ტევესმა „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტებს შორის თავისი ფავორიტი დაასახელა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კარლოს ტევესი თვლის, რომ „ოქროს ბურთი“ მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველ ფრანკ რიბერის უნდა გადაეცეს. არგენტინელი ფორვარდის თქმით, ამ ჯილდოს მოსაპოვებლად ბოლო პერიოდში მუდმივად ლეო მესი და კრიშტიანო რონალდუ იბრძვიან, თუმცა მიმდინარე წელს საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მოპოვება საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა დაიმსახურა.

„მესი და რონალდუ ყოველ წელს ებრძვიან ერთმანეთს ამ ჯილდოს მოსაპოვებლად, თუმცა რიბერიმ გასულ სეზონში ძალიან ბევრი რამ გაიღო თავისი კლუბისთვის, თან მუდმივად თამაშობდა. აქედან გამომდინარე, წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას მას მივანიჭებდი. ის ყველაზე მეტად იმსახურებს ამ ჯილდოს“, – განაცხადა ტევესმა რადიოსადგურ „ლა რედის“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალი 2014 წლის 13 იანვარს შედგება.

ბექა დოგრაშვილი

რონალდუ, მესი და სხვები უცხოპლანეტელებთან ბრძოლას იწყებენ

წარმოგიდგენთ Samsung Galaxy XI-ის ახალ სარეკლამო რგოლს, რომელშიც მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები იღებენ მონაწილეობას.

რობენი: „რონალდუ „ოქროს ბურთს“ რიბერიზე მეტად იმსახურებს“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველის არიენ რობენის აზრით, 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის „რეალის“ ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ უნდა დაასახელონ.

„არასდროს ვიფიქრებდი, რომ წლის 23 საუკეთესო მოთამაშეს შორის მეც ვიქნებოდი“, – განუცხადა რობენმა Voetbal International-თან საუბრისას.

„უკვე ტრადიციად იქცა, რომ „ოქროს ბურთის“ მთავარი კანდიდატები რონალდუ და მესი არიან. წელს მათ რიბერიც შეუერთდა“.

„იქედან გამომდინარე, რომ ეს ინდივიდუალური პრიზია, ვფიქრობ, იგი რონალდუს უნდა გადასცენ. კრიშტიანუ მას ნამდვილად იმსახურებს“, – აღნიშნა ჰოლანდიელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

კრიშტიანო რონალდუმ საკუთარი მუზეუმი გახსნა

პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდუმ მშობლიურ მადეირაში საკუთარი მუზეუმი გახსნა. აღნიშნული მუზეუმი პორტუგალიელი ფეხბურთელის კარიერას ეძღვნება და როგორც თავად რონალდუ ამბობს, ერთი ოთახი საგანგებოდ არის განკუთვნილი მეორე „ოქროს ბურთისთვის“. როგორც მოგეხსენებათ, კრიშტიანოს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი „ოქროს ბურთი“ აქვს, რომელიც 2008 წელს, „მანჩეტერ იუნაიტედში“ ასპარეზობის პერიოდში მოიგო.

„ჩემთვის დიდი პატივია მშობლიურ ფუნშალში საკუთარი მუზეუმის გახსნა. ძალზედ ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ“, – რონალდუმ ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

ბექა დოგრაშვილი

ბენტუ: „უსამართლო იქნება, თუ რონალდუ „ოქროს ბურთს“ ვერ მოიგებს“

პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი პაულუ ბენტუ დარწმუნებულია, რომ 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელად მის თანამემამულე კრიშტიანუ რონალდუს დაასახელებენ.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ მოგების შანსი მადრიდის „რეალის“ ლიდერის გარდა, ასევე ლიონელ მესისა და ფრანკ რიბერის აქვთ.

„უსამართლო იქნება, თუ კრიშტიანუ რონალდუს „ოქროს ბურთს“ არ გადასცემენ. მან ეს ტიტული ჯერ კიდევ მაშინ დაიმსახურა, როდესაც „რეალთან“ ერთად 2011/2012 წლების ლა ლიგის გათამაშება მოიგო. ნებისმიერ შემთხვევაში, თავისი სამუშაო მან უკვე შეასრულა და საკუთარი შესაძლებლობები ყველას გვიჩვენა. მხოლოდ ის დაგვრჩა, რომ დაჯილდოვების ცერემონიალს ველოდოთ“, – განაცხადა ბენტუმ.

