თბილისის თასის პირველი ტურის დასრულებისთანავე, როცა მზარდმა ირლანდიამ გამხსნელი თამაში დაასრულა იტალიის მზარდ ნაკრებთან და მატჩის შემდგომ სასტუმრო მერიოტისკენ მიემართებოდა, სტიქია სწორედ მაშინ დაიწყო.
მზარდი ირლანდიის მენეჯერი ჯოი მაილსი: „ჩვენ თავად არ გავმხდარვართ ტრაგედიის მოწმეები, თუმცა სტიქიის დაწყებისთანავე გავიგეთ რა ხდებოდა ქალაქში. მოგეხსენებათ, რომ სტიქიის დროს ჩვენ ავჭალის სტადიონიდან სასტუმროში ვბრუნდებოდით, ჩაკეტილი გზის გამო ქალაქის სხვა ნაწილის შემოვლა მოგვიწია, რათა სასტუმრომდე მივსულიყავით. ამ დროს გავიგეთ რაც ხდებოდა.
„გვინდა დიდი თანადგომა და სამძმარი გამოვუცხადოთ სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენ ვიზიარებთ უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების მდგომარეობას და გვინდა ჩვენი პატივისცემა სიმბოლურად გამოვხატოთ.
„მატჩის დასაწყისში ჩვენ გულშემატკივრების წინაშე შავი ლენტებით წარვსდგებით, მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყება და ამით გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას. მხოლოდ ეს არის რისი გაკეთებაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეგვიძლია. „
მზარდი ირლანდიის კაპიტანი, რის რადოკი: „დილით საოცარი სანახაობის მომსწრენი გავხდით. სულ რაღაც 2 საათის დასრულებული იყო სტიქია, როცა სასტუმროდან გამოვედით და დავინახეთ ხალხი, რომელიც ჩვენს სასტუმროსთან იყო შეკრებილი და გვეკითხებოდნენ რითი შეეძლოთ დახმარება. სტადიონისკენ სავარჯიშოდ მივდიოდით, როცა დავინახეთ მთელი მოსახლეობა – გაერთიანებული საზოგადოება, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებოდნენ და ქალაქის გაწმენდვაში საკუთარი წვლილი შეჰქონდათ. ნამდვილად ვერ დავიჯერეთ რასაც ვხედავდით, შოკირებულები ვართ.“
ქართველი მორაგბეები იმ ათასობით ადამიანს შორის იყვნენ, ვინც სტიქიის შემდგომ გაწმენდით სამუშაოებში იღებდა მონაწილეობას.
პასუხი სკეპტიკოსებს
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, გიორგი ნიჟარაძე:
“დიდი უბედურება დაატყდა თავს თბილისს. სტიქიის შედეგად არის მსხვერპლი, ბევრი ადამიანი დარჩა სახლ-კარისა და საარსებო საშუალებების გარეშე. განადგურებული საგზაო ინფრასტრუქტურის გამო ქალაქი ორი დღის განმავლობაში პარალიზებული იყო. ძნელია ამ ფონზე რაიმე პოზიტიურზე ილაპარაკო, მაგრამ სალაპარაკო ნამდვილად არის.
“ის, რომ ყველა თაობის ქართველი მორაგბე სტიქიური უბედურების პირველივე საათებში ყველაზე ცხელ წერტილებში იმყოფებოდა და ყველაზე პრობლემურ ადგილებში დღესაც თავდაუზოგავად შრომობს, ნამდვილად არ გამკვირვებია. ეს ბიჭები და კაცები ყოველთვის იქ არიან, სადაც ქვეყანას უჭირს, ამიტომაც სარგებლობენ ხალხის სიყვარულით. არც იმას ავღნიშნავდი განსაკუთრებულად, რომ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები შეუსვენებლად მუშაობდნენ დღე-ღამის განმავლობაში. ეს მათი მოვალეობაა, თუმცა თავდადებული და თავდაუზოგავი შრომისთვის ჩვენგან მადლობა ნამდვილად ეკუთვნით. მაგრამ აუცილებლად მინდა განსაკუთრებულად ავღნიშნო ჩვენი ახალგაზრდობის უპრეცედენტო ჩართულობა, სოლიდარობა, ორგანიზებულობა და, ხშირ შემთხვევაში, გმირობაც კი.
“ხშირად გაიგონებ, რომ ჩვენი ახალგაზრდობა ნიჰილისტურად არის განწყობილი, თითქოს მათ არ აწუხებთ ქვეყნის ბედი, არიან ინფანტილურები და ასე შემდეგ. უფროსი თაობის ყველა წარმომადგენელს, ვინც ასე ფიქრობს, ძალიან ვურჩევ: წადით იქ, სადაც ამ დღეებში ათასობით ბიჭი და გოგო, ქვეყნისა და ერთმანეთის სიყვარულით გაერთიანებულნი, თავდადებულად, ორგანიზებულად, დაუღლელად შრომობს და ქმნის საკუთარი სამშობლოს მომავალს.
“ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო თვალი მედევნებინა ათასობით გულანთებული ახალგაზრდისთვის, მათი ერთიანობისთვის, ქცევისთვის, ურთიერთდახმარებისთვის, სიკეთისთვის, უდიდესი პასუხისმგებლობით გაჯერებული ქმედებისთვის.
“ამ დღეებში ყველა რჯულის სკეპტიკოსს, მოწუწუნეს, ცინიკოსს ამ ახალგაზრდებმა ბრწყინვალე ფორმით გასცეს პასუხი: ეს ქვეყანა ჩვენია, და როცა საჭირო გახდება, ჩვენ მას მივხედავთ, მოვუვლით და ავაშენებთ.
“ძვირფასო მშობლებო და, საერთოდ, უფროსი თაობის წარმომადგენლებო, ნუ ნერვიულობთ: არაჩვეულებრივი შვილები გვყავს, და ეს დალოცვილი ივერია, ამ დღეების გადასახედიდან, აუცილებლად გაბრწყინდება. უფალი გფარავდეთ, შვილებო. ძალიან გვიყვარხართ და ვამაყობთ თქვენით.”
Rugby.GE