დიდიე დეშამი უკრაინის ნაკრების დამარცხებაში დარწმუნებულია – ინტერვიუ

ევროპის ზონიდან საფრანგეთისა და უკრაინის ნაკრებების ბრძოლა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის დიდ ინტერესს იწვევს. როგორც მოგეხსენებათ, პირველი მატჩი კიევში შედგა და ის მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა, რამაც „მამლები“ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ფრანგი გულშემატკივრების დიდ ნაწილს უკვე აღარ სჯერა, რომ მისი ქვეყნის ნაკრები უკრაინულ ბარიერს დაძლევს, თუმცა სხვა პოზიციაზეა დიდიე დეშამი. საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი სასურველი ანგარიშით გაიმარჯვებს და ბრაზილიის მუნდიალის საგზურს მოიპოვებს.

„ვეცდებით, სასურველ შედეგს მივაღწიოთ. პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად ვართ მზად. ვთვლი, რომ გამარჯვება შეგვიძლია“, – თქვა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დეშამმა.

– თუ მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით 2:0 დასრულდება, უკვე იცით, ვინ შეასრულებს თერთმეტმეტრიანებს?
– ჯერ არ ვიცი. თუ საქმე პენალტების სერიამდე მივა, დაარტყამს ის, ვინც იმ მომენტში იქნება მზად ამისთვის.

– რას ეტყოდით საფრანგეთის ნაკრების ქომაგებს?
– ვიცი, რომ მთელი სტადიონი ჩვენ გვიქომაგებს, თუმცა შედეგი მხოლოდ ფეხბურთელებზე იქნება დამოკიდებული და არა – გულშემატკივრებზე.

– პოსტიდან გათავისუფლებაზე თუ გიფიქრიათ?
–არა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. ამაში 1 პროცენტითაც არ მეპარება ეჭვი.

– ვარანი არის მზად იმისთვის, რომ უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ მატჩში სრულად ითამაშოს?
– ვფიქრობ, ის ფიზიკურად მზად არის, თუმცა ვერც იმას გამოვრიცხავს, რომ  მას მუხლთან დაკავშირებით შეიძლება გარკვეული სახის პრობლემები ჰქონდეს.

– რიბერის კიევში ორი-სამი ფეხბურთელი მეურვეობდა. ექნება მას პარიზში მეტი სივრცე?
– ვფიქრობ, მას აქაც ეყოლება რამდენიმე მეურვე. ასეთ მომნტში დანარჩენ ფეხბურთელებს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ისინი უფრო მეტად უნდა დაეხმარნონ ფრანკს.

– როგორც ფეხბურთელი, ისურვებდით ასეთ მატჩში მონაწილეობის მიღებას?
– დიახ, წინააღმდეგი არ ვიქნებოდი. ძალზედ საინტერესო დაპირისპირებაა.

ცნობისთვის, მატჩი საფრანგეთისა და უკრაინის ნაკრებებს შორის 20 ნოემბერს, ჩვენი დროით 00:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

ბენზემა: „დარწმუნებული ვარ, რომ მუნდიალზე გავალთ“

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ორი მატჩის ჯამში უკრაინის დამარცხებასა და მუნდიალზე გასვლას შეძლებს.

„მწვრთვნელს ჩემი სჯერა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩემი სათადარიგოთა სკამზე დატოვებას ამჯობინებს, მის გააწყვეტილებას მშვიდად მივიღებ. ჩემთვის პირველ რიგში გუნდის ინტერესებია მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ქარიმმა.

„ამ ორ მატჩში ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაჩვენებთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლაში დარწმუნებული ვარ. სასწორზე პლანეტის პირველობის საგზურია. ეს ფეხბრუთში ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია“.

გარდა ამისა, მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა აღნიშნა, რომ მას ბოლო დროს საკმაოდ ბევრს აკრიტიკებენ.

