დიდიე დეშამი და სოციალური ქსელები

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა განაცხადა, რომ ფეხბურთელთა მხრიდან სოციალური ქსელის მოხმარებას ლიბერალურად უყურებს, თუმცა ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი იქვე დასძენს, მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას გუნდის წევრების მიერ ქსელის ხშირ გამოყენებას არ დავუშვებო.

„ჯერ არ იციან, რა წესებით ვიმოქმედებთ ბრაზილიაში. ყველაფერს მე განვსაზღვრავ. სოციალური ქსელები თითოეული ადამიანის პირადი თავისუფლების ნაწილია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს. ქსელში შეიძლება ვინმეს მიესალმო, გამოემშვიდობო, ეს კარგია და არ მაღელვებს, თუმცა არ დავუშვებ არაფრისმომცემ მიმოწერას, რაც გუნდის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ეს იქნება უპირველესი წესი“, – დეშამის სიტყვებს L’Equipe-ი აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად შვეიცარიის, ეკვადორისა და ჰონდურასის ნაკრებები ჰყავს. მუნდიალის დაწყებამდე 23 დღე დარჩა.

ბექა დოგრაშვილი

დეშამი ნასრის გელფრენდს სასამართლოში უჩივის

ფრანგული გამოცემა L’Equipe-ი იუწყება, რომ საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველ სამირ ნასრის გელფრენდის წინააღმდეგ პარიზის უზენაეს სასამართლოს მიმართა.

შეგახსენებთ, რომ დეშამმა მიმდინარე კვირაში საფრანგეთის ნაკრების სამუნდიალო განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც ნასრი ვერ მოხვდა. ამ ფაქტმა ფეხბურთელის პარტნიორის, ანარა ატანესის აღშფოთება გამოიწვია. ბრიტანელმა მოდელმა სოციალურ ქსელში დეშამის შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა. მომდევნო დღეს ატანესმა კი მოიბოდიშა, თუმცა, როგორც ჩანს, ფრანგთა დამრიგებელმა ბოდიში არ მიიღო.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ დეშამის მხარდამჭერი სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც დაგმობილია ნასრის გელფრენდის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება.

ბექა დოგრაშვილი

დეშამმა ახსნა, რატომ არ შეიყვანა ნასრი სამუნდიალო განაცხადში

როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისათვის 23-კაციანი განაცხადი წარადგინა, რომელშიც ვერ მოხვდა „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი სამირ ნასრი. „მამალთა“ დამრიგებელმა მოგვიანებით ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა.

„ნასრი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ის არ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რაც საფრანგეთის ნაკრებში სათამაშოდ არის საჭირო. მას არ მოსწონს, როცა ცვლიან და ამას ღიად გამოხატავს, რაც ნეგატიურად აისახება გუნდის ატმოსფეროზე. ჩვენ ფეხბურთელებს ვაფასებთ არამხოლოდ პროფესიული თვალსაზრისით, არამედ პიროვნული თვისებებითაც. დამიჯერეთ, ეს განაცხადი სამ დღეში არ შემიდგენია“, – დეშამის სიტყვებს „ტუტომერკატო“ ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

დეშამმა მუნდიალისთვის საფრანგეთის ნაკრების განაცხადი წარადგინა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისათვის 23-კაციანი განაცხადი წარადგინა.

აღსანიშნავია, რომ ფრანგთა თავკაცმა განაცხადში “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი სამირ ნასრი არ შეიყვანა.

მეკარეები: მიქაელ ლანდრო, უგო ლორისი, სტივ მანდანდა.

მცველები: მეტიუ დებუში, ლიუკა დინი, პატრის ევრა, ლორენ კოშელნი, ელიაქიმ მანგალა, ბაკარი სანია, მამადუ სახო, რაფაელ ვარანი.

ნახევარმცველები: იოან კაბაიე, კლემენ გრენიე, ბლეზ მატუიდი, რიო მავუბა, პოლ პოგბა, მუსა სისოკო, მეტიუ ვალბუენა.

თავდამსხმელები: კარიმ ბენზემა, ოლივიე ჟირუ, ენტონი გრიზმანი, ლოიკ რემი, ფრენკ რიბერი.

მენეზი: „არამგონია, მუნდიალზე მოვხვდე“

„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი ჟერემი მენეზი ეჭვობს, რომ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი მას მსოფლიოს ჩემპიონატზე არ გამოიძახებს.

