ქეცბაიას აპოელმა “ასტერასი” დაამარცხა

უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში თემურ ქეცბაიას მიერ დამოძღვრილმა აპოელმა ტრიპოლისის “ასტერასი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. კვიპროსელებმა გოლი მატჩის დებიუტშივე გაუშვეს. შეხვედრის მე-8 წუთზე სტუმრები ბრაიან ლიუიმ დააწინაურა. მალევე სტადიონზე ელექტროენერგიის პრობლემა წარმოიშვა, რის გამოც შეხვედრა რამდენიმე წუთით შეწყდა, პირველ ნახევარს კი 12 წუთი დაემატა. ქეცბაიას გუნდმა პირველივე ტაიმში მოახერხა წონასწორობის აღდგენა: კომპენსირებულ დროში პენალტი ფერნანდო კავენაგიმ გამოიყენა. აპოელს გამარჯვება ბრაზილიელი მცველის, კარლაოს მიერ გატანილმა გოლმა მოუტანა.

ამრიგად, აპოელმა პირველი გამარჯვება ჩაიწერა, ჯგუფში “ასტერასი” ჩამოიტოვა და ახლა მესამე ადგილზეა. მეოთხე ტურში ქეცბაიას გუნდი “ასტერასს” უკვე საბერძნეთში დაუპირისპირდება.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში გელზენკირხენის “შალკე” შინ პრაღის “სპარტას” დაუზავდა — 2:2.

ევროპის ლიგა
K ჯგუფი
აპოელი — “ასტერასი” 2:1 (1:1)

გოლები: კავენაგი 45+9′ (პენ), კარლაო 59′ — ლიუი 8′.
გაფრთხილებები: შტილიჩი 38′, კავენაგი 45+11′, ვატერმანი 90+5′ — კურბელისი 4′.
მთავარი არბიტრი: ალექსეი ესკოვი (რუსეთი).

 

საბა კვირკველია “ლივერპულთან” სასტარტო განაცხადშია

დღეს უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩები იმართება. “ლივერპული” “ენფილდზე” ყაზანის “რუბინს” მასპინძლობს, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია იცავს. ქართველი ლეგიონერი სასტარტო განაცხადშია.

მატჩი “ლივერპულსა” და “რუბინს” შორის თბილისის დროით 23:05 საათზე დაიწყება.

აქვე გეტყვით, რომ B ჯგუფს შვეიცარიული “სიონი” 4 ქულით ლიდერობს, “ლივერპულსა” და “ბორდოს” 2-2 ქულა აქვთ, “რუბინს” კი 1 ქულით ბოლო ადგილი უკავია.

საბა კვირკველიამ საწყისი ორივე ტურის მატჩში სრულად ითამაშა.

 

თემურ ქეცბაია: “ასტერასს” ორივე მატჩი უნდა მოვუგოთ”

დღეს უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩები გაიმართება. თემურ ქეცბაიას მიერ დამოძღვრილი აპოელი საკუთარ მოედანზე ტრიპოლისის “ასტერასს” დაუპირისპირდება. კვიპროსულმა გუნდმა პირველი ორივე მატჩი – ჯერ “შალკესთან” (0:3) და შემდეგ “სპარტასთან” (0:2) მარცხით დაასრულა და ჯგუფიდან გასვლის შანსები მკვეთრად შეიმცირა. უქულოდ დარჩენილ აპოელს ჯგუფში ბოლო ადგილი უკავია, “ასტერასს”კი აქტივში 1 ქულა აქვს. მიუხედავად წარუმატებელი სტარტისა, ქეცბაიას იმედი აქვს, რომ მისი გუნდი “ასტერასს” როგორც კვიპროსში, ასევე საბერძნეთში დაამარცხებს.

“ჩვენ უნდა მოვიგოთ. ევროთასებზე ასპარეზობის გასაგრძელებლად ორივე მატჩში უნდა გავიმარჯვოთ, მაგრამ ვერმოგება სამყაროს დასასრული არ იქნება. ჩვენი მთავარი მიზანი კვიპროსის ჩემპიონატისა და თასის მოგებაა. ამის მიუხედავად, ევროთასებზე ასპარეზობას უბრძოლველად არ დავთმობთ. “ასტერასი” ძლიერი მეტოქეა და ბოლო ოთხ წელიწადში საბერძნეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად გვევლინება”, – ციტირებს ქეცბაიას სიტყვებს Cyprusscore-ი.