„ჩემი კარიერის ყველაზე მძიმე პერიოდი გადავიტანე. ჩემი აზრით, უბრალოდ არ მიმართლებს. პრესა ჩემზე ყოველდღე საუბრობს, კრიტიკას უკვე შევეჩვიე. მხოლოდ მსურს, რომ ეს კრიტიკა ობიექტური იყოს. თუ არც ისე კარგად ვითამაშებ, ამის შესახებ პირველი თვითონ ვიტყვი“, – დაასრულა ბენზემამ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინასა და საფრანგეთს შორის პირველი მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ალექსანდრე მატევოსოვი

ფრანსუა ოლანდმა კლუბებს „წითელი ბარათი“ უჩვენა

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ფეხბურთელებთან დათმობაზე არ წავიდა. მაღალ შემოსავალზე საგადასახადო განაკვეთი უცვლელი დარჩება.

მოგეხსენებათ, საფრანგეთში მოთამაშე ფეხბურთელებმა მაღალი გადასახადების გამო უკმაყოფილება გამოხატეს. ამ თემასთან დაკავშირებით პროფესიონალური კლუბების წარმომადგენლები პრეზიდენტ ოლანდს შეხვდნენ, თუმცა „სიმდიდრისთვის გადასახადი“ ძალაში რჩება.

თითოეული ფეხბურთელი, რომელიც წელიწადში ერთ მილიონ ევროზე მეტს გამოიმუშავებს, ვალდებულია, ბიუჯეტში შემოსავლების 75 პროცენტი შეიტანოს. არადა,  წელიწადში ერთ მილიონზე მეტი შემოსავალი საფრანგეთის პირველი და მეორე ლიგის თითქმის ყველა მოთამაშეს აქვს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელები ნოემბრის ბოლოს მაღალი გადასახადების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაიბრძოლებენ. ასე რომ, შესაძლოა, გულშემატკივრები საფრანგეთის პირველი ლიგის მე-15 და მეორე ლიგის მე-16 ტურის მატჩების გარეშე დარჩნენ.

კლუბების წარმომადგენლები თვლიან, რომ მაღალი გადასახადები ფრანგულ ფეხბურთს კლავს, პროფესიონალიზმის დონეს დაბლა სწევს.

იმავდროულად, ქვეყნის ხელისუფლება დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

„ხალხი უბრალოდ ვერ გაიგებს, გადასახადები სპეციალურად ფეხბურთელებისთვის რომ გავაუქმოთ. ნორმალურია, როდესაც ქვეყნისთვის მძიმე პერიოდში შედარებით მდიდარი ხალხი საზოგადოებას სოლიდარობას უცხადებს“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა ჟან-მარკ ერომ.

ბექა დოგრაშვილი

რიბერის ბრწყინვალე ფინტი

ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ფრანკ რიბერის მიერ საფრანგეთის ნაკრების ვარჯიშზე გაკეთებული ბრწყინვალე ფინტი აღბეჭდილი.

ჟირუ: „რომ ვერ გამეტანა, ხალხი დაიწყებდა ლაპარაკს, ჟირუ ცუდად თამაშობსო“

საფრანგეთისა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის გუშინ გამართული ამხანაგური მატჩი ევროპელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 6:0 დასრულდა. დუბლი შეასრულა ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ, რომელმაც შეხვედრის შემდეგ სიხარული ფრანგ ჟურნალისტებს გაუზიარა.

„პირველ საგოლე ეპიზოდში რომ ვერ გამეტანა, ხალხი შემდეგ ლაპარაკს დაიწყებდა, ჟირუ ცუდად თამაშობსო. მეორე გოლი ლამაზი კომბინაციის დაგვირგვინება იყო. ვიმედოვნებ, ასეთ გოლებს კიდევ გავიტან. თავდამსხმელის თამაში რომ შეაფასო, ამისთვის მას მომენტი უნდა შეუქმნა. გოლის გასატანად ბევრი შანსი მომეცა. იმისთვის, რომ გუნდმა ბევრი გაიტანოს, მას რამდენიმე ძლიერი ფორვარდი უნდა ჰყავდეს. ჩვენ გაგვიმართლა, რადგან გუნდში გვყავს ორი ისეთი თავდამსხმელი, რომელიც სხვადასხვა ტაქტიკებში ჯდება. მოხარული ვარ, რომ გავიტანე. მახარებს კარიმ ბენზემას გოლიც. ეს ჩვენთვისაც კარგია და ნაკრებისთვისაც“, – ჟირუს სიტყვები ფრანგულმა L’Equipe-მა გამოაქვეყნა.