„პორტუგალიელი ხალხი კრიშტიანუს არასდროს გადაიყვარებს. იგი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი და თავისი საქმის პროფესიონალია“, – დაასრულა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

რონალდუმ საკუთარი სოციალური ქსელი გახსნა

მადრიდის „რეალის“ ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ ხუთშაბათს საკუთარი სოციალური ქსელის Viva Ronaldo-ს პრეზენტაცია გამართა.

Viva Ronaldo – ინგლისურენოვანი ინტერაქტიული საიტია, რომელზეც პორტუგალიელი ფეხბურთელის თაყვანისმცემლებს საყვარელ მოთამაშეზე სხვადასხვა ინფორმაციის გაზიარების საშუალება ექნებათ.

გარდა ამისა, აღნიშნულ საიტზე კრიშტიანუს მონაწილეობით მიმდინარე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟის ნახვაც იქნება შესაძლებელი. საიტი მომხმარებლებს საინტერესო კონკურსებსაც შესთავაზებს, რომელთა მოგების შემდეგ გულშემატკივრები რონალდუს ავტოგრაფს, მაისურებსა და შეხვედრებზე დასასწრებ ბილეთებს მიიღებენ.

საიტის მთავარი სერვისი კი პირადად პორტუგალიელისთვის შეტყობინების გაგზავნაა.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში სამი კანდიდატი დარჩა

„ოქროს ბურთისთვის“ მებრძოლ ფეხბურთელთაგან სამი კანდიდატი დარჩა: მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ, „ბარსელონას“ ფორვარდი ლეო მესი და მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი. გამარჯვებულის ვინაობა 2014 წლის 13 იანვარს, ციურიხში გასამართ დაჯილდოების ცერემონიალზე გახდება ცნობილი.

შეგახსენებეთ, რომ თავდაპირველად „ოქროს ბურთისთვის“ მებრძოლ ფეხბურთელთა 23-კაციანი სია გამოაქვეყნეს. დარჩენილ სამ კანდიდატს შორის გამარჯვებული ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, კაპიტნებისა და ჟურნალისტების გამოკითხვის მეშვეობით შეირჩევა.

რიბერის „ოქროს ბურთი“ კარიერის განმავლობაში ჯერ არ მოუგია; რონალდუმ ეს ჯილდო 2008 წელს დაისაკუთრა; რაც შეეხება მესის, არგენტინელი ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელიც პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელად მიჯრით ოთხჯერ გამოაცხადეს – 2009, 2010, 2011 და 2012 წლებში.

ბექა დოგრაშვილი

რონალდუ: „კატასტროფა არ იქნება, თუ „ოქროს ბურთს“ ვერ მოვიგებ“

მადრიდის „რეალის“ ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იგი „ოქროს ბურთს“ ვერ მოიგებს, მისთვის ეს კატასტროფა არ იქნება.

„ეს ტიტული მოთამაშის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის. დიახ, ბევრი ფეხბურთელისთვის მას დიდი მნიშვნელობა აქვს, რისი არ მესმის. ეს ხომ ინდივიდუალური პრიზია. რა თქმა უნდა, მესიამოვნება, თუ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელებენ, მაგრამ, წინაამღდეგ შემთხვევაში, თავის მოკვლას არ ვაპირებ. არის არაერთი დიდებული მოთამაშე, რომელსაც „ოქროს ბურთი“ მოგებული არ აქვს“, – განაცხადა პორტუგალიელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლეონარდო: „პსჟ“ კრიშტიანო რონალდუს გადმოსაყვანად ყველაფერს აკეთებდა“

„პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილი სპორტული დირექტორი ლეონარდო გამოტყდა, რომ პარიზული კლუბი მართლაც ცდილობდა მადრიდის „რეალიდან“ კრიშტიანო რონალდუს გადმობირებას.

„რონალდუს ტრანსფერზე ვფიქრობდით და მის გადმოსაყვანად ყველაფერს ვაკეთებდით, თუმცა თავად მას არ სურდა ეს. კრიშტიანომ გვითხრა, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ მშვენიერი კლუბია, თუმცა მისი გული „რეალს“ ეკუთვნის“, – ლეონარდოს სიტყვებს ფრანგული „ტელეფუტი“ ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში რონალდუმ 14 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 17 გოლი და გააკეთა ოთხი საგოლე გადაცემა.

ბექა დოგრაშვილი

რონალდუმ ვარჯიში დაიწყო

ხუთშაბათს მადრიდის „რეალმა“ ხატივას „ოლიმპიკთან“ ესპანეთის თასის მატჩამდე ბოლოს ივარჯიშა.

თანაგუნდელებს აღნიშნულ ვარჯიშზე პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ შეუერთდა, რომელიც აქამდე რამდენიმე დღის განმავლობაში ისვენებდა.

