რონალდუს სენდვიჩი

ბრაზილიაში მდებარე ერთ-ერთ ბარში მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს პატივსაცემად სპეციალური სენდვიჩი დაამზადეს.

პორტუგალიის ნაკრები კამპინასში დაბინავდება. სწორედ ამ ქალაქში მდებარე ერთ-ერთი ბარის პორტუგალიელმა შეფ-მზარეულმა ჟოზე დოს სანტოს ანტონიომ სენდვიჩი მოამზადა, რომლის ინგრედიენტებადაც ვირთევზა, ნიორი, ოხრახუში, ყველი, ზეთისხილი, ხახვი, ზეითუნის ზეთი და როგორც შეფ-მზარეული ამბობს, სპეციალური ინგრედიენტი „რონალდუსადმი უსაზღრო სიყვარული“ გამოიყენა.

მსოფლიოს ჩემპიონატი 12 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში ჩატარდება. პორტუგალიელებს ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად გერმანიის, აშშ-სა და განის ნაკრებები ჰყავს.

იხილეთ: 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარი

ბექა დოგრაშვილი

ბრაზილიის პოლიცია მუნდიალის უსაფრთხოებისთვის აქტიურად ემზადება

ბრაზილიის პოლიციამ მსოფლიოს ჩემპიოანტის დაწყებამდე ერთი თვით ადრე დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები შეიძინა. ამ საშუალებით აპირებენ სამართალდამცავები საპროტესტო აქციების აღკვეთას. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში საკმაოდ ხშირია მომიტინგეთა შეკრება, რამაც 2013 წელს კონფედერაციის თასის გათამაშების მიმდინარეობის დროსაც პრობლემები.

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 30 დღე დარჩა. ტურნირი 13 ივნისს, სან პაულოშიში გაიხსნება, სადაც ბრაზილიის ნაკრები ხორვატიას მიიღებს.

იხილეთ: 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარი

 

მუნდიალის თასი მსოფლიოს უკლებლივ ყველა ნაკრებს

სათაურიდან გამომდინარე, არ გეგონოთ, რომ საქართველის ნაკრებს ვინმე მსოფლიოს ჩემპიონატის თასს ჩუქნიდეს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ სანამ მსოფლიოს ჩემპიონატის რეალური თასი პლანეტის გარეშე მოგზაურობს, ჩინეთის ხელისუფლებამ გასაყიდად გამზადებული მუნდიალის ათასობით ყალბი თასის კონფისკაცია მოახდინა. ჩინეთის საბაჟოს ოფიცრებმა ლიბიაში გასაყიდად გაგზავნილი 1020 ოქროს ყალბი თასი აღმოაჩინეს. მანამდე კი, ქალაქ სიამინში 1008 ყალბი თასის კონფისკაცია მოახდინეს.

მსოფლიოს ჩემპიონატის ნამდვილი თასი 18-კარატიანი ოქროსგან არის დამზადებული და მალაქიტის მწვანე ფერის ორი ზოლით ბოლოვდება.  ნამდვილ და ჩინეთში აღმოჩენილ ყალბ თასებს შორის შეუარაღებელი თვალითაც შეიძლებოდა განსხვავების შემჩნევა: ყალბ თასებს შედარებით  ღია ფერი დაკრავდა.

სხვათა შორის, ბრაზილიის ნაკრების მუდმივ საკუთრებაში არსებული ჟიულ რიმეს თასიც არ გეგონოთ ნამდვილი. 1970 წელს ბრაზილიის ნაკრები მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და წესის მიხედვით, თასის მუდმივ საკუთრებაში ქონის უფლება მიიღო. 1983 წლის 19 დეკემბერს, რიო დე ჟანეიროშო მდებარე ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფისიდან ჟიულ რიმეს თასი მოიპარეს. ტიტული სპეციალურად დამზადებულ ფოლადის კარადაში იყო შენახული, რომელსაც ტყვიაგაუმტარი მინა იცავდა. მინა 2 სანტიმეტრის სისქის ხის ჩარჩოში იყო ჩასმული, რითაც მძარცველებმა ისარგებლეს და თასის მოპარვა მოახერხეს. ჟიულ რიმეს ტიტული ამ დრომდე არ არის ნაპოვნი. შესაძლოა, ის გადაადნეს კიდეც. საბოლოო ჯამში, ოთხი ადამიანი დაუსწრებლად სცნეს დამნაშავედ. ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ 1,8 კგ. ოქროსგან კომპანია „ისთმენ კოდაკს“ თასის ასლი დაამზადებინა. ტიტულის ასლი პირველად ბრაზილიის პრეზიდენტმა 1984 წელს წარმოადგინა.

