რამოსი “რეალთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ დათანხმდა

მადრიდის “რეალის” მცველმა სერხიო რამოსმა კლუბის მიერ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე პირველი შემოთავაზება უარით გაისტუმრა.

რამოსი კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შეხვდა და ახალი შრომითი
ხელშეკრულების პირობები განიხილა, თუმცა მხარეებს შორის ჯერჯერობით მოლაპარაკება ვერ შედგა. ესპანელი მცველი უკმაყოფილოა, რომ მისი ანაზღაურება კრიშტიანუ რონალდუს, გარეტ ბეილის, კარიმ ბენზემასა და იკერ კასილასის ჯამაგირს ჩამორჩება.

აღსანიშნავია ისიც, რომ სერხიო რამოსის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი” იჩენს.

 

“რეალის” ფანების ნაწილი ფლორენტინო პერესის გადადგომას მოითხოვს

მადრიდის “რეალის” ინჩადა უკმაყოფილოა იმ პოლიტიკით, რომელსაც კლუბის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ახორციელებს.

Sport-ის ცნობით, მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ გუშინ გამართული მატჩის (1:2) მიმდინარეობისას “რეალის” ქომაგების ნაწილმა კლუბის პრეზიდენტის პოსტიდან ფლორენტინო პერესის გადადგომის მოთხოვნით ტრიბუნაზე სპეციალური ბანერი გამოკიდა.

“რეალის” ფანების ნაწილი თვლის, რომ გუნდის არასტაბილურ თამაშზე პასუხისმგებლობა სწორედ პერესმა უნდა აიღოს.

 

პერესი:”თუ ფინალის მოგება გვსურს ნადალივით უნდა ვიბრძოლოთ”

მადრიდის რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მადრიდის მასტერსის ფინალს დაესწრო რომელშიც ნადალი მონაწილეობდა და განაცხადა:“ფინალში სისხლის ბოლო წვეთამდე უნდა ვიბრძოლოთ.თუ “ლა დესიმას” მოპოვება გვინდა ნადალს უნდა მივბაძოთ,რადგან იგი ფარ-ხმალს არასოდეს ყრის.”

“აქ იმიტომ ვიმყოფები,რომ რაფაელს მხარი დავუჭირო,რადგან იგი ძალიან ხშირად გვსტუმრობს ბერნაბეუზე”-განაცხადა ფლორენტინო პერესმა

რონალდუ: „ტელეფონი არ მაქვს“

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდუმ განაცხადა, რომ ზეპ ბლატერი მას ბოდიშის მოსახდელად ვერ დაურეკავდა, რადგან პორტუგალიელს ტელეფონი არ აქვს. რონალდუმ აღნიშნა, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელთან დაკავშირებული ისტორია ნაკლებად აინტერესებს. დაახლოებით ერთი თვის წინათ, ოქსფორდის უნივერსიტეტში, ბლატერმა რონალდუს მესისთან შედარებისას აღნიშნა, რომ მას არგენტინელი ფეხბურთელი ურჩევნია, რადგან მესი მოედანზე უკეთ იქცევა, თამაშის მანერითაც სჯობს თავის პორტუგალიელ კონკურენტს, რონალდუ კი ვარცხნილობას უთმობს დიდ ყურადღებას.
მოგვიანებით ბლატერმა ამ სიტყვებისთვის ბოდიშიც მოიხადა.

რადიო „მარკას“ ჟურნალისტი პაკო გარსია კარიდადი დაინტერესდა, დაურეკა თუ არა ბლატერმა რონალდუს პირადად ბოდიშის მოსახდელად.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ასეთი პასუხი გასცა:

„ტელეფონი არ მაქვს. (იცინის) ჩემს მდივანს კი აქვს, მაგრამ მე არ ვიყენებ. არ მადარდებს“.

