ბრანისლავ ივანოვიჩი პრემიერლიგაში ბრუნდება

სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” მცველი ბრანისლავ ივანოვიჩი შესაძლოა, ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდეს. 36 წლის სერბ ფეხბურთელს რუსულ კლუბთან კონტრაქტი 31 ივლისს ეწურება და მან თავისუფალი აგენტის სტატუსით შესაძლოა, ლივერპულის “ევერტონს” მიაშუროს.

სერბული პრესის თანახმად, მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი დასკვნით ეტაპზეა. ფეხბურთელის დამატებით პირდად კარლო ანჩელოტი გახლავთ დაინტერესებული. იტალიელი სპეციალისტი ივანოვიჩს ლონდონის “ჩელსიში” მუშაობის პერიოდში თავკაცობდა.

შეგახსენებთ, რომ ბრანისლავ ივანოვიჩი ინგლისის ორგზის ჩემპიონია (2009-2010, 2014-2015).

სუარესი: “ივანოვიჩი და კიელინიც არიან დამნაშავენი იმაში, რომ ვუკბინე”

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ბრანისლავ ივანოვიჩისა და ჯორჯო კიელინისთვის კბენის ფაქტები. ურუგვაელი ფეხბურთელი ამბობს, რომ ეს მცველები მის პროვოცირებას ცდილობდნენ, რის გამოც მათ უკბინა კიდეც.

“არსებობენ ადამიანები, რომლებიც პრობლემების მოგვარებაში მეხმარებიან. ნაწილობრივ ჩემი ბრალია, თუმცა ნაწილობრივ მცველების ბრალიცაა, რომლებიც პროვოცირებას ცდილობდნენ. მაგალითად, კიელინი და ივანოვიჩი მუდმივად იმის ცდაში არიან, რომ თავდამსხმელი წყობიდან გამოიყვანონ. მათ ძალიან ადვილად შეუძლიათ მეტოქის გაღიზიანება, თუმცა ახლა უკვე სხვანაირად ვიქცევი. მე თავად ვახდენ მცველების პროვოცირებას. მანამდე მათთან ორთაბრძოლებში ვებმეოდი, ახლა უბრალოდ ვერიდები კონფლიქტურ სიტუაციებს”, – ციტირებს სუარესის სიტყვებს cope.es.

 

„ჩელსიმ“ სტუმრად „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხა

ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურის ცენტრალური და დასკვნითი მატჩი „ეტიჰად სთეიდიუმზე“ შედგა, სადაც „მანჩესტერ სიტიმ“ ლონდონის „ჩელსი“ მიიღო. საფეხბურთო ექსპერტთა დიდი ნაწილი ფავორიტად „ქალაქელებს“ მიიჩნევდა, მაგრამ შეხვედრა ლონდონელთა კარნახით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ეს ერთადერთო გოლი მატჩის 32-ე წუთზე ბრანისლავ ივანოვიჩმა ლამაზი დარტყმით გაიტანა. ამის შემდეგ „სიტი“ ანგარიშის გათანაბრებას ბევრს ეცადა, თუმცა უშედეგოდ. ნათლად გამოჩნდა, რომ ტრავმირებული სერხიო აგუეროს არყოფნა „ქალაქელებისთვის“ სერიოზული დანაკლისი გამოდგა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ დაცვაში არც „ჩელსი“ ჩამჯდარა და საერთოდაც, ერთი გატანილი გოლის მიუხედავად, მაყურებელმა ორივე გუნდისგან სწრაფი, დინამიური და თვალსასეირო თამაში იხილა.

ამრიგად, „ქალაქელები“ პრემიერლიგაში გასული წლის 10 ნოემბრის შემდეგ პირველად დამარცხდნენ და მათი 12-მატჩიანი წაუგებელი სერიაც შეწყდა. ამ გამარჯვებით „ჩელსიმ“ 53 ქულა დააგროვა და ახლა ამდენივე ქულის მფლობელ „მანჩესტერ სიტისთან“ მეორე-მესამე პოზიციებს იყოფს.

ინგლისის პრემიერლიგა
XIV ტური
„მანჩესტერ სიტი“—„ჩელსი“ 0:1 (0:1)

„მანჩესტერ სიტი“: ჰარტი, კომპანი, დემიკელისი, ზაბლეტა, კოლაროვი, ნასტასიჩი, დავიდ სილვა, იაია ტურე, ხესუს ნავასი, ნეგრედო (იოვეტიჩი 57′), ჯეკო.
მთავარი მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.

„ჩელსი“: ჩეხი, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, დავიდ ლუისი, ასპილიკუეტა, ვილიანი (ობი მიკელი 90+2′), რამირესი, მატიჩი, აზარი (ბა 90+4′), ეტოო (ოსკარი 83′).
მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.