„ვითამაშებ თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატზე? არამგონია, ჩემი დონე ასეთი ტურნირისთვის შესაფერისი იყო. თანაც, კლუბში თამაში ხშირად არ მიწევ, რის გამოც შემადგენლობაში მოხვედრის პრობლემა მექნება. შესაბამისად, მუნდიალზე გამგზავრება გამიჭირდება“, – განაცხადა მენეზმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

დეშამი: „საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ამბიციური უნდა იყოს“

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა განაცადა, რომ მისი გუნდი ეცდება, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს. ფრანგი სპეციალისტის თქმით, „მამლებმა“ 2010 წელს გამართულ მუნდიალზე განცდილი წარუმატებლობა უნდა დაივიწყონ.

„საფრანგეთის ნაკრები ამბიციური უნდა იყოს. ბრაზილიაში მივდივართ სურვილით, რომ ტურნირზე მაქსიმალურად მაღალი შედეგი ვაჩვენოთ. მეხსიერებიდან ვერავინ წაშლის იმას, რაც 2010 წელს მოხდა. ეს ისტორიად დარჩება, მაგრამ არ უნდა გავიხსენოთ. მთავარი ისაა, რაც წინ გველის: მსოფლიოს ჩემპიონატი და ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ჩვენს კედლებში გაიმართება. გულშემატკივრები მხარს გვიჭერენ. პრესაში ყველაფერი შეიძლება დაიწეროს, თუმცა მე ჩემი ფეხბურთელების მჯერა“, – დეშამის სიტყვები ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთთან ერთად Е ჯგუფში შვეიცარიის, ეკვადორისა და ჰონდურასის ნაკრებები მოხვდნენ.

ბექა დოგრაშვილი

დეშამი: “ოქროს ბურთი რიბერიმ უნდა მოიგოს”

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიდიე დეშამი აცხადებს, რომ 2013 წელს, ოქროს ბურთს მიუნხენის “ბაიერნის” ფრანგი ფეხბურთელი, ფრანკ რიბერი იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ რიბერიმ, გასულ სეზონში, “ბაიერნთან” ერთად ყველა ტიტული მოიგო.

“რა თქმა უნდა, ოქროს ბურთისათვის მხოლოდ საუკეთესოები იბრძვიან, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველაზე მეტად, მას ფრანკ რიბერი იმსახურებს. ის “ბაიერნის” ერთ-ერთი ლიდერია, რაც ყველაფერზე მეტყველებს”, – ამბობს დეშამი.

დიდიე დეშამი უკრაინის ნაკრების დამარცხებაში დარწმუნებულია – ინტერვიუ

ევროპის ზონიდან საფრანგეთისა და უკრაინის ნაკრებების ბრძოლა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის დიდ ინტერესს იწვევს. როგორც მოგეხსენებათ, პირველი მატჩი კიევში შედგა და ის მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა, რამაც „მამლები“ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ფრანგი გულშემატკივრების დიდ ნაწილს უკვე აღარ სჯერა, რომ მისი ქვეყნის ნაკრები უკრაინულ ბარიერს დაძლევს, თუმცა სხვა პოზიციაზეა დიდიე დეშამი. საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი სასურველი ანგარიშით გაიმარჯვებს და ბრაზილიის მუნდიალის საგზურს მოიპოვებს.

„ვეცდებით, სასურველ შედეგს მივაღწიოთ. პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად ვართ მზად. ვთვლი, რომ გამარჯვება შეგვიძლია“, – თქვა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დეშამმა.

– თუ მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით 2:0 დასრულდება, უკვე იცით, ვინ შეასრულებს თერთმეტმეტრიანებს?
– ჯერ არ ვიცი. თუ საქმე პენალტების სერიამდე მივა, დაარტყამს ის, ვინც იმ მომენტში იქნება მზად ამისთვის.

– რას ეტყოდით საფრანგეთის ნაკრების ქომაგებს?
– ვიცი, რომ მთელი სტადიონი ჩვენ გვიქომაგებს, თუმცა შედეგი მხოლოდ ფეხბურთელებზე იქნება დამოკიდებული და არა – გულშემატკივრებზე.

– პოსტიდან გათავისუფლებაზე თუ გიფიქრიათ?
–არა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. ამაში 1 პროცენტითაც არ მეპარება ეჭვი.

– ვარანი არის მზად იმისთვის, რომ უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ მატჩში სრულად ითამაშოს?
– ვფიქრობ, ის ფიზიკურად მზად არის, თუმცა ვერც იმას გამოვრიცხავს, რომ  მას მუხლთან დაკავშირებით შეიძლება გარკვეული სახის პრობლემები ჰქონდეს.

