რატომ არის მარკო მატერაცი “მკვლელი”?

დღეს ავკაც და ხულიგან ფეხბურთელთა ოჯახის სამაგალითო წევრი, მილანის „ინტერის“ ყოფილი მცველი მარკო მატერაცი 47-ე დაბადების დღეს ზეიმობს. Fanebi.com-ი იხსენებს იტალიელი ფეხბურთელის კარიერის იმ ეპიზოდებს, რისთვისაც მას მეტსახელად „მკვლელი“ დაარქვეს.

როგორც ნამდვილი „ინტერისტა“, მატერაცი ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მილანურ დერბის. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ის მატჩის მიმდინარეობისას „მილანის“ თავდამსხმელებს ყოველთვის დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს და თუ შესაფერის დროს იხელთებდა, მათ სხეულის რომელიმე ნაწილში კარგად უთავაზებდა კიდეც. 2000-იანი წლების დასაწყისში „როსონერის“ თავდასხმის მთავარ ძრავად ანდრეი შევჩენკო ითვლებოდა. უკრაინელი ფეხბურთელის სხეულის ნაწილზე, ალბათ, არ არსებობს ადგილი, რომელზეც მატერაცის თავისი ალი-კვალი არ დაემჩნია. ქვემოთ მოცემულ ვიდეორგოლში ასახულია მატერაცის ყველაზე უხეში თამაშების ამსახველი მომენტები. მისი ყველაზე ხშირი მსხვერპლი კი სწორედ შევჩენკო გახლდათ.

თავად ანდრეიმ მატერაცის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ იუხეშა. 2005 წელს გამართულ მილანურ დერბიში შევჩენკომ თავით მსუბუქად „ურქინა“ იტალიელ მცველს, მატერაცი მაშინვე ძირს დაეცა და დიდი ხანის განმავლობაში არც წამომდგარა. მსაჯი სწორად გაერკვა აღნიშნულ სიტუაციაში და უკრაინელი თავდამსხმელი მოედნიდან არ გააძევა.

მატერაციმ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული „გმირობა“ მოედანს მიღმა ჩაიდინა. 2004 წელს „ინტერსა“ და „სიენას“ შორის გამართულ მატჩში იტალიელი მცველი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ მას მთელი შეხვედრის განმავლობაში „ბიანკონერის“ მცველ ბრუნო ჩირილოსთან ეჩხუბა. ფინალურ სასტვენამდე მატერაციმ მას სახეში ხელიც გაარტყა, თუმცა ტელეკამერების ობიექტივში ეს ეპიზოდი ვერ მოხვდა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ჩირილოს ჩვენების საფუძველზე „ინტერის“ მცველს გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია მისცა. აღნიშნული მატჩის შემდეგ ჩირილომ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ნათლად ჩანს მატერაცის „გმირული“ საქციელის შედეგი.

ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და მარკო მატერაცის მეგობრობა შვედი თავდამსხმელის „ინტერში“ გადასვლის დროიდან დაიწყო, თუმცა „იუვენტუსში“ იბრას ასპარეზობის პირველივე სეზონში იტალიელმა მცველმა ის უხეშად „მოცელა“.

ზლატანმა მატერაცის რამდენიმე წლის შემდეგ უპასუხა. 2010 წლის ნოემბერში გამართულ „მადონინაში“ იბრაჰიმოვიჩმა იტალიელი მცველის წინააღმდეგ კარატეს ილეთი გამოიყენა. მატერაცი მოედნიდან სასწრაფო წესით გაიყვანეს, ზლატანმა კი მატჩის შემდეგ ბოდიში მოიხადა.

ნამდვილი „შედევრი“ გამოუვიდა მარკო მატერაცის ჩემპიონთა ლიგის 2005-06 წლების სეზონის მეოთხედფინალურ ეტაპზე, „ვილიარეალის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში. კუთხურის შესრულებისას იტალიელმა მცველმა იდაყვით ისე ჩაარტყა ხუან პაბლო სორინს სახეში, რომ საბრალო არგენტინელ ფეხბურთელს ძლიერი სისხლდება ძლივს შეუჩერეს, თუმცა „ვილიარეალის“ მოთამაშემ თამაში ვეღარ გააგრძელა. მატერაციმ იმდენად ოსტატურად იუხეშა, რომ თამაშის წესის დარღვევა ვერცერთმა მსაჯმა ვერ შენიშნა. ხულიგანს ყვითელი ბარათიც არ მისცეს.

მარკო მატერაცის მთავარი მიღწევა, რა თქმა უნდა, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ზინედინ ზიდანთან შეტაკება გახლავთ. სიმართლე რომ ვთქვათ, არც ფრანგ ფეხბურთელს იცნობდნენ იტალიაში „ფრთიან ანგელოზად“. „იუვენტუსის“ რიგებში ასპარეზობისას, ზიდანს ხშირად სდებდნენ ბრალს პროვოკაციულ ქმედებებში. ასეა თუ ისეა, ზიზუს გენიას მატერაციმ თავისი ავკაცობა დაუპირისპირა და ამით მიზანსაც მიაღწია. მთელი მატჩის განმავლობაში იტალიელი მცველი ფრანგ ნახევარმცველს ბინძური ფრაზებით „ამკობდა“. შეხვედრის დამატებით დროში ზიდანს მოთმინების ფიალა აევსო. როდესაც მატერაცი ზიზუს დასაც შეეხო, ფრანგმა ვეღარ მოითმინა და მას მკერდში თავი აძგერა. ამის გამო ზიდანი მოედნიდან გააძევეს. ასე დაასრულა ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა მოთამაშის კარიერა. საბოლოოდ, 2006 წლის მუნდიალის თასი იტალიის ნაკრებს ერგო, „სკუადრა აძურამ“ ფრანგები პენალტების სერიაში დაამარცხა, მარკო მატერაცი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

Fanebi.Com 9 წლისაა!

ჩვენთვის, ყველასათვის საყვარელი პროექტი – ვებ-გვერდი Fanebi.Com დღეს 9 წლის გახდა.

Fanebi.Com-მა მუშაობა 2008 წლის 15 მარტს დაიწყო. ეს იყო ერთ-ერთი პირველი ქართული სპორტული გამოცემა (თუ არა პირველი). ჩვენ დღემდე ვცდილობთ, სპორტის მოყვარულებს სანდო ინფორმაცია მივაწოდოთ.