ჩინეთში გაწაფულები არიან საავტორო უფლებების დარღვევით ნივთების დამზადებაში. ცოტა ხნის წინათ, სიამინის საბაჟოს ოფიცრებმა ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატის 21 648 ცალი მაისური ამოიღეს, რომელთაც „ნაიკის“ ფირმის ორიგინალი ფორმებისგან პრაქტიკულად ვერც განასხვავებდით.

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com

ფიფას რჩევები ტურისტებს — რამ გამოიწვია ბრაზილიელთა უკმაყოფილება?

რამდენიმე დღის წინათ ფიფამ საკუთარ ჟურნალში 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ტურისტებისთვის რჩევების სია გამოაქვეყნა. „ბრაზილია დამწყებთათვის“ მოიცავს ათ პუნქტს და მოგვითხრობს ბრაზილიელთა კულტურის, მათი ჩვევების შესახებ. სიის რამდენიმე პუნქტმა იმდენად შეურაცხყო ბრაზილიელები, რომ ფიფას ინტერნეტ-სივრციდან მათი წაშლა მოუწია. სხვათა შორის, როგორც ამ სიიდან ირკვევა, ბრაზილიელები უარყოფითი თვისებებით ქართველებს ძალიან ჰგვანან.

აი, რამ გამოიწვია ბრაზილიელთა უკმაყოფილება:

● არაპუნქტუალობა: თუ ბრაზილიელები ერთმანეთს შეხვედრას 12:30 საათზე დაუნიშნავენ, 12:45 საათზე ადრე არ მივლენ;

● რიგები: ბრაზილიელებს ლოდინი ჭირის დღესავით სძულთ. რიგში ისინი მუდმივად ქაოსს აწყობენ;

● გზებზე ფეხით მოსიარულეებს ყურადღებასაც არ აქცევენ, ე.წ. „ზებრებზეც“ კი არ ატარებენ მძღოლები მოსიარულეებს. (გიხაროდენ! ეს მარტო ქართველების სენი არ ყოფილა – ავტ.);

● არ ისაუბროთ ესპანურად. სახელმწიფო ენა პორტუგალიურია. თუ ბრაზილიის დედაქალაქად ბუენოს-აირესს დაასახელებთ, ქვეყნიდან გაგაძევებენ;

● იქონიეთ მოთმინება: ბრაზილიაში ყველაფერს ბოლო წუთებში აკეთებენ. ეს სტადიონების მშენებლობასაც ეხება. ბრაზილიაში ცხოვრების მიმართ ასეთი დამოკიდებულება აქვთ: უნდა დაისვენო და დატკბე.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი 13 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში ჩატარდება. ტურნირის დაწყებამდე 71 დღე დარჩა.

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com

ვან გალი: „ჰოლანდიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის აუტსაიდერია“

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გალმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მოლოდინების შესახებ ისაუბრა.

„ფიფას სარეიტინგო სიაში მერვე თუ მეათე პოზიციაზე ვიყავით. ჩვენ არ ვართ მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტები. ფავორიტებად ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებებს ვთვლი.

ევროპიდან ტიტულისთვის იბრძოლებენ ესპანეთისა და გერმანიის ნაკრებები. ჰოლანდია მსოფლიოს ჩემპიონატის აუტსაიდერია, თუმცა გუნდი უპერსპექტივოდ არ გამოიყურება. ანალოგიურს ვიტყოდი საფრანგეთის ნაკრებზე“, – ვან გალის სიტყვები „დე ტელეგრაფმა“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ჰოლანდია ესპანეთის, ავსტრალიისა და ჩილეს ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

ბექა დოგრაშვილი

„ბრაზუკა“ და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების დანარჩენი ბურთები

3 დეკემბერს, რიოში კომპანია „ადიდასმა“ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი – „ბრაზუკა“ წარადგინა.