დანარჩენი სამი გოლი ფრანკ რიბერის (8′, პენ), იოან კაბაისა (29′) და მატიე დებიუშის (47′) ანგარიშზეა.

ბექა დოგრაშვილი

ოლივიე ჟირუს მშვენიერი გოლი ავსტრალიის ნაკრების კარში

11 ოქტომბერს, საფრანგეთისა და ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებებს შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა, რომელიც “მამლების” გამარჯვებით, 6:0 დასრულდა.

მატჩში დუბლის გაფორმება მოახერხა ოლივიე ჟირუმ. თუმცა, მისი ერთ-ერთი გოლი განსაკუთრებით ლამაზი გამოდგა.

„ელ ქეშიკო“

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-6 ტურის ცენტრალური მატჩი „პარკ დე პრენსზე“ შედგება, სადაც „პარი სენ-ჟერმენი“ „მონაკოს“ უმასპინძლებს. ფინანსურად მოყოჩაღებულმა „მონაკომ“ გასულ სეზონში საფრანგეთის მეორე ლიგა მოიგო და ქვეყნის რანგით პირველ დივიზიონში გადმოინაცვლა, რომელსაც 5 ტურის შემდეგ 13 ქულით ლიდერობს. რაც შეეხება „პსჟ“-ს, პარიზელებს აქტივში 11 ქულა აქვთ და დღეს შეეცდებიან, ჩემპიონობისთვის მებრძოლი უშუალო კონკურენტი უკან მოიტოვონ. სხვათა შორის, გუნდების ფინანსური შესაძლებლობების გამო, აღნიშნული შეხვედრა „ელ ქეშიკოდაც“ კი მონათლეს.

„კარგია, რომ შუა კვირაში, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში გავიმარჯვეთ. „მონაკოსთან“ გასამართი შეხვედრის წინ, ამას მნიშვნელობა აქვს, თუმცა საფრანგეთის ჩემპიონატი სრულიად განსხვავებული რამ გახლავთ და მოწინააღმდეგეც განსახვავებულია. ათენში გამარჯვება მორაული კუთხით კარგია, თუმცა ეს მოგება უკვე წარსულია, ახლა ყველაზე მეტად „მონაკოსთან“ გასამართ შეხვედრაზე ვღელავ. ალბათ, ეს გუნდი „ოლიმპიაკოსზე“ ძლიერია“, – განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე პარიზელთა თავკაცმა ლორან ბლანმა.

„მონაკოს“ აღმასვლა გვიჩვენებს იმას, რომ საფრანგეთის ჩემპიონატი უფრო დაბალანსებული ხდება. მეტოქედ კარგი გუნდი გვყავს, რომელსაც ტიტულის მოგება უნდა. ისინი ყველაფერს აკეთებენ წარმატების მოსაპოვებლად. დამდეგი შეხვედრა, ჩვენს მსგავსად, მათთვისაც დიდი გამოცდა იქნება. ყველაფერს გავიღებთ, რათა გავიმარჯვოთ“, – აღნიშნა „პარი სენ-ჟერმენის“ იტალიელმა ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ.

„მონაკოს“ თავკაცი კლაუდიო რანიერი მუდმივად აღნიშნავს, რომ ბლანს მის მეგობრად მიიჩნევს. ფეხბურთის იტალიელ სპეციალისტს პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რომელი თავდამსხმელი სჯობს – რადამელ ფალკაო თუ ედინსონ კავანი.

„პარი სენ-ჟერმენს“ ბევრი გამოცდილი მოთამაშე ჰყავს. ლორან ბლანს თავისი ფეხბურთელების გამოყენება ისე შეუძლია, როგორც თავად მას სურს. პარიზელებს გრძელი სათადარიგო სკამიც აქვთ“, – განაცხადა რანიერიმ.

– გვითხარით, რომელი სჯობს – კავანი თუ ფალკაო?
– ფალკაო.