გოლი: ივანოვიჩი 32′.
გაფრთხილებები: დემიკელისი 37′, კოლაროვი 42′, ნასტასიჩი 87′ — ივანოვიჩი 33′, მატიჩი 40′, ვილიანი 90+2′.
მთავარი მსაჯი: მაიკ დინი.

ბექა დოგრაშვილი

ივანოვიჩი: „მე მას დიდიხანია ვაპატიე“

ლონდონური “ჩელსის” მცველმა ბრანისლავ ივანოვიჩმა განაცხადა, რომ მასსა და სუარესს შორის დაპირისპირება აღარ არსებობს. წინა სეზონის მატჩში, რომელშიც “ლივერპული” “ჩელსის” მასპინძლობდა, სუარესმა ივანოვიჩს ხელზე უკბინა და 10 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო სასჯელად. სუარესი და ივანოვიჩი ერთმანეთს მას შემდეგ კიდევ ერთხელს შეხვდნენ და, საბედნიეროდ, ყველაფერი ნორმალურად დასრულდა.

“ბევრი რამ დაიწერა მას შემდეგ, რაც სუარესმა ხელზე მიკბინა, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს ყველაფერი ვაპატიეთ. მაშინ, მან მე მატჩის დასრულების შემდეგ მალევე დამირეკა, ის დაინტერესდა ჩემი ტრავმით. ამით მან ჩემი პატიება დაიმსახურა, ახლა კი ყველაფერი ნორმალურადაა”, – ივანოვიჩის სიტყვებს Blic-ი ციტირებს.

მოურინიომ ტორესის გოლი ემოციურად აღნიშნა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერლიგის IX ტურის ცენტრალური მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე“ შედგა, სადაც ლონდონის „ჩელსიმ“ „მანჩესტერ სიტი“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

გამარჯვების გოლი ფერნანდო ტორესმა ბოლო წუთზე გაიტანა.

„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იმდენად გაახარა ამ გოლმა, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ხალხის მასებს შეერია და გამარჯვება ლონდონური კლუბის ქომაგებთან ერთად აღნიშნა.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

 

„ჩელსიმ“ „სიტი“ ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა

ინგლისის პრემიერლიგის IX ტურის ცენტრალური მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე“ შედგა, სადაც ლონდონის „ჩელსიმ“ „მანჩესტერ სიტი“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმის შემდეგ ლონფდონელები მინიმალური უპირატესობით იგებდნენ – 1:0. გოლი ანდრე შიურლემ 33-ე წუთზე გაიტანა. შეხვედრის 49-ე წუთზე სერხიო აგუერომ ანგარიში გაათანაბრა. მატჩის ბოლო წუთზე ფერნანდო ტორესმა „სიტის“ მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობით ისარგებლა და „ჩელსის“ საჭირო 3 ქულა მოუტანა – 2:1.

„ჩელსი“ სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას 20 ქულით იკავებს. რაც შეეხება „მანჩესტერ სიტის“, „ქალაქელებს“ აქტივში 16 ქულა დარჩათ და მეშვიდე პოზიციამდე დაქვეითდნენ.

პრემიერლიგა
IX ტური:
„ჩელსი“-„მანჩესტერ სიტი“ 2:1 (1:0)

გოლები: შიურლე 33′, ტორესი 90′ – აგუერო 49′.
გაფრთხილებები: ლამპარდი 22′, რამირესი 52′ – ზაბალეტა 27′, ნასტასიჩი 31′, ხავი გარსია 60′.
მთავარი მსაჯი: ჰოვარდ უები.

 

„ჩელსი“ vs „სიტი“ – სამი დუელი

ინგლისის პრემიერლიგის IX ტურის ცენტრალური მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე“ შედგება, სადაც ლონდონის „ჩელსი“ „მანჩესტერ სიტის“ მიიღებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მას გამოცდილი ინგლისელი არბიტრი ჰოვარდ უები განსჯის.

მატჩამდე გთავაზობთ იმ სამი მთავარი დუელის შესაძლო შედეგის განხილვას, რომლითაც შეხვედრის ბედი მნიშვნელოვნად უნდა განისაზღვროს.

დავიდ ლუისი vs სერხიო აგუერო

არგენტინელი თავდამსხმელი ძალიან კარგ ფორმაშია. აგუერო რეგულარულად თამაშობს და იტანს – 98 მატჩში 56 გოლი უბრალო შედეგი ნამდვილად არ არის. ბოლოს და ბოლოს, მან პრემიერლიგის 2011/12 წლების სეზონის უკანასკნელი მატჩის უკანასკნელ წამზე გატანილი გოლით „მანჩესტერ სიტის“ ჩემპიონის ტიტული მოუტანა. ახლა აგუერო უბრალოდ დაფრინავს მოედანზე. 173 სმ-ის სიმაღლის კაცი თავითაც კი იტანს – გასულ უქმეებზე პრემიერლიგაში თავით გატანილი პირველი გოლი აღნიშნა.