ბურთის დიზაინი ბრაზილიელთა გამოკითხვის შედეგად შეირჩა და მასზე გამოსახული ნახატები ბრაზილიური ცხოვრების სტილს ასახავს.

ბოლო წლებში ისეთი ტრადიცია ჩამოყალიბდა, რომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე წარგენილ ბურთებს თითქმის ყველა იწუნებდა, თუმცა „ბრაზუკა“, ამ მხრივ გამორჩეული აღმოჩნდა. აღნიშნულმა ბურთმა უკვე დაიმსახურა იკერ კასილასის, სტივენ ჯერარდის და სხვათა მოწონება

აქვე გთავაზობთ მსოფლიოსა და ევროპის ყველა ჩემპიონატის ოფიციალურ ბურთებს.

მსოფლიოს ჩემპიონატი -1930 (ურუგვაი) – ტიენტო და T-მოდელი

 

მსოფლიოს ჩემპიონატი – 1934 (იტალია) – ფედერალე 102

მსოფლიოს ჩემპიონატი -1938 (საფრანგეთი) – ალენი

მსოფლიოს ჩემპიონატი -1950 (ბრაზილია) – სუპერ დუპლო T

მსოფლიოს ჩემპიონატი -1954 (შვეიცარია) – Swiss WC Match Ball

მსოფლიოს ჩემპიონატი -1958 (შვედეთი) – ტორ-სთარი

ევროპის ჩემპიონატი-1960 (საფრანგეთი) – ტორ-სთარი

მსოფლიოს ჩემპიონატი -1962 (ჩილე) – მისტერ კრეკ ფინალი

ევროპის ჩემპიონატი -1964 (ესპანეთი) – ტორ-სთარი-2

მსოფლიოს ჩემპიონატი -1966 (ინგლისი) – ჩელენჯ 4 სთარი

ევროპის ჩემპიონატი -1968 (იტალია) – ტელსთარ ელასტი

მსოფლიოს ჩემპიონატი -1970 (მექსიკა) – ტელსთარ დურლასტი

ევროპის ჩემპიონატი -1972 (ბელგია) – ტელსთარ დურლასტი

მსოფლიოს ჩემპიონატი -1974 (გფრ) – ტელსთარ დურლასტი

ევროპის ჩემპიონატი -1976 (იუგოსლავია) – ტანგო დურლასტი

მსოფლიოს ჩემპიონატი -1978 (არგენტინა) – ტანგო დურლასტი

ევროპის ჩემპიონატი -1980 (იტალია) – ტანგო რივერ პლეიტი

მსოფლიოს ჩემპიონატი -1982 (ესპანეთი) – ტანგო ესპანია

ევროპის ჩემპიონატი -1984 (საფრანგეთი) – ტანგო მუნდიალი

მსოფლიოს ჩემპიონატი -1986 (მექსიკა) – აცტეკა მეხიკო

ევროპის ჩემპიონატი -1988 (გფრ) – ტანგო ევროპა

მსოფლიოს ჩემპიონატი -1990 (იტალია) – ეტრუსკო უნიკო

ევროპის ჩემპიონატი -1992 (შვედეთი) – ეტრუსკო უნიკო

მსოფლიოს ჩემპიონატი -1994 (აშშ) – კუესტრა

ევროპის ჩემპიონატი -1996 (ინგლისი) – კუესტრა ევროპა

მსოფლიოს ჩემპიონატი -1998 (საფრანგეთი) – EQT ტრიკოლორე

ევროპის ჩემპიონატი -2000 (ბელგია-ჰოლანდია– ტერესტრა სილვერსტრიმი

მსოფლიოს ჩემპიონატი -2002 (სამხრეთ კორეა-იაპონია) – ფევერნოვა

ევროპის ჩემპიონატი -2004 (პორტუგალია) – როტეირო

მსოფლიოს ჩემპიონატი -2006 (გერმანია) – თიმგაისტი

ევროპის ჩემპიონატი -2008 (ავსტრია-შვეიცარია) – ევროპასი

მსოფლიოს ჩემპიონატი -2010 (სამხრეთ აფრიკა) – ჯაბულანი

ევროპის ჩემპიონატი -2012 (პოლონეთი-უკრაინა) – ტანგო 12

მსოფლიოს ჩემპიონატი -2014 (ბრაზილია) – ბრაზუკა

დორიამ სიტყვა შეასრულა – გაიხადა, თუმცა…

