„იუვენტუსის“ ქომაგთა ნაწილმა კლუბის თავკაცის პოსტზე ალეგრის დანიშვნა გააპროტესტა

ოთხშაბათს, ვინოვოს საწვრთნელ ბაზასთან ტურინის „იუვენტუსის“ დაახლოებით 300 ქომაგი შეიკრიბა, რომლებმაც კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალეგრის დანიშვნა გააპროტესტეს.

ულტრასთა ჯგუფის ხუთი წარმომადგენელი საწვრთნელი კომპლექსის ტერიტორიაზე კლუბის ხელმძღვანელობასთან საუბრის უფლებით შეუშვეს. იტალიელი ჟურნალისტების ცნობით, ტიფოზები კლუბის დირექტორ ჯუზეპე მაროტასა და თავად ალეგრისაც ესაუბრნენ.

შეხვედრა სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრიმ „იუვენტუსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

 

ოფიციალურად: „იუვენტუსის“ თავკაცის პოსტზე მასიმილიანო ალეგრი იმუშავებს

ტურინის „იუვენტუსმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალეგრი იმუშავებს.

„ბიანკონერიმ“ უკვე წარადგინა იტალიელი სპეციალისტი თავკაცის რანგში.

„ჩემთვის დიდი პატივია „იუვენტუსის“ მწვრთნელად მუშაობა. კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რომ ასეთ გუნდს გავწვრთნი. „იუვენტუსი“ ბოლო სამი წელიწადია, სკუდეტოს იგებს. ასე რომ, მე აქ ამ გზის გასაგრძელებლად მოვედი.

გამიმართლა, რომ ოთხი წლის განმავლობაში „მილანს“ ვთავკაცობდი, ახლა კი კიდევ ერთ დიდ გუნდში მუშაობის შესაძლებლობა მეძლევა“, – აღნიშნა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრი უკანასკნელად „მილანში“ მუშაობდა. სწორედ მისი დანიშვნის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა ანდრეა პირლომ ლომბარდიული კლუბი. ალეგრიმ „მილანში“ 2011 წელს სკუდეტო და ქვეყნის სუპერთასი მოიგო, თუმცა შემდგომ პერიოდში ყველა ფრონტზე მუდმივად ხელმოცარული რჩებოდა.

რაც შეეხება „იუვენტუსის“ ყოფილ თავკაც ანტონიო კონტეს, მას იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილავენ.

 

„იუვენტუსმა“ ახალი ფორმა წარადგინა

ტურინის „იუვენტუსმა“ ახალი სეზონის სათამაშო ფორმები წარადგინა.

სპორტული ეკიპირების ფირმა „ნაიკმა“ საშინაო და საგარეო ფორმები ერთდროულად წარადგინა.

„ბებერი ქალბატონის“ ძირითადი ფორმა კვლავ შავ-თეთრი ფერისა გახლავთ, საგარეო ფორმა კი ცისფერ ფერშია გადაწყვეტილი.

“იუვენტუსს” ალეგრი გაწვრთნის?

შესაძლოა, ტურინის “იუვენტუსის” მთავარ მწვრთნელად იტალიელი სპეციალისტი მასიმილიანო ალეგრი დაინიშნოს.

15 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ “ბიანკონერის” თავკაცის პოსტი ანტონიო კონტემ დატოვა. როგორც იტალიური პრესის გამოცემები იუწყებიან, კონტემ ეს ნაბიჯი “იუვენტუსის” სატრანსფერო პოლიტიკის გამო გადადგა.

Goal ირწმუნება, რომ ტურინული კლუბის დირექტორ ჯუზეპე მაროტას ალეგრისათვის ორწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს, მაგრამ ის პრეზიდენტ ანიელის თანხმბოას ელის.

ბუფონი: „კონტეს გადადგომა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნაა“

ტურინის „იუვენტუსის“ კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა კლუბიდან ანტონიო კონტეს წასვლის შესახებ ისაუბრა.

„ეს დიდი დანაკარგია, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავს. კონტეს ნამუშევარი ასე უკვალოდ არ გაქრება.

შესანიშნავი მწვრთნელი დავკარგეთ, თუმცა ჩვენს გუნდში საოცარი ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებიც მუდმივად ფიქრობენ ხვალინდელ დღეზე. სოლიდურად გამოვიყურებით. კიდევ უფრო უნდა შევიკრათ და დავატკიცოთ, რომ კონტეს გარეშეც ძლიერები ვართ.

არ ვიცი, რატომ წავიდა, თუმცა ეს ტრანსფერების გამო არ მომხდარა. შესაძლოა, კლუბის შიგნით მოხდა რაღაც. როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, ეს იმას ნიშნავს, რომ კლუბში მუშაობა აღარ გინდა“, – აღნიშნა „იუვენტუსის“ გამოცდილმა მეკარემ.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილება.

 

ოფიციალურად: ანტონიო კონტემ „იუვენტუსი“ დატოვა

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ დაკავებული პოსტი დატოვა. კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა. ფეხბურთის იტალიელ სპეციალისტსა და „ბიანკონერის“ შორის უთანხმოების მიზეზი ახალი კონტრაქტის დეტალები და კლუბის სტრატეგია გახდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანტონიო კონტე იტალიის ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს.

შეგახსენებთ, რომ კონტე „იუვენტუსს“ 2011 წლის ზაფხულიდან თავკაცობდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან სამჯერ მოაგებინა „ბიანკონერის“ სკუდეტო.