ესპანური გამოცემა „მარკას“ მიერ დაწესებული ალფრედო დი სტეფანოს ჯილდო, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელისთვის არის განკუთვნილი, გუშინ სწორედ რონალდუს გადაეცა.

ჟურნალისტი იმითაც დაინტერესდა, დაესწრება თუ არა რონალდუ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალს. პორტუგალიელმა ამ კითხვას თავი დიპლომატიურად აარიდა.

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დი სტეფანოს ჯილდოს მიღება. დიდი პატივია, რომ პრიზი თავად მან გადმომცა. ძალიან გახარებული ვარ. აი, რა არის ჩემთვის ღირებული“.

 

ბექა დოგრაშვილი

ბლატერი: „რონალდუს შესახებ აზრი არ შემიცვლია“

ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა კიდევ ერთხელ გამოხატა აღტაცება მადრიდის „რეალის“ ფორვარდ კრიშტიანო რონალდუს მიმართ და კიდევ ერთხელ სცადა დაძაბულობის განმუხტვას.

სამი კვირის წინ, ოქსფორდის უნივერსიტეტში გამოსვლისას, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მას რონალდუს ლეო მესი ურჩევნია.

ფიფას პრეზიდენტის ამ განცხადებას „რეალის“ მხრიდან ლოგიკური აღშფოთება მოჰყვა. მოგვიანებით ბლატერმა მოიბოდიშა და აღნიშნა, რომ პორტუგალიელის შეურაცხყოფაზე არც უფიქრია.

როგორც მოგეხსენებათ, რონალდუ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალზე დასწრებას არ აპირებს, ამის მიზეზი კი რა შეიძლება იყოს, თუ არა ოქსოფრდში ბლატერის მიერ გაკეთებული განცხადება. აშკარაა, რომ ფიფას პრეზიდენტი პორტუგალიელი ფეხბურთელის მოთაფვლას ცდილობს. შვედეთისა და პორტუგალიის ნაკრებთა შორის გამართული მატჩის შემდეგ, ბლატერმა სოციალური ქსელის მეშვეობით რონალდუ გატანილი ჰეთ-თრიკისთვის შეაქო, თუმცა „რეალის“ ფეხბურთელს „ოქროს ბურთის“ ცერემონიალის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია.

ბლატერი კიდევ ერთხელ შეეცადა, როგორმე განემუხტა დაძაბული სიტუაცია და რონალდუს მიმართ ამჯერადაც აღმატებით ხარისხში ისაუბრა.

„არაფერს არ ვნანობ. ყოველთვის ვამბობდი, რომ კრიშტიანო რონალდუ გამორჩეული მოთამაშეა და ჩემი აზრი მის შესახებ არ შეცვლილა. მოედანზე ის მეთაურია. სამწუხაროა, რომ ჩემი სიტყვები სხვაგვარად გაიგეს. გულში ყველას თავისი ფავორიტი ჰყავს“, – განაცხადა ბლატერმა იტალიაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბექა დოგრაშვილი

რონალდუ ფიფას ბოიკოტს უცხადებს?

ესპანური AS-ის თანახმად, მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ ფიფას მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ბოიკოტირებას აპირებს. წყაროს ცნობით, პორტუგალიელი ფეხბურთელი არ აპირებს, დაესწროს „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს, რომელიც 2014 წლის 13 იანვარს შედგება.

როგორც მოგეხსენებათ, ფიფას პრეზიდენტმა იოზეპ ბლატერმა ოქსფორდის უნივერსიტეტში გამოსვლისას, რონალდუ ლეო მესის შეადარა და აღნიშნა, რომ მას არგენტინელი ფეხბურთელი ურჩევნია, რადგან მესი მოედანზე უკეთ იქცევა, თამაშის მანერითაც სჯობს თავის პორტუგალიელ კონკურენტს, რონალდუ კი ვარცხნილობას უთმობს დიდ ყურადღებას.