ამ ცხრა წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და ინოვაციური პროექტი შემოგთავაზეთ. ჩვენი ამომავალი წერტილი ყოველთვის ჩვენი მოხმარებელი იყო. Fanebi.Com ყოველთვის აფასებდა და აფასებს საკუთარ მომხმარებელს, გვსურს მათ შევუქმნათ სასიამოვნო და კომფორტული გარემო, სადაც შეძლებენ მიიღონ მიმდინარე სპორტული მოვლენების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია და ამასთანავე მაქსიმალურად გაერთონ.

ცხადია, ვიცით, რომ ხარვეზები გვაქვს, რომელთა გამოსწორებასაც აუცილებლად შევეცდებით. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, თქვენი რჩევები და შენიშვნები გავითვალისწინოთ.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენს პროექტს გულშემატკივრობდა და გულშემატკივრობს. ასევე, მადლობა ჩვენს პარტნიორ კომპანიებს, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში გვერდში გვედგნენ.

გილოცავთ კიდევ ერთხელ, Fanebi.Com – 9 წელი თქვენთან ერთად!


 

Fanebi.Com-ის იუბილესთან დაკავშირებით, დღეს Facebook-ში, ჩვენს გვერდზე საფეხბურთო კლუბის ან ნაკრების მაისურს გავათამაშებთ.

fanebipost

კარლეს პუიოლის ბლიც ინტერვიუ საკუთარ თავთან

კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა, კარლეს პუიოლმა ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე მხიარული თანაგუნდელები დაასახელა. ასევე, გავიგეთ, თუ ვისთან ერთად თამაშს ისურვებდა ვეტერანი ესპანელი.

Fanebi.Com გთავაზობთ კარლეს პუიოლის ძალიან საინტერესო ბლიც ინტერვიუს.


 

ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მითამაშია…

– რაულ გონსალესი.

1


ყველა დროის საუკეთესო პენალტების შემსრულებელი არის…

– რონალდ კუმანი.

2


ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რომელიც მწვრთნელს ჩემთვის მოუცია…

– ვერ გეტყვით.

3


კლუბი, რომელსაც ყველაზე კარგი ფორმა აქვს…

– პობლა დე სეგური. (პუიოლის მშობლიური ქალაქის კლუბი – ავტ.)

4


ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც ვითამაშებდი…

– მალდინი.

5


ყველაზე მხიარული თანაგუნდელი…

– პიკე.

7


რომ არა ფეხბურთელი, ჩემი სასურველი პროფესია იქნებოდა…

– სპორტული დირექტორობა.

8


პენალტების სერიის დროს, ჩემი საიდუმლო იარაღი იყო…

– ლოცვა.

9


დახატე ავტოპორტრეტი…

puyol

ლევან მჭედლიძე: “ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხი ჩვენკენ შემოვაბრუნოთ”

25 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ემპოლის” თავდამსხმელმა, ლევან მჭედლიძემ თავის ოფიციალურ გვერდზე ჩატარებული გათამაშების გამარჯვებულები მაისურებით დააჯილდოვა.

დაჯილდოების შემდეგ, Fanebi.Com მჭედლიძეს “ემპოლიზე”, შესაძლო ტრანსფერსა და საქართველოს ნაკრებზე ესაუბრა.

– ბოლო დროს კარგ ფორმაში ხართ. ორ მატჩში სამი გოლი გაიტანე. რისი დამსახურებაა ეს ყოველივე?

– პირველ რიგში, ეს იმის დამსახურებაა, რომ მოთმინება გამაჩნია. ეს ის თვისებაა, რომელიც ადრე, მაგალითად, 20 წლის ასაკში, არ მქონდა. რთული პერიოდი გამოვიარე. ყველა ფეხბურთელისთვის რთულია ის, რომ ამდენი ხანი სკამზე ზიხარ, შეიძლება, რაღაცის ღირსი ხარ, თუმცა კონკრეტული მიზეზების გამო ამას ვერ იღებ და ვერ გიფასდება შრომა სათანადოდ. მაგრამ ეს ფეხბურთში ბუნებრივია.

ფეხბურთი სპორტის ის სახეობაა, რომელშიც ბევრი წინააღმდეგობა არსებობს. ბარიერი, რაღაც მხრივ, გადავლახე, თუმცა ეს ბოლომდე არ გამიკეთებია. ეს ორი შეხვედრა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე რაღაც გარანტირებული მაქვს. პირიქით, ახლა იწყება ყველაფერი. ეს ორი მატჩი უნდა იყოს ბიძგის მომცემი იმისთვის, რათა ყველაფერი კარგად წავიდეს.

– უშუალოდ, “ემპოლის” მდგომარეობაზე გადავიდეთ. სერია ა-ში მე-17 ადგილზე ხართ და უახლოეს მდევარს 4 ქულით უსწრებთ…

– კი, ეს სიტუაცია დღევანდელი “ემპოლისთვის” სრულიად ლოგიკურია. ყოველი სეზონის დასაწყისში ხელმძღვანელობა გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გადავრჩეთ და არ გავარდეთ სერია A-დან. სხვა ამბიცია გუნდს არ აქვს. თუმცა, გეტყვით, რომ ამბიცია თვითონ ფეხბურთელში უნდა დაიბადოს. თუ შენ, მოედანზე გასვლისას, მოგებისთვის არ ხარ მზად და ფიქრობ, მხოლოდ იმას, რომ გადარჩე, ძალიან გაგიჭირდება ამ მიზნის მიღწევა. ჩემი აზრით, “ემპოლის” ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. უკვე მეშვიდე წელია გუნდში ვარ და მთელი ამ დროის მანძილზე ძალიან დიდი ტალანტის და ნიჭის მქონე ფეხბურთელები თამაშობენ კლუბში.

რაც შეეხება ამ სეზონს, ცუდად დავიწყეთ. შემდეგ იყო გამონათებაც, თუმცა ბოლოს ძალიან ცუდი მარცხი ვიგემეთ. ამ უკანასკნელ შეხვედრაზე იძახიან, რომ, შესაძლოა, ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედოს ჩვენზე. თუმცა, მე ასე არ ვფიქრობ. 8-ში “პალერმოს” წინააღმდეგ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წარმატების მისაღწევად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს გუნდი ცხრილში ჩვენზე ქვემოთაა. ეს მატჩი ემპოლიში, ჩვენს კედლებში გაიმართება და იმედი მაქვს, წარმატებას მივაღწევთ.

– რას გვეტყვი “ემპოლის” თავდამსხმელებზე, მაგალითად, ჯილარდინოსა და მაკარონეზე, რომლებიც თქვენს კონკურენტებად ითვლებიან?