მიუხედავად იმისა, რომ აპოელს ევროთასებზე გასული წლის აგვისტოს შემდეგ არ მოუგია, თემურ ქეცბაიას სჯერა, რომ მის გუნდს ევროპაში წარმატების მიღწევა შეუძლია.

“საკითხი იმაში მდგომარეობს, თუ რა გინდა და რისი მიღწევა შეგიძლია. თუ ამბიცია აღემატება გუნდის ძალას, მაშინ ვერაფერს ვერ მივაღწევთ. ჩვენს გუნდს ევროპაში ბრძოლა შეუძლია და არ ვთვლი, რომ ევროთასებზე კრახი განვიცადეთ.

აპოელი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ევროპაში თანმიმდევრულად იბრძვის. ევროთასებზე არიან კლუბები – მაგალითად, პოლონური გუნდები, რომელთაც ჩვენზე დიდი ბიუჯეტი აქვთ, მაგრამ არ გაუკეთებიათ ის, რისი გაკეთებაც აპოელმა შეძლო”, – დაასრულა თემურ ქეცბაიამ.

აპოელსა და “ასტერასს” შორის მატჩი დღეს, თბილისის დროით 21: 00 საათზე დაიწყება და მას ალექსეი ესკოვის თავკაცობით რუს მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

 

მხითარიანი გუნდთან ერთად აზერბაიჯანში, ალბათ, არ გაემგზავრება

აზერბაიჯანულ „გაბალასთან“ ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის გასვლით მატჩზე დორტმუნდის „ბორუსიასა“ და სომხეთის ნაკრების ნახევარმცველი გენრიხ მხითარიანი, სავარაუდოდ, არ გაემგზავრება. ამის შესახებ გერმანული კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰაინს-იოაჰიმ ვატცკემ განაცხადა.

„მხითარიანი, სავარაუდოდ, გუნდთან ერთად „გაბალაში“ არ გაემგზავრება. ჩვენ არსებული სიტუაცია შევაფასეთ და, სომხეთი-აზერბაიჯანის კონფლიქტის გათვალისწინებით, ჩვენი ფეხბურთელების უსაფრთხოება პირველ ადგილზე დავაყენეთ.

აზერბაიჯანში უსაფრთხოების მხვრივ პრობლემებია. თუ ჩვენი ფეხბურთელები თავს კომფორტულად ვერ იგრძნობენ, სათანადო ზომები უნდა მივიღოთ“, – განაცხადა ვატცკემ.

ქეცბაია: “პრაღაში დადებითი შედეგისთვის ჩამოვედით”

დღეს უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩები გაიმართება. თემურ ქეცბაიას მიერ დამოძღვრილი აპოელი პრაღაში ადგილობრივი “სპარტას” წინააღმდეგ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში აპოელი შინ გელზენკირხენის “შალკესთან” ანგარიშით 0:3 განადგურდა. “სპარტა” გასვლაზე ტრიპოლისის “ასტერასს” დაუზავდა — 1:1.

მიუხედავად ცუდი სტარტისა, ქეცბაიას სჯერა, რომ ჯგუფიდან გამსვლელი ორი გუნდის ვინაობა ეტაპის ბოლოს გადაწყდება.

“ჯგუფური ეტაპი ჯგუფის უკანასკნელ მატჩამდე გრძელდება. აქ დადებითი შედეგისთვის ჩამოვედით. გარკვეული პრობლემები გვაქვს, თუმცა პრობლემები ყოველთვის არის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პრობლემები მოედანზე არ გამოჩნდეს”, – აღნიშნა თემურ ქეცბაიამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

აპოელმა 26 სექტემბერს კვიპროსის ჩემპიონატში “არისი” ანგარიშით 4:0 გაანადგურა. “სპარტა” 27 სექტემბერს ეროვნულ ჩემპიონატში თანაქალაქელ “სლავიასთან” 0:1 დამარცხდა.

თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ აპოელის სამწვრთნელო შტაბმა ჩეხური გუნდის ბოლო მატჩი დეტალურად გაარჩია და საჭირო დასკვნები გააკეთა.

