაშებს, გუნდები მოედანზე აბსოლუტურად თანაბარი ძალით წარსდგებიან.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელთა ლიდერმა მუხლის ტრავმა მოიშუშა, თუმცა სასტარტო შემადგენლობაში მისი ყოფნა მაინც საეჭვოა.

“თუ მესი მოედანზე არ გავა, გუნდები ერთმანეთის წინაშე თანაბარი ძალით წარსდგებიან. “რეალსაც” ჰყავს ტრავმირებული მოთამაშეები, მაგრამ არა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც ლეო არის “ბარსელონასთვის”. “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამარჯვება ძალზედ რთული საქმეა, მესის გარეშე კი ეს კიდევ უფრო გაჭირდება. ამის მიუხედავად, “ბარსელონას” კარგი შემადგენლობა ჰყავს და წარმატებების მიღწევა შეუძლია”, – ციტირებს ჩავის სიტყვებს ESPN.

 

ლავესი “ბარსელონაში” გადასვლას დათანხმდა

“ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ესეკიელ ლავესი “ბარსელონაში” გადასვლას დათანხმდა.

წყაროს თანახმად, 30 წლის არგენტინელი ფეხბურთელი კატალონიურ გუნდთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს, წელიწადში კი ჯამაგირის სახით 4 მილიონ ევროს მიიღებს.

ცნობისათვის, ესეკიელ ლავესის პარიზულ კლუბთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულება მომავალი წლის ზაფხულში ეწურება.

 

სუარესი მესის პირადი მძღოლი გახდა (ვიდეო)

მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონას” ლიდერმა ლიონელ მესიმ ტრავმა მიიღო, იგი გუნდის ვარჯიშებს მაინც ესწრება. ამაში მას ლუის სუარესი ეხმარება. სწორედ ურუგვაელ თავდამსხმელს მიჰყავს მესი საწვრთნელ შეკრებაზე და შემდეგ შინაც აბრუნებს. ეს იმის გამო, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა თანაგუნდელების მხრიდან თანადგომა იგრძნოს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პრიმერადივიზიონის VI ტურში “ბარსელონასა” და “ლას პალმასს” შორის გამართული მატჩის (2:1) მიმდინარეობისას ლეო მესიმ ტრავმა მიიღო და მე-10 წუთზე მოედნის დატოვება მოუხდა. როგორც აღმოჩნდა, არგენტინელმა მარცხენა მუხლის მყესი დაიშავა, რის გამოც 7-8 კვირით უქმობა მოუწევს.

 

მესი: “რუნის ვერავის შევადარებ”

კატალონიის “ბარსელონას” სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ უეინ რუნიზე ისაუბრა და თქვა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი ყველასაგან გამორჩეულია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, რუნიმ ინგლისის ნაკრების მაისურით 50-ე გოლი გაიტანა და ქვეყნის პირველი გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

“ჩემი აზრით, უეინ რუნი განსაკუთრებული ფეხბურთელია, რომელსაც ვერავის შევადარებ. დღესდღეობით, მსოფლიოში ბევრი კარგი მოთამაშეა, მაგრამ რუნი ყველასაგან გამორჩეულია. ვფიქრობ, ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგეა, რომელსაც შევხვედრილვარ”, – უთხრა მესიმ Mirror-ს.

სუარესი: “ჩემი საქმე ოთხი მცველის მოტყუება არ არის”

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა თანაკლუბელებთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. ურუგვაელი ფეხბურთელი ამბობს, რომ ლიონელ მესი საუკეთესოა და მას ამ სტატუსში არ ეცილება.

“მესისთან და ნეიმართან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ვიცით, რომ ლეო საუკეთესოა. არ ვცდილობთ, რომ მას შევეჯიბროთ. მის მიმართ არანაირი ეჭვიანობა არ არის.

როდესაც გუნდში რამდენიმე ფეხბურთელი ეცილება ერთმანეთს საუკეთესო მოთამაშის სტატუსისთვის, სიტუაცია რთულდება. მე ჩემი ფუნქცია მაქვს. მთავარია, რომ სპონტანურად ვიმოქმედო.

ჩემი საქმე არ არის ოთხი მცველი მოტყუება. ამის გაკეთება ლეოს, ნეისა და ანდრეს ინიესტას შეუძლიათ. როდესაც დასარტყმელია, ვურტყამ. როდესაც პასია გასაკეთებელი, პასს ვაკეთებ. მე აქ გუნდის დასახმარებლად ვარ. თანაგუნდელების არ მშურს”, – განაცხადა სუარესმა La Vanguardia-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

ლიონელ მესის სუპერგოლამდე ცოტა დააკლდა (ვიდეო)

23 აგვისტოს, ესპანეთის ჩემპიონატში, ბილბაოს “ატლეტიკსა” და “ბარსელონას” შორის გამართულ მატჩში (0:1), ლიონელ მესიმ რამდენიმე მეტოქე მოატყუა, საბოლოოდ კი მისი დარტყმული მეკარემ ხელებში დააფიქსირა.

სფფ სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფას სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ბილეთების გაყიდვა არც მიმდინარე კვირაში და არც მომავალი კვირის დასაწყისში არ დაიწყება.