როგორც ვწერდით, ფრანგული ტელეკომპანია „Canal+“-ის ამინდის პროგნოზის წამყვანმა დორია ტიიემ პირობა დადო, თუ საფრანგეთის ნაკრები უკრაინის ბარიერს დაძლევს და 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვებს, საჯაროდ გავიხდიო.

საფრანგეთის ნაკრებმა უკრაინა ანგარიშით 3:0 დაამარცხა და მუნდიალის საგზური მოიპოვა, ტელეწამყვანს კი – პირობის შესრულება მოუხდა.

დორია სიტყვის ქალი გამოდგა და გაიხადა, თუმცა ვიდეო საკმაოდ შორი მანძილიდან არის გადაღებული, რამაც მაყურებელთა გულისწყრომა გამოიწვია. ზოგი დაეჭვდა კიდეც, არის თუ არა ეს მართლა დორია.

გთავაზობთ აღნიშნულ ვიდეოს.

 

გაიხდის დორია?

ფრანგული ტელეკომპანია „Canal+“-ის ამინდის პროგნოზის წამყვანმა დორია ტიიემ პირობა დადო, თუ საფრანგეთის ნაკრები უკრაინის ბარიერს დაძლევს და 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვებს, საჯაროდ გავიხდიო.

როგორც მოგეხსენებათ, დიდიე დეშამის გუნდმა გუშინ უკრაინის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა და მუნდიალის საგზური მოიპოვა. შესაბამისად, დორიამ უნდა გაიხადოს.

ამ ფაქტმა „Canal+“-ის მრავალრიცხოვან მაყურებელთა რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდა.

გამოდგება თუ არა დორია სიტყვის ქალი, ეს დღეს გაირკვევა – გადაცემა ოთხშაბათ საღამოს გადის ეთერში. შესაძლოა, ტელეწამყვანმა დღეს მხოლოდ დააანონსოს, თუ როდის გაიხდის.

 

დიდიე დეშამი უკრაინის ნაკრების დამარცხებაში დარწმუნებულია – ინტერვიუ

ევროპის ზონიდან საფრანგეთისა და უკრაინის ნაკრებების ბრძოლა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის დიდ ინტერესს იწვევს. როგორც მოგეხსენებათ, პირველი მატჩი კიევში შედგა და ის მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა, რამაც „მამლები“ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ფრანგი გულშემატკივრების დიდ ნაწილს უკვე აღარ სჯერა, რომ მისი ქვეყნის ნაკრები უკრაინულ ბარიერს დაძლევს, თუმცა სხვა პოზიციაზეა დიდიე დეშამი. საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი სასურველი ანგარიშით გაიმარჯვებს და ბრაზილიის მუნდიალის საგზურს მოიპოვებს.

„ვეცდებით, სასურველ შედეგს მივაღწიოთ. პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად ვართ მზად. ვთვლი, რომ გამარჯვება შეგვიძლია“, – თქვა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დეშამმა.

– თუ მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით 2:0 დასრულდება, უკვე იცით, ვინ შეასრულებს თერთმეტმეტრიანებს?
– ჯერ არ ვიცი. თუ საქმე პენალტების სერიამდე მივა, დაარტყამს ის, ვინც იმ მომენტში იქნება მზად ამისთვის.

– რას ეტყოდით საფრანგეთის ნაკრების ქომაგებს?
– ვიცი, რომ მთელი სტადიონი ჩვენ გვიქომაგებს, თუმცა შედეგი მხოლოდ ფეხბურთელებზე იქნება დამოკიდებული და არა – გულშემატკივრებზე.