სტუმართა პრესკონფერენციაზე მათი ერთ-ერთი მთავარი ლიდერი რადამელ ფალკაოც გამოცხადდა.

„გვესმის, რომ შესათამაშებლად ცოტა დრო გვქონდა. ერთად მხოლოდ პირველ სეზონს ვატარებთ, პარიზელები კი უკვე დიდი ხანია, გუნდად იქცნენ. დამდეგი მატჩი ძალზედ მნიშვნელოვანია. ვეცდებით, ჩვენი შანსები გამოვიყენოთ“, – აღნიშნა ფალკაომ.

მატჩი „პარი სენ-ჟერმენსა“ და „მონაკოს“ შორის დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.

 

ბექა დოგრაშვილი

საფრანგეთის ნაკრები ევრობასკეტის ფინალში გავიდა

დასრულდა ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის პირველი 1/2 ფინალური შეხვედრა, რომელიც საფრანგეთის ნაკრების ოვერტაიმში მოპოვებული გამარჯვებით – 72:75 დასრულდა.

პირველი მეოთხედი ესპანელთა ოთხქულიანი გამარჯვებით დასრულდა. მეორე მეოთხედში თავისი უპირატესობა ესპანეთმა კიდევ უფრო გაზარდა და დიდი შესვენების წინ ტაბლოზე ანგარიში 34:20 დაფიქსირდა. ამის მიუხედავად, ფრანგებმა თამაშის სცენარის თავიდან ბოლომდე შეცვლა მოახერხეს. მესამე მეოთხედი მათ 15:23 მოიგეს, ხოლო ძირითადი დროის ბოლო ათ წუთში 16:22 იმარჯვეს. შედეგად, თამაშის ძირითადი დრო ანგარიშით 65:65 დასრულდა.

დამატებით დროში კი როგორც უკვე გითხარით უკეთესად საფრანგეთმა ითამაშა, რომელმაც მეტოქეს 3 ქულით აჯობა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე საფრანგეთის ნაკრების ლიდერი ტონი პარკეტი გახდა, რომლის მონაგარმაც 32 ქულა და 5 მოხსნა შეადგინა.

ესპანეთი – საფრანგეთი 72:75 ოვერ ტაიმი (18:14, 16:6, 15:23, 16:22, 7:10)

ესპანეთი: რუბიო (2 ქ. 4 მ.), კალდერონი (4 ქ.), ფერნანდესი (17 ქ.), კლავერი (3 ქ.), გასოლი (19 ქ. 9 მ. 3 ბ. 6 დ.) – სტარტი; როდრიგესი (11 ქ. 6 მ. 9 გ.), ლიული (6 ქ.), სან ემეტერიო (5 ქ.), აგილარი (3 ქ.), რეი (2 ქ.), მუმბრუ (0)

საფრანგეთი: პარკერი (32 ქ. 5 მ. 5 დ.), ჟელაბალი (7 ქ. 5 მ.), ბატუმი (3 ქ.), დიაო (8 ქ. 8 მ.), აჟინკა (3 ქ. 6 მ.) – სტარტი; დიო (10 ქ.), პიეტრუსი (5 ქ. 8 მ.), დე კოლო (3 ქ.), პეტრო (2 ქ.), ლოვერნი (2 ქ.), კიუდი (0)

სროლები ახლო და საშუალო დისტანციიდან: 16/36 (44,4%) – 17/43 (39,5%)

სროლები შორი დისტანციიდან: 7/22 (31,8%) – 9/21 (42,9%)

მოხსნები: 36-40. გადაცემები: 16-11. დაკარგვები: 18-15

ალექსანდრე მატევოსოვი

მოედანზე შეჭრილი გულშემატკივარი ლორიას ჩაეხუტა

საქართველოსა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთა შორის „დინამო არენაზე“ გამართული მატჩის (0:0) მიმდინარეობისას მოედანზე ახალგაზრდა გულშემატკივარი შეიჭრა, რომელიც გიორგი ლორიას ჩაეხუტა და მოედანი თავისივე ნებით დატოვა.