უცვლელად გთავაზობთ სფფ-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას:

“მეგობრებო, მოკლედ გაგაცნობთ ამჟამინდელ სიტუაციას:

გრძელდება სამუშაო შეხვედრები სფფ-ში და სხვადასხვა უწყებებთან. ჩვენს მიერ უეფაში გაგზავნილი კონცეფცია მოწონებული და დადასტურებულია. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ბილეთების სალაროებში გაყიდვის მიმართულებით. მაქსიმუმი კეთდება იმისთვის, რომ გულშემატკივრებს მაქსიმალურად კომფორტულ პირობებში მივაწოდოთ ბილეთები.

ამასთან, სფფ-ის წარმომადგენლები შეხვდებიან biletebi.ge-ს წარმომადგენლებს და გადმოიბარებენ გაყიდული ბილეთების მონაცემებს (მყიდველების შესახებ ინფორმაციას და ა.შ.).

არც მიმდინარე კვირაში და არც მომავალი კვირის საწყის დღეებში, ბილეთების გაყიდვა არ დაიწყება.

მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, გულშემატკივარს უკვე ექნება სრული, ამომწურავი ინფორმაცია ყველა დეტალზე. გულშემატკივრებს ვთხოვთ, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას.

შეგახსენებთ, რომ სალაროში გაიყიდება ქართველი გულშემატკივრისთვის განკუთვნილი 22 ათასი ბილეთი.

გისურვებთ წარმატებებს”.

 

 

ბლანი: “დანი ალვესი “პსჟ”-ში არ გადმოვა”

“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ბარსელონას” მარჯვენაფლანგელი მცველი დანიელ ალვესი პარიზულ კლუბში გადავა.

“დანი ალვესი “პარი სენ-ჟერმენში” არ გადმოვა”, – ციტირებს ბლანის სიტყვებს beIN SPORTS-ი.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელ ფეხბურთელს პარიზულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა, წელიწადში კი ჯამაგირის სახით 3 მილიონ ევროს მიიღებდა.

 

“სანტოსი” “ბარსელონას” უჩივის

ბრაზილიურმა საფეხბურთო კლუბმა “სანტოსმა” ნეიმარის, ფეხბურთელის მამისა და “ბარსელონას” წინააღმდეგ ფიფაში საჩივარი შეიტანა.

როგორც კლუბის პრეზიდენტი მოდესტო რომა აცხადებს, “სანტოსმა” ნეიმარის გაყიდვისთვის 17,1 მილიონი ევრო მიიღო და თუ ფეხბურთელი “ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა სამეულში მოხვდებოდა, დამატებით კიდევ ორი მილიონი უნდა მიეღო, თუმცა “ბარსელონამ” ეს პირობა დაარღვია.

“სანტოსი” თვლის, რომ “ბარსელონამ”, ნეიმარმა და მისმა კომპანიამ სატრანსფერო შეთანხმება დაარღვიეს. ვითხოვთ, ამის გამო მიყენებული ზარალის ანაზღაურებას”, – ციტირებს მოდესტო რომას სიტყვებს “გლობო”.

 

მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ხუთი ესპანური კლუბი ითამაშებს

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების გათამაშებაში ხუთი ესპანური კლუბი მიიღებს მონაწილეობას. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ევროპის ლიგის ფინალურ მატჩში “სევილიამ” უკრაინული “დნიპრო” ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

როგორც მოგეხსენებათ, ახალი სეზონიდან ევროპის ლიგის გამარჯვებულ გუნდს ავტომატურად ენიჭება ჩემპიონთა ლიგის საგზური. აქედან გამომდინარე, მართალია, “სევილია” ესპანეთის პრიმერადივიზიონში მეხუთე ადგილზე გავიდა, თუმცა ევროპის ლიგის მოგებისთვის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მაინც ითამაშებს.

ესპანეთიდან “სევილიას” გარდა ჩემპიონთა ლიგას ჯგუფური ეტაპიდან შეუერთდებიან “ბარსელონა”, მადრიდის “რეალი” და “ატლეტიკო”. “ვალენსია” ტურნირზე პლეიოფიდან ჩაერთვება.

 

კრკიჩი “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელებს გუნდიდან წასვლას ურჩევს

“ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ბოიან კრკიჩი, რომელიც ამჟამად “სტოკ სიტის” ღირსებას იცავს, კატალონიური გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიმართავს და მათ “კამპ ნოუდან” აბარგებას ურჩევს.

“სერხი რობერტოსა და სხვა ფეხბურთელებს, რომელთაც სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ, უკვე ვუთხარი, რომ დროა, გუნდი დატოვონ.

მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონას” ტრანსფრების განხორციელება ფიფასგან აკრძალული აქვს, ფეხბურთელები ეგოისტურად უნდა მოიქცნენ.

სერხი აუცილებლად უნდა წავიდეს. მნიშვნელობა არ აქვს, “სტოკში” მოვა თუ სხვა კლუბში. მთავარია, რომ მას სათამაშო დრო მიეცეს”, – ციტირებს კრკიჩის სიტყვებს კატალონიური პორტალი weloba.cat