პელეგრინი: „მნიშვნელოვანია წლის სატურნირო ცხრილის სათავეში დასრულება“

ინგლისის პრემიერლიგის XVIII ტურის ცენტრალური მატჩი „ეტიჰადზე“ შედგა, სადაც „მანჩესტერ სიტიმ“ „ლივერპული“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ამ დროისთვის „ქალაქელები“ გათამაშების სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებენ და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან ლიდერ „არსენალს“. მერსისაიდული გუნდის დამარცხების შემდეგ „სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ თავისი ფეხბურთელების მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„მთავარია, რომ ჩვენი ხასიათი გამოვავლინეთ და გამარჯვებით დავასრულეთ მატჩი, რომელსაც ანგარიშით 0:1 ვაგებდით. სანამ „ლივერპული“ ანგარიშს გახსნიდა, ჩვენ გოლის გატანის სამი შანსი გვქონდა, თუმცა პირველებმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა გაიტანეს. ამის შემდეგ რთული იყო შეტევების გაგრძელება, რადგან „ლივერპულის“ კონტრშეტევები ჩვენთვის დიდ ხიფათს წარმოადგენდა, თანაც მერსისაიდელებს ეს კარგად გამოსდით. ვფიქრობ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება მიმდინარე წლის სატურნირო ცხრილის სათავეში დასრულება“, – პელეგრინის სიტყვები BT Sport-მა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ბრენდან როჯერსი: „ვამაყობ ჩემი გუნდით“

ინგლისის პრემიერლიგის XVIII ტურის ცენტრალური მატჩი „ეტიჰადზე“ შედგა, სადაც „მანჩესტერ სიტის“ „ლივერპული“ ეწვია. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. ანგარიში 24-ე წუთზე ფილიპე კოუტინიომ გახსნა, 31-ე წუთზე ვენსან კომპანიმ გაათანაბრა, ტაიმის ბოლო წუთზე კი ალვარო ნეგრედომ „ქალაქელები“ დააწინაურა და მატჩის საბოლოო წერტილიც დააფიქსირა – 2:1.

მარცხის მიუხედავად, მატჩის შემდეგ მერსისაიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა თავისი ფეხბურთელები შეაქო.

„ჩემი გუნდით ვამაყობ. მეტად ქარიზმატული ფეხბურთი ვაჩვენეთ. „ლივერპულმა“ მშვენიერი გოლი გაიტანა და კიდევ სამჯერ შეეძლო ამის გაკეთება. სამწუხაროდ, დავმარცხდით, მაგრამ გუნდმა შესანიშნავი თამაში აჩვენა, რაც დადებით განწყობას გვიქმნის“, – აღნიშნა მერსისაიდელთა დამრიგებელმა.

სხვათა შორის, ბრიტანულ პრესაში ხმა დაირხა, „ლივერპულის“ ხელმძღვანელობა როჯერსს ახალ კონტრაქტს უმზადებსო. მოქმედი ხელშეკრულება, რომელიც 2012 წლის ზაფხულში გაფორმდა, თვრამეტ თვეში იწურება. თავად როჯერსმაც რამდენჯერმე განაცხადა, რომ „ენფილდზე“ დარჩენის სურვილი აქვს.

ბექა დოგრაშვილი

სუარესმა „ლივერპულთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა

„ლივერპულის“ თავდამსხმელმა ლუის სუარესმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ურუგვაელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მერსისაიდულ გუნდში თამაშით ამაყი და ბედნიერია.

„ბედნიერი ვარ, რომ „ლივერპულთან“ ახალი კონტრაქტი გავაფორმე და ჩემი გრძელვადიანი მომავალი „ენფილდს“ დავუკავშირე.

ჩვენს გუნდში ბევრი მაღალი დონის მოთამაშეა, ვიზრდებით და თამაშს ვაუმჯობესებთ. მჯერა, რომ შემიძლია, „ლივერპულს“ დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარო, ტიტულები მოვიგო და გუნდთან ერთად უმაღლეს დონეზე ვითამაშო.

ეჭვგარეშეა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებაში უდიდესი როლი შეასრულა ქომაგთა მხარდაჭერამ. ვამაყობ, რომ მე მათ წარმოვადგენ. ჩვენ ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. მე მათ ვუყვარვარ და მე ისინი მიყვარს. მათთვის ყველაფერს გავიღებ და იმედი მაქვს, ერთად მივაღწევთ წარმატებებს“, – სუარესის სიტყვები „ლივერპულის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

რა ხნით გახანგრძლივდა კონტრაქტი, ჯერჯერობით არ კონკრეტდება.