– რიბერის კიევში ორი-სამი ფეხბურთელი მეურვეობდა. ექნება მას პარიზში მეტი სივრცე?
– ვფიქრობ, მას აქაც ეყოლება რამდენიმე მეურვე. ასეთ მომნტში დანარჩენ ფეხბურთელებს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ისინი უფრო მეტად უნდა დაეხმარნონ ფრანკს.

– როგორც ფეხბურთელი, ისურვებდით ასეთ მატჩში მონაწილეობის მიღებას?
– დიახ, წინააღმდეგი არ ვიქნებოდი. ძალზედ საინტერესო დაპირისპირებაა.

ცნობისთვის, მატჩი საფრანგეთისა და უკრაინის ნაკრებებს შორის 20 ნოემბერს, ჩვენი დროით 00:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

მოედანზე შეჭრილი გულშემატკივარი ლორიას ჩაეხუტა

საქართველოსა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთა შორის „დინამო არენაზე“ გამართული მატჩის (0:0) მიმდინარეობისას მოედანზე ახალგაზრდა გულშემატკივარი შეიჭრა, რომელიც გიორგი ლორიას ჩაეხუტა და მოედანი თავისივე ნებით დატოვა.

გთავაზობთ აღნიშნული ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

 

დეშამის 11 პრობლემა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა გუშინ, თბილისში დაფიქსირებული შედეგის (0:0) გამო სინანული გამოხატა და ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ ვერ იტანს კარიმ ბენზემა გოლს 20 საათის განმავლობაში, ფეხბურთის  ფრანგმა სპეციალისტმა უპასუხა, რომ პრობლემა „მამლების“ მე-10 ნომერში არ მდგომარეობს.

„პრობლემა ბენზემა კი არა, ის არის, რომ ყოველი მატჩის წინ 11 ფეხბურთელი უნდა შევარჩიო. ბენზემა მარტო არ თამაშობს, ბევრი რამ არის დამოკიდებული მოედანზე მის გვერდით მყოფ მოთამაშეებზეც. მე მათ სიტუაციის განხილვა შევთავაზე. ბენზემა და ჟირუ ერთად ცუდად არ გამოიყურებიან, მაგრამ აღნიშნული ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში  4-4-2 სქემით არ თამაშობენ, ამიტომ ამ ყველაფერს დრო დასჭირდება“, – ამბობს საფრანგეთის ნაკრების თავკაცი.

„ვერ ვიტყოდი, რომ საფრანგეთის ნაკრებს ახლა ყველაზე ცუდი გუნდი ჰყავს. თაობებს არ ვადარებ. ეს ფეხბურთელები კლუბებში გოლებს იტანენ, თუმცა ამას ნაკრებში ვერ ახერხებენ. პრობლემები უნდა გადავჭრათ, თუმცა სასწაულმოქმედი წამალი არ მაქვს. ესპანეთის ნაკრებს თბილისში უფრო ნაკლები შესაძლებლობა მიეცა, თუმცა მათ 86-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მაინც გაიმარჯვეს. ჩემს გუნდს ეფექტურობის გაუმჯობესება მართებს“, – განაცხადა დეშამმა.

ბექა დოგრაშვილი

თემურ ქეცბაია: „დღევანდელი მატჩი მხოლოდ ნახევარი საქმეა“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის I ჯგუფში საქართველოსა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთა შორის „დინამო არენაზე“ გამართული მატჩის (0:0) შემდეგ „ჯვაროსანთა“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ მისი გუნდით ამაყობს, თუმცა სტადიონზე უფრო მეტი ქომაგი უნდა მოსულიყო.

– შეაფასეთ დღევანდელი მატჩი.
– პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ვამაყობ, როგორც მწვრთნელი და ალბათ, მთელი საქართველო ამაყობს იმით, რომ ასეთი თამაში ჩაატარა საქართველოს ნაკრებმა ქართული ფეხბურთისთვის ასეთ რთულ პერიოდში. იქნებ, ბოლოს და ბოლოს რაღაც გამოვიდეს. საფრანგეთის ნაკრები არის გუნდი, რომელიც ასეთი დონის ვარსკვლავებით არის დაკომპლექტებული და მათ დღეს არაფერი დავუთმეთ. იმ ხალხმა, ალბათ წააგო, ვინც დღეს სტადიონზე არ მოვიდა, თუმცა ეს ჩვენზეც არის დამოკიდებული. ჩვენ მათ ჩვენი ცუდი შედეგებით ხელი ვკარით. ეს მხოლოდ ნახევარი საქმეა და ის ბოლომდე რომ მივიყვანოთ, ამისთვის ფინეთის ნაკრები უნდა დავამარცხოთ. იმედია, მომდევნო მატჩზე მეტი ხალხი მოვა.