– ეს კონკურეცია ძალიან მომგებიანი იყო, როგორც ჩემთვის, ასევე მთლიანად გუნდისთვის. როცა მსოფლიო ჩემპიონის გვერდზე გიწევს ასპარეზობა, როცა მაკარონეს ძალიან მაღალ დონეზე აქვს ნათამაშები, უყურებ მათ, სწავლობ ბევრ რამეს და იზრდები. დაუნახავი უნდა იყო, რომ თქვა: “მე ისინი არ მჭირდებიან.” პირიქით, გამოცდილი თანაგუნდლებისგან ბევრი რამ შევიძინე. გავიხსენოთ, თუნდაც, მიკოლი, კავანი, რა თქმა უნდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ის სიტუაცია, რომელშიც ცდილობ ყველაფერი გააკეთო შენი კონკურენტის სასტარტო შემადგენლობიდან ამოსაგდებად, გეხმარება, გაიზარდო და უმაღლესი დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდე.

– კავანი ახსენე… გაქვთ ედინსონთან კონტაქტი?

– კი, კი. რა თქმა უნდა. კავანი, პასტორე… მათთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ეს სპორტსმენები, თითქოს, გულშემატკივრებისთვის მიუღწეველი და მიუკარებლები არიან, თუმცა ამ დროს უნდა გითხრათ ასეთი რამ: რაც უფრო მეტი აქვს მიღწეული ფეხბურთელს, მით უფრო უბრალოა. შეიძლება, შეგხვდეს მოთამაშე, რომელიც საშუალო დონეზე ასპარეზობს, თუმცა აქვს დიდი ამბიცია და ვერ მალავს მას. მაგრამ, არიან სპორტსმენები, რომლებიც უმაღლესი დონის ვარსკვლავები არიან და ისეთი ხასიათი აქვთ, ვერ მიხვდები, რომ თამაშობენ, მაგალითად,  პსჟ-ში, “მილანში”, “რომაში”, “ნაპოლიში” თუ სხვა რომელიმე გუნდში. გავიხსენოთ მარიო რუი და სხვები.

2

– შენი აზრით, ის ზედმეტი ამბიცია, რომელიც ახსენე, რამდენად აქვთ საშუალო დონეზე მოასპარეზე ქართველ ფეხბურთელებს? თუნდაც, ნაკრების წევრებს? თუ აქვთ, მაშინ, რამდენად უშლის ეს თვისება ხელს მათ განვითარებაში? 

– რა თქმა უნდა, თუ ფეხბურთელს არ აქვს ამბიცია, ეს წამგებიანია. თუ შენ თავში არ ხარ დარმწუნებული და არ ისწრაფვი დიდი მიზნებისკენ, ეს ცუდია. თუმცა, არის მეორე საკითხი: მიმაჩნია, რომ ამბიცია თითოეულმა ფეხბურთელმა საკუთარ თავში უნდა შეინახოს და არ უნდა გამოამჟღავნოს. ასევე, შენში უნდა იყოს შენივე შესაძლებლობების შესაბამისი ამბიცია. თუ მოთამაშეს ზედმეტი ამბიცია დაებადა, ე.ი. იძირება და საქმე კარგად არ მისდის. რაც შეეხება ჩვენს მოთამაშეებს, მათ მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს, რადგან საქართველოს ნაკრებში ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ და იმხელა ტალანტი აქვთ მათ, რომ ევროპაშიც კი გაგიჭირდება მათი მსგავსის ნახვა. იმედი მაქვს, რომ ამ ნიჭს გამოამჟღავნებენ, რაც სრულიად ნაკრებსა და ქვეყანას წაადგება.

– როგორც ვიცით, შენით ბევრი კლუბი დაინტერესდა. რა ვარიანტები გაქვს და აპირებ თუ არა”ემპოლის” დატოვებას?

– როცა ამხელა ჩემპიონატში ორ მატჩში სამ გოლს იტან და, მით უმეტეს, ეს სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ცოტა ხნით ადრე ხდება, ნორმალურია, რომ შენს მიმართ ინტერესს კარგი კლუბები იჩენენ. მსიამოვნებს, რომ ინტერესი არის ჩემს მიმართ. ეს ინტერესი კი არის სტიმული, რათა უფრო მოვინდომო, ბევრი ვიშრომო და განვვითარდე. თუმცა, მე დღესდღეობით ვარ “ემპოლის” ფეხბურთელი, ვარ საკუთარი საქმის პროფესიონალი! 8 იანვარს წლის პირველი თამაშია და ყველაფერს ვიზამ, რომ ჩემმა გუდნმა წარმატებას მიაღწიოს.

– რომელი ჩემპიონატებიდანაა შემოთავაზება?

– არის პრემიერ ლიგა, სერია A, ესპანეთის ვარიანტიც, რომელშიც, ჯერჯერობით, არც ვერევი. ახლა მხოლოდ იმაზე ვარ კონცენტრირებული, რომ ჩავიდე იტალიაში, გუნდს შევუერთდე და ერთად გავაგრძელოთ კონკრეტული მიზნებისთვის ბრძოლა.

3

– ნაკრებზეც გკითხავთ. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ოთხი მატჩი ჩავატარეთ. თამაშის ხარისხი გამოსწორდა, თუმცა გამარჯვება ვერ მოვახერხეთ. როგორ შეაფასებ განვლილ შეხვედრებს და რას გვეტყვი მომავალ თამაშებზე?

– პირველ რიგში, გეტყვით, რომ გულდაწყვეტილი ვარ ჩემი გამოუყენებელი მომენტის გამო. ეს ძალიან განვიცადე. ახლა რომ იმ სიტუაციაში აღმოვჩნდე, არ ვამბობ, რომ აუცილებლად გოლს გავიტან, თუმცა გაცილებით კარგად გამოვიყენებ მსგავს შანსს. ძალიან ვწუხვარ, რომ გულშემატკივრების იმედები იმ შემთხვევაში ვერ გავამართლე. მოლდოვის ნაკრებთან გაცილებით მოტივირებული ვიყავით. მინდოდა, რომ აუცილებლად გამომესწორებინა ჩემი შეცდომა, თუმცა ხელი მცირე ტრავმამ შემიშლა.