ბექა დოგრაშვილი

ქეცბაიას კონტრაქტთან დაკავშირებით სფფ-მ განცხადება გაავრცელა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის – თემურ ქეცბაიასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის არსებული ხელშეკრულების პირობები, უკანასკნელი დღეების განმავლობაში საზოგადოებისა და მედიის განსჯის საგნად იქცა.

ვინაიდან, ხელშეკრულების ვადებმა გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია, საჭიროდ მივიჩნიეთ გავაკეთოთ განმარტება და ყველა დაინტერესებული პირისათვის გასაგები გავხადოთ კონტრაქტის სადაო პუნქტები.

თემურ ქეცბაიას და სფფ-ის მოქმედი ხელშეკრულება 2011 წლის 12 სექტემბრიდან 2015 წლის 12 სექტემბრამდე აკავშირებს. რაც გულისხმობს მწვრთნელის მუშაობის 4 წელს.

რაც შეეხება აქამდე გავრცელებულ ინფორმაციას – ხელშეკრულების 2+2 წლიანი ვარიანტის შესახებ, ის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან განმარტებული იყო არა როგორც ხელშეკრულების პირობა, არამედ, როგორც ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის სამუშაო გეგმა.

აქვე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურიდიული სამსახური ოფიციალურად განმარტავს: „კონტრაქტის გაფორმების დღიდან  – დღემდე, მასში აღნიშნული ვადები  უცვლელია და არანაირი ახალი კონტრაქტი ან რაიმე სახის შეთანხმება თემურ ქეცბაიასთან არ გაფორმებულა. კონტრაქტი 4 წლიანია და გრძელდება 2015 წლის 12 სექტემბრამდე“.

სფფ-ის პრესსამსახური

ფეხბურთელთა კონტრაქტების ყველაზე საინტერესო პუნქტები

რატომ არ სურდა არუნა კონეს „ლევანტეს“ რიგებში გოლების გატანა? რამდენი გოლია საჭირო იმისთვის, რომ პრემიის სახით იახტა მიიღოთ? რა ღირს 20 წუთით ჩემბერლენის მოედანზე ყოფნა? Fanebi.Com-ი წარმოგიდგენთ ფეხბურთელთა კონტრაქტების ყველაზე საინტერესო პუნქტებს.


ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი („არსენალი“ და „საუთჰემპტონი“)
„საუთჰემპტონმა“ „არსენალს“ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი 17 წლის ასაკში 12 მილიონ ფუნტად მიჰყიდა, თან კონტრაქტში ერთი საინტერესო პუნქტი ჩაწერა: თითოეული მატჩისთვის, რომელშიც ოქსლეიდ-ჩემბერლენი 20 წუთზე მეტ ხანს ითამაშებდა, „არსენალის“ ხელმძღვანელობას „წმინდანებისთვის“ დამატებით 10 ათასი ფუნტი უნდა გადაეხადა. ცბიერ არსენ ვენგერს ეკონომიის გაკეთება არასდროს ეშლებოდა. ფეხბურთის ფრანგ სპეციალისტს ოქსლეიდ-ჩემბერლენი მოედანზე 70-ე წუთის შემდეგ შეჰყავდა და კლუბიდან ფინანსების ამ გზით გადინებას ხელს უშლიდა.


მარკინოსი („რომა“ და „კორინთიანსი“)
დედაქალაქურმა კლუბმა პერსპექტიული ბრაზილიელი მცველი იჯარით აიყვანა. 18 წლის ფეხბურთელის იჯარა „რომას“ მხოლოდ 1,5 მილიონი ევრო დაუჯდა. „კორინთიანსისა“ და „რომას“ ხელშეკრულებაში ფეხბურთელის ავტომატური წესით გამოსყიდვის პირობაც ჩაიდო. თუ მარკინოსი „რომას“ რიგებში 8 მატჩში (ან მეტში) 45 წუთზე მეტ ხანს ითამაშებდა, „მგლები“ დამატებით 3 მილიონ ევროს გადაიხდიდნენ და მარკინოსს დაიტოვებდნენ. ფეხბურთელმა იტალიური კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და შეთანხმებით გათვალისწინებული მატჩების რაოდენობა ჩემპიონატის პირველივე წრეში ჩაატარა. ამრიგად, „რომამ“ მარკინოსი მხოლოდ 4,5 მილიონ ევროდ ჩაიგდო ხელში, თვითონ კი ფეხბურთელის სანაცვლოდ „პარი სენ-ჟერმენს“ 30 მილიონ ევროზე მეტი გადაახდევინეს.