გთავაზობთ აღნიშნული ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

 

დეშამის 11 პრობლემა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა გუშინ, თბილისში დაფიქსირებული შედეგის (0:0) გამო სინანული გამოხატა და ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ ვერ იტანს კარიმ ბენზემა გოლს 20 საათის განმავლობაში, ფეხბურთის  ფრანგმა სპეციალისტმა უპასუხა, რომ პრობლემა „მამლების“ მე-10 ნომერში არ მდგომარეობს.

„პრობლემა ბენზემა კი არა, ის არის, რომ ყოველი მატჩის წინ 11 ფეხბურთელი უნდა შევარჩიო. ბენზემა მარტო არ თამაშობს, ბევრი რამ არის დამოკიდებული მოედანზე მის გვერდით მყოფ მოთამაშეებზეც. მე მათ სიტუაციის განხილვა შევთავაზე. ბენზემა და ჟირუ ერთად ცუდად არ გამოიყურებიან, მაგრამ აღნიშნული ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში  4-4-2 სქემით არ თამაშობენ, ამიტომ ამ ყველაფერს დრო დასჭირდება“, – ამბობს საფრანგეთის ნაკრების თავკაცი.

„ვერ ვიტყოდი, რომ საფრანგეთის ნაკრებს ახლა ყველაზე ცუდი გუნდი ჰყავს. თაობებს არ ვადარებ. ეს ფეხბურთელები კლუბებში გოლებს იტანენ, თუმცა ამას ნაკრებში ვერ ახერხებენ. პრობლემები უნდა გადავჭრათ, თუმცა სასწაულმოქმედი წამალი არ მაქვს. ესპანეთის ნაკრებს თბილისში უფრო ნაკლები შესაძლებლობა მიეცა, თუმცა მათ 86-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მაინც გაიმარჯვეს. ჩემს გუნდს ეფექტურობის გაუმჯობესება მართებს“, – განაცხადა დეშამმა.

ბექა დოგრაშვილი

თემურ ქეცბაია: „დღევანდელი მატჩი მხოლოდ ნახევარი საქმეა“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის I ჯგუფში საქართველოსა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთა შორის „დინამო არენაზე“ გამართული მატჩის (0:0) შემდეგ „ჯვაროსანთა“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ მისი გუნდით ამაყობს, თუმცა სტადიონზე უფრო მეტი ქომაგი უნდა მოსულიყო.

– შეაფასეთ დღევანდელი მატჩი.
– პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ვამაყობ, როგორც მწვრთნელი და ალბათ, მთელი საქართველო ამაყობს იმით, რომ ასეთი თამაში ჩაატარა საქართველოს ნაკრებმა ქართული ფეხბურთისთვის ასეთ რთულ პერიოდში. იქნებ, ბოლოს და ბოლოს რაღაც გამოვიდეს. საფრანგეთის ნაკრები არის გუნდი, რომელიც ასეთი დონის ვარსკვლავებით არის დაკომპლექტებული და მათ დღეს არაფერი დავუთმეთ. იმ ხალხმა, ალბათ წააგო, ვინც დღეს სტადიონზე არ მოვიდა, თუმცა ეს ჩვენზეც არის დამოკიდებული. ჩვენ მათ ჩვენი ცუდი შედეგებით ხელი ვკარით. ეს მხოლოდ ნახევარი საქმეა და ის ბოლომდე რომ მივიყვანოთ, ამისთვის ფინეთის ნაკრები უნდა დავამარცხოთ. იმედია, მომდევნო მატჩზე მეტი ხალხი მოვა.

– ვის გამოარჩევდით და რა გახდა ამ შედეგის ძირითადი მიზეზი?
– ვინმეს გამორჩევა რთულია. მთელმა გუნდმა, შეცვლებზე შემოსულმა ფეხბურთელებმა წვლილი შეიტანეს და გულშემატკივრებს ეს საღამო აჩუქეს. არ მჩვევია მატჩის შემდეგ ცალკეული ფეხბურთელების გამორჩევა. გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, თავი არ დაზოგა და ამისთვის მადლობას ვიხდი. თუ ვიბრძოლებთ ბოლომდე, ჩვენსას მივაღწევთ. გუნდში ახალგაზრდა მოთამაშეები გვყავს და ერთ-ორ წელიწადში ისინი მეტს გააკეთებენ. ვფიქრობ, მომავალ შესარჩევ ეტაპზე მიზანს რეალურად შევხედავთ თვალებში.

– მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში გუნდმა ყველაზე ძლიერად ითამაშა, ამ პერიოდში გვქონდა მომენტებიც. შესვენებაზე ეს დაავალეთ გუნდს?
– ჩვენ მეტისმეტად დავაფასეთ საფრანგეთი. ბიჭებს ვუთხარი, რომ მეტი ძალით წინ წასულიყვნენ. მეორე ტაიმის დებიუტში გუნდმა კარგად ითამაშა, ხალხიც გვერდში დაგვიდგა. ასეთი დონის გუნდის დამარცხება ადვილი არ არის. სახლში უკეთ ვთამაშობთ. ძლიერ სპარინგ-პარტნიორს თუ არ სურს, მას ძალით ვერ ჩამოიყვან, არადა, შინ ასეთი მატჩების ჩატარება თავდაჯერებას შეგვმატებდა.

– საფრანგეთის ნაკრებისგან მეტს ველოდით. ეს ხომ არ იყო მათი მხრიდან ქართველთა დაუფასებლობა?
– ისე ამბობ, თითქოს გეწყინა ეს შედეგი. ამაზე რომ გიპასუხო, ვინანებ, ამიტომ არ გეტყვი.

– გასახდელში ჩაეხუტეთ თარგამაძეს?
– კი. იგონებენ, თითქოს ნაკრებში დაძაბულობაა. რომელ ჩიტს მოაქვს ეს ამბები? ეს რა ბოღმა ჩიტი ყოფილა?!

– როგორ მოახერხებთ ფინეთის ნაკრებისთვის გუნდის ისე გადაწყობას, რომ პირველ ნომრად ითამაშოთ. საქართველოს ნაკრებს იმ მატჩში გამარჯვება სჭირდება.
– უნდა გავიმარჯვოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პირველივე წუთებიდან ხუთი თავდამსხმელი უნდა დავაყენოთ. ჩვენი ტაქტიკა რომ გავამხილოთ, შეიძლება მეტოქემ დაამუშაოს.

– დღეს სათამაშო დისციპლინაც იგრძნობოდა. რა განსახვავება იყო დღევანდელსა და აქამდე ჩატარებულ შეხვედრებს შორის?
– როცა ამხანაგურ შეხვედრებს ვიგებთ, ზოგიერთები ამბობენ, ეს რათ გვინდაო და როცა ვაგებთ, მაშინ მათთვის მნიშვნელოვანი ხდება ასეთი მატჩები. 31 მატჩიდან 19 გასვლაზე რომ ატარებ, 19-ივეს ვერ მოიგებ, თუმცა ფეხბურთელებმა უნდა შეიგნონ, რომ გუნდისთვის და ქვეყნისთვის ამხანაგური მატჩიც მნიშვნელოვანია და ოფიციალურიც. როცა გუნდში მოვედი, ვთქვი, რომ ჩემი გუნდი მოედანზე ბოლომდე იბრძოლებდა. ეს ის გუნდი აღარ არის, რომელიც 0:6 და 0:5 აგებდა. მაშინ ხალხი ტრიბუნაზე გინების მეტს არაფერს აკეთებდა, ანდაც სტადიონიდან მიდიოდნენ.

– ფინეთის ნაკრებთან თქვენს მე-11 გამარჯვებას მოიპოვებთ?
– დაპირებები არ მიყვარს. იმედი მაქვს, ჩემი გუნდი მომდევნო მატჩსაც ისე ითამაშებს, როგორც დღეს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ. ხალხი კი, რომელიც სტადიონზე არ მოვა, ბევრს ინანებს.