“სპარტამ” რამდენიმე კარგი ფეხბურთელი დაიმატა და ახლა ჩვენი მეტოქე უფრო ძლიერია, ვიდრე გასულ წლებში იყო. ამას ჩეხეთის ჩემპიონატში მათი პოზიციაც ადასტურებს (სატურნირო ცხრილის ლიდერია – ავტ). მოწინააღმდეგის რამდენიმე საშინაო და გასვლითი მატჩი ვნახეთ, მათი უკანასკნელი მატჩი დეტალურად გავარჩიეთ. მათ შეუძლიათ გატანა, თუმცა ბევრ გოლსაც უშვებენ. “სპარტა” ის გუნდია, რომელსაც შეუძლია, მცირე შეცდომის გამო დაგსაჯოს”, – ციტირებს ქეცბაიას სიტყვებს cyprusscore-ი.

მატჩი “სპარტასა” და აპოელს შორის დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მას პაველ გილის თავკაცობით პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

 

ქეცბაიას აპოელი “შალკესთან” დამარცხდა (ვიდეო)

თემურ ქეცბაიას მიერ დამოძღვრილმა აპოელმა უეფას ევროპის ლიგის სასტარტო მატჩში გელზენკირხენის “შალკე” მიიღო და ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

კვიპროსელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს, თუმცა “შალკემ” მალევე მოახერხა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობის დაუფლება. გერმანელებმა მასპინძელთა კართან არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, ორჯერ შორეული დარტყმით ბურთი ხარიხასაც გაარტყეს, 28-ე წუთზე კი ანგარიში გახსნეს, როცა საჯარიმო დარტყმის შესრულების შემდეგ ჟოელ მატიპმა კარიდან გამოსულ მეკარესაც და მეურვესაც დაასწრო თავით თამაში და ბურთი ზუსტი მიმართულებით გადაგზავნა. მატჩამდე ქეცბაია სწორედ იმაზე ამახვილებდა ყურადღებას, რომ “შალკეს” ფეხბურთელები სტანდარტულ მომენტებს ძალიან კარგად იყენებენ და ამიტომ, კვიპროსელ მცველებს განსაკუთრებული ყურადღება მართებდათ.

ზუსტად შვიდ წუთში “შალკეს” თავდამსხმელმა კლას-იან ჰუნტელაარმა შორეული დარტყმით გერმანელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა.

71-ე წუთზე ჰუნტელაარმა დუბლი შეასრულა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა — 0:3.

აღსანიშნავია, რომ მატჩის 77-ე წუთზე კვიპროსელები მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ: მთავარი არბიტრის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ემოციური პროტესტის გამო მოედნიდან ტომას დე ვინსენტი გააძევეს.

ჯგუფის მეორე შეხვედრა, რომელიც ტრიპოლისის “ასტერასსა” და პრაღის “სპარტას” შორის გაიმართა, ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ორი კვირის შემდეგ ჯგუფის მეორე ტურის მატჩები შედგება: “სპარტა” აპოელს უმასპინძლებს, “შალკე” კი “ასტერასს” მიიღებს.

ევროპის ლიგა
K ჯგუფი
აპოელი — “შალკე” 0:3 (0:2)

გოლები: მატიპი 28′, ჰუნტელაარი 35′, 71′.
გაფრთხილებები: მაკრიდისი 50′, ვანდერი 72′ — გაისი 10′, დი სანტო 37′.
გაძევება: დე ვინსენტი 77′.
მთავარი არბიტრი: ტონი შაპრონი (საფრანგეთი).

ქეცბაია: “შალკე” ფავორიტია, მაგრამ შინ ვთამაშობთ”

დღეს უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპი აიღებს სტარტს. K ჯგუფშია მოხვედრილი თემურ ქეცბაიას აპოელი, რომელიც დღეს, ნიქოზიაში გელზენკირხენის “შალკეს” უმასპინძლებს. ჯგუფში ტრიპოლისის “ასტერასი” და პრაღის “სპარტაც” არიან.

ქეცბაია დღევანდელ შეხვედრაში ფავორიტად “შალკეს” მიიჩნევს და იქვე აღნიშნავს, რომ ამ მატჩის შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება.