კარლოს ტევესი („იუვენტუსი“ და „მანჩესტერ სიტი“)
კარლოს ტევესი „იუვენტუსში“ 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და გუნდისთვის სარგებლიანობის მოტანა მაშინვე დაიწყო. ფეხბურთელს, რომელიც კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა, მეორე სუნთქვა გაეხსნა. ინგლისური კლუბის ხელმძღვანელებმა ივარაუდეს, რომ ტევესი „იუვენტუსს“ დიდ წარმატებებს მოუტანს და გადაწყვიტეს კონტრაქტში პუნქტი ჩაეწერათ, რომლის მიხედვითაც, თუ ტევესი „ბიანკონერის“ რიგებში ჩემპიონთა ლიგის თასს მოიგებს, ტურინელები „ქალაქელებს“ დამატებით 4 მილიონ ევროს გადაუხდიან.


ალბერტო აკვილანი („ლივერპული“ და „მილანი“)
ალბერტო აკვილანი „ლივერპულში“ ნისლიანი ალბიონის დასაპყრობად წავიდა, თუმცა მერსისაიდული გუნდის ხელმძღვანელებზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა და იტალიაში იჯარის წესით დააბრუნეს. „ლივერპულის“ ბოსებმა ფეხბურთელის სწრაფადვე მოშორება
გადაწყვიტეს და კონტრაქტში ავტომატურად გამოსყიდვის პუნქტი ჩაწერეს. ამისთვის აკვილანის სერია А-ს იმ სეზონში 25 მატჩი უნდა ჩაეტარებინა. „მილანში“ უკვე იმ დროს იყო ფინანსური კრიზისი და ტრანსფერების განხორციელებისთვისაც არ იყო საკმარისი თანხა. ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე იტალიელებს გაახსენდათ „ლივერპულის“ მიერ ჩაწერილი დამატებითი პუნქტი და აკვილანის სათადარიგოთა სკამზე მიუჩინეს ადგილი, აქაოდა, 25 მატჩი არ მოუგროვდესო.


ანდრეი შევჩენკო („მილანი“)
კარიერის პიკზე მყოფ ანდრეი შევჩენკოს სილვიო ბერლუსკონი შეპირდა, თუ სეზონში 25 გოლს გაიტან, იახტას გაჩუქებო. იმ სეზონში ანდრეის 25 გოლამდე მხოლოდ ერთი ბურთი დააკლდა. ბერლუსკონიმ იფიქრა, საცოდაობა არის ამის უსაჩუქროდ დატოვებაო და უკრაინელ თავდამსხმელს იახტა მაინც აჩუქა.


არუნა კონე („ლევანტე“ და „სევილია“)
ჰოლანდიური „პსვ“-დან „სევილიაში“ გადასულმა არუნა კონემ ესპანური კლუბის ხელმძღვანელობაზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. კონტრაქტის ბოლო წელს კონე იჯარის წესით „ლევანტეში“ გაასხვისეს. არავინ მოელოდა, მაგრამ კონემ გოლის გოლზე გატანა დაიწყო. კომიკური სიტუაცია იმაში მდგომარეობს, რომ ფეხბურთელს „სევილიასთან“ კონტრაქტი ავტომატურად გაუგრძელდებოდა, თუ ის სეზონში 16 გოლზე მეტს გაიტანდა. კოტ დივუარელ ფეხბურთელს „სევილიაში“ დაბრუნება არ სურდა და მომენტებს სპეციალურად აფუჭებდა, დისკვალიფიკაციებსაც განზრახ იღებდა, რათა გოლების ოდენობა 16 ბურთს არ გადასცდენოდა და „სევილიასთან“ ხელშეკრულება ავტომატურად არ გაგრძელებულიყო.


გარეტ ბეილი („ტოტენჰემი“ და „საუთჰემპტონი“)
გარეტ ბეილის „საუთჰემპტონიდან“ „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ ტრანსფერის დროს, მხარეებმა კონტრაქტში შეიტანეს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ ლონდონური კლუბი ბეილს გაყიდდა, „წმინდანები“ ტრანსფერის ღირებულების 25 პროცენტს მიიღებდნენ, თუმცა მოგვიანებით „საუთჰემპტონს“ ფინანსურად გაუჭირდა და „ტოტენჰემიდან“ რომელიმე ფეხბურთელის გადმოსვლის სანაცვლოდ, ხელშეკრულებიდან ამ პუნქტის ამოღება გადაწყვიტა. „ტოტენჰემმა“ „საუთჰემპტონს“ მეკარე ტომი ფორკასტი მხოლოდ 50 ათას ფუნტად დაუთმო. 2013 წელს „დეზებმა“ ბეილი მადრიდის „რეალს“ 100 მილიონ ევროდ მიჰყიდეს. საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ „საუთჰემპტონს“ 25 მილიონი ფუნტის მიღება შეეძლო, თუმცა ხელში 50-ათასფუნტიანი მეკარე შერჩა.

ბექა დოგრაშვილი