– პოსტიდან გათავისუფლებაზე თუ გიფიქრიათ?
–არა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. ამაში 1 პროცენტითაც არ მეპარება ეჭვი.

– ვარანი არის მზად იმისთვის, რომ უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ მატჩში სრულად ითამაშოს?
– ვფიქრობ, ის ფიზიკურად მზად არის, თუმცა ვერც იმას გამოვრიცხავს, რომ  მას მუხლთან დაკავშირებით შეიძლება გარკვეული სახის პრობლემები ჰქონდეს.

– რიბერის კიევში ორი-სამი ფეხბურთელი მეურვეობდა. ექნება მას პარიზში მეტი სივრცე?
– ვფიქრობ, მას აქაც ეყოლება რამდენიმე მეურვე. ასეთ მომნტში დანარჩენ ფეხბურთელებს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ისინი უფრო მეტად უნდა დაეხმარნონ ფრანკს.

– როგორც ფეხბურთელი, ისურვებდით ასეთ მატჩში მონაწილეობის მიღებას?
– დიახ, წინააღმდეგი არ ვიქნებოდი. ძალზედ საინტერესო დაპირისპირებაა.

ცნობისთვის, მატჩი საფრანგეთისა და უკრაინის ნაკრებებს შორის 20 ნოემბერს, ჩვენი დროით 00:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

აგუეროს მიზანი – მუნდიალის მოგება და „ოქროს ბურთის“ დასაკუთრება

„მანჩესტერ სიტისა“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი სერხიო აგუერო მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებასა და „ოქროს ბურთის“ დასაკუთრებაზე ოცნებობს. 25 წლის ფეხბურთელის თქმით, ეროვნულ ნაკრებში მისი მიზანი ლიონელ მესის დახმარებაა. აგუერო თვლის, რომ მესის დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, ამიტომ მას თანაგუნდელები მაქსიმალურად უნდა დაეხმარნონ.

„ჩემი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება და პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მოპოვებაა. ამ მიღწევით ისტორიაში შევალ. რაც შეეხება ნაკრებში ჩემს როლს, ჩემი საქმე მესის დახმარებაა. ის დიდი წნეხის ქვეშ არის მოქცეული, ხალხი მისგან ბევრ რამეს ელის.  მე მას ვეხმარები, რომ ამ პასუხისმგებლობას გაუმკლავდეს, რაც ისევ გუნდს წაადგება. ქომაგები არგენტინის ნაკრებისგან წარმატებას ელიან და ეს კარგია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ისინი გავახაროთ“, – კუნ აგუეროს სიტყვებს La Nation-ი ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

გერდ მიულერი: „იმედი მაქვს, კლოზე რონალდოს რეკორდს დაამხობს“

მოგეხსენებათ, გერმანიისა და ავსტრიის ეროვნულ გუნდთა შორის 6 სექტემბერს გამართულ მატჩში „ბუნდესთიმის“ თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ 68-ე სანაკრებო გოლი გაიტანა, რითაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების ფორვარდ გერდ მიულერის რეკორდი გაიმეორა. მიულერი აცხადებს, რომ მოხარულია კლოზეს ამ შედეგით და იმედოვნებს, რომ 35 წლის ფეხბურთელი უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევს.

„მოხარული ვარ, რომ კლოზემ ნაკრებში 68-ე გოლი გაიტანა და ჩემი რეკორდი გაიმეორა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კლოზემ ეს 129 მატჩში მოახერხა, როცა მე ამისთვის მხოლოდ 62 შეხვედრა მეყო“, – ციტირებს გერდ მიულერის სიტყვებს „დე ტელეგრაფი“.

ორივე გერმანელ ფეხბურთელს მსოფლიოს ჩემპიონატებზე სათითაოდ 14 გოლი აქვთ გატანილი, რეკორდი კი ბრაზილიელ რონალდოს ეკუთვნის, რომელმაც მუნდიალებზე 15 გოლის გატანა შეძლო.

„იმედი მაქვს, ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე კლოზე რონალდოს რეკორდს დაამხობს“, – დაამატა გერდ მიულერმა.

ბექა დოგრაშვილი