“თუ ფავორიტებთან კარგ შედეგებს ვაჩვებთ, დიდ ნაბიჯს გადავდგამთ საუკეთესო 32 გუნდს შორის მოსახვედრად. მომდევნო ეტაპზე თამაში გვსურს. ეს არ იქნება იოლი, მაგრამ გუნდმა უკვე აჩვენა, რომ აქვს პოტენციალი. თუ თავს კარგად წარმოვაჩენთ, დადებითი შედეგის ჩვენება შეგვიძლია. წინ მივიწევთ, მომენტებს ვქმნით, მაგრამ გარკვეული პრობლემები გვაქვს დაცვაში და იმედია, ამასაც გამოვასწორებთ.

“შალკე” ფავორიტია, მაგრამ ჩვენ შინ ვთამაშობთ. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ დაცვაში. ძლიერი მეტოქე გვყავს, რომელიც განსაკუთრებით კარგად იყენებს სტანდარტულებს. ასე რომ, სიფრთხილე გვმართებს. ამ შეხვედრის შედეგზე არ არის დამოკიდებული ყველაფერი, რადგან წინ კიდევ ხუთი მატჩი გვექნება”, – ქეცბაიას კომენტარს cyprusscore.com-ი აქვეყნებს.

აპოელსა და “შალკეს” შორის შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:05 საათზე დაიწყება და მას ტონი შაპრონის თავკაცობით ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

 

ევროპის ლიგა: საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის წილისყრის შედეგები

დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის წილისყრა შედგა. გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

“ალტახი” (ავსტრია) — “ბელენენსეში” (პორტუგალია)
“სტიაუა” (რუმინეთი) — “როსენბორგი” (ნორვეგია)
“პლზენი” (ჩეხეთი) — “ვოივოდინა” (სერბეთი)
“იაბლონეცი” (ჩეხეთი) — “აიაქსი” (ჰოლანდია)
“მიოლდე” (ნორვეგია) — “სტანდარდი” (ბელგია)
“ბორდო” (საფრანგეთი) — “ქაირათი” (ყაზახეთი)
“დინამო მინსკი” (ბელორუსი) — “ზალცბურგი” (ავსტრია)
“ლიბერეცი” (ჩეხეთი) — “ჰაიდუკი” (ხორვატია)
“პანათინაიკოსი” (საბერძნეთი) — “გაბალა” (აზერბაიჯანი)
“ასტრა” (რუმინეთი) — “ალკმაარი” (ჰოლანდია)
“კრასნოდარი” (რუსეთი) — ჰიკ-ი (ფინეთი)
“ჟილინა” (სლოვაკეთი) — “ატლეტიკი” (ესპანეთი)
“ზარია” (უკრაინა) — “ლეგია” (პოლონეთი)
“მილსამი” (მოლდოვა) — “სენტ-ეტიენი” (საფრანგეთი)
“იანგ ბოისი” (შვეიცარია) — “ყარაბაღი” (აზერბაიჯანი)
პაოკ-ი (საბერძნეთი) — “ბრონდბიუ” (დანია)
“ლეხი” (პოლონეთი) —”ვიდეოტონი” (უნგრეთი)
“რაბოტნიჩკი” (მაკედონია”) — “რუბინი” (რუსეთი)
“ატრომიტოსი” (საბერძნეთი) — “ფენერბაჰჩე” (თურქეთი)
“საუთჰემპტონი” (ინგლისი) — “მიდტიულანი” (დანია)
“ოდდი” (ნორვეგია) — “დორტმუნდი” (გერმანია)
“თუნი” (შვეიცარია) — “სპარტა” (ჩეხეთი)

მატჩები 20 და 27 აგვისტოს გაიმართება.

 

უეფამ “დინამო თბილისი” დააჯარიმა (ფოტო)

უეფას სადისციპლინო კომიტეტმა ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “გაბალას” წინააღმდეგ შინ გამართულ მატჩში (2:1) მომხდარი ინციდენტების გამო “დინამო თბილისი” დასაჯა.

უეფას გადაწყვეტილებაში ქართულ გუნდს შემდეგი ბრალდებები აქვს წაყენებული: რასისტული ქცევა, მოედანზე გულშემატკივრების შეჭრა, არალეგიტიმური ბანერი.

აღსანიშნავია ის, რომ ფანები მოედანზე არ შეჭრილან. თბილისელთა მიერ გატანილი მეორე გოლის შემდეგ ტრიბუნის მოაჯირმა ქომაგების დაწოლას ვერ გაუძლო და რამდენიმე მათგანი სარბენ ბილიკზე გადავარდა. ერთ-ერთი გულშემატკივარი მსუბუქადაც დაშავდა.