იმედი მაქვს, მომავალში წარმატებას მივაღწევთ. ეს ოთხი მატჩი ჩემთვის ცოტა მოულოდნელობაც იყო. უცებ მოვახდინეთ გარდატეხა და ბევრის ყურადღებაც მივიპყრეთ. ბოლოს და ბოლოს, ირლანდიასთან და უელსთან ასეთი კარგი თამაშის გამო, სტუმრად ხალხი ტაშს გვიკრავდა. საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს ყველა უყურებს: ჩემი კლუბის პრეზიდენტიდან დაწყებული, ფეხბურთელებით დამთავრებული. როცა იტალიაში ჩავედი, საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხით ყველა გაკვირვებული იყო. უელსის შეხვედრაზე მეუბნებოდნენ, რომ საერთოდ, 5:0 უნდა მოგეგოთო. თუმცა, ხდება ხოლმე, არის ჩავარდნები როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად. მაგრამ, ესეც გამოცდილებაა და რაღაც მხრივ კარგია.

ვისწავლეთ ის, რომ, როცა პირველ ტაიმში გაქვს ოთხი ასპროცენტიანი მომენტი და ვერცერთ მათგანს იყენებ, კიდევ უფრო უნდა გააძლიერო აგრესია და უფრო მეტად შეუტიო. 24 მარტს სერბეთთან გასამართ შეხვედრაში წარმატების ძალიან დიდი იმედი მაქვს. ბევრ ადამიანს ჩვენი აღარ ჯერა. არ უნდა გვეწყინოს, რომ გულდაწყვეტილი ხალხი აღარ მოვა სტადიონზე. პირიქით, ჩვენ უნდა მოვინდომოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ხალხი ჩვენკენ შემოვაბრუნოთ.

Fanebi.Com 8 წლის გახდა!

სპორტით დაინტერესებულ საზოგადოებაში Fanebi.Com ყველამ იცის და ისიც იციან, რომ ჩვენი პროექტი მუდმივად ცდილობს გაიზარდოს და განვითარდეს. გვინდა გაცნობოთ, რომ დღეს ჩვენი საიტი 8 წლის გახდა.

Fanebi.Com-მა მუშაობა 2008 წლის 15 მარტს დაიწყო და მას შემდეგ ბევრი “ქარიშხალი” გამოიარა.

ეს იყო ერთ-ერთი პირველი ქართული სპორტული გამოცემა (თუ არა პირველი). სწორედ 15 მარტს 2008 წელს დაიბადა იდეა, რომ ქართველ გულშემატკივარსაც ჰქონოდა ქართული, ობიექტური, ინოვაციური და სანდო საინფორმაციო წყარო.

არ მოგაწყენთ თავს იმის შეხსენებით, თუ რამდენი ინოვაციური და საინტერესო პროექტი შემოგთავაზეთ ამ 7 საინტერესო წლის განმავლობაში. ჩვენმა აქტიურმა მკითხველმა იცის ამ ყველაფრის შესახებ. არც იმის შეხსენება არის საჭირო, რომ ჩვენი ამომავალი წერტილი ჩვენი მომხმარებელი იყო ყოველთვის.

ჩვენი მისია და მიზანიც ნათელია. ასევე ნათელია ჩვენი აუდიტორიაც. ეს გემოვნებიანი, ინოვაციების მოყვარული, ინტერესიანი, სპორტული ჟინის მქონე მომხმარებელია. განსხვავებით სხვა საიტებისგან, რომლებიც ორიენტირებული არიან ნებისმიერი ტიპის სათაურის და ინფორმაციის გამოქვეყნებაზე, ოღონდ ვიზიტორი “შეიტყუონ” საიტზე, ჩვენი მიზანი ისეთი ინოვაციების და ხარისხის დანერგვაა, რაც ბუნებრივად გაზრდის ლოიალური მომხმარებლის რიცხვს.

როგორც ამ პროექტის დამფუძნებელი, ვამაყობ ჩვენი განვლილი გზით. ჩვენ ბევრ რთულ მოცემულობას, იმედგაცრუებას გავუძელით და მოვედით დღემდე. ეს ნამდვილად არ იყო ადვილი… ვამაყობ ჩვენი გუნდით, რომელიც ნამდვილად ძალიან ბევრს შრომობს შედეგის და მაღალი ხარისხის პროდუქტის შესაქმნელად.

მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ჩვენს პროექტს გულშემატკივრობს და ასევე მადლობა ჩვენს პარტნიორ კომპანიებს.

გილოცავთ კიდევ ერთხელ, Fanebi.Com – 8 წელი თქვენს გვერდით!

პატივისცემით,

გურამი თათეშვილი
Fanebi.Com-ის დამფუძნებელი

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაამარცხოს საქართველომ გერმანიის ნაკრები

დღეს საქართველოს ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფარგლებში მსოფლიო ჩემპიონ გერმანიას უმასპინძლებს. რასაკვირველია, შეხვედრა საქართველოსა და მის გარეთ დიდ ინტერესს იწვევს. როგორც წინა წლებში, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ნაკრებთან თამაშის წინ მოლოდინი განსაკუთრებულია.

Fanebi.com-ი იმ ხუთ მიზეზს ასახელებს, რომლის გამოც დღეს სენსაცია გამორიცხული არ არის.

1. კახა ცხადაძის პირველი ოფიციალური მატჩი

მალტის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის შემდეგ კახა ცხადაძეს პირველი ოფიციალური შეხვედრა ელის. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ნაკრების ახალმა დამრიგებელმა თავიდანვე საინტერესო წყობა 3-5-2 აირჩია, რომელიც მეორე ნახევარში შეცვალა. რა თქმა უნდა, დღეს ასეთი სქემით საქართველოს ნაკრების თამაში ნაკლებად სავარაუდოა. ჯერ ერთი, მსოფლიო ჩემპიონთან ასე თამაშს ნაკლებად დადებითი ეფექტი უნდა ჰქონდეს და მეორეც, ჩვენი ნაკრები ასეთი სქემით გამოსვლის გამოცდილებით ვერ გამოირჩევა.

ზოგადად, კახა ცხადაძის ნაკრების მწვრთნელად დანიშვნას საზოგადოებისა და გულშემტკივრების ერთი ნაწილის მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, რასაც ისინი სხვა სპეციალისტის მოწვევის იმედით ასაბუთებდნენ და იმასაც აღნიშნავდნენ, რომ კახას მსგავს მდგომარეობაში მყოფი ნაკრების შედეგების გაუმჯობესება გაუჭირდება. ასეთი წნეხის ქვეშ გერმანიის ნაკრების დონის გუნდთან დებიუტი ადვილი არ არის, ასე რომ, ჩვენი ნაკრების დამრიგებელს, წინა სპეცილისტებთან შედარებით, ორმაგი ტვირთი აქვს. ამავდროულად, სწორი დარიგებებით, სქემითა და გეგმით ცხადაძეს კრიტიკოსთა გაჩუმების შანსი აქვს, რამეთუ ფეხბურთში თავდადება ძვირად ფასობს.