– როგორც ჩანს, ეს არის გუნდის ოპტიმალური ტაქტიკა. გარკვეულმა ექსპერიმენტებმა არ გაამართლა. ყველაზე კარგად ამ ფორმაციით ვითამაშეთ და ასე გაგრძელდება?!
– ის ფეხბურთი უნდა ითამაშო, რაც შეგიძლია. ყაზახეთის ნაკრებტან გამართულ მატჩში ორი-სამი და ხუთი ფორვარდით ვითამაშეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. დაცვაშიც უნდა შეგეძლოს ტამაში. რომ არ დააფასებ მეტოქეს, ასეტი იაღლიში მოგივა. ვფიქრობ, მსოფლიო ფეხბურთისთვის ეს უფრო დიდი სიურპრიზი იყო, ვიდრე ყაზახეთან ჩვენი მარცხი.

ბექა დოგრაშვილი

დეშამი: „რაღაც დავაკელით“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის I ჯგუფში საქართველოსა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთა შორის „დინამო არენაზე“ გამართული მატჩის შემდეგ სტუმართა მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი აშკარად უკმაყოფილო იყო. ფრანგი თავკაცის თქმით, მის ფეხბურთელებს მოედანზე მეტი უნდა ემუშავათ.

– რას გვეტყოდით მატჩზე?
– პირველ ტაიმში მომენტები გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. საქართველოს ნაკრებმა კარგი შედეგი აჩვენა. მოედანზე მეტი სამუშაო უნდა შეგვესრულებინა.

– რატომ ვერ მოიგო საფრანგეთის ნაკრებმა?
– იმიტომ, რომ გოლი ვერ გავიტანეთ.

– რას დააბრალებდით ამ შედეგს?
– როგორც ჩანს, რაღაც დავაკელით. მეტი უნდა გაგვეკეთებინა. შეცდომები დავუშვით, განსაკუთრებით ცენტრალურ ხაზში.

– მთელმა გუნდა გაგიცრუათ იმედები?
– ასე ვერ ვიტყოდი. საქართველოს ნაკრები კარგად შეჯგუფებული თამაშობდა, რამაც საშუალება არ მოგვცა, მიზნისთვის მიგვეღწია. გამოვარჩევდი ოქრიაშვილის თამაშს, თუმცა მთელმა გუნდმა კარგი შეხვედრა ჩაატარა..

– გუშინ ამბობდით, რომ მიზანი 3 ქულის მოპოვება იყო. ეს ხომ არ იყო მეტოქის შეუფასებლობა? რამდენად რეალურია შანსი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გახვიდეთ?
– რა თქმა უნდა, პირველ ადგილს ვეღარ დავიკავებთ, თანაც ესპანეთის ნაკრებმა თავისი მატჩი მოიგო, თუმცა მიზანი იქნება მეორე პოზიციაზე გასვლა.

– რა არის გამოსავალი?
– მეტი შეტევა და მომენტების გამოყენება. ასევე საჭიროა უფრო მეტი სწორი გადაცემა გავაკეთოთ. ეს არ არის სრული იმედგაცრუება. წინ კიდევ ორი მატჩია.

– გუნდი ჯგუფის მეორე ადგილზე გადის და უფრო პოზიტიური განწყობა თქვენთვის სასურველი არ იქნებოდა?!
– მეც ამის მომხრე ვარ. ჩვენი ამბიცია პირველ ადგილზე გასვლა იყო, თუმცა არც მეორე პოზიციაა ურიგო შედეგი.

– აშაკარა იყო, რომ შეტევითი ხაზი ძირითადად ორ ფეხბურთელზე გადიოდა – ფრანკ რიბერისა და მატიე ვალბუენაზე, თუმცა რიბერიმ ვერაფერი გააკეთა და ვერც ვალბუენას თამაშმა მოიტანა შედეგი. ეს იყო თქვენი ტაქტიკური შეცდომა თუ ისინი არ არიან სასურველ ფორმაში?
– ვერ დაგეთანხმებით. რიბერის წინააღმდეგ ორი-სამი ფეხბურთელი თამაშობდა და ის მაინც იძვრენდა თავს.

– ორი ფორმალური ტური დარჩა. მუნდიალზე გკითხავთ: რას გეგმავს დეშამი ამ ფორმაციის საფრანგეთის ნაკრებთან ერთად?
– ვეცდებით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ.

– მომავალ მატჩებში რას გვპირდებით?
– ხარვეზების გამოსწორებასა და მეტ შეტევას.

ბექა დოგრაშვილი