– ვის გამოარჩევდით და რა გახდა ამ შედეგის ძირითადი მიზეზი?
– ვინმეს გამორჩევა რთულია. მთელმა გუნდმა, შეცვლებზე შემოსულმა ფეხბურთელებმა წვლილი შეიტანეს და გულშემატკივრებს ეს საღამო აჩუქეს. არ მჩვევია მატჩის შემდეგ ცალკეული ფეხბურთელების გამორჩევა. გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, თავი არ დაზოგა და ამისთვის მადლობას ვიხდი. თუ ვიბრძოლებთ ბოლომდე, ჩვენსას მივაღწევთ. გუნდში ახალგაზრდა მოთამაშეები გვყავს და ერთ-ორ წელიწადში ისინი მეტს გააკეთებენ. ვფიქრობ, მომავალ შესარჩევ ეტაპზე მიზანს რეალურად შევხედავთ თვალებში.

– მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში გუნდმა ყველაზე ძლიერად ითამაშა, ამ პერიოდში გვქონდა მომენტებიც. შესვენებაზე ეს დაავალეთ გუნდს?
– ჩვენ მეტისმეტად დავაფასეთ საფრანგეთი. ბიჭებს ვუთხარი, რომ მეტი ძალით წინ წასულიყვნენ. მეორე ტაიმის დებიუტში გუნდმა კარგად ითამაშა, ხალხიც გვერდში დაგვიდგა. ასეთი დონის გუნდის დამარცხება ადვილი არ არის. სახლში უკეთ ვთამაშობთ. ძლიერ სპარინგ-პარტნიორს თუ არ სურს, მას ძალით ვერ ჩამოიყვან, არადა, შინ ასეთი მატჩების ჩატარება თავდაჯერებას შეგვმატებდა.

– საფრანგეთის ნაკრებისგან მეტს ველოდით. ეს ხომ არ იყო მათი მხრიდან ქართველთა დაუფასებლობა?
– ისე ამბობ, თითქოს გეწყინა ეს შედეგი. ამაზე რომ გიპასუხო, ვინანებ, ამიტომ არ გეტყვი.

– გასახდელში ჩაეხუტეთ თარგამაძეს?
– კი. იგონებენ, თითქოს ნაკრებში დაძაბულობაა. რომელ ჩიტს მოაქვს ეს ამბები? ეს რა ბოღმა ჩიტი ყოფილა?!

– როგორ მოახერხებთ ფინეთის ნაკრებისთვის გუნდის ისე გადაწყობას, რომ პირველ ნომრად ითამაშოთ. საქართველოს ნაკრებს იმ მატჩში გამარჯვება სჭირდება.
– უნდა გავიმარჯვოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პირველივე წუთებიდან ხუთი თავდამსხმელი უნდა დავაყენოთ. ჩვენი ტაქტიკა რომ გავამხილოთ, შეიძლება მეტოქემ დაამუშაოს.

– დღეს სათამაშო დისციპლინაც იგრძნობოდა. რა განსახვავება იყო დღევანდელსა და აქამდე ჩატარებულ შეხვედრებს შორის?
– როცა ამხანაგურ შეხვედრებს ვიგებთ, ზოგიერთები ამბობენ, ეს რათ გვინდაო და როცა ვაგებთ, მაშინ მათთვის მნიშვნელოვანი ხდება ასეთი მატჩები. 31 მატჩიდან 19 გასვლაზე რომ ატარებ, 19-ივეს ვერ მოიგებ, თუმცა ფეხბურთელებმა უნდა შეიგნონ, რომ გუნდისთვის და ქვეყნისთვის ამხანაგური მატჩიც მნიშვნელოვანია და ოფიციალურიც. როცა გუნდში მოვედი, ვთქვი, რომ ჩემი გუნდი მოედანზე ბოლომდე იბრძოლებდა. ეს ის გუნდი აღარ არის, რომელიც 0:6 და 0:5 აგებდა. მაშინ ხალხი ტრიბუნაზე გინების მეტს არაფერს აკეთებდა, ანდაც სტადიონიდან მიდიოდნენ.

– ფინეთის ნაკრებთან თქვენს მე-11 გამარჯვებას მოიპოვებთ?
– დაპირებები არ მიყვარს. იმედი მაქვს, ჩემი გუნდი მომდევნო მატჩსაც ისე ითამაშებს, როგორც დღეს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ. ხალხი კი, რომელიც სტადიონზე არ მოვა, ბევრს ინანებს.