კახა ცხადაძე_097667

2. ნაკრებში დაბრუნებული ფეხბურთელები

მალტასთან მატჩის წინ ცხადაძემ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო – ნაკრებში რამდენიმე ფებურთელი დააბრუნა, რომელთა შორისაც, პირველ რიგში, ლევან ყენია უნდა აღვნიშნოთ. ლევანის ტრავმებზე ისედაც ყველასთვის ნაცნობი საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა ქართველი ფეხბურთელის კარიერაში პრაღის „სლავიაში“ გადასვლის შემდეგ კარგი ეტაპი დაიწყო, რაც ნაკრების ახალი მწვრთნელისთვის შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა. ლევანის კარგი თამაში და მის მიმართ ნდობა ცხადაძემ მალტასთან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზეც აღნიშნა.

ასეთმა კარგი პერიოდმა, შესაძლოა, ყენია პოტენციალის სრულ გამოყენებაში ხელი შეუწყოს და უახლოეს მომავალში სწორედ ისეთი ლევანი ვიხილოთ, რომლის ნახვის სურვილი ბოლო წლებში გვაქვს.

ლევან ყენია_98693456

3. ორმაგი მოტივაცია

წინა წლებმა აჩვენეს, რომ დიდ გუნდებთან წარმატებულად თამაში ფეხბურთელების განწყობაზე და მათ კარიერულ წინსვლაზეც გარკვეული დოზით მოქმედებს. ასე, ესპანეთთან ანგარიშით 0:1 წაგებული მატჩის შემდეგ გიორგი ლორიას იმდენად აქებდნენ, რომ ბოლოს მისი საზღვარგარეთ გადასვლა კიდევ უფრო რეალური გახდა. სხვას რომ თავი დავანებოთ, მსოფლიოს ჩემპიონის წინააღმდეგ თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ორმაგი პასუხისმგებლობა უნდა იყოს, თავდადებული თამაში კი – მომავალი თაობისთვის სამაგალითო.

გიორგი ლორია_97646

4. ღვთის იღბალი

დიახ, ღვთის იღბალი… მორწმუნე ხალხის ნაწილი ამბობს, რომ საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა… ვინ იცის, იქნებ, ღმერთი და იღბალი ჩვენთან ერთად არიან? იღბალს რომ ვუყვარვართ მალტასთან მატჩის პირველი ნანატრი გოლის ეპიზოდში ძალიან კარგად დადასტურდა… თუმცა, ქართულ საზოგადოებას პასუხი ამაზეც ექნება – იტყვიან, ბოლო-ბოლო ხელით მარადონასაც გაუტანიაო, დიეგო არმანდო კი საუკეთესო იყო… იქნებ, ჩვენც საუკეთესო გუნდი გვყავს? ან ჯაბა კანკავაც საუკეთესოა? რა თქმა უნდა, ობიექტურობა კარგია, მაგრამ ყველამ გულებში ჩავიხედით… იმედია, მსაჯები, საჭიროების შემთხვევაში, დღესაც „დაგვეხმარებიან“.

არ დაგვავიწყდეს გოჩა რამაზიშვილის სიტყვებიც, რომლის ვარაუდით, საქართველოს ნაკრებში 5 დაფარული წმინდანი ითამაშებს. ვინ იცის, შესაძლოა, ეს დრო უკვე დადგა კიდეც…

1233

5. ანშლაგი

ტრადიციულად, მსოფლიოს ტოპ ნაკრებთან თამაშის წინ ანშლაგია მოსალოდნელი, რაც სავსებით ლოგიკურია. ხუთშაბათს ყველა ბილეთი უკვე გაყიდფული იყო, თუმცა, მათი ნაწილი გადამყიდველებმა შეიძინეს, რაც ცალკე პრობლემას წარმოადგენს, რომელზეც სხვა დროს ვისაუბრებთ. გავსებული სტადიონზე თამაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისთვის არც ისე ხშირი მოვლენაა და ესეც დამატებითი მოტივაციის მიზეზი უნდა იყოს.

ტრადიციად ისიც იქცა, რომ ასეთი შეხვედრების წინ გულშემატკივართა პატარა ნაწილი მხარს უცხოურ ნაკრებს უჭერს, რაც უმეტესობის აღშფოთებას იწვევს. ქართველ ფეხბურთელებს, შეუძლიათ, ამ მცირე ნაწილს დაუმტკიცონ, რომ მხარდაჭერას ისინიც იმსახურებენ.