ამ განცხადების შემდეგ, ბლატერმა „რეალს“, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციასა და რონალდუს ბოდიშის წერილი გაუგზავნა, თუმცა, როგორც ჩანს, კრიშტიანო ფიფას ხელმძღვანელს ამ სიტყვებს არ პატიობს.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ „ოქროს ბურთის“ მოპოვების ერთ-ერთი კანდიდატია.

ბექა დოგრაშვილი

ბლატერმა მადრიდის „რეალს“ ბოდიში მოუხადა

ფიფას პრეზიდენტმა იოზეპ ბლატერმა ოქსფორდის უნივერსიტეტში გაკეთებული განცხადების გამო პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელ კრიშტიანო რონალდუს ბოდიში მოუხადა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელმა რონალდუს მესისთან შედარების დროს აღნიშნა, რომ მას არგენტინელი ფეხბურთელი ურჩევნია, რადგან მესი მოედანზე უკეთ იქცევა, თამაშის მანერითაც სჯობს თავის პორტუგალიელ კონკურენტს, რონალდუ კი ვარცხნილობას უთმობს დიდ ყურადღებას. ბლატერის ამ განცხადებამ „რეალის“ ხელმძღვანელთა აღშფოთება გამოიწვია. მადრიდული კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ფიფას მისამართით სპეციალური წერილი მოამზადა.

ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ ბლატერის საპასუხო განცხადება გამოაქვეყნა:

„თქვენი წერილის შინაარსმა გამაკვირვა. მინდა განვმარტო, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტში გამოსვლისას, „ოქროს ბურთის“ კანდიდატებს არ განვიხილავდი. შეხვედრის ბოლოს რონალდუს მესისთან შედარება და ერთ-ერთი მათგანის ამორჩევა მთხოვეს. მე ვთქვი, რომ მესი ჰგავს შვილს, რომლის ყოლასაც ნებისმიერი დედა ისურვებდა. კიდევ ერთხელ უნდა განვმარტო, რომ ჩემთვის რონალდუც და მესიც ერთ დონეზე არიან. ორივენი გამორჩეული მოთამაშეები არიან. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ სიტუაციამ ასეთი რეაქცია გამოიწვია, ამისთვის ბოდიშს ვიხდი. არასდროს მქონია „რეალის“ მოთამაშეთა და გულშემატკივართა მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა განზრახული“.

ანალოგიური სახის წერილი ბლატერმა პორტუგალიის ფეხბურთი ფედერაციის პრეზიდენტ ფერნანდუ გომეშსაც გაუგზავნა.

ბექა დოგრაშვილი

დაერქმევა „სანტიაგო ბერნაბეუს“ „მაიკროსოფტის“ სახელი?

„მაიკროსოფტის“ ხელმძღვანელი ბილ გეითსი მადრიდის „რეალის“ სტადიონ „სანტიაგო ბერნაბეუს“ შეძენას ცდილობს. შეთანხმების შემთხვევაში, „სამეფო კლუბის“ არენას ამერიკული კომპანიის სახელწოდება ექნება. 2016 წლის ზაფხულში განახლებული სტადიონის გახსნა იგეგმება და ამ დროისთვის უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი უნდა იყოს. ამერიკული გამოცემა „ფორბსი“ ვარაუდობს, რომ კონტრაქტი წელიწადში 10 მილიონი დოლარით შეფასდება.

„მოლაპარაკებები სასტარტო სტადიაზეა. „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მომავალი წლის შუა პერიოდამდე საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. საუბარია კლუბის გულშემატკივრებისთვის მეტად დელიკატურ საკითხზე, ამიტომ მხარეები ყველა შესაძლებლობას განიხილავენ, რომ სტადიონმა არ დაკარგოს სახელი „სანტიაგო ბერნაბეუ“, – წერს „ელ კონფიდენსიალი“ კლუბის ხელმძღვანელობასთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით.

ბექა დოგრაშვილი