– როგორც ჩანს, ეს არის გუნდის ოპტიმალური ტაქტიკა. გარკვეულმა ექსპერიმენტებმა არ გაამართლა. ყველაზე კარგად ამ ფორმაციით ვითამაშეთ და ასე გაგრძელდება?!
– ის ფეხბურთი უნდა ითამაშო, რაც შეგიძლია. ყაზახეთის ნაკრებტან გამართულ მატჩში ორი-სამი და ხუთი ფორვარდით ვითამაშეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. დაცვაშიც უნდა შეგეძლოს ტამაში. რომ არ დააფასებ მეტოქეს, ასეტი იაღლიში მოგივა. ვფიქრობ, მსოფლიო ფეხბურთისთვის ეს უფრო დიდი სიურპრიზი იყო, ვიდრე ყაზახეთან ჩვენი მარცხი.

ბექა დოგრაშვილი

დეშამი: „რაღაც დავაკელით“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის I ჯგუფში საქართველოსა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთა შორის „დინამო არენაზე“ გამართული მატჩის შემდეგ სტუმართა მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი აშკარად უკმაყოფილო იყო. ფრანგი თავკაცის თქმით, მის ფეხბურთელებს მოედანზე მეტი უნდა ემუშავათ.

– რას გვეტყოდით მატჩზე?
– პირველ ტაიმში მომენტები გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. საქართველოს ნაკრებმა კარგი შედეგი აჩვენა. მოედანზე მეტი სამუშაო უნდა შეგვესრულებინა.

– რატომ ვერ მოიგო საფრანგეთის ნაკრებმა?
– იმიტომ, რომ გოლი ვერ გავიტანეთ.

– რას დააბრალებდით ამ შედეგს?
– როგორც ჩანს, რაღაც დავაკელით. მეტი უნდა გაგვეკეთებინა. შეცდომები დავუშვით, განსაკუთრებით ცენტრალურ ხაზში.

– მთელმა გუნდა გაგიცრუათ იმედები?
– ასე ვერ ვიტყოდი. საქართველოს ნაკრები კარგად შეჯგუფებული თამაშობდა, რამაც საშუალება არ მოგვცა, მიზნისთვის მიგვეღწია. გამოვარჩევდი ოქრიაშვილის თამაშს, თუმცა მთელმა გუნდმა კარგი შეხვედრა ჩაატარა..

– გუშინ ამბობდით, რომ მიზანი 3 ქულის მოპოვება იყო. ეს ხომ არ იყო მეტოქის შეუფასებლობა? რამდენად რეალურია შანსი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გახვიდეთ?
– რა თქმა უნდა, პირველ ადგილს ვეღარ დავიკავებთ, თანაც ესპანეთის ნაკრებმა თავისი მატჩი მოიგო, თუმცა მიზანი იქნება მეორე პოზიციაზე გასვლა.

– რა არის გამოსავალი?
– მეტი შეტევა და მომენტების გამოყენება. ასევე საჭიროა უფრო მეტი სწორი გადაცემა გავაკეთოთ. ეს არ არის სრული იმედგაცრუება. წინ კიდევ ორი მატჩია.

– გუნდი ჯგუფის მეორე ადგილზე გადის და უფრო პოზიტიური განწყობა თქვენთვის სასურველი არ იქნებოდა?!
– მეც ამის მომხრე ვარ. ჩვენი ამბიცია პირველ ადგილზე გასვლა იყო, თუმცა არც მეორე პოზიციაა ურიგო შედეგი.

– აშაკარა იყო, რომ შეტევითი ხაზი ძირითადად ორ ფეხბურთელზე გადიოდა – ფრანკ რიბერისა და მატიე ვალბუენაზე, თუმცა რიბერიმ ვერაფერი გააკეთა და ვერც ვალბუენას თამაშმა მოიტანა შედეგი. ეს იყო თქვენი ტაქტიკური შეცდომა თუ ისინი არ არიან სასურველ ფორმაში?
– ვერ დაგეთანხმებით. რიბერის წინააღმდეგ ორი-სამი ფეხბურთელი თამაშობდა და ის მაინც იძვრენდა თავს.

– ორი ფორმალური ტური დარჩა. მუნდიალზე გკითხავთ: რას გეგმავს დეშამი ამ ფორმაციის საფრანგეთის ნაკრებთან ერთად?
– ვეცდებით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ.

– მომავალ მატჩებში რას გვპირდებით?
– ხარვეზების გამოსწორებასა და მეტ შეტევას.

ბექა დოგრაშვილი