“დინამოს” შემდეგი სახის სანქციები დაეკისრა: ევროთასების მომდევნო შეხვედრაზე “დინამო არენას” ჩრდილოეთ ნაწილის მეორე იარუსზე არსებული მე-16 სექტორი დახურული იქნება. გარდა ამისა კლუბი 20 ათასი ევროს ოდენობით დაჯარიმდა.

Banner

შოთას “ტრაბზონსფორი” “რაბოტნიჩკისთან” დამარცხდა (ვიდეო)

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შოთა არველაძის “ტრაბზონსფორი” მაკედონიურ “რაბოტნიჩკისთან” ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ეს ერთადერთი გოლი შეხვედრის 23-ე წუთზე მასპინძელთა კაპიტანმა ბლაჟე ილიოსკიმ გაიტანა. განმეორებითი მატჩი ტრაბზონში, 6 აგვისტოს შედგება.

“რაბოტნიჩკიმ” ზუსტად ისე ითამაშა, როგორც მოველოდით. ვფიქრობ, ჩვენ უკეთ ვითამაშეთ, მით უფრო მეორე ტაიმში, როდესაც გოლის გატანის რამდენიმე მომენტი შეგვექმნა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. ამის მიუხედავად, სანერვიულო არაფერია. ვფიქრობ, რომ საპასუხო შეხვედრაში გავიმარჯვებთ და მომდევნო ეტაპზე გავალთ”, – ციტირებს არველაძის სიტყვებს ekipa.

ევროპის ლიგა
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი
პირველი მატჩი:
“რაბოტნიჩკი” — “ტრაბზონსფორი” 1:0 (1:0)

გოლი: ილიოსკი 23′.
გაფრთხილებები: ილიოსკი 9′, ვუიჩიჩი 51′ — მეჯანი 5′, ულუდაგი 55′, იოკუშლუ 89′, ჰურმაჯი 90′.

 

„პარტიზანი“ – „დილა“: მსაჯთა ბრიგადა

ბელგრადის „პარტიზანსა“ და გორის „დილას“ შორის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მათჩს გერმანელი მსაჯების ბრიგადა გაუძღვება.

მთავარი მსაჯად ამ მატჩზე ბასტიან დანკერი დაინიშნა. 35 წლის ფიფა-ს კატეგორიის არბიტრი 2012 წლიდან პირველი ბუნდესლიგის მატჩებზე მუშაობს. გვერდით არბიტრები რაფაელ ფოლტინი და რენე როჰდე იქნებიან, მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი ბენჟამინ ბრენდი შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ „პარტიზანი“ – „დილას“ მატჩი დღეს, თბილისის დროით, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

„პარტიზანის“ ნახევარმცველი: „დიდ ძალას არ წარმოვადგენთ“

გორის „დილასთან“ უეფა-ს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შევხედრის შესახებ ბელგრადის „პარტიზანის“ ნახევარმცველმა სტეფან ბაბოვიჩმაც ისაუბრა.

„მსოფლიო ფეხბურთში დიდ ძალას არ წარმოვადგენთ, ამიტომ მეტოქის დაფასება გვმართებს. „დილა“ კარგი გუნდია, რომლის შემადგენლობაში რამდენიმე ლეგიონერი ირიცხება. თუმცა, ჩვენ საპონიჩი და ანდრია ზივკოვიჩი გვყავს, რომლებიც, ჩემია ზრით, განვლილ 20-წლამდელთა მუნდიალზე საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ. გარდა ამისა, ბიჟონოვისა და აბუბაქარის სახით ძლიერი ახალწვეულები გვყავს. სეზონის წინ ბევრს ვმუშაობდით. ჯამში კლუბმა ხუთი ახალი ფეხბურთელი დაიმატა და მთლიანად გუნდი კარგ განწყობაზეა.

 

ვიცით, რისთვის ვიბრძვით. ორბურთანი უპირატესობით მოგებას ვიმედოვნებთ, მაგრამ ეს მხოლოდ სურვილია. სერბულ ფეხბურთში დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდიანრე, ვერავის შეშინება შეგვიძლია“, – განაცხადა ბაბოვიჩმა.

იხილეთ ასევე: „პარტიზანის“ თავკაცი: „გორის „დილა“ რუსული სტილია გუნდია“