„ოლიმპიკთან“ მატჩში „ბლანკოსის“ ლიდერი ნამდვილად არ ითამაშებს, რადგან მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ესპანეთის თასის გასული სეზონის ფინალურ მატჩში წითელი ბარათის მიღებისთვის იგი დისკვალიფიცირებულია.

ალექსანდრე მატევოსოვი

ნოემბრის სიმბოლური ნაკრები

ევროპის სპორტულ გამოცემათა ასოციაციამ (ESM) ტრადიციული თვის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელიც კონტინენტის ეროვნული ჩემპიონატების შედეგებით დაკომპლექტდა.

ტრადიციულ გამოკითხვაში ევროპის წამყვანი სპორტული გამოცემები მონაწილეობენ. სწორედ მათ მიერ მინიჭებული ქულებით კომპლექტდება თვის სიმბოლური ნაკრები.

ნოემბრის თვის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

მეკარე: ენიამა („ლილი“, 3 ხმა);
მცველები: ლამი („ბაიერნი“, 6 ხმა), დანტე („ბაიერნი“, 6 ხმა), ფილიპე ლუისი (ატლეტიკო“, 4 ხმა), სახო („ლივერპული“, 3 ხმა);
ნახევარმცველები: რემსი („არსენალი“, 5 ხმა), პოგბა („იუვენტუსი“, 4 ხმა), ვიდალი („იუვენტუსი“, 4 ხმა);
თავდამსხმელები: კრიშტიანო რონალდუ („რეალი“, 12 ხმა), იბრაჰიმოვიჩი („პსჟ“, 10 ხმა), აგუერო („მანჩესტერ სიტი“, 6 ხმა).

აღსანიშნავია, რომ კრიშტიანო რონალდუ აღნიშნულ გუნდში  ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც 12-ივე გამოცემამ მისცა ხმა. დასახელებულ მოთამაშეთა გარდა, ევროპის სპორტულ გამოცემათა ასოციაციისგან (ESM) ხმები მიიღეს:

მეკარეები: ბუფონი („იუვენტუსი“), კურტუა („ატლეტიკო“), კრული („ნიუკასლი“), შჩესნი („არსენალი“);
მცველები: ბარძალი, ბონუჩი (ორივე „იუვენტუსი“) ბენატია („რომა“), ემრე ჯანი („ლევერკუზენი“), სრნა („შახტარი“), მერტეზაკერი, გიბსი (ორივე „არსენალი“) , კომპანი, კლიში (ორივე „მანჩესტერ სიტი“), პეპე , არბელოა (ორივე „რეალი“), ჰუმელსი („დორტმუნდი“), ბოატენგი („ბაიერნი“), დებიუში („ნიუკასლი“), კიერი („ლილი“), დე სილვესტრი („სამპდორია“), ტიაგო სილვა, ვან დერ ვილი (ორივე „პსჟ“);
ნახევარმცველები: რაულ გარსია („ატლეტიკო“), იოზილი („არსენალი“), ჩაბი ალონსო, ბეილი (ორივე „რეალი“), რობენი, გიოტცე (ორივე  „ბაიერნი“), სალაჰი („ბაზელი“), დე როსი („რომა“), ნური შაჰინი („დორტმუნდი“), რუნი („მანჩესტერ იუნაიტედი“), უილშირი („არსენალი“), ლამპარდი („ჩელსი“), გრიზმანი („სოსიედადი“), მატუიდი („პსჟ“);
თავდამსხმელები: მიტროღლუ („ოლიმპიაკოსი“), დიეგო კოსტა („ატლეტიკო“), ალექსის სანჩესი (“ბარსელონა“), ჟირუ („არსენალი“).

ბექა დოგრაშვილი

რონალდოს ვარაუდი, თუ ვინ მოიგებს „ოქროს ბურთს“

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ „ოქროს ბურთის“ კანდიდატებს შორის თავისი ფავორიტი დაასახელა. ფეხბურთის სპეციალისტები სამ მთავარ კანდიდატს გამოყოფენ – მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ, „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი და მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი.

„ვფიქრობ, „ოქროს ბურთს“ კვლავ მესი მოიგებს.

მესიმ გასულ ხუთ წელიწადში საკმაოდ ბევრი მატჩი ჩაატარა და მსოფლიო ფეხბურთის უდიდეს ვარსკვლავად იქცა. მისი ტრავმა სერიოზული არ არის და დასვენებით ბატარეების შევსება შეუძლია“, – რონალდოს სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

თავად რონალდოს „ოქროს ბურთი“ კარიერაში ორჯერ აქვს მოგებული – 1997 და 2002 წლებში.

ბექა დოგრაშვილი