 

ლორენტე: “იუვენტუსში” დარჩენა დიდი ხნით მსურს”

ტურინის “იუვენტუსის” ესპანელი ფეხბურთელი ფერნანდო ლორენტე აცხადებს, რომ მას “ბიანკონერიში” დარჩენა დიდი ხნით სურს.

“მე რომ მკითხოთ, ასეთ დიდ კლუბში დარჩენა დიდი წარმატებაა. ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ და შანსი მაქვს, კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში გუნდს დავეხმარო. იმედი მაქვს, გასულ სეზონთან შედარებით, უკეთ ვითამაშებ. მინდა, “იუვენტუსში” რაც შეიძლება დიდი ხნით დავრჩე”, – ამბობს ლორენტე.

ვუჩინიჩი „ალ-ჯაზირაში“ გადადის

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი მირკო ვუჩინიჩი კარიერას არაბეთის გაერთანებულ საამიროებში გააგრძელებს, რის შესახებაც „Football Italia“ წერს.

30 წლის ფორვარდის სანაცვლოდ „ალ-ჯაზირას“ ხელმძღვანელობა ხუთი მილიონი ევროს გადახდისთვის მზადაა, თვითონ ფეხბურთელი კი, ახალ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტს გააორმებს.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია ა-ში ჩერნოგორელი 2000 წლიდან გამოდის – ამ პერიოდში მან „ლეჩეს“, „რომასა“ და „იუვენტუსის“ მაისურით თამაში მოასწრო. იტალიის ელიტალურ დივიზიონში მირკოს ასზე ემტი გოლი აქვს გატანილი.

ფაულერი: „სუარესი „ლივერპულის“ სახელის ტალახში ამოსვრას განაგრძობს“

„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რობი ფაულერმა ამავე კლუბის თავდამსხმელის, ლუის სუარესის შესახებ ისაუბრა, რომელსაც იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გუშინ გამართულ მატჩში (1:0) ჯორჯო კიელინისთვის კბენაში სდებენ ბრალს. ფაულერი ურუგვაელ ფორვარდს საქციელს არ უწონებს. მეტიც, ინგლისელი ფეხბურთელი ამბობს, რომ სუარესმა კიდევ ერთხელ მოსვარა ტალახით „ლივერპულის“ სახელი და გასაკვირი არ იქნება, თუ ის „ენფილდს“ დატოვებს.

„როგორც ფეხბურთელი, სუარესი „ლივერპულის“ ბევრ ქომაგს უყვარს, მაგრამ ის კლუბის სახელის ტალახში ამოთხვრას განაგრძობს. მისი მხრიდან ეს არასწორი საქციელია. არადა, მან ბოლო ინციდენტის დროს დიდი მხადაჭერა მიიღო.

არ გამიკვირდება, თუ სუარესი გუნდიდან წავა. მან „ლივერპულის“ სახელი კვლავ მოსვარა ტალახით. ეს დაუშვებელია. მისი დაცვა არ შეიძლება. კი ბატონო, როგორც ფეხბურთელი, ძალიან მომწონს, მაგრამ ასეთ ქმედებებზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება“, – აღნიშნა ფაულერმა.

 

გუშინდელ ფაქტს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა „ლივერპულის“ ადმინისტრაცია.

„საფეხბურთო კლუბი „ლივერპული“ ამ ეტაპზე არ აპირებს, რაიმე განცხადების გაკეთებას ლუის სუარესთან მიმართებაში, რადგან საქმე განსახილველად ფიფაშია. დადგენილი წესით უნდა მოხდეს მოთამაშისა და ურუგვაის ნაკრების მიმართ რეაგირება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფიფა აღნიშნული ინციდენტის განხილვას დღეს დაიწყებს. გავრცელებული ინფორმაციით, თუ სუარესს ბრალდება დაუმტკიცდება, მას მინიმუმ ორმატჩიანი, მაქსიმუმ კი — 24-თვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. ვრცელდება ცნობაც იმის შესახებ, რომ ურუგვაელი თავდამსხმელი ფიფას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

 

„იუვენტუსი“ დროგბას შეუთანხმდა

თურქული წყაროების ცნობით, ტურინის „იუვენტუსმა“ „გალათასარაის“ თავდამსხმელ დიდიე დროგბასთან შეთანხმებას მიაღწია. კოტ დივუარელი ფეხბურთელი თურქულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით მიმდინარე წლის 30 ივნისს დატოვებს.

თურქული პრესის თანახმად, დროგბა „ბებერ ქალბატონთან“ ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ამ დროის განმავლობაში 36 წლის ფეხბურთელი 4,5 მილიონ ევროს მიიღებს.

ცნობისთვის, დროგბამ თურქეთის ჩემპიონატის დასრულებულ გათამაშებაში 24 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი

პოგბა: “მუნდიალზე თამაში კარგია, მაგრამ მოგება უკეთესია”

ტურინის “იუვენტუსისა” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი პოლ პოგბა აცხადებს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში კარგია, მაგრამ ამ ტურნირის მოგება უკეთესია.

“ჩემი ოცნება უკვე ახდა. ძალიან გახარებული ვარ, მაგრამ ეს დასასრული არ არის. მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში კარგია, მაგრამ ამ ტურნირის მოგება უკეთესია. იმედი მაქვს, რომ ჩვენ თასის მოპოვებას შევძლებთ”, – ამბობს პოგბა.

ანდრეა პირლო “ჯიპის” რეკლამაში

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ “ჯიპის” რეკლამაში მონაწილეობა მიიღო.