keep calm

ფეხბურთი – ბავშვობასთან დაკავშირებული საუკეთესო მოგონება

ბევრი ჩვენგანისთვის ფეხბურთი ერთ-ერთი ის მთავარი რამაა, რომელიც ბავშვობასთან და შემდგომ ცხოვრებასთან პირდაპირ კავშირშია. ამ მოსაზრებას ყველა მკითხველი თუ არა, მისი უმეტესობა მაინც დაეთანხმება. მეტიც, ბევრისთვის ფეხბურთი მინიმუმ ათ წლამდე ერთადერთი გართობა იქნებოდა. აბა, ეზოში მეგობრებთან ერთად ბურთის გაგორებაზე უკეთესს იმ ასაკში, ალბათ, ვერაფერს წარმოვიდგენდით. მობილური ტელეფონი ერთეულებს თუ ექნებოდათ, კომპიუტერზე საუბარი კი ზედმეტია. მნიშვნელობა არ აქვს, კარგად ვთამაშობდით თუ ცუდად, ე.წ. „კაპიტნები“ ჩვენთვის ადგილს ყოველთვის გამონახავდნენ. არსებული სტერეოტიპის მიხედვით, შედარებით მსუქანი მოთამაშე მარადონას ან რონალდოს ნიჭით დაჯილდოვებული თუ არ იყო, სამწუხაროდ, სურვილის მიუხედავად, კარში ჩადგომა უწევდა (ფრაზა „ან ყველაფერი, ან არაფერი“ ამ სიტუაციას ყველაზე კარგად აღწერს). კარში დგომასაც თავისი პლიუსები ჰქონდა. მაგალითად, შეგეძლო დაგემტკიცებინა, რომ სასარგებლო ფეხბურთელი იყავი ან ძალიან კარგი მეკარე. თუმცა, გასათვალისწინებელი ისიც იყო, რომ პირველივე კარგი სეივის შემდეგ თავი ოლივერ კანად ან ჯანლუიჯი ბუფონად არ გეგრძნო, რადგან შემდეგომ, შეცდომის დაშვების შემთხვევაში, მოტივაციას დაკარგავდი და ივერვიულებდი. აი, ასაკით გაცილებით უფროსების თამაშის ყურება კი როგორც სიამოვნება, ასევე იმედგაცრუება იყო. ერთი მხვრივ, ეზოს ან სკოლის დონეზე ძალიან დაძაბულ მატჩს უყურებდი, მეორე მხვივ, ამ პროცესში ჩართული მხოლოდ მაშინ იყავი, თუ ბურთი სადმე შორს აღმოჩნდებოდა და ორივე გუნდი მთლიანი შემადგენლობით მის მოტანას გთხოვდა. ეს თხოვნა სწრაფად უნდა შეგესრულებინა, რათა მათ თვალში ამაღლებულიყავი, რაც თამაშის მცირე შანსს მაინც მოგცემდა. გული, ალბათ, მაშინ გწყდებოდათ, როდესაც ვინმე თამაშს გპირდებოდათ, თუმცა მატჩის დამთავრებისთანავე მიდიოდა, თქვენ კი ან მარტო რჩებოდით, ან მეგობრებთან ერთად ბურთის ძებნა გიწევდათ. ბურთი საერთოდ ცალკე პრობლემა იყო. ოცი კაციდან იგი ერთ-ერთს მაინც თუ გააჩნდა, მთელი დღის განმავლობაში გარეთ ყოფნა გარანტირებული იყო. უსიამოვნო მხოლოდ ის თუ იყო, ამ ოცი კაციდან ის ერთადერთი სწორედ შენ იყავი – ყოველთვის ბურთის იდეალურ მდგომარეობაში დატოვებაზე დარდობდი და როცა მისი გაბერვის დრო დგებოდა, დამატებითი „პროცედურების“ გავლა გიწევდა. საინტერესო ისიც იყო, თუ ვინ რამდენს კენწლიდა. აქაც, რა თქმა უნდა, ნიჭით ერთეულები თუ გამოირჩეოდნენ, თუმცა, ვაღიაროთ, რომ დღეს თითქმის ყველა სხვა საქმიანობითაა დაკავებული და ფეხბურთთან შეხება, ამ მხვრივ, არ აქვს, თორემ, ფეხბურთელობაზე, შეიძლება, დღესაც კი ვოცნებობდეთ. სხვა და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ისიც იყო, თუ სად გვეთამაშა. დღეს ამის პრობლემა არ არსებობს, ყოველ უბანში მინიმუმ სამ ხელოვნურ საფარიან სათამაშო მოედანს იპოვით. ადრე კარიც კი არ იყო, რაც ქვების პოვნას ან კედელზე ხაზების დახატვას საჭიროებდა.

თამაშზე მგონი საკმარისად ვისაუბრეთ, ახლა უშუალოდ ყურებაზე გადავიდეთ. ეზოში ან სკოლაში მეგობრებთან ერთად ნაყოფიერი თამაშის შემდეგ საღამოს მისი ყურების დროც დგებოდა. პარალელურად იმაზეც ვფიქრობდით, რომ მეორე დღეს სკოლაში წასვლა გვიწევდა და, შესაბამისად, ადრე ადგომაც, რის გამოც მშობლები, დიდი ალბათობით, მაქსიმუმ პირველი ტაიმის ყურების საშუალებას გვაძლევდნენ, მეორე დღეს, ანგარიშის არცოდნის შემთხვევაში, სკოლაში ადრე მივდიოდით, რათა ფეხბურთის „მცოდნე“ ბავშვებისგან განვლილი შეხვედრის ანგარიში გაგვეგო. კლასში ბევრი ფეხბურთის მაყურებელი თუ სწავლობდა, თითქმის ყველა მასწავლებელს ორმაგი სამუშაოს შესრულება და მათი დაწყნარება უწევდა. კამათი გაკვეთილების დაწყების წინ იწყებოდა, დასვენებაზე და უშუალოდ გაკვეთილებზე გრძელდებოდა და სასწავლო დღის დასრულების შემდგომ სრულდებოდა. თუ ბოლო წლებში ერთმანეთს „ბარსას“ ან „რეალს“ ადარებენ, ადრე არჩევანი გაცილებით დიდი იყო. ხან „ბარსა“ „მილანის“ შედარებას იწყებდნენ, ხან „რეალი“ „იუვენტუსის“… ის, რომ თუნდაც იტალიურ კლუბებს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, უმეტესწილად, სწორედ ამ გუნდების გასულ წლებში მიღწეული წარმატებაა. დღეს რთულია, 8-9 წლის ბავშვის წარმოდგებნა, რომელმაც ფეხბურთის ყურება ახლა დაიწყო და იტალიური ფეხბურთის საუკეთესო პერიოდის შესახებ გაეგოს. არადა, ერთ დროს მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო ლიგას თავისი ხიბლი ჰქონდა. ტელევიზორში სერია ა-ს მატჩების ნახვა ერთი სიამოვნება იყო. მოკლედ რომ ვთქვათ, ამდენი ვარსკვლავის ფონზე, ყველას სხვადასხვა ფავორიტი ჰყავდა, რაც საკმაოდ საინეტერესო კამათისა და დისკუსიის საგანი ხდებოდა. წარმოიდგინეთ, პატარა ბიჭები, რომლებიც თვლიან, რომ ფეხბურთში ჩახედულები არიან და ერთმანეთისთვის ამა თუ იმ ფეხბურთელის ან გუნდის სიძლიერის დამტკიცებას ცდილობენ. მსგავს სიტუაციაში საკუთარი თავი ახლა რომ დავინახოთ, ალბათ, გაგვეცინება კიდეც. არადა, მატჩების გარჩევისას თავს ფეხბურთის ექსპერტებად წარმოვიოდგენდით და გვეგონა, რომ ამაში ბადალი არ გვყავდა. ორმაგად სასიამოვნო ამის გამო უფროსი თაობის წარმომადგენლებისგან კომპლიმენტების მიღება იყო, მაშინ თავს ნამდვილ საფეხბურთო გურუებად ვგრძნობდით. უფროსი თაობისგან ქართულ ფეხბურთზე ისტორიები მაშინაც გვესმოდა. ძველი თაობის ამ ისტორიების წყალობით ამაყები ვხვდებით, რადგან ოდესღაც ჩვენს ქალაქისა და ქვეყნის გუნდში მიხეილ მესხის, დავით ყიფიანის, ვიტალი დარასელიას და სხვა მაღალი დონის შემსრულებლები თამაშობდნენ, რომლებმაც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში თავისი კვალი სამუდამოდ დატოვეს. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ თბილისური კლუბის მსგავს წარმატებას ჯერ არ მოვსწრებივართ და ძალიან გაგვიხარდება, თანამედროვე ფეხბურთში გუნდი „ოქროს ბიჭების“ მიერ მიღწეული შედეგის 50%-ს მაინც თუ მიაღწევს. რამდენიმე წელიწადში კი ვხვდებოდით, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი ჩვენგან ვერ დადგებოდა, ამიტომაც, ცოდნის ხარჯზე, ჟურნალისტობაზე ან კომენტატორობაზე ოცნებაც გაჩნდა.