„სიტის“ ფორმალურ სქემაში – 4-2-3-1 – აგუერო სამ შემტევ ფეხბურთელთა შორის გადის, თუმცა ის არ თამაშობს, როგორც შემტევი ნახევარმცველი. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ მატჩში, რომელიც „სიტიმ“ მოსკოვის „ცეესკას“ წინააღმდეგ გამართა (2:1), აგუერო ძირითადად შეტევის პირველ ხაზში თამაშობდა, სადაც, როგორც წესი, ცენტრალური თავდამსხმელები მოქმედებენ. აი, ალვარო ნეგრედო კი – უფრო ხშირად იწევდა უკან. ალბათ, „ჩელსის“ დაცვის ცენტრის გამაგრებას დავიდ ლუისი შეეცდება. ბრაზილიელი სწრაფია, უფრო მობილურია, ვიდრე ჯონ ტერი და გარი კეჰილი. ამიტომ, ჩვენი ვარაუდით, სწორედ მას დაევალება აგუეროს განეიტრალება. თუ დავიდ ლუისი არგენტინელ ფეხბურთელს შესაძლებლობებს მაქსიმალურად შეუზღუდავს, მაშინ „ჩელსის“ შანსები, არ გაუშვას გოლი, მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ფრენკ ლამპარდი vs იაია ტურე

მიმდინარე სეზონის დასაწყისში სპილოს ძვლის კუნძულელი ნახევარმცველი ფანტასტიურ ფეხბურთს გვიჩვენებს. საოცარი ფიზიკური სიძლიერე, ბრძოლისუნარიანობა, ტექნიკა, შეტევის დაწყება, განვითარება და დაგვირგვინება – ამაზე მეტი დადებითი თვისებით პრემიერლიგის არცერთი ნახევარმცველი არ არის მომადლებული. აფრიკელი ფეხბურთელი საჯარიმო დარტყმებსაც შესანიშნავად ასრულებს. ერთი სიტყვით, ის ნამდვილი მანაქანაა, რომელსაც მებრძოლი სპილოს დაუღალავი ძალა აქვს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალგაზრდა შემტევ ნახევარმცველ ოსკარს ტურეს განეიტრალება დაევალოს, ობი მიკელი და რამირესი კი, ალბათ, უფრო ცენტრალურ მცველებს დაეხმარებიან. ესე იგი, ტურეს ბრძოლა ფრენკ ლამპარდის წინააღმდეგ მოუწევს. ლამპარდმა სამაშაბათს გამართულ საჩემპიონთალიგო მატჩში სრულად კი ითამაშა, მაგრამ ჟოზე მოურინიო, სავარაუდოდ, მას დღესაც დააყენებს ძირითად შემადგენლობაში. ვნახოთ, რამდენად შეძლებს დიადი ლამპარდი შესანიშნავ ფორმაში მყოფი ტურეს შეჩერებას.

ბრანისლავ ივანოვიჩი vs დავიდ სილვა

ესპანელი ჯადოქარი, რომელმაც სეზონის სასტარტო რამდენიმე მატჩი გამოტოვა, იბრუნებს ფორმას და კვლავ ხდება „სიტისთვის“ მნიშვნელოვანი ფიგურა. „ის მოედანზე ხედავს და აკეთებს ისეთ რაღაცებს, რასაც პრემიერლიგაში სხვა ვერავინ აკეთებს. ის იბრუნებს ფორმას და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია „ქალაქელებისთვის“, – განაცხადა „ბიბისის“ ექსპერტმა მარკ ლოურენსონმა. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს: მატჩის მიმდინარეობისას დავიდ სილვა საშუალოდ ოთხჯერ აკეთებს სახიფათო გადაცემას.

დავიდ სილვა თუნდაც მარცხენა ფლანგზე დააყენონ, მაინც მუდმივ მოძრაობაშია, მოქმედებს შეტევითი ფრონტის მთელ ხაზზე. ეშლი კოული მოედანს უბრუნდება, თუმცა დავიდ სილვას განეიტრალება, ალბათ, მაინც ბრანისლავ ივანოვიჩს დაევალება. სერბმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელი მატჩში, რომელიც „ჩელსიმ“ „შალკეს“ წინააღმდეგ გამართა, დაცვის მარცხენა ფლანგზე ითამაშა. ასე რომ, არ არის გამორიცხული, ის დღესაც მარცხენაფლანგელ მცველად მოგვევლინოს. ივანოვიჩი სწრაფია, მობილურია, ზომიერად უხეშია და სილვასთან ორთაბრძოლაში დროულად შესვლა შეუძლია. თუ მას ესპანელის განეიტრალება გამოუვა, „სიტის“ შეტევითი პოტენციალი მნიშვნელოვნად შესუსტდება.

ბექა დოგრაშვილი