ბავშვობის ფეხბურთთან დაკავშირებული მოგონებები ფეხბურთელების და გუნდების პლაკატების დაგროვებასთანაც ასოცირდება. მახსოვს, როგორ გამიხარდა, როდესაც სკოლაში კლასელმა ორი პლაკატი მაჩუქა, რაც შემდგომ პატარა გატაცებადაც კი იქცა. განსაკუთრებით სასიხარულო იყო, როცა რომელიმე ჟურნალში საყვარელი მოთამაშის პლაკატი გხვდებოდა და შემდგომ ერთ-ერთი ოთახის კედელს ამშვენებდა.

სავარაუდოდ, ბევრს სპორტის ამ სახეობამ არასაფეხბურთო ცოდნაც მოგცათ. მაგალითად, უკვე ათი წლის ასაკში საფეხბურთო კლუბების წყალობით ბევრი ქვეყნის დედაქალაქი ვიცოდით. ამ მხვრივ გეოგრაფიაზე ზოგადი ცოდნის მოპოვებას სწორედ ფეხბურთს უნდა ვუმადლოდეთ. ვინც დამეთანხმება, ალბათ, იმასაც დაადასტურებს, რომ მეექვსე კლასში გეოგრაფიის შესავალში ნაცნობი ინფორმაციის წაკითხვით ამაყი დარჩა და საყვარელი თამაშიც გაიხსენა.

მსგავსი მიზეზების გამო მსოფლიოში სპორტის ყველაზე ცნობილი სახეობა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ფეხბურთს კიდევ არაერთი მსგავსი დადებითი მხარე აქვს, ყველას ერთ სტატიაში ნამდვილად ვერ ჩავტევთ… ამიტომაც, გიყვარდეთ ფეხბურთი!

Fanebi.Com-ის ოფიციალური Android აპლიკაცია

ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა იცის, როგორ ვზრუნავთ საიტის განვითარებაზე, მომხმარებლების კომფორტზე და მათ მაქსიმალურად წახალისებაზე.

Fanebi.com-ი კიდევ ერთ საინტერესო და სასიხარულო სიახლეს გთავაზობთ.

შეიქმნა Fanebi.com-ის ოფიციალური აპლიკაცია Android-ის მომხმარებლებისთვის. ანუ მათ, ვინც საიტზე მობილური ტელეფონის ან პლანშეტური კომპიუტერის საშუალებით შემოდიან ხოლმე, ამიერიდან საშუალება ექნებათ, პირდაპირ აპლიკაციის მეშვეობით მიიღონ სპორტული სიახლეები, ნახონ ცხრილები და მიმდინარე მატჩები.

აპლიკაცია არის სრულიად უფასო და მისი ჩამოწერისთვის საჭიროა, ეწვიოთ ლინკს:

https://play.google.com/store/apps/details?id=ge.cyberia.fanebi&hl=ge

თუკი თქვენ გაქვთ iPhone ან სხვა iOS სისტემაზე მომუშავე აპარატურა, ჩვენ უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ სპეციალურ აპლიკაციას სპეციალურად ამ სისტემისთვის.

ვეცდებით, მომავალში კიდევ უფრო დავხვეწოთ ამ მიმართულებით ჩვენი ვებგვერდი და მისი ფუნქციები. ამ მხრივ მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს.

Fanebi.Com — იყავი ნამდვილი ფანი

გახდი Fanebi.Com-ის ჟურნალისტი!

სპორტული ვებ-გვერდი Fanebi.Com-ი იწყებს ახალ პროექტს. საიტზე სიახლეების გამშუქებლების კონკურსი ეწყობა. მონაწილეები სამი კვირის მანძილზე საიტზე თავიანთ დაწერილ პუბლიკაციებს გამოაქვეყნებენ, რის შემდეგაც მათგან საუკეთესო ჩვენს პორტალზე მუშაობას გააგრძელებს და ყოველთვიური ბონუსური სისტემით მცირე გასამრჯელო დაენიშნება. მონაწილეების მთავარი მოვალეობაა სპორტული ახალი ამბების წერა (ერთი პუბლიკაცია მინიმუმ 70 სიტყვისგან უნდა შედგებოდეს). კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარ ერთი სტატიის გამოგზავნა. მონაწილეობის მსურველთა ჩაწერა გაგრძელდება 4 დღის განმავლობაში (5 სექტემბრამდე). მონაწილეთა შესარჩევი სტატიები მიიღება Fanebi.Com-ის ფეისბუქის გვერდზე შეტყობინების სახით. გასათვალისწინებელია, რომ კარგი მუშაობისა და საიტის გუნდში ინტეგრაციის შემთხვევაში, შესაძლებელია აღნიშნული პირის კიდევ უფრო დატვირთვა (მატჩებზე, პრესკონფერენციებზე, სპორტულ მოვლენებზე აკრედიტირება). ასე რომ, Fanebi.Com-ი გაძლევთ კარგ შანსს, დაიწყოთ სპორტული ჟურნალისტის კარიერა აქ, ჩვენს პორტალზე.

მონაწილეთა სავალდებულო მოთხოვნები:

– სპორტის კარგი ცოდნა;
– ქართული ენის კარგი ცოდნა
– უცხოური ენის ფლობა (თარგმნის უნარი);
– ოპერატიულობა;
– ყურადღებიანობა;
– პასუხისმგებლობის გრძნობა.

საუკეთესო მონაწილე შემდეგი წესით აირჩევა:

  • ყოველი კვირის ბოლოს პუბლიკაციების რაოდენობის მიხედვით გამოვლინდება სამი საუკეთესო კონკურსანტი, რომლებსაც I-II-III ადგილების შესაბამისად დაეწერებათ 3, 2 და 1 ქულა.
  • ადმინისტრაციის სიმპათია – 2 ქულა (ადმინისტრაციის სიმპათია კონკურსის დასრულების შემდეგ გამოვლინდება და შესაბამისი ქულა დაეწერება).

თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ჩატარდება დამატებითი ტური, ან გამარჯვებულის ვინაობას საიტის ადმინისტრაცია გადაწყვეტს.

დამატებითი შეკითხვებისთვის მოგვწერეთ ჩვენი პორტალის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე: Fanebi.Com-ის ფეისბუქის გვერდი

 

საუკეთესო კლუბების, ჩემპიონატების, ფეხბურთელების რეიტინგი (FANEBI.COM-ის სტატისტიკა)

როგორც მოგეხსენებათ, სპორტულ პორტალ Fanebi.com-ზე დარეგისტრირებისას მომხმარებელი ირჩევს თავის საყვარელ კლუბს, ჩემპიონატსა და ფეხბურთელს, რაც ვებსაიტის სტატისტიკაში ფიქსირდება და დგება საერთო რეიტინგი. დღეისთვის ჩვენს პორტალზე 12 ათასზე მეტი დარეგისტრირებული მომხმარებელია, უმეტეს მათგანს მითითებული აქვს საყვარელი კლუბი, ჩემპიონატი და ფეხბურთელი. ჩვენ პრეტენზია არ გვაქვს იმაზე, რომ აღნიშნული სტატისტიკა ზუსტად შეესატყვისება საქართველოში ფეხბურთის მოყვარულთა შეხედულებას, თუმცა გარკვეულწილად საერთო შედეგთან მიახლოებულია.

გთავაზობთ Fanebi.com-ის სტატისტიკაზე დაფუძნებულ საუკეთესო კლუბების, ჩემპიონატებისა და ფეხბურთელების რეიტინგს.

 

კლუბთა რეიტინგი (საუკეთესო ათეული) 
 1.  „ბარსელონა“    2873
 2.  „რეალი“    2578
 3.  „მილანი“    906
 4.  „მანჩესტერ იუნაიტედი“    775
 5.  „ჩელსი“    536
 6.  „ბაიერნი“    497
 7.  „ლივერპული“    437
 8.  „არსენალი“    392
 9.  „იუვენტუსი“    316
 10.  „დინამო თბილისი“    211

ვრცლად იხილეთ: კლუბთა რეიტინგი

 ჩემპიონატების რეიტინგი (საუკეთესო სამეული)
 1.  პრიმერადივიზიონი    4323
 2.  პრემიერლიგა    3809
 3.  სერია A    1283

ვრცლად იხილეთ: ჩემპიონატების რეიტინგი

 ფეხბურთელების რეიტინგი (საუკეთესო ხუთეული)
 1. ლიონელ მესი   2015
 2. კრიშტიანუ რონალდუ   1598
 3. იკერ კასილასი   537
 4. რიკარდო კაკა   391
 5. უეინ რუნი   365 

ვრცლად იხილეთ: ფეხბურთელების რეიტინგი

სამუნდიალე კონკურსის 25-ე დღის გამარჯვებულები

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით Fanebi.com-ი და Europe-bet-ი ერთობლივი პროექტ – „სამუნდიალე კონკურსს“ გთავაზობდათ, რისი მეშვეობითაც ფულადი ჯილდოს მოგების შანსი გეძლეოდათ. კონკურსის დასკვნით დღეს გერმანიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩთან დაკავშირებული 4 კითხვა შემოგთავაზეთ. შეცვლილი წესების მიხედვით, ჯილდოვდება ყველაზე მეტი სწორი პასუხის დამწერი პირველი 20 მომხმარებელი. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს „ევროპა ბეთის“ ანგარიშზე 15 ლარი ერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 10 ლარი დაერიცხებათ. ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება.

სამუნდიალე კონკურსის დასკვნითი 25-ე დღის კითხვები იყო:

1) რომელი გუნდი გახდება მსოფლიოს ჩემპიონი? (გერმანია, არგენტინა) — გერმანია;
2) მატჩის ბედი გადაწყდება: ძირითად დროში, დამატებით დროში თუ პენალტების სერიაში? — დამატებით დროში;
3) რომელი გუნდი გაიტანს პირველ გოლს: გერმანია, არგენტინა თუ არ იქნება გოლი? (იგულისხმება როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი ტაიმები) — გერმანია;
4) ვინ მიიღებს პირველ ყვითელ ბარათს? (გერმანია, არგენტინა) — გერმანია.

სამუნდიალე კონკურსის 25-ე დღის გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:

მომხმარებელი: გამოცნობილი პასუხების რაოდენობა: მოგებული თანხა:
GAGAREALI123456  4 15
LEVA_FIL 4 15
ODISHA991  4 15
JAL10  3 10
LASHIKOVSKI17   3 10
LEV  3 10 არ აქვს მითითებული პინ-კოდი
IGBLIANI2014  3 10
7112  3 10
M.REUS11 3 10
EVOLSN  3 10
XUCIKA  3 10
DAVIT.DATA 3 10
HANDSOME777  3 10
CACKRI  3 10
NIN_777 3 10
SURRENDER12  3 10
VALE46  3 10
MERABICHI_19  3 10
TONI-KROOS 3 10
MUSTANGI21 3 10  

გამარჯვებულთა სიები „ევროპა ბეთში“ გაიგზავნება დღეს. შესაბამისად, მომხმარებლებმა, რომლებსაც საკუთარი ანგარიშის პინ-კოდი არ აქვს მითითებული, სასწრაფოდ უნდა მოგვაწოდონ. მათ პინ-კოდის მოსაწოდებლად დრო ეძლევათ 17:30 საათამდე. სხვა შემთხვევაში, მათ ბალანსზე თანხის დარიცხვა ვერ მოხერხდება. თავისთავად, დანარჩენ გამარჯვებულებს თანხები რომ დაერიცხებათ, ეს ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა კარგად იცის და არანაირი პრობლემა ამ მხრივ არ იქნება, ჩვენი 6-წლიანი გამოცდილება მეტყველებს ამაზე.

 

სამუნდიალე კონკურსი (გერმანია — არგენტინა)

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით მიმდინარეობს Fanebi.com-ისა და Europe-bet-ის ერთობლივი პროექტი – „სამუნდიალე კონკურსი“, რისი მეშვეობითაც ფულადი ჯილდოს მოგების შანსი გეძლევათ. დღეს გამოქვეყნდა დასკვნითი 25-ე საკონკურსო დღის კითხვები, რომელიც გერმანიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩს ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

წესებში ცვლილებაა: გაიზარდა საპრიზო ადგილების რაოდენობა. გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 20 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს „ევროპა ბეთის“ ანგარიშზე 15 ლარი ერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 10 ლარი დაერიცხებათ.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: გერმანია — არგენტინა